საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-305(კ-20) 25 ნოემბერი, 2021 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე)
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - სს„...ი (შპს „უ...ის“ უფლებამონაცვლე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 7 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:შპს „უ...ის“ წარმომადგენელმა (დღეის მდგომარეობით, სს „...ი“) 2017 წლის 14 აგვისტოს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 22 მარტის №04/17414 და „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ ამავე სააგენტოს 2017 წლის 19 ივლისის №04/47463 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, ასევე, ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელის მიერ პაციენტ გ. ხ-ზე გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „უ...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 22 მარტის №04/17414 გადაწყვეტილება; მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს პაციენტ გ. ხ-ზე გაწეული მომსახურების თანხა; ასევე, ბათილად იქნა ცნობილი „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ ამავე სააგენტოს 2017 წლის 19 ივლისის №04/47463 გადაწყვეტილება.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 7 თებერვლის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების 22-ე მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის თანახმად, „მიმწოდებლის მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესით წარდგენილი ტარიფი უნდა ითვალისწინებდეს პროგრამული შემთხვევის დასაწყისიდან მის დასრულებამდე სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტისთვის აღმოჩენილ ყველა სამედიცინო აუცილებლობით განპირობებულ ჩარევას, მათ შორის, გაუტკივარების, გამოყენებული მედიკამენტების, სხვა სამკურნალო თუ სახარჯი მასალისა და ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების ღირებულებას, პოსტანესთეზიური მოვლისა და ინტენსიური მკურნალობა/მოვლის განყოფილებაში პაციენტის დაყოვნების გათვალისიწნებით, როდესაც პაციენტები იმყოფებიან ერთი ან მეტი სასიცოცხლო ფუნქციის უკმარისობის განვითარების რისკის ქვეშ, აღენიშნებათ სტაბილური ჰემოდინამიკა და რესპირაცია, თუმცა ვიტალური ფუნქციების მოსალოდნელი გაუარესების გამო, საჭიროებენ მუდამ ინტენსიურ მეთვალყურეობას და ფარმაკოლოგიურ ან/და მინიმალურ აპარატურულ მხარდაჭერას“.
მოცემულ შემთხვევაში პაციენტს ჩაუტარდა გეგმიური ქირურგიული მომსახურება - ადენო და ტონზილექტომია, ხოლო ოპერაციის შემდგომი მრავალჯერადი ღებინება განვითარდა პაციენტის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნისას. კასატორის მითითებით, მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ გეგმიური ქირურგიული ოპერაცია კეთდება ყველა საჭირო გამოკვლევის შედეგების მიღების შემდეგ. შესაბამისად, დიაგნოზი, რომელზეც მიუთითებს სამედიცინო დაწესებულება იდენტიფიცირებული უნდა ყოფილიყო ჩატარებულ ოპერაციამდე და უნდა გადაცემულიყო ერთი ნაზოლოგიური კოდის ტარიფის ფარგლებში. ამდენად, არასწორია ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მითითება, როცა კონკრეტული პაციენტის სამედიცინო შემთხვევები განიხილა ორ დამოუკიდებელ პროგრამულ კოდად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მოსაზრებით, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 10 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
საკასაციო პალატა მიუთითებს „სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 აგვისტოს №509 დადგენილებაზე, რომლითაც გამოცხადდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს რეორგანიზაცია და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების საქმიანობის მიმართულებით მისი ფუნქციები და უფლება-მოვალეობები გადაეცა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (2.1 მუხ.), რომელიც განისაზღვრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამართალმემკვიდრედ ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების საქმიანობის მიმართულებით (2.2 მუხ.). ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების ფარგლებში საქმიანობის მიმართულებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამართალმემკვიდრედ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო მიჩნეულ იქნა აგრეთვე „სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 18 აგვისტოს №01-91/ნ ბრძანების მე-2 მუხლის მიხედვით. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველი დავის საგანი სწორედ ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის განხორციელების ფარგლებში წარმოშობილი სამართალურთიერთობიდან გამომდინარეობს. მოსარჩელე ითხოვს ადმინისტრაციული ორგანოს იმ აქტის ბათილად ცნობას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კონკრეტული პაციენტისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების შესახებ. ზემოაღნიშნული დადაგენილებისა და ბრძანების შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოწინააღმდეგე მხარის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლეს წარმოადგენს სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
განსახილველ შემთხვევაში სადავოდ არის ქცეული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გი. ხ-ის მიმართ მოსარჩელის მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების სრულად ანაზღაურებაზე სოციალური მომსახურების სააგენტოს უარის თქმის კანონიერება. პაციენტისთვის გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძვლად კი ადმინისტრაციულმა ორგანომ დაასახელა „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების მე-15 მუხლის მეორე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევა, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს. ასეთ შემთხვევაში, არ ანაზღაურდება არასწორად დაფიქსირებული პროგრამული შემთხვევა/შემთხვევები და მასთან ერთად, არ ანაზღაურდება ამ მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ასანაზღაურებელი თანხის 10%. ამრიგად, მოცემული ნორმიდან გამომდინარე, გაწეული სამედიცინო მომსახურება არ ანაზღაურდება, თუკი სამედიცინო დაწესებულება არასწორად, პაციენტის მდგომარეობის შეუსაბამოდ მიუთითებს კოდს. სადავო შემთხვევაში კი, როგორც ადმინისტრაციული, ისე სასამართლო წარმოებისას გამოიკვეთა და დადასტურდა, რომ სამედიცინო დაწესებულებამ კოდები დააფიქსირა სწორედ იმ დაავადებებისა, რომლებზეც გაეწია მკურნალობა პაციენტს. კერძოდ, 2016 წლის 13 სექტემბერს, გ. ხ-ს ჩაუტარდა სამედიცინო მომსახურება - ადენოტონზილექტომია (დიაგნოზი - J35.3 ნუშურების ჰიპერტროფია), 2016 წლის 14 სექტემბერს დაესვა დიაგნოზი - R11 გულისრევა და პირღებინება, ხოლო 2016 წლის 17 სექტემბერს პაციენტი გადაყვანილი იქნა კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში ჰიპოვოლემიური შოკის დიაგნოზით. კლინიკო-ლაბორატორიული მაჩვენებლების საფუძველზე (ამილაზა, ლიპაზა) დაისვა მწვავე პანკრეატიტის დიაგნოზი და პაციენტს ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო მომსახურება. შედეგად, პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა და 2016 წლის 26 სექტემბერს იგი გაეწერა საავადმყოფოდან. სადაო არ არის ის გარემოება, რომ როგორც 2016 წლის 13 სექტემბერს გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულება, ასევე 2016 წლის 14 სექტემბრიდან 2016 წლის 26 სექტემბრამდე გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულება ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ექვემდებარებიან ანაზღაურებას. მხარეთა შორის სადავოა, არსებობდა თუ არა გადაუდებელი სტაციონარის ნაწილში „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების 22-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი.
საქმეზე უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების არსებობის პირობებში კი, საკასაციო სასამართლო, ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას, რომ პაციენტის სამედიცინო შემთხვევა წარმოადგენს ტონზილექტომიის გართულებას და უნდა გადაცემულიყო ერთი ნაზოლოგიური კოდით. ამ შემთხვევაში მეორე კოდი რეალურად ხელოვნურად გაზრდილი იყო. საკასაციო პალატა აღნიშნავს, ძირითადი კოდი ენიჭება იმ დაავადებას, რომლის სამკურნალოდაც არის პირი კლინიკაში მოთავსებული, ხოლო სხვა დამატებითი კოდის მინიჭების საჭიროება შეიძლება დადგეს იმ შემთხვევაში, თუკი ამ ძირითადი დაავადების გარდა პირს აღენიშნება სხვა დაავადებები ან გართულებები, რაც, ასევე, საჭიროებს სამედიცინო დახმარების გაწევას. ამასთანავე, არ არის გამორიცხული ერთდროულად რამდენიმე ძირითადი კოდის არსებობა. სადავო შემთხვევაში კი, ვინაიდან დასტურდება მიწოდებული კოდების პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში დაფიქსირებულ დაავადებებთან შესაბამისობა და დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი, „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლიდან გამომდინარე, პროფესიული გადაწყვეტილებების მიღებისას არის თავისუფალი და დამოუკიდებელი, ადმინისტრაციული ორგანოს მხოლოდ წერილობითი განმარტება, რომ დაავადებებიდან გამომდინარე კოდების წარდგენა არასწორად მოხდა, ვერ გახდება სამედიცინო დაწესებულების საწინააღმდეგოდ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს აგრეთვე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 19 ივლისის №04/47463 გადაწყვეტილება „შპს ,,უ...ის” 2017 წლის 18 აპრილის №01/217 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“. მოთხოვნის ამ ნაწილშის სარჩელი ასევე საფუძვლიანია. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებზე, სააგენტოსთვის გადაცემულ ინფორმაციაზე და აღნიშნავს, რომ მიწოდებული ინფორმაცია დიაგნოზებითა და აღწერილობებით ზუსტ შესაბამისობაშია სამედიცინო დოკუმენტაციასთან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო აქტები გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, მათ საფუძველზე გათვალისწინებული მოწესრიგება ეწინააღმდეგება კანონს, რაც ქმნის გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის საფუძველს. ამრიგად, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 7 თებერვლის განჩინება;
3. კასატორს - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე) (ს/ნ 202178927) დაუბრუნდეს 2020 წლის 29 მაისს №17734 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე