საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-676(კ-20) 25 ნოემბერი 2021 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ს. კ-ა
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მესამე პირი - დ. ო-ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 11 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:ს. კ-ამ 2018 წლის 12 სექტემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 4 სექტემბრის №... გადაწყვეტილებისა და „რეგისტრაციის შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 5 სექტემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა. ამავე სარჩელით მოსარჩელემ იშუამდგომლა ქალაქ თბილისში, ...ს ქ. №16-ში მდებარე, დ. ო-ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ნივთის - 600 კვ. მეტრიდან 250 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და შენობა-ნაგებობიდან 1/5 ნაწილზე ყადაღის დადების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 სექტემბრის განჩინებით ს. კ-ას შუამდგომლობა ყადაღის დადების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 სექტემბრის განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაება დ. ო-ე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 1 მარტის გადაწყვეტილებით ს. კ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მანვე გაასაჩივრა.
2020 წლის 17 თებერვალს ს. კ-ას წარმომადგენელმა, ასევე, განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა, მოპასუხეს აეკრძალოს დ. ო-ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ნივთის - 600 კვ. მეტრიდან 250 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის 1/5 ნაწილის გასხვისება და იპოთეკით დატვირთის რეგისტრაცია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 19 თებერვლის განჩინებით ს. კ-ას წარმომადგენლის განცხადება დაკმაყოფილდა; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა დ. ო-ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ნივთის - 600 კვ. მეტრიდან 250 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის 1/5 ნაწილის გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთის რეგისტრაცია, მოცემულ საქმეზე სასამართლო დავის დასრულებამდე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 11 მარტის განჩინებით ს. კ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 1 მარტის გადაწყვეტილება. ამავე განჩინებით გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაცილ საქმეთა პალატის 2020 წლის 19 თებერვლის განჩინება - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთვის დ. ო-ის (პ/ნ ...) სახელზე რეგისტრირებულ უძრავი ნივთის - 600 კვ.მეტრიდან 250 კვ.მ. მიწის ნაკვეთის და შენობა-ნაგებობიდან 1/5 ნაწილის, (საკადასტრო კოდი ..., მის: ქ. თბილისი, ...ს ქ. N16) გასხვისებისა და იპოთეკის რეგისტრაციის აკრძალვის შესახებ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 11 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს. კ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა
საკასაციო საჩივრის მიხედვით, ს. კ-ამ შეიძინა ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნივთი, ის ენდო რეესტრის მიერ გაცემულ ამონაწერს. ცალსახაა, რომ როდესაც მან შეიძინა 4/5 ნაწილი, უძრავი ქონების განახლებული რეესტრის 2018 წლის 20 აგვისტოს ამონაწერის თანახმად, 1/5 ნაწილის მესაკუთრე იყო დ. ო-ე, ხოლო 4/5 ნაწილის - ა. კ-ი, შესაბამისად, საჯარო რეესტრიდან გაცემული ამონაწერის მიხედვით, 4/5 ნაწილის უფლება 686 კვ. მეტრიდან შეადგენდა 548.8 კვ. მეტრს, რაც გახდა მოსარჩელის სამართლებრივი ინტერესი მოცემული უძრავი ნივთის შეძენისა.
კასატორის მითითებით, მას, როგორც უძრავი ნივთის კეთილსინდისიერ შემძენს, ჰქონდა დასაბუთებული და კანონიერი ნდობა საჯარო რეესტრიდან გაცემული ამონაწერის მიმართ, რომელზეც მოქმედებს სისწორისა და სიზუსტის პრეზუმცია. ამრიგად, უდავოა, რომ მისარჩელე კეთილსინდისიერი შემძენია, რომლის კანონიერი უფლებები შეილახა და ადმინისტრაციული ორგანო უკანონოდ ჩაერია კონსტიტუციით დაცულ საკუთრების უფლებაში. მნიშვნელოვანია, რომ დ. ო-ე წლების განმავლობაში იყო აღნიშნული სადავო ნივთის 1/5 ნაწილის მესაკუთრე. მიუხედავად ამისა მას არ გასჩენია სამართლებრივი ინტერესი, რომ მიემართა საჯარო რეესტრისათვის და მოეთხოვა 1989 წლის ხელშეკრულების საფუძველზე წილობრივი საკუთრების დაზუსტება.
კასატორის მოსაზრებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო გასცდა სამართლებრივ ჩარჩოებს და მიიღო სრულიად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. ზემოთმითითებული გარემოებები კი ქმნის გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სადავო აქტების ბათილად ცნობის საფუძველს.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს. კ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს თანასაკუთრების უფლებით რეგისტრირებულ საკუთრების უფლებაში ტექნიკური უზუსტობის აღმოფხვრის საფუძვლით განხორციელებული ცვლილების რეგისტრაციის კანონიერება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დაადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე:
2007 წლის 14 მარტს განხორციელებული სარეგისტრაციო წარმოების შედეგად, ქალაქ თბილისში, ...ს ქუჩა №16-ში არსებულ უძრავი ქონების (დაზუსტებული მიწის ნაკვეთი - 686,00 კვ.მ. (ს.კ. ...)) სახლთმფლობელობის 4/5 ნაწილის მესაკუთრე რ. რ-ი, ასევე, აღრიცხულია სახლთმფლობელობის თანამფლობელად. აღნიშნულ რეგისტრაციას საფუძვლად დაედო 1989 წლის 5 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება, გაფორმებული ერთი მხრივ, ა. კ-ასა და მეორე მხრივ, რ. რ-სა და ბ. ო-ეს შორის.
2007 წლის 1 ივნისის განცხადების საფუძველზე განხორციელებული სარეგისტრაციო წარმოების შედეგად ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ დარეგისტრირდა რ. რ-ი - სახლთმფლობელობის 4/5 ნაწილზე, ხოლო ბ. ო-ე - 1/5 ნაწილზე. 2009 წლის 20 ივლისის №... გადაწყვეტილებით სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, რ. რ-ის საკუთრების ნაწილზე მესაკუთრედ დარეგისტრირდა ა. კ-ი, ხოლო 2009 წლის 5 დეკემბრის №... გადაწყვეტილებით სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე ბ. ო-ის საკუთრების წილზე მესაკუთრედ დარეგისტრირდა დ. ო-ე.
2018 წლის 23 აგვისტოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა ს. კ-ას განცხადება გარიგების საფუძველზე უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით. განცხადებას თან ერთვოდა ს. კ-ასა და ა. კ-ს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა ქალაქ თბილისში, ...ს ქუჩა №16-ში არსებული შენობა №1, №2,№3, 154.99 კვ.მეტრი 686 კვ.მეტრიდან, ა. კ-ის საკუთრებაში არსებული 4/5 წილი სრულად არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. მესაკუთრის უფლება კი დადასტურებული იყო 2018 წლის 20 აგვისტოს ამონაწერით საჯარო რეესტრიდან.
აღსანიშნავია, რომ დ. ო-ის განცხადება ტექნიკური ხარვეზის გასწორების თაობაზე 2018 წლის 21 აგვისტოს №... გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა, თუმცა დაკმაყოფილდა მასზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივარი. გადაწყვეტილებით განიმარტა, რომ ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მონაცემებში უნდა ასახულიყო უძრავი ნივთის ნასყიდობის №2-153 ხელშეკრულებაში და უფლების დამდგენ დოკუმენტში - ცნობა-დახასიათებაში მითითებული მიწის ნაკვეთის ფართები. კერძოდ, დ. ო-ის ინდივიდუალურ საკუთრებაში უნდა ასახულიყო 600 კვ.მეტრიდან 250 კვ.მ., ხოლო ს. კ-ას ინდივიდუალურ საკუთრებაში - 600 კვ.მეტრიდან 350 კვ.მ. რაც შეეხებოდა დარჩენილ 86 კვ.მ. ფართს, უნდა მომხდარიყო მისი თანასაკუთრებაში ასახვა, ხოლო ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების რეგისტრაციის მიზნით, დ. ო-ის და ს. კ-ას მიერ სარეგისტრაციო სამსახურში ურთიერთშეთანხმების წარდგენის შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა, მათ საკუთრებაში დარჩენილი 86 კვ.მ. ფართის ინდივიდუალურ საკუთრებაში ასახვა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებზე, რომელთა თანახმად, საჯარო რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, სამისამართო და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრების ერთობლიობა. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრი კი არის უძრავ ნივთებზე უფლების, უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის შესახებ მონაცემთა ერთობლიობა.
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ რეგისტრირებულ მონაცემებში ტექნიკური ხარვეზის შესწორებას ითვალისწინებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლი, რომლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია აღმოჩენისთანავე შეასწოროს თავის მიერ დაშვებული ტექნიკური ხარვეზი, რომელიც გამოწვეულია დოკუმენტაციიდან მონაცემების უზუსტო გადატანით და ტექნიკური ან გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომით. ტექნიკურ ხარვეზად ჩაითვლება ასევე ორთოგრაფიული, არითმეტიკული ან სხვა სახის ტექნიკური უზუსტობა. ამდენად, მითითებული ნორმა უპირობოდ ითვალისწინებს რეგისტრირებულ მონაცემებში ტექნიკური ხასიათის ხარვეზის გამოსწორებას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი. ამავე კანონის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, განმტკიცებულია დაინტერესებული პირის უფლება, გაასაჩივროს მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება მისი ოფიციალურად გაცნობიდან, ხოლო გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემთხვევაში - გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 21 აგვისტოს №... გადაწყვეტილებით დ. ო-ის განცხადება ტექნიკური ხარვეზის შესწორების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ხოლო მასზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივარი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგეტოს 2018 წლის 4 სექტემბრის №... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა. შესაბამისად, ბათილად იქნა ცნობილი ქონების რეგისტრაციის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ 2018 წლის 21 აგვისტოს №... გადაწყვეტილება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს დ. ო-ის განცხადებასთან დაკავშირებით სარეგისტრაციო წარმოების განახლება და რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება დაევალა, სხვა დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შემთხვევაში.
აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებას საფუძვლად დაედო საქმის მასალებში დაცული უფლების დამდგენი დოკუმენტი - თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის ცნობა-დახასიათება, რომლის თანახმად, ქალაქ თბილისში, ...ს ქუჩა №16-ში აღრიცხულია მიწის ნაკვეთი 679 კვ.მ. ფართით, მათგან 600 კვ.მ. უფლების დამდგენი დოკუმენტით, ხოლო საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტის გარეშე 79 კვ.მ. მესაკუთრეებად რეგისტრირებული არიან რ. რ-ი და ბ. ო-ე, შენობა-ნაგებობა კი აღრიცხულია რ. რ-ის სახელზე 4/5 წილით, ბ. ო-ის სახელზე 1/5 წილით. უფლების დამდგენი დოკუმენტია 1989 წლის 5 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, ბ. ო-ემ ა. კ-ასაგან იყიდა მთელი საცხოვრებელი სახლის 1/5 წილი - №4 ოთახი, ფართობით 14,09 კვ.მ., ორი დამხმარე სათავსო - №7 ფართობით 13,6 კვ.მ., №10 - ფართობით 12,58 კვ.მ., 250 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთით. ასევე რ. რ-იმა ა. კ-ასაგან იყიდა მთელი საცხოვრებელი სახლის 4/5 - ოთახი №3, ფართობით 18,24 კვ.მ., №5 ოთახი ფართობით 13,84 კვ.მ., №6 ოთახი ფართობით 11,11 კვ.მ., ოთახი №11 ფართობით 11,09 კვ.მ., დამხმარე სათავსო №1 ფართობით 15,48 კვ.მ., №8 ფართობით 8,52 კვ.მ., №12 ფართობით 5,6 კვ.მ., ოთ. №9 ფართობით 3,4 კვ.მ., №2 ფართობით 6,15 კვ.მ., 350 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი.
საკასაციო სასამართლო, დასახელებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითებას, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგეტოს 2018 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილებით სწორად შეფასდა ის გარემოება, რომ ქალაქ თბილისში, ...ს ქუჩა №16-ში არსებული უძრავი ნივთის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია განხორციელებული იყო ტექნიკური უსწორობით. თავდაპირველი რეგისტრაციიდანვე უძრავი ნივთის რეგისტრირებული მონაცემები ასახული უნდა ყოფილიყო 1989 წლის 5 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებაში მონაწილე მხარეთა მიერ განსაზღვრული მონაცემებით, ვინაიდან ხელშეკრულებით იმთავითვე განისაზღვრა უძრავი ქონება მყიდველთა შორის რა სახით გაიყო და თითოეულმა რა ოდენობის მიწის ნაკვეთი შეიძინა შენობა-ნაგებობის წილობრივ მონაცემებთან ერთად. კერძოდ, ქალაქ თბილისში, ...ს ქუჩა №16-ში არსებული ნასყიდობის საგნიდან - 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან 250 კვ.მ. მიწის ფართი წარმოადგენდა ბ. ო-ის საკუთრებას, ხოლო ამავე 600 კვ.მ მიწიდან 350 კვ.მ. მიწის ფართი - რ. რ-ის საკუთრებას. დადგენილია, რომ წლების მანძილზე საჯარო რეესტრში განხორციელებული ცვლილებები შეეხებოდა მხოლოდ მესაკუთრეთა ცვლილებას და დაშვებული ტექნიკური უზუსტობა არ შესწორებულა. სადავო გადაწყვეტილებით სწორად დადგინდა ის გარემოება, რომ ქალაქ თბილისში, ...ს ქუჩა №16-ში არსებული უძრავი ნივთის რეგისტრირებული მონაცემები შეიცავდა ტექნიკურ უზუსტობას, რაც საჭიროებდა შესწორებას. ამრიგად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგეტოს 2018 წლის 4 სექტემბრის №... გადაწყვეტილება მიღებულია ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული დოკუმენტებისა და საჯარო რეესტრის რეგისტრირებული მონაცემების ურთიერთშეჯერებით, ხოლო მის საფუძველზე საჯარო რეესტრის ჩანაწერებში განხორციელებული ტექნიკური ხასიათის შესწორება სრულად კანონშესაბამისია. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ მონაცემების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ვრცელდება არა მხოლოდ რეესტრის ჩანაწერების მიმართ, არამედ ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს ჩანაწერის მიმართაც, რომლითაც დასტურდებოდა დ. ო-ის უფლებები სადავო ფართის შესაბამის წილზე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან ცალსახად დასტურდებოდა დ. ო-ის რეისტრირებულ მონაცემებში ტექნიკური ხარვეზის შესწორების საფუძვლის არსებობა, რის გასწორებასაც ითვალისწინებს სწორედ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლი, არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების - გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის წინაპირობები.
გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი, ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა. აღსანიშნავია, რომ ს. კ-ამ ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება შეადგინა 2018 წლის 22 აგვისტოს მაშინ, როცა დ. ო-ის მიერ განცხადება, ტექნიკური ხარვეზის შესწორების მოთხოვნით, წარდგენილი იყო 2018 წლის 21 აგვისტოს და იგი აისახა საჯარო რეესტრის ელექტრონულ ვებგვერდზე. ამდენად, ს. კ-ა უფლებამოსილი იყო გადაემოწმებინა საჯარო რეესტრის საშუალებით საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების მიმართ წარდგენილი პრეტენზია და მხოლოდ მას შემდეგ მიეღო გადაწყვეტილება სადავო უძრავი ნივთის შეძენასთან დაკავშირებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს. კ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 11 მარტის განჩინება;
3. გ. ქ-ას (პ/ნ ...) დაუბრუნდეს ს. კ-ას საკასაციო საჩივარზე 2020 წლის 18 ივნისს №0 სადაგახდო დავალებით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე