საქართველოს უზენაესი სასამართლო
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1191(კ-20) 25 ნოემბერი, 2021 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
კასატორი (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - რ. ო-ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:რ. ო-ემ 2018 წლის 26 ივნისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ და „საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ“ ამავე კომისიის 2018 წლის 27 ივნისის №860 განკარგულების ბათილად ცნობა, ასევე, კომისიისთვის რ. ო-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
სარჩელის თანახმად, რ. ო-ე და მისი ოჯახი მრავალი წელია ფლობენ და სარგებლობენ ქალაქ თბილისში, ...ის პირველი შესახვევის №68-ში მდებარე მიწის ნაკვეთით, რომელიც მათი კუთვნილი სახლის მომიჯნავედ მდებარეობს. 2008 წელს ქალაქ თბილისის საკრებულომ რ. ო-ის მოთხოვნა დააკმაყოფილა და თვითნებურად დაკავებული მიწის ნაწილი უღიარა, თუმცა დანარჩენი ნაწილის აღაირება თავად არ მოუთხოვია შესაბამისი ღირებულების გადახდის საშუალების არქონის გამო. მოსარჩელისვე აღნიშვნით, 2018 წელს განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა მიწის ნაკვეთის ლეგალიზება, თუმცა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ აღიარების კომისიამ დაუსაბუთებლად უთხრა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რის გამოც მან სადავო აქტის ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით რ. ო-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი „რ. ო-ისთვის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 27 ივნისის №860 განკარგულება და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა, კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, ქალაქ თბილისში, ...ის პირველი შესახვევის №68-ის მიმდებარედ არსებულ 478 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე რ. ო-ის მოთხოვნასთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა,.
პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
რ. ო-ემ 2008 წლის 4 იანვარს განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და 677 კვ.მ. მიწის ნაკვეთის დაკანონება მოითხოვა. კომისიის გადაწყვეტილებით მოთხოვნილ მიწის ნაკვეთს (თბილისი, ...ის პირველი შესახვევი №68) მიენიჭა თვითნებურად დაკავებულის კატეგორია (სასყიდლიანი) და საკუთრების უფლება ეღიარა რ. ო-ეს. 2008 წლის 14 ივლისს ქალაქ თბილისის საკრებულომ გამოსცა №... საკუთრების მოწმობა, რომლითაც რ. ო-ეს საკუთრებაში გადაეცა ქალაქ თბილისში, ...ის პირველი შესახვევის №68-ში მდებარე 677 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. შედეგად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2008 წლის 21 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების შესაბამისად, უძრავი ნივთი დარეგისტრირდა რ. ო-ის საკუთრებად.
რ. ო-ის წარმომადგენელმა 2017 წლის 25 დეკემბერს განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ქალაქ თბილისში, ...ის პირველი შესახვევის №68-ში მდებარე 478 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 18 იანვარს რ. ო-ის განცხადება და საჯარო რეესტრის მიერ სადავო უძრავ ნივთზე დამატებით მოძიებული დოკუმენტები, კომპეტენციის ფარგლებში, საკითხის განსახილველად გადაეგზავნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2018 წლის 27 ივნისის №860 განკარგულებით, რ. ო-ეს უარი უთხრა მოთხოვნილ მიწის ნაკვეთის აღიარებაზე (მისამართი: ქალაქ თბილისი, ...ის პირველი შესახვევის №68-ში მდებარე 478.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი) საკუთრების უფლების აღიარებაზე, უფლებააღიარებული მიწის ნაკვეთისა და მოთხოვნილი მომიჯნავე მიწის ნაკვეთის ერთიან სივრცესა და ერთიან სასაზღვრო მიჯნაში არსებობის ფაქტის დაუდასტურებლობის საფუძვლით.
საქმეში წარმოდგენილია აგრეთვე, 2007 წლის 21 დეკემბრის ნოტარიულად დამოწმებული განცხადებები, რომელთა თანახმად, ნ. ფ-ი, ნ. ს-ე და ნ. ბ-ე ადასტურებენ ფაქტს, რომ მოქალაქე რ. ო-ე 1993 წლიდან დღემდე ცხოვრობს მათ მეზობლად, ქალაქ თბილისში, ...ის პირველი შესახვევის №68-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებულ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესზე“ და მიიჩნია, რომ სადავო აქტი გამოცემული იყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტებისა და გარემოებების გამოკვლევის გარეშე. სასამართლომ განმარტა, რომ დასახელებული კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი) თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწას წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც (მიწის ნაკვეთზე ან შენობა-ნაგებობაზე) ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე, ასევე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 1994 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწა, ხოლო თვითნებურად დაკავებულ მიწას წარმოადგენს - ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, კომისიის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმის დადასტურება, საკუთრების უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა თუ არა ისეთ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს, რაც განსაზღვრული იყო „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ პუნქტით, რისთვისაც აუცილებელი იყო იმ გარემოებების დადგენა, უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა თუ არა რ. ო-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავეს, მისი ფართობი ნაკლები იყო თუ არა პირის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე შესაბამისი დასაბუთებით აუცილებელი იყო იმ ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოების ანალიზი, რ. ო-ე სარგებლობდა თუ არა თვითნებურად ქალაქ თბილისში, ...ის პირველი შესახვევის №68-ის მიმდებარედ 478 კვ.მ. მიწის ნაკვეთით, რადგან აღნიშნულ გარემოებებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებოდა თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების საკითხის გადაწყვეტისათვის.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო აქტი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი და კომისიას რ. ო-ის მოთხოვნასთან დაკავშირებით სათანადოდ გამოეკვლია საქმის გარემოებები და გამოეცა შესაბამისი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 მაისის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მათი სამართლებრივი შეფასება და დამატებით, აღნიშნა, რომ კომისიის მიერ დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 96-ე მუხლის მოთხოვნები. კერძოდ, ადმინისტრაციულ ორგანოს შეფასება არ მიუცია დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებზე, მათ შორის 2007 წლის 21 დეკემბრის ნოტარიულად დამოწმებულ განცხადებებზე, რომელთა თანახმად, ნ. ფ-ი, ნ. ს-ე და ნ. ბ-ე ადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ მოქალაქე რ. ო-ე 1993 წლიდან დღემდე ცხოვრობს მათ მეზობლად ქალაქ თბილისში, ...ის პირველი შესახვევის №68-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში. აღნიშნული გარემოება, ასევე, დაადასტურეს სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით მოწვეულმა პირებმაც - ლ. ს-მა და ნ. ს-ემ, რომლებმაც აღნიშნეს, რომ რ. ო-ეს თავიდანვე ჰქონდა დაკავებული ის მიწის ნაკვეთი, რომლის აღიარებასაც ითხოვს დღეის მდგომარეობით. ამასთან, უფლებააღიარებული და უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთები მოქცეულია ერთიან ღობეში, რომლითაც დღემდე სარგებლობს მოსარჩელე და პრეტენზია არავის გააჩნია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირის მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე მითითებით აღნიშნავს, რომ ამ კანონის მიზნებისთვის, თვითნებურად დაკავებული მიწის ცნების ქვეშ მოიაზრება ორგვარი კატეგორიის მიწა: 1) მიწის ნაკვეთი, რომელზეც კანონის ამოქმედებამდე და საკითხის განხილვის დროისთვის განთავსებულია კაპიტალური საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების კაპიტალური შენობა (აშენებული); 2) საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე). მოცემულ შემთხვევაში, რ. ო-ე საკუთრების უფლების აღიარებას ითხოვდა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ დაკავებულ მიწის ნაკვეთზე. როგორც უკვე აღინიშნა, აუცილებელია, რომ განმცხადებელს დასახელებული კანონის ამოქმედებამდე - 2007 წლამდე გააჩნდეს მიწის ნაკვეთზე საკუთრების/მართლზომიერი მფლობელობის უფლება და ამ მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ, ასევე კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად ჰქონდეს დაკავებული მიწის ნაკვეთი. აღსანიშნავია, რომ რ. ო-ე №... საკადასტრო კოდით რეგსიტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრე გახდა 2008 წელს კომისიის მიერ გაცემული საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე, რაც ცალსახად გამორიცხავს აღნიშნული მიწის ნაკვეთის კანონის ამოქმედებამდე მესაკუთრედ ყოფნასა და მომიჯნავედ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ასევე კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტს.
გარდა ამისა, საქმეზე დადასტურებული მტიცებულებებით, ასევე წარმოდგენილი ორთოფოტოებით, პირვანდელი მოთხოვნის განხილვის დროისთვის, არც კანონის ამოქმედებამდე და არც დღეის მდგომარეობით არ დგინდებოდა უფლებააღიარებული და მომიჯნავე მიწის ნაკვეთების ერთიან სივრცეში არსებობისა და მყარი სასაზღვრო მიჯნის ქონის ფაქტი. ამდენად, მოსარჩელე ვერ აკმაყოფილებდა თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის ვერცერთ კატეგორიას, რის გამოც სადავო აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა მიჩნეული.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო, საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად, მიიჩნევს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც რ. ო-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
1. რ. ო-ემ 2008 წლის 4 იანვარს განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და 677 კვ.მ. მიწის ნაკვეთის დაკანონება მოითხოვა.
2. ქალაქ თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 7 მაისის №21 საოქმო გადაწყვეტილებით (საკითხი №25) მოთხოვნილ მიწის ნაკვეთს (...ის პირველი შესახვევი №68) მიენიჭა თვითნებურად დაკავებულის კატეგორია (სასყიდლიანი) და საკუთრების უფლება ეღიარა რ. ო-ეს.
3. 2008 წლის 14 ივლისს ქალაქ თბილისის საკრებულომ გამოსცა №... საკუთრების მოწმობა, რომლითაც რ. ო-ეს საკუთრებაში გადაეცა ქალაქ თბილისში, ...ის პირველი შესახვევის №68-ში მდებარე 677 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. შედეგად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2008 წლის 21 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების შესაბამისად, უძრავი ნივთი დარეგისტრირდა რ. ო-ის საკუთრებად.
4. რ. ო-ის წარმომადგენელმა 2017 წლის 25 დეკემბერს განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ქალაქ თბილისში, ...ის პირველი შესახვევის №68-ში მდებარე 478 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია მოითხოვა.
5. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 18 იანვარს რ. ო-ის განცხადება და საჯარო რეესტრის მიერ სადავო უძრავ ნივთზე დამატებით მოძიებული დოკუმენტები, კომპეტენციის ფარგლებში, საკითხის განსახილველად გადაეგზავნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას.
6. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2018 წლის 27 ივნისის №860 განკარგულებით, რ. ო-ეს უარი ეთქვა მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქალაქ თბილისი, ...ის პირველი შესახვევის №68-ში მდებარე 478.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი) საკუთრების უფლების აღიარებაზე, უფლებააღიარებული მიწის ნაკვეთისა და მომიჯნავე მიწის ნაკვეთის ერთიან სივრცესა და ერთიან სასაზღვრო მიჯნაში არსებობის ფაქტის დაუდასტურებლობის საფუძვლით.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს რ. ო-ისთვის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის კანონიერება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების ძირითად პირობებს განსაზღვრავს. ამავე კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწას წარმოადგენს ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე, დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე. ამრიგად, თუკი დაინტერესებული პირი, მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტიდან გამომდინარე, საკუთრების უფლების აღიარებას ითხოვს მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე და საკითხი არ ეხება თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს საცხოვრებელი სახლით ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობით, მან უნდა დაამტკიცოს დასახელებული კანონის ამოქმედებამდე (2007წ.) მომიჯნავე მიწის ნაკვეთის ფლობისა და სარგებლობის ფაქტი, ამასთან, მოთხოვნილი მიწის ფართობი ნაკლები უნდა იყოს საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე (დღეს მოქმედი რეგულაციით კი, საკუთრებაში არსებული და აღიარებამოთხოვნილი მიწის ნაკვეთების ჯამური ფართობი ბარში არ უნდა აღემატებოდეს 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში - 5 ჰექტარს).
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარება განიმარტება, როგორც ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნისათვის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით დამტკიცებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურის შესაბამისად, საკუთრებაში სასყიდლიანი ან უსასყიდლო ფორმით გადაცემა.
დასახელებული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან) არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, რომელიც თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და ამ კანონით დადგენილი წესით.
ამასთანავე, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძველია დაინტერესებული პირის მიერ წერილობითი განცხადების წარდგენა კომისიაში. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის მანძილი; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები.
საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის #376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესზე“, რომელიც არეგულირებს მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრების უფლების აღიარების პროცედურებსა და პირობებს, განსაზღვრავს საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების მქონე ორგანოს სამართლებრივ სტატუსს, კომპეტენციასა და სამართლებრივ საფუძვლებს, აგრეთვე საკუთრების უფლების აღიარების პროცესში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს. მითითებული წესის მე-2 მუხლი განსაზღვრავს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტისა და მოწმის ჩვენების, როგორც მითითებულ წესში გამოყენებულ ტერმინთა, მნიშვნელობას. კერძოდ, ხსენებული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულია, რომ უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) ან/და თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი. ამასთან, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი არის ცნობა-დახასიათება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი, ხოლო მოწმის ჩვენება კი - მიწის თვითნებურად დაკავების ფაქტის თაობაზე მოწმის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მოთხოვნილია მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება, აღიარებამოთხოვნილი მიწის ნაკვეთის კანონის ამოქმედებამდე (2007 წლის 27 ივლისამდე) თვითნებურად დაკავებისა და ფლობის საფუძვლით. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელის მიერ კომისიაში წარდგენილ წერილობით განცხადებას თან ერთვოდა მოწმეების - ნ. ფ-ის, ნ. ს-ისა და ნ. ბ-ის ნოტარიულად დამოწმებული განცხადებები, რომელთა თანახმად, აღნიშნული პირები ადასტურებდნენ რ. ო-ის 1993 წლიდან დღემდე მათ მეზობლად, ქალაქ თბილისში, ...ის პირველი შესახვევის №68-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ცხოვრების ფაქტს. თუმცა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სადავო განკარგულებით, რ. ო-ის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. განკარგულებაში მიეთითა, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე არ იყო განთავსებული შენობა, ასევე არ დასტურდებოდა უფლებააღიარებული მიწის ნაკვეთისა და მოთხოვნილი მომიჯნავე მიწის ნაკვეთის ერთიან სივრცესა და ერთიან სასაზღვრო მიჯნაში არსებობის ფაქტი. ამასთან, სადავო აქტში აღინიშნა, რომ აღიარებამოთხოვნილი მიწის ნაკვეთი მდებარეობდა განმცხადებლის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ, რომელიც მას საკუთრებაში გადაეცა საკუთრების აღიარების საფუძველზე. შესაბამისად, კომისიის მიერ 2018 წლის 27 ივნისს მიღებული იქნა №860 განკარგულება „რ. ო-ისთვის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ“. ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში შესაფასებელია, წარმოადგენდა თუ არა აღნიშნული მიწის აღიარებისათვის შემაფერხებელ გარემოებას მის მომიჯნავედ მოსარჩელის საკუთრებაში იმ მიწის ნაკვეთის არსებობის ფაქტი, რომელიც აღიარების საფუძველზე ერთხელ უკვე იქნა საკუთრებაში გადაცემული.
როგორც ზემოთ აღინიშნა, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე „...დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე...“, რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მითითებული მუხლის დეფინიციიდან გამომდინარე, მითითებული საფუძვლით, მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებულად მიიჩნევისთვის აუცილებელია განმცხადებლის მიერ კანონის ამოქმედებამდე მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის მომიჯნავედ მდებარე თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის (შენობით ან მის გარეშე) ფლობისა და სარგებლობის ფაქტის დადასტურება, რომლის ფართობიც ნაკლები იქნება საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე.
საკასაციო სასამართლო აღიარებამოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარების გამორიცხვის დასაბუთებისთვის მიუთითებს საქმეზე დადასტურებულ გარემოებებზე. კერძოდ, სადავო არ არის, რომ მოსარჩელეს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადაეცა 2008 წელს ქალაქ თბილისის საკრებულოს მიწის აღიარების კომისიის მიერ. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ქალაქ თბილისში, ...ის პირველი შესახვევის №68-ში მდებარე 677 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლებით აღირიცხა რ. ო-ის სახელზე (საკადასტრო კოდი: ...). რეგისტრაციის საფუძველი გახდა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი - საკუთრების მოწმობა №... (დამოწმების თარიღი 14.07.2008წ.). აღნიშული მოწმობის გაცემას კი, თავის მხრივ, საფუძვლად დაედო აღიარების კომისიის 2008 წლის 7 მაისის №21 საოქმო გადაწყვეტილება, რომლითაც მოთხოვნილ მიწის ნაკვეთს მიენიჭა თვითნებურად დაკავებულის კატეგორია (სასყიდლიანი) და მოსარჩელეს ეღიარა მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი. ამრიგად, უდავოდ დასტურდება, რომ აღიარებამოთხოვნილი მიწის ნაკვეთი მდებარეობს მოსარჩელის უფლებააღიარებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ, რომელიც მას საკუთრებაში გადაეცა 2008 წელს აღიარების საფუძველზე. აღნიშნული გარემოება კი მოცემულ შემთხვევაში საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძველს ქმნის.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დასახელებული მოცემულობით, მიზანშეუწონელი და გაუმართლებელია აღიარებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ არსებული თვითნებურად დაკავებული მიწის მომიჯნავეობის საფუძვლით დაუსრულებელი ათვისება და შემდგომ მასზე საკუთრების უფლების აღიარება. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რ. ო-ის მოთხოვნა არ აკმაყოფილებს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის კანონით დადგენილ მოთხოვნებს. ამდენად, ის ვერ ჩაითვლება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საკუთრების უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის თვითნებურ დამკავებლად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-7 პუნქტზე, რომლის თანახმად, თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს ან განცხადებისათვის დართული დოკუმენტებით არ დასტურდება თვითნებურად დაკავების ფაქტი, კომისია იღებს წერილობით გადაწყვეტილებას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე. ამასთანავე, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა, საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, არ აკმაყოფილებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ წესით განსაზღვრულ პირობებს ან განცხადებისათვის დართული დოკუმენტებით არ დასტურდება თვითნებურად დაკავების ფაქტი, კომისია იღებს წერილობით გადაწყვეტილებას, საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე.
ამასთან, საკაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე, რომელთა თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რ. ო-ეზე ქალაქ თბილისში, ...ის პირველი შესახვევის №68-ში მდებარე 478 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებით აღიარებაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 27 ივნისის №860 განკარგულება კანონშესაბამისია და არ არსებობს მისი სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის საფუძვლები. მითითებული აქტის კანონიერების პირობებში კი, არ არსებობს კომისიისთვის საქმისათვის არსებითი მნიშვნელოვის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რადგან გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის თანახმად, ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს. შესაბამისად, სახეზეა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები, რის გამოც უნდა გაუქმდეს სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების მიხედვით კი, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, შესაბამისად, იგი შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. იმავე კოდექსის 37-ე მუხლიდან გამომდინარე კი, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სახელმწიფო ბაჟი კი მიეკუთვნება სასამართლო ხარჯებს.
სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის პირობებში, რ. ო-ის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 მაისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. რ. ო-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. რ. ო-ის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე