Facebook Twitter

ბს-1317(კ-19) 25 ნოემბერი, 2021წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა რ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.05.2019წ. განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რ. გ-მა 16.03.2015წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 08.10.2014წ. N000621 დადგენილების, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 16.02.2015წ. N89 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით. დავის საქალაქო სასამართლოში განხილვისას საქმეში მესამე პირად ჩაერთო ნ. გ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.04.2017წ. გადაწყვეტილებით რ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.03.2019წ. განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.05.2019წ. განჩინებით რ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 08.10.2014 წ. №000621 დადგენილებით ქ. თბილისში, ...ში, მე-2 კვ., ...ის ქ.N27ა-ში სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განხორციელებული მიშენებისათვის რ. გ-ი დაჯარიმდა 10 000 ლარით და დაევალა უნებართვო მიშენების დემონტაჟი. პალატამ აღნიშნა, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე პასუხისმგებელ სუბიექტს უპირატესად წარმოადგენს სწორედ მშენებლობის მწარმოებელი პირი, ხოლო სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან მოსარგებლე სამშენებლო სამართალდამრღევ სუბიექტად მიიჩნევა მხოლოდ მშენებლობის მწარმოებელი პირის დაუდგენლობის შემთხვევაში. მართალია ის უძრავი ქონება, რომელზეც განხორციელებულია უნებართვო მშენებლობა სახელმწიფოს საკუთრებაშია, თუმცა საქმის მასალების, ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში გამართული ზეპირი მოსმენის ოქმების მხედველობაში მიღებით, პალატამ მიიჩნია, რომ როგორც უძრავი ქონებით მოსარგებლეს, ასევე სადავო მიშენების მწარმოებელ პირს წარმოადგენს რ. გ-ი. ის გარემოება, რომ რ. გ-ის მხრიდან განხორციელდა უკვე არსებულ ბაქანზე მხოლოდ კედლების ამოშენება, არ იქნა მიჩნეული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველად. პალატის მოსაზრებით რ. გ-მა ვერ წარადგინა მის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის გამომრიცხავი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.05.2019წ. განჩინება რ. გ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა აღნიშნა, რომ თავად კორპუსი იყო კარკასული, ექსპლუატაციაში არმყოფი და უკანონო. უკანონო მიშენება შეიძლებოდა ყოფილიყო მხოლოდ აივანზე ამოშენებული კედლები და არა ბაქანი. კედლების დემონტაჟი შესაძლებელი იყო მერიის მოთხოვნისთნავე, თუმცა ბაქნის დაშლის ვალდებულება არ არსებობდა, რადგან თავიდანვე იყო ნაგებობის ნაწილი. კასატორმა მიუთითა, რომ მუნიციპალიტეტმა ფართი საკუთრებაში გადასცა კასატორის ძმას ნ. გ-ს მიშენებულ აივანთან ერთად, ფართი აღირიცხა საჯარო რეესტრში, ამდენად, აივნის დემონტაჟის დავალება დაუშვებლი იყო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ რ. გ-მა თავადვე დაადასტურა სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამართულ 05.08.2014წ. სხდომაზე რ. გ-მა აღნიშნა, რომ უნებართვო ამოშენება მის მიერ განხორციელდა 2014წ., სამშენებლო სამუშაოებზე ნებართვა არ გაცემულა, რადგან თავად კორპუსი არის უნებართვოდ აშენებული, რ. გ-მა განახორციელა კედლების ამოშენება, თუმცა ბაქანი არ მოუწყვია. რ. გ-ის მიერ 02.07.2014წ. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში წარდგენილ განცხადებაში რ. გ-ი ადასტურებს კედლების მის მიერ ამოშენებას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. N57 დადგენილების 36-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველი იყო კანონმდებლობით დადგენილი წესით მშენებლობის ნებართვის მიღება. ნებართვის გარეშე მშენებლობის წარმოება განიხილებოდა უნებართვო მშენებლობად, რომლისთვისაც გათვალისწინებული იყო შესაბამისი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. განსახილველ შემთხვევაში რ. გ-ის განმარტებითვე დასტურდება მის მიერ უნებართვო სამშენებლო სამუშაოების განხორციელება, კერძოდ, სულ მცირე აივნის კედლების ამოშენება. საკასაციო საჩივარშიც ხდება მითითება იმ გარემოებაზე, რომ უკანონო მიშენება შეიძლებოდა ყოფილიყო მხოლოდ აივანზე ამოშენებული კედლები. ამდენად, უტყუარად დასტურდება კასატორის მიერ უნებართვო მშენებლობის წარმოება.

კასატორის მითითება იმ გარემობაზე, რომ ბაქანი მას არ მოუწყვია არ ქმნის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველს, რადგან კედლების ამოშენება დამოუკიდებლად მიიჩნევა სამშენებლო სამუშაოდ, რის გამო წარმოშობდა შესაბამისი ნებართვის მიღების საჭიროებას. ამასთანავე გასათვალისწინებელია, რომ საქმეში დაცული ფოტომასალის მიხედვით კორპუსის ფასადზე განლაგებულია რამდენიმე ბაქანი, რომელთა სიგანე განსხვავებულია. ბაქანი, რომლის კედლები ამოშენებულია უფრო განიერია, ვიდრე მის ზედა და ქვედა სართულზე არსებული ბაქანი. შესაბამისად, კასატორის განმარტება, რომ ბაქანი არსებული სახით იმთავითვე იყო კორპუსის ნაწილი და მას არ მოუწყვია, დაუსაბუთებელია.

რაც შეეხება აივნის საჯარო რეესტრში აღრიცხვის გამო, მისი დემონტაჟის დაუშვებლობას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში დაცულია შპს „...ის“ მიერ 20.01.2014წ. შედგენილი საცხოვრებელი ბინის შიდა აზომვითი ნახაზი, რომლის თანახმად აივნის ფართია 14 კვ.მ., ხოლო ბინის საერთო ფართია 73,65 კვ.მ.. სწორედ ამ ოდენობის ფართი აღირიცხა ჯერ სახელმწიფოს, შემდეგ მუნიციპალიტეტის და ბოლოს ნ. გ-ის საკუთრებაში. საქმეში არ არის დაცული რაიმე დოკუმენტი, რომლითაც დადგინდება ფაქტობრივად არსებული აივნის ფართი, რის გამო არ დასტურდება, რომ უნებართვო მინაშენი აღრიცხულია მარეგისტრირებელ ორგანოში. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში რ. გ-ის მიერ გაკეთებული განმარტების მიხედვით უნებართვო მშენებლობა განხორციელდა 2014წ., შესაბამისად, შესაძლებელია 2014 წლის დასაწყისში შედგენილი შიდა აზომვითი ნახაზი არ მოიცავდეს აივანს უნებართვო მშენებლობის განხორციელების შემდგომი მდგომარეობით. პალატა ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე იმ გარემოებაზე, რომ საქმეში დაცულ შიდა აზომვით ნახაზზე აივანი და ბინის კედლები განსხვავებულად არის მონიშნული.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც რ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთანავე, სსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. განსახილველ შემთხვევაში რ. გ-ის საკასაციო საჩივარზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი, ჯამში 300 ლარის ოდენობით, ამდენად, მას უნდა დაუბრუნდეს გადახდილი თანხის 300 ლარის 70% - 210 ლარი. გასათვალისწინებელია, რომ ბაჟის თანხა გადახდილია ორ ნაწილად: 23.07.2019წ. N8217937478 საგადახდო დავალებით გადახდილია 200 ლარი, რომელიც სრულად უნდა დაბრუნდეს და ასევე 11.12.2019წ. N0 საგადასახადო დავალებით გადახდილია 100 ლარი, რომლის ნაწილი - 10 ლარი უნდა დაუბრუნდეს კასატორს. ჯამში კასატორისათვის დაბრუნებული თანხა შეადგენს გადახდილი ბაჟის 70%-ს - 210 ლარს, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტში დარჩენილი ბაჟი - 90 ლარს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2.უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.05.2019წ. განჩინება;

3. რ. გ-ს (პ.ნ. ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 23.07.2019წ. N8217937478 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 200 ლარი სრულად და 11.12.2019წ. N0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 100 ლარიდან - 10 ლარი , შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი