საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-1217(კ-20) 30 ნოემბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
კასატორი (მოწინააღმდეგე მხარე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - სს ,,...ი“, ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო; ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია
მესამე პირები - შპს ,,თ...ი“, რ. გ-ი, ლ. შ-ი, კ. მ-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 იანვრის განჩინება
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2013 წლის 11 ოქტომბერს სს ,,...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, სს „...მა“ 2004 წელს შეიძინა ორი უძრავი ქონება, კერძოდ: 2004 წლის 29 სექტემბერს ი. გ-ისგან 7 000 დოლარად შეიძინა მის საკუთრებაში რეგისტრირებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების 150 კვ.მ მიწის ნაკვეთი ქ. რუსთავში, ...ი N15-ის მიმდებარედ არსებულ ტერიტორიაზე (ს/კ ...), ხოლო 2004 წლის 29 დეკემბერს, ი. ბ-ისაგან 4 000 აშშ დოლარად შეიძინა, მის საკუთრებაში რეგისტრირებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 450 კვ.მ მიწის ნაკვეთი ქ. რუსთავში, ...ი N15-ის მიმდებარედ (ს/კ ...). ორივე ნასყიდობის ხელშეკრულება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში 2005 წელს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მოსარჩელემ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ 150 კვ.მ ფართობის მქონე მიწის ნაკვეთზე არსებობს საჯარო რეესტრის მიერ მომზადებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი.
2011 წლის აგვისტოს დასაწყისში ბანკმა, საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების დაზუსტებისთვის მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. სარეგისტრაციო სამსახურმა მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით გამოიტანა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ (N... და N... გადაწყვეტილება), სადაც განიმარტა, რომ ბანკის მიერ წარდგენილი მიწის ნაკვეთების საზღვრები იჭრებოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვრებში (ს/კ ... და ...), შესაბამისად, მოითხოვა ბანკისგან კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენა. მოსარჩელის განმარტებით, მიწის ნაკვეთები შეძენილი აქვთ რუსთავის მერიის მიერ გამოცხადებულ აუქციონზე. ქ. რუსთავის თვითმმართველობის ერთეულის დაკვეთით მომზადებულ აზომვით ნახაზებში დაშვებულია ცდომილება და რუსთავის თვითმმართველობამ და საკრებულომ ბანკის საკუთრებაში რეგისტრირებული ქონება, განმეორებით გაასხვისეს სხვა პირებზე, რითაც სს ,,...ი“ მნიშვნელოვნად დაზარალდა და მიადგა მატერიალური ზიანი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაეკისროს სს „...ისათვის“ მიყენებული ზიანის - 81 000 აშშ დოლარის ოდენობით ანაზღაურება. ასევე მიუთითა, რომ გადახდა განხორციელდეს გადახდის დღისათვის ბანკის მიერ დადგენილი ეროვნული კურსის შესაბამისად ეროვნულ ვალუტაში, ბანკის კუთვნილ ანგარიშზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 26 ნოემბრის საოქმო განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.1 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ქ. რუსთავის მერია, შპს ,,თ...ი“, რ. გ-ი, ლ. შ-ი და კ. მ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 18 დეკემბრის საოქმო განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.1 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ქ. რუსთავის საკრებულო.
2014 წლის 17 იანვარს, სს ,,...მა“, დაზუსტებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, დააზუსტა მოპასუხეთა წრე და მოპასუხეებად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, მიუთითა ქ. რუსთავის მერია და ქ. რუსთავის საკრებულო. ასევე დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას, სოლიდარულად დაკისრებოდათ სს „...ისათვის“ მიყენებული ზიანის ანაზღაურება - 81 000 აშშ დოლარის ოდენობით. ასევე აღნიშნა, რომ გადახდა განხორციელებულიყო გადახდის დღისათვის ბანკის მიერ დადგენილი ეროვნული კურსის შესაბამისად ეროვნულ ვალუტაში. ამასთანავე, მოითხოვა, მოპასუხე მხარეებს დაეკისროთ ბანკის მიერ წინამდებარე დავის განხილვის მიზნით გადახდილი ბაჟი - 4038,41 ლარის ოდენობით, ასევე ქონების შეფასებისა და საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით შპს „გ...ისთვის" გაღებული ხარჯი - 1770 ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე სს ,,...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაეკისრა მოსარჩელე სს ,,...ის“ სასარგებლოდ მიყენებული მატერიალური ზიანის - 62 400 ლარის ოდენობით ანაზღაურება. ასევე, მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაეკისრა მოსარჩელე სს ,,...ის“ სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 1872 ლარის ანაზღაურება. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 იანვრის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება.
კასატორი - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ სასამართლოს შეფასება არ მიუცია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს არგუმენტებისთვის, კერძოდ კი, იმისთვის რომ სახეზე არ იყო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით გამოწვეული ზიანი, რომელიც დამდგარი შედეგის უშუალო და პირდაპირი გამომწვევი იყო. როგორც საქალაქო, ასევე სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ზიანის ანაზღაურების მარეგულირებელი ნორმების მიზნები და აღნიშნულთან მიმართებაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განმარტება (საქმე №ბს-648-623 (2კ-13), 10.04.2014წ.), რომლის თანახმად, ,,აუცილებელია პირდაპირი ზიანის არსებობა, კონკრეტულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობის დადგენა ანუ ქმედება უშუალო წინაპირობას უნდა წარმოადგენდეს დამდგარი შედეგისათვის."
კასატორმა მიუთითა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლზე, სამოქალაქო კოდექსის 412-ე, 992-ე, 1005-ე მუხლებზე და განმარტა, რომ ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ საკითხებში საკმაოდ მაღალია მტკიცების ხარისხი და მოსარჩელის ვალდებულება დაადასტუროს ქმედებასა და ზიანს შორის პირდაპირი და უშუალო მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობა. ბრალეული ქმედებით მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებლობის დადგენა საჭიროებს არა მხოლოდ მოპასუხის ქმედებაში ბრალის არსებობის დადგენას, არამედ - იმის დადასტურებასაც, რომ ეს იყო მოპასუხის ქმედების პირდაპირი და უშუალო შედეგი. მოცემულ შემთხვევაში კი არათუ კუმულატიურად არ არის დადასტურებული ზიანის დაკისრებისთვის აუცილებელი ზემოაღნიშნული ელემენტები, არამედ უტყუარად არც ერთი მათგანის არსებობა არ დგინდება. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ საქმეში არსებული დოკუმენტაციით არ დგინდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ზიანის მიყენების ფაქტი, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედებითაა გამოწვეული. კერძოდ, სს ,,...ს" სადავოდ არ გაუხდია იმ მიწის ნაკვეთების რეგისტრაციები, რომლებზეც მოხდა გადაფარვა მის მიერ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი აზომვითი ნახაზების მიხედვით. ამდენად, დღევანდელი მონაცემებით, კანონიერია და ძალაშია როგორც სს ,,...ის" რეგისტრაციები, ასევე მესამე პირების რეგისტრაციები.
ამდენად, სათანადო წესით არ დადგენილა მარეგისტრირებელი ორგანოს იმ გადაწყვეტილებების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი, რომლითაც განხორციელდა ზედდებაში არსებული მიწის ნაკვეთების (საკადასტრო კოდები - ... და ...) პირველადი (თვითმმართველი ქალაქის საკუთრების) და შემდგომი რეგისტრაციები. ასევე მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ერთი მხრივ, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში დაცული მონაცემების თანახმად, სს ,,...ის" სახელზე რეგისტრირებული ... და ... მიწის ნაკვეთები დაუზუსტებელი მონაცემების მქონეა, შესაბამისად, მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული არ არის მოსარჩელის მიწის ნაკვეთების საკადასტრო გეგმა კოორდინატების მითითებით, რაც არ იძლევა უძრავი ნივთის იდენტიფიცირების საშუალებას, ხოლო მეორე მხრივ, ბანკის კუთვნილი ორივე მიწის ნაკვეთი - საკადასტრო კოდები ... და ... - პირველადად რეგისტრირებული იყო სახელმწიფო საკუთრებაში. ამასთან, მიწის ნაკვეთები, რომლებზეც ზედდება იქნა დადგენილი, პირველადი 2010 წლის ნოემბრის რეგისტრაციების მიხედვით, ეკუთვნოდა თვითმმართველ ქალაქ რუსთავს და შემდგომ, საკუთრების უფლების მოწმობების საფუძველზე, განიკარგა შესაბამის მესამე პირებზე (შპს ,,თ...ი" და რ. გ-ი). კასატორის მითითებით, მოსარჩელისა და მესამე პირების მიწის ნაკვეთები განკარგულ იქნა თვითმმართველი ქალაქის მიერ, რომელიც უნდა ფლობდეს ინფორმაციას, კონკრეტულად რომელი უძრავი ნივთი არის მის საკუთრებაში და რა აქვს უკვე გასხვისებული. შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ უტყუარად დადგინდებოდა, რომ ბანკის საკუთრებაში დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთები და მესამე პირთა საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ნაწილი იდენტურია, აღნიშნული იძლეოდა იმ დასკვნის საფუძველს, რომ განმკარგავმა ორგანომ ორ სხვადასხვა პირზე გაასხვისა ერთი და იგივე ქონება და ამით ორჯერ მიიღო მატერიალური სარგებელი. ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, უნდა გამოკვეთილიყო საქმეში მოპასუხედ დასახელებული ქ. რუსთავის თვითმმართველი ერთეულის ბრალი და მისი მართლსაწინააღმდეგო ქმედებებით გამოწვეული ზიანი, და არა - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსი.
ამრიგად, ცალსახად დგინდება, რომ სააგენტოს ქმედება ვერ გახდებოდა ზიანის გამომწვევი უშუალო და პირდაპირი წინაპირობა, შესაბამისად, სადავო გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლოს მიერ დარღვეულ იქნა როგორც მანამდე ამ საკითხზე უზენაესის სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული ზემოაღნიშნული პრაქტიკა, ასევე - კანონი.
ამასთანავე, კასატორმა აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნამდე, მხარეები უნდა შეეცადონ პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას. სს ,,...ის" მიერ წარდგენილ მიწის ნაკვეთთან ზედდებაში არსებულ უძრავ ნივთებზე რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელი იქნებოდა უფლების დამდგენი დოკუმენტის ბათილობის მოთხოვნის კუთხით ინიცირებული სასამართლო დავის ფარგლებში და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაც არ დადგებოდა დღის წესრიგში. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ... საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ნივთზე ბოლო მდგომარეობით საკუთრება რეგისტრირებულია ქალაქ რუსთავის საკრებულოს მიერ გაცემული საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე.
სასამართლომ ასევე არასწორად განსაზღვრა ზიანის ოდენობა და მიწის ნაკვეთის ღირებულების განსაზღვრისას იხელმძღვანელა მისივე დავალების საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ წარდგენილი 2015 წლის ნასყიდობის ხელშეკრულებებით, რაც კასატორის მოსაზრებით, არამართებულია, ვინაიდან მესამე პირების მიწის ნაკვეთების პირველადი რეგისტრაცია განხორციელდა 2010 წელს. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელეს საკუთრებაში გააჩნია 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ხოლო სასამართლომ ზიანის ოდენობად განსაზღვრა 62 400 ლარი, შესაბამისად, 1 კვ.მ. მიწის ღირებულებად განისაზღვრა 104 ლარი, რაც არ შეესაბამება 2010 წლის მდგომარეობას. სასამართლოს კი აღნიშნული გარემოებები არ შეუფასებია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2021 წლის 30 ივნისს განცხადებით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რომლითაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.1 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მესამე პირად ჩაბმა მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტაციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით დასტურდება, სარჩელის საგანს წარმოადგენს მოსარჩელის - სს ...ის“ სასარგებლოდ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრება, იმ საფუძვლით, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს ქმედებით მას მიადგა ზიანი, კერძოდ, მარეგისტრირებელმა ორგანომ თვითმმართველი ქალაქის რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 17 ნოემბრის განცხადების საფუძველზე მოახდინა თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. რუსთავი, ...ის მიმდებარე ტერიტორია, 280 კვ.მ მიწის ნაკვეთი და ქ. რუსთავი, ...ის მიმდებარე ტერიტორია, 1567,08 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელიც წარმოადგენდა მოსარჩელის საკუთრებად რეესტრში აღრიცხულ უძრავ ქონებას (ს/კ ... და ს/კ ...).
საკასაციო სასამართლო საქართველოს კონსტიტუციის 42.9 მუხლის საფუძველზე (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), განმარტავს, რომ სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურების უფლება სახელმწიფო სახსრებიდან ყველასთვის გარანტირებულია (ამავე შინაარსისა დღეს მოქმედი საქართველოს კონსტიტუციის 18.4 მუხლი). ხოლო სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა პირის სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის განსაკუთრებულ წესს ადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე-209-ე მუხლები.
სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით. იქედან გამომდინარე, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც წარმოადგენს ზიანის გამომწვევი ქმედების უშუალო შედეგს, ანუ უნდა არსებობდეს ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებასა (მოქმედება ან უმოქმედობა) და დამდგარ შედეგს (ზიანი) შორის პირდაპირი და უშუალო მიზეზობრივი კავშირი. პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი იყო ზიანის მიმყენებლის მოქმედების (უმოქმედობის) პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საჯარო რეესტრის, როგორც საჯარო სამართლებრივი ინსტიტუტის შექმნის დანიშნულება განპირობებულია სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებიდან - საკუთრების უფლების დაცვის შესახებ. საჯარო რეესტრში უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრირებით სახელმწიფო იცავს ბრუნვის მონაწილეებს არაკეთილსინდისიერი გარიგებებისგან. საჯარო რეესტრის ფუნქცია პრევენციულ ხასიათსაც ატარებს, რომ რაც შეიძლება ნაკლები კონფლიქტი წარმოეშვათ ბრუნვის მონაწილეებს კანონთან. ინფორმაცია, რომელიც დაცულია რეესტრში, დიდწილად იცავს ბრუნვის მონაწილეებს მოტყუებით და თვალთმაქცური გარიგების დადებისგან და შესაბამისად ამ საჯარო სამართლებრივი ინსტიტუტის ჩანაწერების მიმართ არსებობს კანონით დაცული უფლება - კანონიერი ნდობის უფლება, რაც სამოქალაქო კოდექსში განმარტებულია შემდეგი დათქმით, ,,სამოქალაქო რეესტრის ჩანაწერების მიმართ არსებობს უტყუარობის პრეზუმფცია“ (სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლი).
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი. ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2004 წლის 29 სექტემბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, სს „...მა“ შეიძინა ი. გ-ის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონება, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 150 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მდებარე: ქ. რუსთავი, ...ი N15-ის მიმდებარე ტერიტორია, საკადასტრო კოდი: .... მხარეთა განცხადებით ნასყიდობის საგანი გაიყიდა 7000 აშშ დოლარად, ეროვნულ ვალუტაში - 13020 ლარი (1 აშშ - 1.86 ლარი).
2004 წლის 29 დეკემბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, სს „...მა“ შეიძინა ი. ბ-ის საკუთრებაში რეგისტრირებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 450 კვ.მ მიწის ნაკვეთი (დაუზუსტებელი), მდებარე: ქ. რუსთავი, ...ი N15, საკადასტრო კოდი: ..., მხარეთა განცხადებით ნასყიდობის საგანი გაიყიდა 14 000 აშშ დოლარად (რეგისტრაციის ...; ნოტარიუსი ნ. თ-ა)
სს „...ის“ განცხადებით მოთხოვნილ იქნა უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია, მდებარე: ქ. რუსთავი, ...ი N15 სახლის მიმდებარე ტერიტორია. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 5 აგვისტოს N... გადაწყვეტილებით, ,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად, შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება, ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 5 სექტემბრის N... გადაწყვეტილებით, ,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად, შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 23 აგვისტოს N... გადაწყვეტილებით (ადმინისტრაციული საჩივრის მოთხოვნის ნაწილში დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ) უარი ეთქვათ სს „...ის“ წარმომადგენლებს, 2011 წლის 22 აგვისტოს N139573/17 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე, 2011 წლის 5 აგვისტოს N... და N... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში, ვინაიდან დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტების, კერძოდ, საკადასტრო აზომვითი ნახაზის მონაცემთა მიხედვით, სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთის საზღვრებსა და მომიჯნავედ არსებულ მიწის ნაკვეთს შორის დაფიქსირდა ზედდება.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 23 აგვისტოს N... გადაწყვეტილებით უარი ეთქვა სს „...ის“ წარმომადგენლებს 2011 წლის 22 აგვისტოს N139573/17 ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე, უფლების რეგისტრაციის შესახებ, მარეგისტრირებელ ორგანოს გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში.
ქალაქ რუსთავის მთავრობის 2004 წლის 4 ნოემბრის N234 დადგენილებით დამტკიცდა ქალაქ რუსთავის ტერიტორიაზე აუქციონის წესით საკუთრებაში ან სარგებლობაში გასაცემი მიწის ნაკვეთების ნუსხა და პირობები. დადგენილების დანართით განისაზღვრა მიწის ნაკვეთების ნუსხა და პირობები, რომელთა შორისაც მოექცა მიწის ნაკვეთი, მდებარე: ... N15 სახლის მიმდებარე ტერიტორია. გაცემის ფორმა: აუქციონი; სარგებლობის ფორმა: საკუთრება; მიწის ნაკვეთის გამოყენების ფორმა: კომერციული საქმიანობა; მიწის ნაკვეთის ფართობი: 450,0 კვ.მ. საკუთრებაში გასაცემი მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასი (ლარი): 1836,0.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 8 დეკემბრის N... გადაწყვეტილების თანახმად, რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურს წარედგინა თვითმმართველი ქალაქ რუსთავის საკრებულოს უძრავი ნივთის დაყოფის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის განცხადება უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. რუსთავი ...ის ქუჩა (ზონა: რუსთავი, სექტორი: ...ი). ,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ ვინაიდან სს ,,პ...ის“ კუთვნილ უძრავ ქონებაზე მარეგისტრირებელმა ორგანომ შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის გარეშე დაარეგისტრირა სხვა პირის საკუთრების უფლება, რასაც შედეგობრივად მოჰყვა სს ,,...ის“ საკუთრების უფლების გაუქმება, რამდენადაც სხვა პირზე უფლების რეგისტრაციით მოისპო სს ,,...ის“ საკუთრების უფლება, სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ თავისი ქმედებით (სს ,,...ის“ საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე სხვა პირის უფლების რეგისტრაციით) განახორციელა მართლსაწინააღმდეგო ქმედება. შესაბამისად, სახეზეა მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ სს ,,...ისათვის“ ზიანის მიყენების ფაქტი, რაც ექვემდებარება ანაზღაურებას.
საკასაციო სასამართლო ასევე არ ეთანხმება კასატორის მითითებას ზიანის ანაზღაურების შემცირებასთან მიმართებაში და აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 209-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ზიანის ანაზღაურების მოცულობა განისაზღვრება საჯარო და კერძო პირის ინტერესების შეფასების საფუძველზე.
რაც შეეხება საქმეში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მესამე პირად ჩაბმის თაობაზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შუამდგომლობას, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 341.2 მუხლზე, რომლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოში ამ კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მესამე პირები შეიძლება ჩაებან მათივე თანხმობით, თუ ისინი სადავოდ არ ხდიან სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და წარადგენენ მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს. ამავე კოდექსის 16.2 მუხლის პირველი წინადადების თანახმად, მესამე პირი აუცილებლად უნდა იქნეს საქმეში ჩაბმული, თუ იგი არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზედაც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი.
ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ საკასაციო სასამართლოში მხოლოდ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მესამე პირი შეიძლება ჩაებას, არ უნდა დაკმაყოფილდეს კასატორის შუამდგომლობა, ვინაიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტრო არ წარმოადგენს მოცემული სამართალურთიერთობის მონაწილეს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 29.12.2020წ. №30435 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 იანვრის განჩინება;
3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს;
4. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 29.12.2020წ. №30435 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. სტურუა
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე