ბს-467(კ-19) 25 ნოემბერი, 2021წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა შპს „...-ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.11.2018წ. გადაწყვეტილებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „...-მა“ 01.05.2017წ. სარჩელით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ ბ. ც-ას საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე კომისიის 20.04.2011წ. N10 გადაწყვეტილების, საკუთრების უფლების მოწმობის და ბ. ც-ასა და დ. ე-ას შორის 28.10.2011წ. გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 10.08.2017წ. განჩინებით შპს „...-ის“ სასარჩელო მთხოვნა 28.10.2011წ. ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე გამოიყო ცალკე წარმოებად და მიენიჭა სამოქალაქო სამართალწარმოების ნომერი.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 10.08.2017წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ბ. ც-ა და დ. ე-ა. ამავე სასამართლოს 23.02.2018წ. განჩინებით მოპასუხე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შექმნილი ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში)არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერთან არსბული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, ბ. ც-ას უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ლ. ც-ა.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 19.04.2018წ. გადაწყვეტილებით შპს ,,...-ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შექმნილი ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 20.04.2011წ. №10 განკარგულება ი/მ ბ.ც-ასათვის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე და 20.04.2011წ. N10 საკუთრების უფლების მოწმობა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა დ. ე-ას მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.11.2018წ. გადაწყვეტილებით დ. ე-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, შპს „...-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. პალატის მითითებით სარჩელი დაფუძნებულია იმ გარემოებაზე, რომ სადავო მიწის ნაკვეთი ეკუთვნის შპს „...-ს“, თუმცა საქმეში დაცული შპს „...-ის“ წევრთა 31.01.1998წ. N5 ოქმით ირკვევა, რომ განხილულ იქნა ბ.ც-ას განცხადება შპს „...-ის“ შემადგენლობიდან ბენზოგასამართი ...ის ,,...ა“ და ...ის ...ის ...ის გამოყოფის შესახებ, ბ.ც-ას ნება დაერთო პირად საკუთრებაში გადაეფორმებინა შპს ,,...-ის“ შემადგენლობაში მყოფი ობიექტები: ...ი ...ი ,,...“ და ...ის ...ის ...ი. პალატამ აღნიშნა, რომ მითითებული ოქმი არ გასაჩივრებულა, ძალაშია, რის გამო მისი კანონიერება მსჯელობის საგანი ვერ გახდება. აღნიშნული ოქმი ბ.ც-ას მიერ წარდგენილ იქნა აღიარების კომისიაში მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ ფართზე საკუთრების უფლების აღიარების მიზნით. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა კომისიის გასაჩივრებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი. პალატამ ყურადღება გაამახვილა ასევე იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის პატივსადები ინტერესი დავის წარმოებაზე არ იკვეთება, რადგან მოცემული სარჩელის ფარგლებში, სადავო აქტების ბათილად ცნობის შემთხვევაშიც კი შეუძლებელია მოსარჩელის სასარგებლო შედეგის მიღწევა. პალატამ მიუთითა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის 74 მუხლზე, რომლის თანახმად, 2012 წლის 01 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა დაკარგა მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლება. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ შპს „...“ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი ვერ შეძლებს აღნიშნული კანონის საფუძველზე მიწაზე საკუთრების უფლების მოპოვებას მართლზომიერი სარგებლობის საფუძვლით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.11.2018წ. გადაწყვეტილება შპს „...-მა“ საკასაციო წესით გაასაჩივრა.
კასატორმა აღნიშნა, რომ შპს „...-ის“ წევრთა 31.01.1998წ. N5 ოქმი არ არის იურიდიული ძალის მქონე, რადგან არ არის შედგენილი შპს-ს დამფუძნებლების მიერ, შპს-ს დამფუძნებელი პარტნიორები ოქმში არ არიან მითითებული, ოქმის მიხედვით სხდომას თავმჯდომარეობდა დირექტორი გ. ქ-ა, რომელიც მსგავსი სხდომის ჩატარებას უარყოფს. ოქმზე არ არის დაფიქსირებული თავმჯდომარისა და მდივნის ხელმოწერა. ამასთანავე, სადავო აქტის გამომცემმა კომისიამ დაადასტურა, რომ მითითებული ოქმით არ უხელმძღვანელია გადაწყვეტილების მიღებისას. კასატორი აღნიშნავს, რომ ბ. ც-ას ჰქონდა სხვა ...ი ...ი საკუთარ ეზოში, შესაბამისად, ...ის რეალიზაციასთან დაკავშირებით ბ. ც-ას მიერ კომისიაში წარდგენილი დოკუმენტაცია ეხებოდა სწორედ მის საკუთარ ... ...ს და არა სადავო ტერიტორიაზე მდებარე ...ს, რომელიც მის მფლობელობაში არ ყოფილა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს აგრეთვე სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით. კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ შედეგობრივად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შეცილებითი სარჩელის მიზანი არ არის აბსტრაქტული, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობას პირი ითხოვს თავისი უფლების ან კანონიერი ინტერესის დასაცავად (სასკ-ის 22.2 მუხ.). უფლების დაცვის საშუალების რეალიზება ხდება კონკრეტული პირადი უფლების - კანონიერი იტერესის დარღვევის შემთხვევაში. ინტერესის არსებობის საკითხს წყვეტს სასამართლო, რომელიც ვერ დაეყრდნობა მხოლოდ მხარის მითითებას ინტერესის არსებობის შესახებ. უშუალო უფლებადამცავი ინტერესის არსებობას სასამართლო საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, მათ შორის ზედა ინსტანციის სასამართლოებშიც საკუთარი ინიციატივით ამოწმებს. მოსარჩელის პატივსადები იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის არ კმარა ინტერესის შესახებ მოსარჩელის განცხადება, მოსარჩელე უნდა ასაბუთებდეს თავის ინტერესს, რომელიც უნდა იყოს კანონიერი და პატივსადები. ინტერესის არსებობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ფასდება, თუმცა იგი ობიექტურ მონაცემებზე უნდა იყოს დამყარებული. ასეთ მონაცემებს უპირველეს ყოვლისა წარმოადგენს სარჩელის აღძვრის საბაბის ფაქტები: უფლების დარღვევა, დარღვევის საშიშროება, ინტერესების შელახვა. განსახილველ შემთხვევაში შპს „...“ ბ. ც-ას სახელზე საკუთრების უფლების აღიარებას სადავოდ ხდის იმ საფუძვლით, რომ სადავო მიწის ნაკვეთი გამოეყო შპს-ს და არა ბ. ც-ას. საქმეში მართლაც არის დაცული წალენჯიხის რაიონის გამგეობის 26.08.1996წ. N46 გადაწყვეტილება, რომელშიც მითითება ხდება შპს „...-თვის“ ...ი ...ის მოსაწყობად მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ, თუმცა საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული დოკუმენტი შესაძლოა წარმოადგენდეს მართლზომიერი სარგებლობის და არა საკუთრების დამდგენ მტკიცებულებას. პალატა აღნიშნავს, რომ ...ი ...ის მოწყობის მიზნით მიწის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას მოქმედი „საკუთრების უფლების შესხებ“ 15.07.1993წ. კანონის მიხედვით, ცალკეულ მესაკუთრეთა მიწის მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლებამოსილება წესრიგდებოდა მიწის კანონმდებლობით (მე-5 მუხ.), მესაკუთრეს საკუთრების უფლება წარმოეშობოდა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად (მე-6 მუხ.). ამდენად, სხვა მოწერიგების არარსებობის პირობებში, 1996წ. აგვისტოს მდგომარეობით არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო პირებისათვის გადაცემა ხდებოდა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებდა მიწის ნაკვეთის სარგებლობაში გადაცემას მიზომვის წესით, კონკრეტული მიზნით, უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე (მე-13 მუხ.), სამრეწველო საწარმოების და სხვა მშენებლობისთვის გამოიყოფოდა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მე-17 მუხ.), სასოფლო დასახლებული პუნქტის საზღვრებში მყოფი მიწების სარგებლობაში გადაცემას ახდენდა ადგილობრივი ორგანო (111-ე, 112-ე მუხ.). ამდენად, წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, იმის გათვალისწინებით, რომ შპს „...-ის“ მესაკუთრედ აღრიცხვა საქმის მასალებით არ დასტურდება, შპს შესაძლოა მიჩნეულ ყოფილიყო გადაცემული მიწის ნაკვეთის მოსარგებლედ და არა მესაკუთრედ.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი შესაძლოა ქმნიდეს საკუთრების უფლების აღიარების საფუძველს. მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარების წესს ადგენს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ 11.07.2007წ. კანონი, რომლის თანახმად 2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა დაკარგა მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების აღიარების უფლება (74 მუხ.). ამდენად, სარჩელის დაკმაყოფილების, ბ. ც-ასთვის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაშიც, შპს „...“ ვერ შეძლებს მართლზომიერი მფლობელობის საფუძვლით მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას, რადგან აღარ არსებობს აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების ნორმატიული საფუძველი, 2012 წლის 1 იანვრის შემდეგ კანონი კრძალავს კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ მართლზომიერი ფლობის საფუძვლით მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობას. აღნიშნული თარიღის შემდეგ საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისათვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად (74 მუხ.). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს უნდა გააჩნდეს დავის მის სასარგებლოდ გადაწყვეტის მიმართ მნიშვნელოვანი იურიდიული ინტერესი, დავაში ინტერესი უნდა იყოს კონკრეტული, ლეგიტიმური, პატივსადები, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის. კანონიერი ინტერესის არსებობა გულისხმობს იმას, რომ აღნიშნული უფლების გამოყენება არ უნდა ემსახურებოდეს მარტოოდენ სხვისი უფლებისათვის ზიანის მიყენების მიზანს. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს ბ. ც-ას სასარგებლოდ გამოცემული აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას ისე, რომ სათანადოდ ვერ ასაბუთებს აქტის ბათილად ცნობის პატივსადები იურიდიული ინტერესის არსებობას, სადავო აღმჭურველი აქტით მისი უფლებისა და ინტერესებისათვის ზიანის მიყენებას. შპს „...-ის“ მიერ სარჩელი აღძრულია 2017 წ. - ანუ იმ დროს, როდესაც კერძო სამართლის იურიდიულ პირებს უკვე დაკარგული ჰქონდათ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობა მიწის თვითნებურად დაკავების თუ მართლზომიერი ფლობის საფუძვლით. ამასთანავე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სარჩელის დაკმაყოფილების კანონიერი ინტერესის არარსებობის პირობებში, სადავო აქტების არამართლზომიერების საფუძვლებთან დაკავშირებით კასატორის მითითებებზე მსჯელობა აღარ არის რელევანტური. საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს აგრეთვე იმ გარემოებას, რომ მიწის ნაკვეთი გასხვისებულია, ხოლო შემძენის არაკეთილსინდისიერება სათანადო წესით დადასტურებული არ არის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც შპს „...-ის“ საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „...-ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.11.2018წ. გადაწყვეტილება;
3. ა. ჯ-ას (პ.ნ. ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 13.03.2019წ. N19677230 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი