Facebook Twitter
საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით


№ბს-182(კ-21) 16 ნოემბერი, 2021 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ. ქ-ე

მესამე პირი - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ივლისის განჩინება

დავის საგანი - ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება



ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2019 წლის 1 აგვისტოს მ. ქ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, 1993 წლის 22 სექტემბრის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის N101 ბრძანებულებით დაინიშნა ...ოს მოსამართლედ. 1997 წლის დეკემბრიდან 1999 წლის მაისის ჩათვლით ასრულებდა ამავე სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას. საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 14 მაისის N425 განკარგულებით ,,საერთო სასამართლოების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,მ’’ ქვეპუნქტის და 861 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, 1999 წლის 15 მაისიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. ამასთან, ,,საერთო სასამართლოების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 852 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, 1999 წლის 15 მაისიდან დაეკისრა ...ოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება.

მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 24 ივლისის N905 განკარგულებით ,,საერთო სასამართლოების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 852 მუხლის პირველი პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობის გამო, შეუწყდა მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება.

მოსამართლის უფლებამოსილების შეწყვეტის დროისთვის მის წარმოებაში იყო სამოქალაქო საქმე N2/115, რომლის განხილვაც დასრულდა 2003 წლის 22 ოქტომბერს.

,,საერთო სასამართლოების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის (2002 წლის 15 ივნისის მდგომარეობით) 49-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ყველა მოსამართლის უფლებამოსილების ვადაა ათი წელი. ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოსამართლის უფლებამოსილების ვადა გავიდა მისი მონაწილეობით დაწყებული საქმის განხილვის დამთავრებამდე, მაშინ მოსამართლის უფლებამოსილების ვადა გრძელდება აღნიშნულ საქმეზე ამავე მოსამართლის, ანდა იმ სასამართლოს კოლეგიის მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, რომლის შემადგენლობაშიც არის. მოსამართლის უფლებამოსილების შეწყვეტის დროისთვის მის წარმოებაში იყო სამოქალაქო საქმე N2/115, რომლის განხილვაც დასრულდა 2003 წლის 22 ოქტომბერს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოსაზრებით, იგი სამოსამართლეო უფლებამოსილებას ახორციელებდა უწყვეტად 10 წელი და ერთი თვე. მიუხედავად აღნიშნულისა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ მოსარჩელეს 2019 წლის 1 ივლისის N04/35538 გადაწყვეტილებით უარი უთხრა კომპენსაციის დანიშვნაზე სამოსამართლეო მუშაობის ათწლიანი სტაჟის არარსებობის გამო.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მ. ქ-ისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 10 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2. მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 5 მარტის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა მოთხოვნა და საბოლოოდ მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 1 ივლისის N04/35538 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - მ. ქ-ისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის შესახებ, გამოცემის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებით მ. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 1 ივლისის N04/35538 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა მოსარჩელე - მ. ქ-ისთვის საერთო სასამართლოს მოსამართლეებისთვის გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ივლისის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.

კასატორის განმარტებით, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლეს 65 წლის ასაკის მიღწევისას ენიშნება კომპენსაცია, თუ: ა) დაუმთავრდა სამოსამართლეო უფლებამოსილების ვადა; ბ) უფლებამოსილება შეუწყდა სასამართლოს ლიკვიდაციის შემთხვევაში ან საპენსიო ასაკის მიღწევის გამო. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 77-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მოსამართლეს (გარდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა) სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნება ასევე „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით, თუ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის ორგანული კანონის: ა) 46-ე-49-ე მუხლებისა და 85-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე დაინიშნა მოსამართლის თანამდებობაზე; ბ) გაიარა სავალდებულო საკვალიფიკაციო ატესტაცია და სამოსამართლეო უფლებამოსილებას ახორციელებდა რაიონულ (საქალაქო), საოლქო, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს სასამართლოში იმ ვადის ფარგლებში, რომლითაც იგი დანიშნული იყო რაიონის (ქალაქის), თბილისის საქალაქო, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის უზენაეს სასამართლოში; გ) 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“, „ო“ ან „ჟ“ ქვეპუნქტის, ასევე 861 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, 1999 წლის 15 მაისიდან შეუწყდა სამოსამართლეო უფლებამოსილება და აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 10 წლის სტაჟი; დ) 852 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე 1999 წლის 15 მაისიდან გაუგრძელდა უფლებამოსილება.

განსახილველ შემთხვევაში, კასატორის მითითებით, სააგენტოში წარდგენილი მასალებიდან (მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების აქტები) დადგენილია, რომ მოსამართლის თანამდებობაზე მ. ქ-ე პირველად დაინიშნა 1993 წლის 22 სექტემბრიდან (...ო), ხოლო საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 14 მაისის №425 განკარგულების შესაბამისად, 1999 წლის 15 მაისიდან სამოსამართლეო უფლებამისილების ვადის ამოწურვამდე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტისა და 861 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად. 1995 წლის 15 მაისიდან, საქართველოს პრეზიდენტის ამავე განკარგულების თანახმად, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 852 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოსარჩელეს ხელახლა დაეკისრა ...ოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 24 ივლისის N905 განკარგულების შესაბამისად, საბოლოოდ შეუწყდა მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 852 მუხლის პირველი პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით. კასატორის განმარტებით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან წარმოდგენილ მასალებში მოცემული ინფორმაცია არ იძლეოდა საფუძველს მ. ქ-ეს დანიშვნოდა საერთო სასამართლოს მოსამართლისათვის გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაცია, ვინაიდან, სასამართლო სისტემიდან 2003 წლის 24 ივლისის გათავისუფლების საფუძველი არ აკმაყოფილებდა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ.ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავოა მ. ქ-ისათვის, როგორც საერთო სასამართლოების მოსამართლისთვის, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე უარის თქმის კანონიერება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 77-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, მოსამართლეს (გარდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლისა) სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით, თუ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის ორგანული კანონის: ა) 46-ე-49-ე მუხლებისა და 85-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე დაინიშნა მოსამართლის თანამდებობაზე; ბ) აღნიშნული კანონის საფუძველზე გაიარა სავალდებულო საკვალიფიკაციო ატესტაცია და სამოსამართლო უფლებამოსილებას ახორციელებდა რაიონულ (საქალაქო), საოლქო, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს სასამართლოში იმ ვადის ფარგლებში, რომლითაც იგი დანიშნული იყო რაიონის (ქალაქის), თბილისის საქალაქო, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის უზენაეს სასამართლოში; გ) 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“, „ო“ ან „ჟ“ ქვეპუნქტის, ასევე 861 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე 1999 წლის 15 მაისიდან შეუწყდა სამოსამართლო უფლებამოსილება და აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 10 წლის სტაჟი; დ) 852 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე 1999 წლის 15 მაისიდან გაუგრძელდა უფლებამოსილება.

„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველ პუნქტის შესაბამისად, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლეს 65 წლის ასაკის მიღწევისას ენიშნება კომპენსაცია, თუ: ა) დაუმთავრდა სამოსამართლო უფლებამოსილების ვადა; ბ) უფლებამოსილება შეუწყდა სასამართლოს ლიკვიდაციის შემთხვევაში ან საპენსიო ასაკის მიღწევის გამო; გ) მიეკუთვნება „მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლში მითითებულ მოსამართლეებს. 2010 წლამდე მოქმედი „მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-20 მუხლებიდან გამომდინარე კი, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებოდა მოსამართლეს სასამართლო უფლებამოსილების ვადის გასვლის შემთხვევაში, ასევე იმ მოსამართლეს, რომელსაც 1999 წლის 15 მაისიდან „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ და „ო“ ქვეპუნქტების და 861 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე შეუწყდა სამოსამართლო უფლებამოსილება და ამ კანონის ამოქმედებამდე ან მისი ამოქმედების შემდეგ მიაღწია საპენსიო ასაკს და აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 10 წლის სტაჟი.

ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საერთო სასამართლოების მოსამართლისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად, მნიშვნელოვანია ზუსტად განისაზღვროს მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლები და გამოთვლილ იქნეს პირის მოსამართლედ მუშაობის სტაჟი.

განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1993 წლის 22 სექტემბრის N101 ბრძანებულებით მოსარჩელე მ. ქ-ე დაინიშნა ...ოს მოსამართლედ. საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 14 მაისის N425 განკარგულებით, ,,საერთო სასამართლოების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,მ’’ ქვეპუნქტის და 861 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, მ. ქ-ე, 1999 წლის 15 მაისიდან სამოსამართლეო უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე ატესტაციის გაუვლელობის გამო გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, თუმცა ამავე განკარგულებით, ,,საერთო სასამართლოების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 852 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მ. ქ-ეს ხელახლა დაეკისრა ...ოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება 1999 წლის 15 მაისიდან. საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 24 ივლისის N905 განკარგულების შესაბამისად, მ. ქ-ეს შეუწყდა მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება ,,საერთო სასამართლოების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 852 მუხლის პირველი პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით. მოსამართლის უფლებამოსილების შეწყვეტის დროისთვის, მოსარჩელის წარმოებაში იყო საქმე N2/115-03 (მოსარჩელე ნ. ფ-ე, მოპასუხე - გ.ქ-ე, დავის საგანი-საცხოვრებელი ბინიდან საკუთრების უფლებით წილის გამოყოფა), რომლის განხილვაც მხარეთა მორიგებით დასრულდა 2003 წლის 22 ოქტომბერს.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, ,,საერთო სასამართლოების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის (2002 წლის 15 ივნისის მდგომარეობით) 49-ე მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოს ყველა მოსამართლის უფლებამოსილების ვადაა ათი წელი. ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოსამართლის უფლებამოსილების ვადა გავიდა მისი მონაწილეობით დაწყებული საქმის განხილვის დამთავრებამდე, მაშინ მოსამართლის უფლებამოსილების ვადა გრძელდება აღნიშნულ საქმეზე ამავე მოსამართლის, ანდა იმ სასამართლოს კოლეგიის მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, რომლის შემადგენლობაშიც არის.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მ. ქ-ე ,,საერთო სასამართლოების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის (2002 წლის 15 ივნისის მდგომარეობით) 49-ე მუხლის მეორე პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე, 1993 წლის 22 სექტემბრიდან 2003 წლის 22 ოქტომბრამდე სამოსამართლეო უფლებამოსილებას ახორციელებდა უწყვეტად 10 წელი და ერთი თვე.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების განმარტებას, რომ მოსარჩელე - მ. ქ-ე აკმაყოფილებს საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონით, ასევე ,,სახელმწიფო კომპენსაციის და აკადემიური სტიპენდიის შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილი კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლებს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე ბ. სტურუა


მოსამართლეები: მ. ვაჩაძე


ნ. სხირტლაძე