საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1124(კ-20) 16 ნოემბერი, 2021 წელიქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - დ. ბ-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 5 ივნისის განჩინება
დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 16 სექტემბერს დ. ბ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ...ის მთავარი სამმართველოს ...ო სამმართველოს პირველი განყოფილების პატრულ-ინსპექტორად. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 29 მაისის №1257284 ბრძანებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან სამსახურეობრივი მოვალეობის დაუდევარი დამოკიდებულებისა და მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედებისათვის. სამსახურიდან დათხოვნის შესახებ, ბრძანება მოსარჩელემ გაასაჩივრა სასამართლოში. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, მოსარჩელე დ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 29 მაისის №1257284 ბრძანება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში.
მოსარჩელის განმარტებით, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 14 მარტის ბრძანებით, იგი აღდგენილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ...ის მთავარი სამმართველოს ...ის ... განყოფილების პატრულ-ინსპექტორის (...ი) თანამდებობაზე. მიუხედავად სამსახურში აღდგენისა მას არ ანაზღაურებია იძულებითი განაცდური.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის იძულებითი განაცდურის (ხელზე მისაღები) - 26 284.49 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით დ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა, მოსარჩელე დ. ბ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის (მიუღებელი შრომითი გასამრჯელოს) ანაზღაურება ხელზე მისაღები 26 284.49 ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 5 ივნისის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 5 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
კასატორის განმარტებით, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, დ. ბ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად იქნა ცნობილი მისი სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე ბრძანება. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე 2019 წლის 14 მარტს დ. ბ-ი აღდგა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ...ის მთავარი სამმართველოს ...ის ... განყოფილების პატრულ-ინსპექტორის (...ის) თანამდებობაზე.
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი პოლიციელებსა და სამინისტროს მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის No995 ბრძანების 68-ე მუხლის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურეები სამსახურიდან უკანონო დათხოვნის/გათავისუფლების, დაქვეითების ან წოდების უკანონო ჩამორთმევის შემთხვევაში ექვემდებარებიან აღდგენას თანამდებობაზე, ასევე უბრუნდებათ ჩამორთმეული წოდება. წოდებისა და თანამდებობაზე აღდგენის საფუძველია სამსახურებრივი შემოწმების დასკვნა, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება, აგრეთვე გამართლებულის განცხადება სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებით. სამინისტროს მოსამსახურის სამსახურში აღდგენა ხორციელდება ადრე დაკავებულ თანამდებობაზე, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში - მის ტოლფას თანამდებობაზე. აღდგენილ სამინისტროს მოსამსახურეებს სამსახურის უწყვეტ სტაჟში ჩაეთვლებათ დათხოვნის ბრძანების ხელმოწერის დღიდან აღდგენამდე განვლილი პერიოდი.
ამდენად, კასატორის განმარტებით, გადაწყვეტილების ფარგლებში სამინისტრომ ხელმეორედ იმსჯელა რა დ. ბ-ის სამინისტროდან დათხოვნის საკითხზე, გადაწყვეტილება იქნა მიღებული მისი აღდგენის თაობაზე და შესრულებულ იქნა ზემოაღნიშნული მუხლებით გათვალისწინებული ყველა ქმედება. ხოლო, ვინაიდან კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სამინისტროსთვის არ ყოფილა დავალებული მოსარჩელისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღურება, მოსარჩელის სამსახურში აღდგენის შემდგომ სამინისტროს არ გააჩნდა ის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოახდენდა განაცდურისათვის თანხის გამოყოფას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, დ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი „დ. ბ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 29 მაისის №1257284 ბრძანება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაკანონით დადგენილ ვადაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 14 მარტის ბრძანებით, მოსარჩელე დ. ბ-ი აღდგენილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ...ის მთავარი სამმართველოს ...ის ... განყოფილების (...ი) პატრულ-ინსპექტორის (...ი) თანამდებობაზე. მოსარჩელე დ. ბ-ს არ ანაზღაურებია იძულებითი განაცდური, მისი გათავისუფლების დღიდან, აღდგენამდე სულ - 26 284.49 (ხელზე ასაღები) ლარი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118.4. მუხლში პირდაპირაა დადგენილი ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება განაცდურის ანაზღაურებაზე, როდესაც 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე ხდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. კონკრეტულ შემთხვევაში კი, იმ პირობებში, როდესაც ,,დ. ბ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 29 მაისის №1257284 ბრძანება სასამართლოს მიერ უკანონოდ და შესაბამისად, ბათილად არის ცნობილი, ამასთან, იგი აღდგენილია სამსახურში, მართებულია სააპელაციო პალატის შეფასება, რომ იძულებითი განაცდური უდავოდ წარმოადგენს ზიანს, რომელიც სუბიექტმა განიცადა მიუღებელი შემოსავლის სახით, რაც საფუძვლად დაედო სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
რაც შეეხება კასატორის იმ არგუმენტს, რომ განაცდურის ანაზღაურების ვალდებულება არ არსებობს, ვინაიდან, განაცდურის ანაზღაურების დაკისრება არ მომხდარა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში შესული 2017 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და განმარტავს, რომ განაცდურის ანაზღაურების ვალდებულება არსებობს იმ მომენტიდან, როდესაც წარმოიშობა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118.4. მუხლის ფაქტობრივი შემადგენლობით გათვალისწინებული წინაპირობა. მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნულ წინაპირობას წარმოადგენს ,,დ. ბ-ის სამსახურში აღდგენის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 14 მარტის ბრძანების გამოცემის ფაქტი. აღნიშნულ მოვლენას კი ადგილი ჰქონდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, რის გამოც, ბუნებრივია, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ვერ განსაზღვრავდა სამართლებრივ შედეგებს, რომლებიც გამომდინარეობენ გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის რეალობაში ჯერ კიდევ არ არსებული მოვლენიდან. ამ საკითხთან დაკავშირებით, 2019 წლის 14 მარტის ბრძანების გამოცემამდე, ადმინისტრაციულ ორგანოს თბილისის საქალაქო სასამართლომ პირდაპირ მიუთითა, რომ გადაწყვეტილებით „მოხელის მიერ მოთხოვნილი განაცდური ხელფასი ანაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დაწესებულება მოხელეს აღადგენს სამსახურში. სხვა შემთხვევაში განაცდური ხელფასი არ ანაზღაურდება.“ ამდენად, დ. ბ-ის სამსახურში აღდგენის შესახებ ბრძანების გამოცემის მომენტისთვის ადმინისტრაციული ორგანოსთვის ცნობილი იყო, რომ განაცდურის ანაზღაურება წარმოადგენდა მოსარჩელის სამსახურში აღდგენის თანმდევ სამართლებრივ შედეგს. შესაბამისად, კასატორის დასაბუთება განაცდურის ანაზღაურების ვალდებულების არარსებობის თაობაზე უსაფუძვლოა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებულ სამართლებრივ დასკვნებს. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 5 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. სტურუა
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე