ბს-669(კ-19) 25 ნოემბერი, 2021წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა შპს-ს „...ოში“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.10.2018წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს-მ „...ოში“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართ სააგენტოს 25.01.2016წ. N249 განკარგულების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.10.2016წ. განჩინებით, სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.01.2017წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა შპს-ს „...ოში“ მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.10.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2015 წლის საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში, 27.08.2015წ. გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი გზების შეკეთების სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით. აღნიშნულ ტენდერში პრეტენდენტის სახით მონაწილეობდა შპს „...ოში“. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პრეტენდენტს ელექტრონულ სისტემაში უნდა აეტვირთა სხვადასხვა ტექნიკური დოკუმენტაცია, მათ შორის, ინფორმაცია უკანასკნელი 3 და მიმდინარე წლის განმავლობაში შესრულებული ანალოგიური სამუშაოების გამოცდილების შესახებ, აგრეთვე ინფორმაცია მიმდინარე კონტრაქტების ფარგლებში დარჩენილი სამუშაოებისა და ბოლო 3 წლის განმავლობაში სამშენებლო სამუშაოების საშუალო ბრუნვის შესახებ. შპს-მ წარადგინა ანალოგიური სამუშაოების განხორციელების შესახებ დოკუმენტაცია, მათ შორის, 02.04.2012წ. ხელშეკრულება, რომელიც დადებული იყო 2009წ. ლიკვიდირებულ სუბიექტთან. პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება, რომ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე პრეტედენტის კეთილსინდისიერება განისაზღვრება მის მიერ შემსყიდველი ორგანიზაციისათვის მიწოდებული ინფორმაციის უტყუარობით და სატენდერო პირობებთან პრეტედენტის მიერ წარდგენილი დოკუმენტების შესაბამისობის რეალურობით. სახელმწიფო სახსრების რაციონალურად ხარჯვის უზრუნველსაყოფად, შემსყიდველ ორგანიზაციას ზუსტი და ნამდვილი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს პრეტენდენტის შესახებ, რათა სწორად შეაფასოს, თუ ვის მიანდოს სამუშაოთა შესრულება და პასუხისმგებელი იყოს მათზე, ხოლო მეორეს მხრივ, პრეტედენტმა ნამდვილი უპირატესობით უნდა მოიპოვოს გამარჯვება სხვა პრეტედენტებთან მეტოქეობაში, რათა ჯანსაღი კონკურენცია იქნეს უზრუნველყოფილი. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქმეში დაცული იურიდიულ პირთა ერთიანი სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, შპს „ო...ას“ საქმიანობა შეწყვეტილი აქვს (ლიკვიდირებულია) 2009 წელს, მაშინ როდესაც შპს ,,...ოში“ შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგინა საწარმოსთან 2012 წელს დადებული ხელშეკრულება. პალატის მოსაზრებით აღნიშნული ხელშეკრულება არ არის ნამდვილი, რადგან საწარმოს უფლებაუნარიანობა წყდება მისი ლიკვიდაციისთანავე და ამის შემდგომ ლიკვიდირებული საწარმო არ შეიძლება იყოს სამართალურთიერთობის მონაწილე სუბიექტი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.10.2018წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა შპს-ს „...ოში“ მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ კერძო სამართლის იურიდიული პირები თავისუფალნი არიან გარიგების დადების დროს და მათ აქვთ უფლება ხელშეკრულება დადონ ნებისმიერი ფორმით. კომპანიას არ ევალება ხელშეკრულების მეორე მხარეს არსებული კომპანიის უფლებაუნარიანობის გადამოწმება, მასზე დაცული ინფორმაციის სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებში მოძიება. შპს „ვ...ისთვის“ უცნობი იყო, რომ იგი ხელშეკრულებას დებდა ლიკვიდირებულ კომპანიასთან. შესაბამისად, შპს-ს მიერ ტექნიკური დოკუმენტაციის სახით ზემოაღნიშნული ხელშეკრულების წარდგენა არ არის არაკეთილსინდისიერი ქმედება და არ ქმნიდა შავ სიაში რეგისტრაციის საფუძველს. კასატორმა მიუთითა, რომ „არაკეთილსინდისიერი ქმედება“ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონით განმარტებული არ არის, რაც შემსყიდველ ორგანიზაციას უქმნის განმარტების დაუსაბუთებლად ფართო არეალს. შპს-ს არ სურდა შემსყიდველი ორგანიზაციის შეცდომაში შეყვანა, წარდგენილი ხელშეკრულება რეალურად დაიდო და შესრულდა. საკასაციო საჩივარი შეიცავდა პრეტენზიებს აგრეთვე ... „ი...თან“ და ...ის ოლქში ფედერალური საავტომობილო გზების სამმართველოსთან დადებულ ხელშეკრულებებთან მიმართებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს-ს „...ოში“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმეზე დადგენილია, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი გზების შეკეთების სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით. აღნიშნულ ტენდერში პრეტენდენტის სახით მონაწილეობდა შპს „...ოში“. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პრეტენდენტს უნდა წარედგინა სხვადასხვა ტექნიკური დოკუმენტაცია, მათ შორის, ინფორმაცია უკანასკნელი 3 და მიმდინარე წლის განმავლობაში შესრულებული ანალოგიური სამუშაოების გამოცდილების შესახებ, აგრეთვე ინფორმაცია მიმდინარე კონტრაქტების ფარგლებში დარჩენილი სამუშაოებისა და ბოლო 3 წლის განმავლობაში სამშენებლო სამუშაოების საშუალო ბრუნვის შესახებ. შპს-მ წარადგინა ანალოგიური სამუშაოების განხორციელების შესახებ დოკუმენტაცია, მათ შორის ხელშეკრულებები და სამუშაოს შესრულების დამადასტურებელი აქტები, რომელთაგან სამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული გარემოებები შემსყიდველი ორგანიზაციისათვის მიჩნეულ იქნა არასარწმუნოდ, რადგან პრეტენდენტსა და ... „ი...ს“ შორის დადებული 20.01.2012წ. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტები დამოწმებული იყო სხვა, ლიკვიდირებული კომპანიის ბეჭდით; პრეტენდენტსა და ...ის ოლქში ფედერალურ საავტომობილო გზების სამმართველოს შორის არსებული ხელშეკრულების რეალურად დადება არ დასტურდებოდა და ასევე, პრეტენდენტსა და ... „ო...ის“ შორის 02.04.2012წ. დადებული ხელშეკრულება არ იყო ნამდვილი, რადგან ... „ო...ი“ ლიკვიდირებული იყო 2009 წლის 18 აპრილიდან. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველი დავის საგანია სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 25.01.2016წ. განკარგულების კანონიერების შემოწმება. აღნიშნული განკარგულებით დადგინდა უცხოური საწარმოს ფილიალის - შპს-ს „...ოში“ შავ სიაში დარეგისტრირების საჭიროება, რის საფუძვლადაც მიეთითა შპს-ს მიერ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენა. სადავო აქტის მიხედვით, სააგენტომ არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენად მიიჩნია მხოლოდ ლიკვიდირებულ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულების შემსყიდველ ორგანიზაციაში წარდგენა, სატენდერო კომისიის არგუმენტები ... „ი...თან“ და ...ის ოლქში ფედერალური საავტომობილო გზების სამმართველოსთან დადებულ ხელშეკრულებებთან მიმართებით არ იქნა გაზიარებული. ამდენად, განსახილველი დავის ფარგლებში საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს ... „ი...თან“ და ...ის ოლქში ფედერალური საავტომობილო გზების სამმართველოსთან დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით, რის გამო საკასაციო საჩივრის არგუმენტაცია აღნიშნულ ხელშეკრულებებთან მიმართებით არარელევანტურია და არ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობას.
ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად არის მიჩნეული, რომ პრეტენდენტის მიერ 02.04.2012წ. ხელშეკრულება დადებული იყო 2009წ. ლიკვიდირებულ სუბიექტთან. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია - შედავება (სსკ-ის 407.2 მუხ.). განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალები ან საკასაციო საჩივარი არ შეიცავს რაიმე ისეთ გარემოებასა თუ მტკიცებულებაზე მითითებას, რაც საეჭვოს გახდის აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას. საქმეში დაცულია რუსეთის ფედერაციის იურიდიულ პირთა ერთიანი სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერი, რომლის თანახმად „ო...ის“ საქმიანობა შეწყვეტილი აქვს 2009 წლის 18 აპრილიდან, ამასთანავე, დგინდება, რომ აღნიშნულ კომპანიასთან ხელშეკრულება 2012 წ. დაიდო. განსხვავებული მონაცემების შემცველი დოკუმენტაცია კასტორს არ წარმოუდგენია.
გასათვალისწინებელია, რომ კასატორი არც უარყოფს „ო...ის“ ლიკვიდაციის ფაქტს, თუმცა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება მის არაკეთილსინდისიერებას არ ადასტურებს. საკასაციო პალატა არ იზიარებს მითითებულ მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ იურიდიული პირის უფლებაუნარიანობა, ანუ უნარი, ჰქონდეს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები, წარმოიშობა მისი რეგისტრაციის მომენტიდან და წყდება მისი ლიკვიდაციის დასრულების ფაქტის რეგისტრაციის მომენტიდან (სკ-ის 11.1, 25.4 მუხ.). ლიკვიდაციის შემდგომ იურიდიული პირი წყვეტს არსებობას, კარგავს სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილეობის უნარს, მათ შორის ხელშეკრულების დადების შესაძლებლობას. ამდენად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება, რომ ლიკვიდირებულ იურიდიულ პირთან დადებული ხელშეკრულება ნამდვილ გარიგებად ვერ იქნება მიჩნეული. შესაბამისად, შემსყიდველ ორგანიზაციაში ასეთი ხელშეკრულების წარდგენა შესასყიდი სამუშაოების მსგავსი სამუშაო გამოცდილების დასადასტურებლად, ვერ იქნება პრეტენდენტის კეთილსინდისიერ ქმედებად მიჩნეული. კასატორის მიერ მითითებული ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, მართალია გულიხმობს მხარის უფლებას როგორც ხელშეკრულების ფორმის, ასევე მისი შინაარსისა და კონტრაჰენტის შერჩევის კუთხით, თუმცა აღნიშნული უნდა განხორცელდეს კანონით დადგენილ ფარგლებში, შესაბამისად, ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი არ მოიაზრებს ლიკვიდირებულ სუბიექტთან ხელშეკრულების დადების შესახებ მხარის უფლებას, რადგან ლიკვიდირებული იურიდიული პირი მოკლებულია ხელშეკრულების დადების შესაძლებლობას, მას დაკარგული აქვს სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების ქონის უნარი. კონკრეტულ პირთან ხელშეკრულების დადებაზე გადაწყვეტილება მიღებულ იქნა შპს „ვ...ის“ მიერ, შესაბამისად, ლიკვიდირებულ საწარმოსთან ხელშეკრულების დადების უარყოფით შედეგებზე პასუხისმგებელი სწორედ აღნიშნული სუბიექტია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო შპს-ს „...ოში“ საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს-ს „...ოში“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.10.2018წ. განჩინება;
3. რ. რ-ეს (პ.ნ. ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 11.06.2019წ. №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ.ცინცაძე
გ. გოგიაშვილი