საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-672(კ-21) 25 ნოემბერი, 2021 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხაშურის რაიონული განყოფილება
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ნ. გ-ე
მესამე პირები - ლ. გ-ე, მ. გ-ე, ო. გ-ე, ლუ. გ-ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 27 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:ნ. გ-ემ 2019 წლის 22 ოქტომბერს სარჩელით მიმართა ხაშურის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხაშურის რაიონული განყოფილების მიმართ და მოპასუხისთვის მიუღებელი საარსებო შემწეობის - 5292 ლარის, მოსარჩელის სასარგებლოდ ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით ნ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხაშურის რაიონულ განყოფილებას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 5292 ლარის ანაზღაურება.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 10 მარტის საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა ნ. გ-ის შუამდგომლობა და ამავე სასამართლოს 2020 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება 1000 (ათასი) ლარის ნაწილში მიქცეულ იქნა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. დანარჩენ ნაწილში შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 10 მარტის საოქმო განჩინება კერძო საჩივრით, ხოლო ამავე სასამართლოს 2020 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხაშურის რაიონულმა განყოფილებამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 27 იანვრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხაშურის რაიონული განყოფილების სააპელაციო და კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება და 2020 წლის 10 მარტის საოქმო განჩინება. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხაშურის რაიონულმა განყოფილებამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საკასაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ არ იქნა შეფასებული სააგენტოს მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებდნენ სადავო პერიოდში ოჯახის მატერიალურ შესაძლებლობას და გამორიცხავდნენ სოციალური შემწეობის მათთვის მიცემის შესაძლებლობას. მოსარჩელის ოჯახი ჯერ კიდევ სადავო პერიოდში მფლობდა უძრავ ქონებას და მალავდა მას.
კასატორი სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლზე მითითებით აღნიშნავს, რომ მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, მაგრამ მისი დადგენისთვის გათვალისწინებული უნდა იქნეს, რამდენად მოსალოდნელი იქნებოდა მისი მიღება. ზიანი უნდა იყო ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგი. ამრიგად, მიუღებელი შემოსავლის მტკიცება არ უნდა ეფუძნებოდეს აბსტრაქტულ, მხოლოდ მოსაზრებაზე დამყარებულ გარემოებებს, არამედ უნდა დასტურდებოდეს კონკრეტული ფაქტებითა და მტკიცებულებებით, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხაშურის რაიონული განყოფილების საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ, 2019 წლის 9 ივლისს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური გადამოწმებისას არასაკმარისი სარეიტინგო ქულის მინიჭებით მიყენებული ზიანის - მიუღებელი საარსებო შემწეობის (2017 წლის მაისიდან 2019 წლის თებერვლამდე) ანაზღაურების დაკისრების კანონიერება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-6 და მე-7 მუხლების თანახმად, სოციალური დახმარების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს საარსებო შემწეობა. ოჯახს უფლება აქვს მოითხოვოს საარსებო შემწეობა. საარსებო შემწეობა არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც განკუთვნილია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. საარსებო შემწეობის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. საარსებო შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდება მინისტრის ბრძანებით.
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილება „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“. აღნიშნული „წესის“ მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, განაცხადის შეტანის შემდეგ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება ხორციელდება უფლებამოსილი პირის მეშვეობით, დადგენილი მეთოდოლოგიისა და წესების შესაბამისად; ხოლო მე-12 მუხლის მიხედვით, ოჯახის იდენტიფიკაციის შედეგად მოპოვებული ინფორმაციისა და დადგენილი მეთოდოლოგიის გამოყენებით განისაზღვრება სარეიტინგო ქულა, რომელიც მყარი ერთეულია და მისი შეცვლა, როგორც წესი, შესაძლებელია მისი მინიჭებიდან სულ ცოტა ერთი წლის გასვლის შემდეგ.
„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების 5.1 მუხლის თანახმად, შემწეობის მიღების უფლება აქვს ოჯახს, რომელიც დადგენილი წესით რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესით დადგენილი საარსებო შემწეობის მისაღებ ზღვრულ ქულაზე.
ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სოციალურად დაუცველ მდგომარეობაში მყოფ ოჯახს, რომელიც საჭიროებს დახმარებას, შეუძლია მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს სოციალურად დაუცველი პირების მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მოთხოვნით. ასეთი მიმართვა წარმოადგენს ოჯახის შესაბამისი წესისა და მეთოდოლოგიის გათვალისწინებით გადამოწმებისა და შეფასების საფუძველს, რის შედეგადაც ოჯახს ენიჭება კონკრეტული სარეიტინგო ქულა. თავის მხრივ, სარეიტინგო ქულის მინიჭების შემდეგ ოჯახი მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულად ითვლება, ხოლო სარეიტინგო ქულის ოდენობაზე არის დამოკიდებული იმ სოციალური გარანტიების განსაზღვრა, რომელთა გამოყენების უფლებაც ენიჭება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახს. ამრიგად, აუცილებელია, რომ ოჯახის როგორც პირველადი შეფასება, ისე შემდგომი გადამოწმება განხორციელდეს ნორმატიულად გათვალისწინებული თითოეული მეთოდის ზუსტად და ზედმიწევნით დაცვით. ოჯახისათვის სარეიტინგო ქულის განსაზღვრისას მნიშვნელობა ენიჭება უფლებამოსილი პირის მიერ ოჯახის დეკლარაციაში შეტანილ თითოეულ მონაცემს, მათ შორის, დეტალურად და სრულყოფილად უნდა იქნეს ასახული ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობა და კომუნალურ გადასახდელებზე გაწეული ხარჯი.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ნ. გ-ის 5-წევრიანი ოჯახი 2013 წლის ოქტომბრიდან რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებდა საარსებო შემწეობას - თვეში 252 ლარის ოდენობით. ნ. გ-ის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ დეკლარაცია განმეორებით შევსებულ იქნა 2017 წლის 17 აპრილს, რის შედეგად ოჯახს იმავე წლის 17 მაისს მიენიჭა სარეიტინგო ქულა 46870. 2017 წლის 25 მაისს მოსარჩელის ოჯახში ხელმეორედ განხორციელდა შემოწმება, რის შედეგადაც, იმავე დღეს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება (შეივსო ოქმი) ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ იმ მოტივით, რომ ოჯახმა დამალა მანქანა და არ მისცა აგენტს ახალი მონაცემებით დეკლარაციის შევსების საშუალება. ნ. გ-ის ოჯახს გაუუქმდა რეგისტრაცია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ერთწლიანი შეზღუდვით.
ასევე, დადგენილია, რომ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი 2017 წლის 25 მაისის ოქმი ნ. გ-ის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ და გაუქმდა გადაწყვეტილება ნ. გ-ის ოჯახის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის შეწყვეტის შესახებ. სასამართლოს კანონიერ ძლაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე, ნ. გ-ემ 2019 წლის 10 ივნისს მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა მიუღებელი საარსებო შემწეობის ანაზღაურება 2017 წლის მაისიდან 2019 წლის თებერვლამდე პერიოდისათვის (21 თვე) - თვეში 252, სულ - 5292 ლარის ოდენობით. ნ. გ-ე უთითებდა, რომ 2019 წლის თებერვლიდან მისი შვილი - ლ. გ-ე დასაქმდა და ოჯახს გაუჩნდა შემოსავალი, ამიტომ ითხოვდა მხოლოდ მითითებულ თარიღამდე კუთვნილი საარსებო შემწეობის ანაზღაურებას. პასუხის მიუღებლობის შემდეგ მან 2019 წლის 9 აგვისტოს კვლავ მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს ხაშურის რაიონულ განყოფილებას და მოითხოვა აღნიშნული თანხის გაცემა. ხაშურის რაიონული განყოფილების 2019 წლის 21 აგვისტოს წერილით ნ. გ-ეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. ნ. გ-ემ უარი გაასაჩივრა ადმინისტრაციული საჩივრით, რომელიც აგრეთვე არ დაკმაყოფილდა. აღსანიშნავია, რომ კვლავ შემოწმების შედეგად, 2019 წლის 8 აგვისტოს ოჯახს მიენიჭა სარეიტინგო ქულა 111330, რაც არ წარმოშობდა საარსებო შემწეობის მიღების უფლებას. აქედან გამომდინარე ნ. გ-ეს უარი ეთქვა გასული თვეების საარსებო შემწეობის თანხის ანაზღაურებაზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ 2017 წლის მაისიდან 2019 წლის თებერვლამდე პერიოდში მიუღებელი სოციალური დახმარების მიღების უფლება მოსარჩელეს მიენიჭა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი სოციალური მომსახურეობის სააგენტოს ხაშურის რაიონული განყოფილების სოციალური აგენტის მიერ 2017 წლის 25 მაისს შევსებული ოქმი ნ. გ-ის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ. შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ მოსარჩელის ოჯახს, 2017 წლის მაისიდან 2019 წლის თებერვლამდე პერიოდში, უკანონოდ ჰქონდა შეჩერებული კუთვნილი სოციალური დახმარების მიღება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ არარელევანტურია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ 2019 წლის 9 ივლისის შემოწმების შედეგებზე მითითებით მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ვინაიდან 2017 წლის მაისიდან 2019 წლის თებერვლამდე პერიოდში, მიუღებელი სოციალური დახმარების მიღების შესახებ მოსარჩელის უფლების უგულებელყოფა, წარმოადგენს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტის იგნორირებას, რაც სასამართლო აქტების სავალდებულობის შესახებ კონსტიტუციურ დანაწესს ეწინააღმდეგება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის პირველი ნაწილის, „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის მე-4 მუხლის პირველი ნაწილისა და სამოქალაქო კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტები სავალდებულოა სახელმწიფო ორგანოსა და პირისთვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. ამრიგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ გარემოებათა გათვალისწინებით, მოსარჩელე უდავოდ წარმოადგენდა სადავო პერიოდში საარსებო შემწეობის მიღების სუბიექტს, თუმცა, 2017 წლის მაისიდან 2019 წლის თებერვლამდე მან ვერ შეძლო მისი მიღება, რადგან მოპასუხემ უგულებელყო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რაც მოსარჩელის მიმართ ზიანის ანაზღაურების უპირობო საფუძველს ქმნის.
რაც შეეხება მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ მიუღებელი საარსებო შემწეობის გაცემის დავალებას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. იმ პირობებში, როდესაც დადგენილია სადავო აქტის უკანონობა, რამაც საბოლოოდ მოსარჩელის მიერ კუთვნილი საარსებო შემწეობის მიუღებლობა გამოიწვია, ნ. გ-ეს უნდა აუნაზღაურდეს 2017 წლის მაისიდან 2019 წლის თებერვლამდე (21 თვე) მიუღებელი საარსებო შემწეობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეზე დადასტურებულია გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის უკანონობა, რაც მისი ბათილად ცნობისა და მოპასუხისთვის თანხის ანაზღაურების დაკისრების საფუძველს წარმოადგენს. ამრიგად, კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხაშურის რაიონული განყოფილების საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 27 იანვრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე