ბს-1165(2კ-20) 25 ნოემბერი, 2021წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, მაია ვაჩაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის და ტ. ლ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.04.2020წ. გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. ლ-მა 12.06.2018წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხის მიერ ტ. ლ-ის სახელზე 20.10.2016წ. გაცემული №192 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობა, ასევე საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების ხელახალი გამოკვლევის, ადმინისტრაციულ წარმოებაში მოსარჩელის დაინტერესებულ პირად ჩაბმის და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე მოპასუხის დავალდებულება. საქალაქო სასამართლოში 25.07.2018წ. გამართულ სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა ტ. ლ-ის საკუთრების უფლების აღიარების ნაწილში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 31.03.2016წ. №494 საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა (საკითხი 31).
დავის საქალაქო სასამართლოში განხილვისას, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ტ. ლ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.11.2018წ. გადაწყვეტილებით ნ. ლ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ნ. ლ-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.04.2020წ. გადაწყვეტილებით ნ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.11.2018წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ნ. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (საკუთრებაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 31.03.2016წ. №494 საოქმო გადაწყვეტილება ტ. ლ-ისთვის საკუთრების უფლების აღიარების ნაწილში (დღის წესრიგის 31-ე საკითხი) და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი აქტის გამოცემა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში საქმის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულყოფილად არ ყოფილა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ ნ. ლ-ის და მისი შვილის რეგისტრირებულ მისამართს წარმოადგენდა ქ. თბილისი, ... ქუჩა, სახლი №2. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული მ. მ-ის და რ. მ-ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ მოსარჩელის მეუღლე მონაწილეობას იღებდა სადავო მიწის ნაკვეთზე არსებული სახლის მშენებლობაში. საქმის განმხილველ ადმინისტრაციულ ორგანოს შეფასება არ მიუცია აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისათვის და არ დაუდგენია „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის ამოქმედებამდე მათ შორის ნ. ლ-ის მიერ სადავო მიწის ნაკვეთით ფლობა-სარგებლობის ფაქტი, ასევე ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია განცხადებაზე დართული მტკიცებულებები ტ. ლ-ისადმი (მესამე პირი) კუთვნილების ფაქტი, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი საგადასახადო და სადაზღვევო ქვითრები დათარიღებულია 1970-იანი წლებით და გაცემულია მამაზე - ტ. ლ-ზე, ხოლო საქმეში მესამე პირად ჩაბმული - ტ. ლ-ი დაბადებულია ...წ.. ამდენად, აღნიშნული მტკიცებულებები ეკუთვნოდა განმცხადებლის მამას - ტ. ლ-ს (დაბ. ...წ. - გარდაც. 03.06.2008წ.). ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა შეეფასებინა აღნიშნული მტკიცებულებებით განმცხადებლის მიერ სადავო მიწის ნაკვეთის ფლობის ფაქტი და მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე ტ. ლ-ის საკუთრების უფლების აღიარების საფუძველი. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილი სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 06.10.2015წ. წერილის თანახმად, არქიტექტურის სამსახურმა ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით განიხილა ...ა, II ქუჩა, სახლი №2-ში მდებარე 1635 კვ.მ. მიწის ნაკვეთის კანონმდებლობით დადგენილი წესით საკუთრების უფლების აღიარების საკითხი და დაადგინა, რომ მითითებული მიწის ნაკვეთი დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის მიხედვით, მოქცეულია სარეკრეაციო (რზ-2) ზონაში და მასზე გათვალისწინებულია დედაქალაქის სასაფლაოების სპეციალური შეზღუდვა. განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო მიწის ნაკვეთი ტ. ლ-ის საკუთრებად აღიარა ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში სადავო მიწის ნაკვეთის ფუნქციის, მისი სტატუსის შესწავლის და გათვალისწინების გარეშე. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 31.03.2016წ. №494 საოქმო გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში მიიღო განცხადებაზე დართული მასალების და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრული გამოკვლევის გარეშე და განსახილველ შემთხვევაში არსებობს სადავო საკითხის გადაუწყვეტლად აქტის სადავო ნაწილის ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის კანონით დადგენილ ვადაში, სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი. საკითხის ხელახალი განხილვისას საკუთრების უფლების აღიარების კომისია ვალდებულია გამოიყენოს სზაკ-ით მინიჭებული უფლებამოსილება და განცხადებასთან დაკავშირებული ყველა გარემოების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად მიიღოს კანონმდებლობის შესაბამისი გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.04.2020წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის და ტ. ლ-ის მიერ.
კასატორმა საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ აღნიშნა, რომ მესამე პირის ტ. ლ-ის მიერ კომისიაში განცხადებასთან ერთად წარდგენილი იყო მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ორთოფოტო, ინფორმაცია უძრავ ნივთებზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ, მიწის ნაკვეთის სიტუაციური ნახაზი, ტ. ლ-ის რეგისტრაციის მოწმობა და მეზობლების ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, ქ. თბილისში, ... ქუჩა, სახლი №2-ში მდებარე 1635 კვ.მ. მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის ტ. ლ-ის მიერ 1985 წლიდან ფლობის და სარგებლობის ფაქტის დადასტურების თაობაზე, შესაბამისად, კომისიაში წარდგენილი იქნა კანონით გათვალისწინებული დოკუმენტაცია უშუალოდ მესამე პირის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთითა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით ფლობისა და სარგებლობის დადასტურების თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა მიწის ნაკვეთის 2007 წლამდე თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ასევე, მას არ გააჩნია მამის სამკვიდროს მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი, ამდენად, მოსარჩელეს იურიდიული ინტერესი განსახილველი დავის მიმართ არ გააჩნია. მიწის ნაკვეთის ფუნქციურ ზონასთან დაკავეშირებით, კასატორმა აღნიშნა, რომ თუ მიწის ნაკვეთი არ ექვემდებარება საკუთრების უფლების აღიარებას მისი ფუნქციური ზონის გამო, აქტის აღმჭურველი ხასიათიდან გამომდინარე, კანონი არ უშვებს მის ბათილად ცნობას მოსარჩელის კანონიერი ინტერესის შელახვის გარეშე, ხოლო განსახილველ შემთხვევაში ნ. ლ-ის კანონიერი ინტერესის არსებობა არ დადასტურდა. კასატორმა მიუთითა, რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა სასკ-ის 32.4 მუხლი, ვინაიდან არ არსებობს მტკიცებულება და გარემოება, რომელიც შეიძლება დამატებით გამოიკვეთოს ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ამასთან, საქმეში დაცული მტკიცებულებები იძლეოდა სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შესაძლებლობას.
კასატორმა ტ. ლ-მა აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული მოწმეთა ჩვენებით არ დადასტურდა ნ. ლ-ის მიერ მიწის ნაკვეთის ფლობის ფაქტი. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ სააპელაციო სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ ნ. ლ-ი სადავო მიწის ნაკვეთზე ჩაწერილი არის 1985 წლიდან. კანონი პირის რეგისტრაციას კონკრეტულ მისამართზე არ უკავშირებს მასზე პირის საკუთრების უფლების აღიარებას. „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ კანონი პიროვნების რეგისტრაციას უკავშირებს მის კონკრეტულ საცხოვრებელ ადგილზე ცხოვრებას, თუმცა საცხოვრებელი ადგილის 6 თვეზე მეტი ვადით შეცვლისას პირი ვალდებულია რეგისტრაციის გასავლელად მიმართოს სააგენტოს უფლებამოსილ ტერიტორიულ სამსახურს. მოცემულ შემთხვევაში მართლია, ნ. ლ-ი რეგისტრირებულია სადავო ბინაში, თუმცა მოწმეთა ჩვენებებით ის აღნიშნულ მისამართზე არ ცხოვრობს, შესაბამისად არ არსებობს მტკიცებულება მოსარჩელის მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტის დადასტურების თაობაზე. მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ მოსარჩელის მეუღლე მონაწილეობას იღებდა სახლის მშენებლობაში, რაც წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის რეგულირების სფეროს და მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტისაგან განსხვავდება. გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წარმოადგენს აღმჭურველ აქტს და მის მიმართ ნ. ლ-ს კანონიერი ინტერესი არ გააჩნია. დაინტერესებულ მხარეს წარმოადგენს პირი, რომელიც ფლობს თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს ან პირი, რომელიც მიწის ნაკვეთის თვითნებურად დამკავებელი პირის უფლებამონაცვლეა და განცხადების მიმართვის მომენტისათვის ფლობს მიწის ნაკვეთს. მესამე პირმა ტ. ლ-მა მიიღო მამის - ტ. ლ-ის სამკვიდრო, ხოლო ნ. ლ-ისათვის გასულია სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებით შედავების 2 თვიანი ვადა. რაც შეეხება სარეკრეაციო ზონას, მოსარჩელის აღნიშნულ გარემოებაზე მითითება გაუგებარია, ვინაიდან ტ. ლ-ის სახელზე ზონის გამო აღიარების შეუძლებლობის შემთხვევაში, ეს შეუძლებელი იქნება მოსარჩელისთვისაც.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის და ტ. ლ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტში მოცემული დეფინიციის თანახმად თვითნებურად დაკავებული მიწა არის ფიზიკური პირის მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი. აღნიშნული ნორმის შინაარსით სახელმწიფო საკუთრების მიწა პირის მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე უნდა იყოს თვითნებურად დაკავებული. მითითებული კანონის „ე“ ქვეპუნქიტის თანახმად დაინტერესებულ პირს შეიძლება წარმოადგენდეს ფიზიკური, ასევე სავარაუდო მემკვიდრე. ტ. ლ-მა 28.05.2015წ. განცხადებით მიმართა აღიარების კომისიას და მოითხოვა ქ. თბილისში, ... ქ. სახლი №2-ში მდებარე 1635 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება. განმცხადებელმა სხვა დოკუმენტებთან ერთად განცხადებას დაურთო 1970-1984 წლებით დათარიღებული სადაზღვევო მოწმობები და გადასახადის ქვითრები (ს.ფ. 87-94, 97-98), სადაც დამზღვევად და გადასახადის გადამხდელად მითითებულია ტ. ლ-ი. განსახილველ შემთხვევაში სადავო აღიარების კომისიის 31.03.2016წ. №494 გადაწყვეტილებითა (დღის წესრიგის 31-ე საკითხი) და მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს განმარტებით მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება აღიარებული იქნა მესამე პირზე - ტ. ლ-ზე, როგორც ფიზიკურ პირზე და არა როგორც სავარაუდო მემკვიდრეზე. საქმეში დაცული მასალებით მესამე პირის ტ. ლ-ის დაბადების თარიღია ...წ. (ს.ფ. 144), ხოლო მოსარჩელე მიუთითებს, რომ 28.05.2015წ. განცხადებაზე დართული დოკუმენტები გაცემულია არა მესამე პირის ტ. ლ-ის, არამედ მოსარჩელისა და მესამე პირის მამის - ტ. ლ-ის სახელზე. მართალია, კასატორი ტ. ლ-ი აღნიშნავს, რომ მის სახელზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა მამის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე, თუმცა სამკვიდრო მოწმობა ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი არ ყოფილა და აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მას შეფასება არ მისცემია. ამდენად, კომისია ვალდებული იყო საკუთრების უფლების აღიარებისას დაედგინა განცხადებაზე დართული დოკუმენტების მესამე პირისადმი კუთვნილებისა და ამ დოკუმენტების საფუძველზე განმცხადებლის მიერ მიწის თვითნებურად დაკავების ფაქტი.
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის 3.2 მუხლით განსაზღვრულია საკუთრების უფლების აღიარების საგამონაკლისო შემთხვევები, კერძოდ, მითითებული მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად რეკრეაციული დანიშნულების პარკი, ტყე-პარკი, სკვერი და სხვა ტერიტორია, გარდა საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მქონე ტერიტორიებისა, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება. განსახილველ შემთხვევაში სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 03.06.2016წ. წერილის თანახმად, არქიტექტურის სამსახურმა ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით განიხილა ...აში, II ქ. სახლი №2-ის მიმდებარედ 848 კვ.მ. მიწის ნაკვეთის კანონმდებლობით დადგენილი წესით საკუთრების უფლების აღიარების საკითხი და დაადგინა, რომ მითითებული მიწის ნაკვეთი დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის მიხედვით, მოქცეულია სარეკრეაციო (რზ-2) ზონაში და მასზე გათვალისწინებულია დედაქალაქის სასაფლაოების სპეციალური შეზღუდვა (ს.ფ. 101). ამდენად, აღიარების კომისიამ გადაწყვეტილების მიღებისას შეფასება არ მისცა აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას და სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო მიწის ნაკვეთის ფუნქციის, სტატუსის შესწავლის გარეშე.
უსაფუძვლოა კასატორების მითითება მოსარჩელის მიერ სამკვიდრო მოწმობის წარუდგენლობის გამო იურიდიული ინტერესის არარებობის თაობაზე. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამკვიდრო მოწმობა ადასტურებს მასში მითითებული პირის მიერ სამკვიდროს მიღების ფაქტს, ხოლო მოქმედი კანონმდებლობით საკუთრების უფლების აღიარების მიზნებისათვის დაინტერესებული პირი შეიძლება იყოს სავარაუდო მემკვიდრე. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ის არის მესამე პირის - ტ. ლ-ის მიერ აღიარების კომისიაში წარდგენილ დოკუმენტებში (სადაზღვევო მოწმობები, გასადასახადის ქვითრები) მითითებული პირის ტ. ლ-ის შვილი. სზაკ-ის 95.2 მუხლის დათქმიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, რაც განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა განხორციელებული. ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება აქვს განიხილოს და გადაწყვიტოს საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დაინტერესებულ მხარეს მიეცა საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა (სზაკ-ის მე-13 მუხ.). ხსენებულ მუხლში დეკლარირებული წესი ადმინისტრაციული წარმოების უმნიშვნელოვანეს პრინციპთაგანია, რომელიც მიზნად ისახავს იმ პირების მაქსიმალურ დაცვას, რომლის უფლებებსაც შესაძლოა შეეხოს გამოსაცემი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. აღნიშნული პირები უფლებამოსილნი არიან მონაწილეობა მიიღონ ამ აქტის გამოცემასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში და თავისი გავლენა მოახდინონ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებაზე, რაც ხელს უწყობს არა მხოლოდ დაინტერესებული მხარის უფლებების დაცვას, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არსებითად სწორი, ობიექტური გადაწყვეტილების მიღებას. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო უზრუნველყო ადმინისტრაციულ წარმოებაში მოსარჩელის ჩაბმა, ადმინისტრაციული წარმოების აღნიშნული წესის დარღვევამ გამოიწვია სზაკ-ის მე-13, 95-ე, 98-ე და 99-ე მუხლებით რეგლამენტირებული მოთხოვნების დარღვევა (იხ. სუსგ №ბს-320-311 (2კ-12), 10.04.2014წ.).
მართებულია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობის შესახებ, რადგან ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. განსახილველ შემთხვევაში გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები. კომისია ვალდებულია მასთან წარდგენილ განცხადებაში დასმული საკითხი შეისწავლოს სზაკ-ით დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტი ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის და ტ. ლ-ის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის და ტ. ლ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.04.2020წ. გადაწყვეტილება;
3. კ. ხ-ს (პირადი №...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 10.11.2020წ. №10095389266 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
მ. ვაჩაძე