ბს-826(2კ-19) 25 ნოემბერი, 2021წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.03.2019წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. მ-მა 19.05.2015წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის და თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის ე. ა-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის 02.04.2007წ. ჩანაწერის და 25.07.2008წ. №... გადაწყვეტილების, ა. კ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ 01.12.2008წ. №... გადაწყვეტილების, ხ. თ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ 20.12.2011წ. №... გადაწყვეტილების, აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს №ა... აუქციონის დანიშვნის განკარგულების და №... აუქციონის შედეგების განკარგულების ბათილად ცნობა, ასევე საჯარო რეესტრში 2006წ. აღრიცხული მონაცემებისა და ახალი აზომვითი ნახაზების საფუძველზე ქ. თბილისში, სოფ. ...აში მდებარე უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი ...) ა. მ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თოაბაზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის დავალდებულება.
დავის საქალაქო სასამართლოში განხილვისას, სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ა. კ-ი და ა. ჭ-ა, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, - ხ. თ-ი და ე. ა-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.03.2016წ. განჩინებით ა. მ-ის მოთხოვნის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 02.04.2007წ. გადაწყვეტილების, რომლითაც საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე მდებარე გარდაბანი, სოფ. ...ა (საკადასტრო კოდი ...) 0,10 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა ე. ა-ის სახელზე, 25.07.2008წ. №... გადაწყვეტილების, რომლითაც საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე მდებარე გარდაბანი, სოფ. ...ა (საკადასტრო კოდი ...) 996 კვ.მ. მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა ე. ა-ის სახელზე, 01.12.2008წ. №... გადაწყვეტილების, რომლითაც საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე მდებარე გარდაბანი, სოფ. ...ა (საკადასტრო კოდი ...) 996 კვ.მ. მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა ა. კ-ის სახელზე და 20.12.2011წ. №... გადაწყვეტილების, რომლითაც საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე მდებარე გარდაბანი, სოფ. ...ა (საკადასტრო კოდი ...) 996 კვ.მ. მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა ხ. თ-ის სახელზე, ბათილად ცნობის ნაწილში შეწყდა წარმოება დაუშვებლობის გამო (სასარჩელო განცხადების პირველი მოთხოვნა), ა. მ-ის მოთხოვნის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ნაწილში, რომლითაც საჯარო რეესტრში 2006 წელს აღრიცხული მონაცემებისა და ახალი აზომვითი ნახაზების საფუძველზე ა. მ-ის სახელზე დარეგისტრირდება საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე - საკადასტრო კოდი ... მდებარე ქ. თბილისი, სოფ. ...ა, შეწყდა წარმოება (სასარჩელო განცხადების მესამე მოთხოვნა). აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა ა. მ-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.04.2017წ. განჩინებით ა. მ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.03.2016წ. განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.11.2017წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 25.07.2008წ. №... გადაწყვეტილება, რომლითაც საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე მდებარე გარდაბანი, სოფ. ...ა (საკადასტრო კოდი ...) 996 კვ.მ. მიწის ნაკვეთი დაზუსტებული სახით დარეგისტრირდა ე. ა-ის სახელზე, დანარჩენ ნაწილში მოსარჩელეს უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და ა. მ-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.03.2019წ. განჩინებით ა. მ-ისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.11.2017წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ ა. მ-ის სახელზე 02.06.2006წ. დაუზუსტებელი სახით დარეგისტრირდა 0,06 ჰა მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე 332 კვ.მ. საერთო ფართის მქონე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი (საკადასტრო კოდი ...). უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია ...ის საკრებულოს 01.06.2006წ. №524 ცნობა. გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 02.04.2007წ. ე. ა-ის სახელზე დარეგისტრირდა 0.10 ჰა მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 357,27 კვ.მ. საერთო ფართის მქონე საცხოვრებელი სახლი (საკადასტრო კოდი ...). უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია ...ის საკრებულოს 02.04.2007წ. №187 ცნობა. სარეგისტრაციო სამსახურის 25.07.2008წ. №... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ე. ა-ის განცხადება და მის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდი ...) განხორციელდა დაზუსტებული მონაცემების ასახვა შემდეგი სახით: უძრავი ქონება - 996 კვ.მ., მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლი ფართით 309,16 კვ.მ.. 18.09.2008წ. ე. ა-სა და ა. ჭ-ას შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება 3 თვის ვადით და სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ე. ა-ის სახელზე რიცხული 996 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით. სარეგისტრაციო სამსახურის 01.12.2008წ. №... გადაწყვეტილებით გარდაბანში, სოფ. ...აში მდებარე 996 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი ...) მასზე არსებული შენობა-ნაგებობით დარეგისტრირდა ა. კ-ის სახელზე. უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია 26.11.2008წ. უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში შესრული 08.12.2010წ. გადაწყვეტილებით და მის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის თანახმად, ე. ა-ს ა. ჭ-ას სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი თანხის 25 300 აშშ დოლარის გადახდა, სესხით სარგებლობისათვის სამი თვის პროცენტი, ძირითადი თანხის 3%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 2 277 აშშ დოლარს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, ყოველდღიურად 15 აშშ დოლარის ოდენობით 2008 წლის 18 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, სარეალიზაციოდ მიექცა ა. კ-ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება გარდაბანი, სოფ. ...ა (საკადასტრო კოდი ...). აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აუქციონის დანიშვნის ა... და აუქციონის შედეგების ა... განკარგულებების საფუძველზე გარდაბანში, სოფ. ...აში მდებარე უძრავი ნივთის (საკადასტრო კოდი ...) რეალიზაციის მიზნით გამართულ აუქციონზე გამარჯვებულად გამოცხადდა ხ. თ-ი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 20.12.2011წ. №... გადაწყვეტილებით გარდაბანში, სოფელი ...აში მდებარე უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდი ...) დარეგისტრირდა ხ. თ-ის საკუთრების უფლება. 14.07.2009წ. ა. მ-მა განცხადებით მიმართა გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურს მის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდი ...) ცვლილებების რეგისტრაციის (დაზუსტებული რეგისტრაციის განხორციელების) მოთხოვნით, რაზეც უარი ეთქვა იმ მიზეზით, რომ მის მიერ წარდგენილი აზომვითი ნახაზი მოიცავდა ა. კ-ის საკუთრების უფლებით რიცხულ მიწის ნაკვეთს, საკადასტრო კოდით .... სარეგისტრაციო სამსახურის 20.08.2009წ. გადაწყვეტილებით, რეგისტრაციის შეჩერების ვადაში განმცხადებლის მიერ დოკუმენტაციის წარუდგენლობის გამო, სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა. გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურს 21.06.12წ. №... განცხადებით მიმართა ა. მ-მა და მოითხოვა .... სარეგისტრაციო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო საზღვრების ცვლილება იმ მოტივით, რომ ნაკვეთი სივრცობრივად სხვა კვარტალში მდებარეობს, განმცხადებელმა მოითხოვა აგრეთვე რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების განხორციელების შემდგომ ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო საზღვრების დაზუსტება. გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 25.06.2012წ. №... გადაწყვეტილებით განმცხადებელს განემარტა, რომ მოთხოვნილი ქმედების განხორციელება სცილდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20.07.12წ. №... გადაწყვეტილებით ა. მ-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ა. მ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს, მოპასუხეების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 25.06.2012წ. წერილისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20.07.2012წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, აგრეთვე გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურისთვის მის სახელზე რიცხული უძრავი ქონების ფართის ცვლილების რეგისტრაციის დავალების მოთხოვნით. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ 02.04.2007წ. სადავო რეგისტრაცია განხორციელებულია სწორედ შესაბამისი უფლების დამდგენი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე, ხოლო მოსარჩელე ვერ მიუთითებს მოცემული რეგისტრაციის განხორციელებისას კანონის კონკრეტული მოთხოვნების დარღვევებზე, ამასთანავე, მითითებული რეგისტრაციით მოსარჩელის კანონიერი უფლების დარღვევის ფაქტი არ დასტურდება. ამდენად, აღნიშნულ ნაწილში სადავო აქტის უკანონობა, მის გამოცემის წესის დარღევა ან მის საფუძველზე მოსარჩელის საკუთრების უფლების შელახვა არ დასტურდება, შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მითითებულ ნაწილში სარჩელი დაუსაბუთებლად მიიჩნია. ე. ა-ის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე დაზუსტებული მონაცემების რეგისტრაციის თაობაზე გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 25.07.2008წ. №... გადაწყვეტილებით ხელყოფილია ა. მ-ის საკუთრების უფლება. საკასაციო სასამართლომ 29.05.2014წ. (საქმე №367-355 (კ-13)) განჩინებით დადგენილად მიიჩნია, რომ ე. ა-ისა და ა. მ-ის მიწის ნაკვეთების გაბარიტული ზომებისა და საზღვრების კონფიგურაციების სხვაობა და მიწის ნაკვეთების განსხვავებული მაიდენტიფიცირებადი მონაცემები განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ხ. თ-ისა და ა. მ-ის სახელზე რიცხული მიწის ნაკვეთები სხვადასხვა კოორდინატთა სისტემაშია რეგისტრირებული. ერთი და იგივე ნაკვეთის სხვადასხვა საკადასტრო კოდით და კვარტლით რეგისტრაცია განპირობებულია ერთი ტერიტორიის სხვადასხვა გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაში აღრიცხვით, კერძოდ, დადგენილია, რომ თავდაპირველი რეგისტრაციისაგან განსხვავებით, ხ. თ-ის სახელზე რეგისტრირებული ნაკვეთი აღრიცხულია ... კოორდინატთა სისტემაში და UTM პროექციაში. საკასაციო სასამართლომ მიუთითა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში მყოფ 14.12.2010წ. გადაწყვეტილებზე, სადაც აღინიშნა, რომ საჯარო რეესტრის მონაცემებში ერთი და იმავე უძრავ ნივთს მინიჭებული აქვს ორი საკადასტრო კოდი. ამდენად, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 25.07.2008წ. №... გადაწყვეტილებით ა. მ-ის სახელზე მანამდე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი აღმოჩნდა ე. ა-ის საკუთრებაში, ამავდროულად, შეილახა ა. მ-ის უფლება საჯარო რეესტრში ახალ კოორდინატთა სისტემაში დაეზუსტებინა საკუთრების უფლების ობიექტი. სადავო შემთხვევაში რეგისტრაციების განხორციელების ქრონოლოგიის, თავდაპირველი რეგისტრაციების კანონიერებისა და საქმეზე არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 25.07.2008წ. №... გადაწყვეტილება არის უკანონო, ვინაიდან მისი გამოცემისას საჯარო რეესტრში უკვე რეგისტრირებული მონაცემები შესწავლილი და გამოკვლეული არ ყოფილა, რამაც საკუთრების ობიექტთა ზედდება და ა. მ-ის საკუთრების უფლების უკანონო შეზღუდვა გამოიწვია, შესაბამისად, მოცემული აქტის ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელი მართებულად დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის ა. კ-ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ 01.12.2008წ. №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა. საკუთრების უფლების გადასვლა განხორციელდა კერძო პირთა შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც არის კანონიერ ძალაში და რომლის კანონიერებასაც ადმინისტრაციული საქმის განმხილველი სასამართლო მოცემული დავის ფარგლებში ვერ შეაფასებს. ამდენად, სამოქალაქო-სამართლებრივი უფლება, რომელიც რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში, უძრავ ნივთს ანიჭებს გარკვეულ სტატუსს, რომლის ადეკვატური სამართლებრივი შედეგების მიმართ დაინტერესებულ პირს კანონიერი მოლოდინი გააჩნია. სადავო არ გამხდარა და დღეის მდგომარეობით ძალაშია ა. კ-ის საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი - ე. ა-სა და ა. კ-ს შორის გაფორმებული 26.11.2008წ, ნასყიდობის ხელშეკრულება, ამასთან, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით არ არის დადგენილი ხელშეკრულების მონაწილე პირთა კეთილსინდისიერად მოქმედების პრეზუმფციის საწინააღმდეგო გარემოება, რის გამოც მითითებულ რეგისტრაციას იცავს საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიმართ მოქმედი უტყუარობის პრეზუმფცია, შესაბამისად, სასამართლო არ არის უფლებამოსილი დააკმაყოფილოს მოთხოვნა გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 01.12.2008წ. №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აუქციონის დანიშვნის ა... და აუქციონის შედეგების ა... განკარგულებების ბათილად ცნობის საფუძვლები. სადავო ქონებაზე სააღსრულებო წარმოება დაიწყო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე და წარიმართა ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად, კანონის მოთხოვნათა დაცვით. აღსრულება მიმდინარეობდა სააღსრულებო ფურცელში მითითებულ ქონებაზე, რომელიც სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობისას აღრიცხული იყო მოვალის სახელზე. სააღსრულებო წარმოების უკანონობას ვერ განაპირობებს სადავო ქონების ფაქტობრივი მფლობელობის ვინაობის დადგენის ფაქტის შეუსწავლელობა, ასევე, საკითხის სხვაგვარად მოწესრიგების შესაძლებლობას არ ქმნიდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 14.09.2011წ. №... წერილიც, რომლითაც თბილისის სააღსრულებო ბიუროს ეცნობა, რომ 19.07.2011წ. აღნიშნულ ქონებაზე გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურში შევიდა განცხადება სასამართლო აქტის საფუძველზე უფლების რეგისტრაციის შესახებ, რომელზეც სარეგისტრაციო წარმოება არ დასრულებულა. აღნიშნულის გათვალისწინებით, ასევე არ არსებობს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 20.12.2011წ. №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის რეგისტრაციის ბათილად ცნობის კანონით გათვალისწინებული არც ერთი საფუძველი. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი სამართლებრივი შეფასების შედეგად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ბათილად უნდა იქნას ცნობილი გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 25.07.2008წ. №... გადაწყვეტილება, დანარჩენ ნაწილში კი მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.03.2019წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და ა. მ-ის მიერ.
კასატორმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ აღნიშნა, რომ სადავო რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, ასევე დღეის მდგომარეობით მესამე პირის საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი ძალაშია და მის საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი არ არსებობს. კასატორმა მიუთითა უზენაესი სასამართლოს 23.02.2017წ. გადაწყვეტილებაზე (საქმე №ბს-729-721 (კ-16)), სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ „სააპელაციო სასამართლომ ისე მიიღო გადაწყვეტილება 147 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილში ბ. თ-ის სახელზე განხორციელებული რეგისტრაციის ბათილად ცნობის შესახებ, რომ სათანადო სამართლებრივი შეფასება არ მისცა იმ გარემოებას, რომ ძალაშია და არ გაუქმებულა ბ. თ-ის სახელზე განხორციელებული რეგისტრაციის საფუძველი - საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოს 13.06.2007წ. მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი №1388 ოქმი. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ რეგისტრაციის საფუძვლების მოქმედების პირობებში გააბათილა უძრავი ქონების მესაკუთრეზე რეგისტრაცია“. საკასაციო სასამართლომ დაუშვებლად მიიჩნია სამართლებრივი საფუძვლების კანონიერ ძალაში არსებობის პირობებში რეგისტრაციის გაბათილება.
კასატორმა აღნიშნა, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულება, რომლითაც დადგინდებოდა ა. მ-ის რეგისტრირებული დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემების მქონე უძრავი ნივთისა და სადავო რეგისტრაციებით ე. ა-ის, ხოლო არსებული მდგომარეობით ხ. თ-ის რეგისტრირებული უძრავი ნივთის იდენტურობა. ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 25.05.2010წ. დასკვნის თანახმად, ექსპერტიზის მიერ დოკუმენტების ურთიერთშედარებით დადგინდა, რომ ა. მ-ისა და ა. კ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები მათი საკადასტრო კოდების, გაბარიტული ზომებისა და საზღვრების გათვალისწინებით არ შეესაბამება ერთმანეთს. რაც შეეხება უფლების დამდგენი დოკუმენტების კონკურენციას, აღსანიშნავია, რომ სადავო შემთხვევაში ე. ა-ის საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი თარიღდება 24.03.2004წ., ხოლო ა. მ-ის უფლების დამდგენი დოკუმენტი გაცემულია 01.06.2006წ.. ამდენად, აღნიშნული გარემოება კიდევ ერთხელ მიუთითებს საჯარო რეესტრის ქმედების კანონშესაბამისობაზე. სადავო უძრავი ნივთი გასხვისდა არაერთხელ და სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მოსარჩელისათვის შედეგის მომტანი ვერ იქნება.
საკასაციო სასამართლოს 05.12.2019წ. განჩინებით ა. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.03.2019წ. განჩინებაზე დატოვებული იქნა განუხილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალებში დაცული საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად 02.06.2006წ. გარდაბანში, სოფ. ...აში მდებარე 0,06ჰა მიწის ნაკვეთსა და მასზე განლაგებულ ორსართულიან საცხოვრებელ სახლზე დარეგისტრირდა ა. მ-ის საკუთრების უფლება (საკადასტრო კოდი ...). უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია ...ის საკრებულოს 01.06.2006წ. ცნობა. უძრავი ნივთის სააღრიცხვო ბარათის შესაბამისად გარდაბანში, სოფ. ...აში მდებარე 0,10 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე დაუზუსტებელი მონაცემებით და მასზე განლაგებულ საცხოვრებელ სახლზე 02.04.2007წ. დარეგისტრირდა ე. ა-ის საკუთრების უფლება (საკადასტრო კოდი ...). უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია 24.03.2004წ. ცნობა (ტ.1, ს.ფ.422-423). საჯარო რეესტრის გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურს 21.07.2008წ. განცხადებით მიმართა ე. ა-მა. განმცხადებელმა 18.07.2008წ. შესრულებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზისა და 14.07.2008წ. შესრულებული შენობა-ნაგეობის აზომვითი ნახაზის შესაბამისად მოითხოვა გარდაბანში, სოფ. ...აში მდებარე უძრავ ნივთზე საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ცვლილებების და დამატების შეტანა. საჯარო რეესტრის ტერიტორიული სამსახურის 25.07.2008წ. რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ე. ა-ის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა სოფ. ...აში მდებარე 996 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე დაზუსტებული მონაცემებით. რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებასთან ერთად მომზადდა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო გეგმა. ა. მ-მა 14.07.2009წ. განცხადებით მიმართა გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა გარდაბანში, სოფ. ...აში მდებარე უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია. გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 15.07.2009წ. გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვრებში შეჭრის გამო. განმცხადებელს განემარტა, რომ მის მიერ წარდგენილმა აზომვითმა ნახაზმა მოიცვა იმჟამად ა. კ-ის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი, რომლის წინა მესაკუთრე იყო ე. ა-ი, შესაბამისად, წარსადგენია კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმის მასალებში წარმოდგენილ საჯარო რეესტრის გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 05.05.2010წ. წერილებზე და ამ წერილებზე დართულ სიტუაციურ ნახაზებზე, რომლებზეც ასახულია უძრავი ნივთის საკადასტრო კოდით ... (დაუზუსტებელი ფართი 0,06ჰა) და უძრავი ნივთის საკადასტრო კოდით ... (სისტემური აღრიცხვის) მონაცემები (ტ.1, ს.ფ. 39-42). მითითებული სიტუაციური ნახაზების მიხედვით, უძრავი ნივთები საკადასტრო კოდებით ... და ... სხვადასხვა ტერიტორიაზე მდებარეობენ, ასევე საქმის მასალებში დაცულია კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.12.2010წ. გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ა. კ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი მდებარეობს გარდაბანში, სოფ. ...აში, მე-12 კვარტალში, ხოლო ა. მ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი - იმავე მისამართზე მე-7 კვარტალში. აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ ორივე მიწის ნაკვეთი სივრცობრივად არ შეიძლება მდებარეობდეს ერთსა და იმავე კვარტალში, გარდა ამისა, გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 05.05.2010წ. წერილების და მათზე თანდართული სიტუაციური ნახაზების მიხედვით ა. მ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი (საკადასტრო კოდი ...) ნამდვილად მდებარეობს იმ ადგილზე, საიდანაც ა. კ-ი ითხოვს ა. მ-ის გამოსახლებას. ამავე სიტუაციურ ნახაზზე სარეგისტრაციო ნომერთან ... ერთად ასევე აღნიშნულია ... სარეგისტრაციო ნომერიც, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო რეესტრის მონაცემებში ერთი და იმავე უძრავ ნივთს მინიჭებული აქვს ორი სარეგისტრაციო ნომერი. ამავე სიტუაციურ ნახაზზე ძირითადად დატანილია მე-7 და არა მე-12 კვარტალში არსებული მიწის ნაკვეთები, ხოლო ... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთი სივრცობრივად მდებარეობს სხვა ადგილზე, მე-12 კვარტლის სხვა ნაკვეთების მომიჯნავედ. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილია სასამართლო გადაწყვეტილების მატერიალური კანონიერი ძალა, რომელიც უზრუნველყოფს გადაწყვეტილების საბოლოო ხასიათს და სავალდებულოა არა მარტო კონკრეტული პროცესისათვის, არამედ მის ფარგლებს გარეთაც (სუსგ Nას-1094-2020, 25.12.2020წ.). მართალია, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.12.2010წ. გადაწყვეტილებას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლით პირდაპირ დადგენილი პრეიუდიციული ძალა არ გააჩნია, თუმცა მისი ღირებულებითი მნიშვნელობა არ შეიძლება უგულვებელყოფილ იქნას ამავე კოდექსის 266-ე მუხლის კონტექსტში, რომლის თანახმადაც, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი. კანონის მოხმობილი დანაწესი ემსახურება სასამართლოს აქტის მუდმივ ხასიათს და ხელს უწყობს საზოგადოებაში სტაბილური მართლმსაჯულების განხორციელებას (სუსგ №ას-504-481-2016, 30.09.2016წ.). ამდენად, კასატორის მითითება, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება ა. მ-ის სახელზე დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და სადავო რეგისტრაციით ე. ა-ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ნივთის იდენტურობა, არ უნდა იქნეს გაზიარებული.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხედველობაშია მისაღები აგრეთვე რეგისტრირებულ უფლებათა რიგითობა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ე. ა-ის სახელზე დაზუსტებული მონაცემებით სადავო რეგისტრაციის დროს საჯარო რეესტრის ამონაწერის შესაბამისად ა. მ-ის სახელზე მიწის ნაკვეთი იყო რეგისტრირებული. საერთო წესის მიხედვით ბოლო ჩანაწერი ძალას უკარგავს ადრინდელ ჩანაწერს. მოცემულ შემთხვევაში ე. ა-ის სახელზე განხორციელებული სადავო ჩანაწერით არ გაუქმებულა ა. მ-ის სახელზე არსებული ჩანაწერი, სახეზეა ერთი და იგივე ობიექტზე ორი ჩანაწერის კონკურენცია, რომლის პირობებშიც უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ უფლებას, რომელიც ქრონოლოგიურად უფრო ადრე არის რეგისტრირებული, ვინაიდან წინმსწრები რეგისტრაციის ჩანაწერის მოქმედება გამორიცხავს შემდეგი ჩანაწერის კანონიერებას. „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ კანონის 14.1 მუხლის შესაბამისად, თუ სარეგისტრაციოდ წარდგენილი იყო რამდენიმე უფლება, რომლებიც თავიანთი შინაარსით გამორიცხავდა ერთიმეორეს, მაშინ რეგისტრირდებოდა მხოლოდ ის უფლება ან უფლებები, რომელიც (რომლებიც) სხვა უფლებაზე ან უფლებებზე ადრე იყო წარდგენილი სარეგისტრაციოდ (ძალადაკარგულია 13.01.2019წ.). ახლად შემოღებული კოორდინატთა ელექტრონული სისტემით მიწის ნაკვეთის საზღვრების დაუზუსტებლობა, არ ნიშნავს მიწის ნაკვეთზე უკვე წარმოშობილი საკუთრების უფლების ჩამორთმევას. ახალი კოორდინატთა სისტემის შემოღება სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების დროისათვის მოქმედი საქართველოს იუსტიციის მინისტრის 13.12.2006წ. №800 ბრძანებით დამტკიცებული „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის 48-ე მუხლის თანახმად საკადასტრო აღწერის ტექნიკური პირობაა. საკასაციო პალატა თვლის, რომ გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემის შეცვლა ტექნიკური საკითხია და მას არ უნდა ეწირებოდეს რეესტრში ასახული უფლებები, რეგისტრაციის ახალი სისტემის დანიშნულება სანივთო უფლებების უკეთესი დაცვაა და არა საკუთრების უფლების შეზღუდვა. ახალი კოორდინატთა სისტემის შემოღება შედეგად არ უნდა იწვევდეს ფორმალურ-სამართლებრივი პროცედურების შესრულებით მესაკუთრეზე უკვე რეგისტრირებული ნაკვეთის მესამე პირის მიერ დაუფლებას, არ უნდა ხელყოფდეს სამართლებრივ უსაფრთხოებას, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას, მანამდე წარმოებული რეგისტრაციების იურიდიული ძალის დაკარგვას, მარეგისტრირებელი ორგანოს, როგორც სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისა და საჯარო წესრიგის გარანტის დანიშნულების შეცვლას (სუსგ 28.02.2013წ. საქმე №ბს-367-363(კ-12)). ამდენად, კასატორის მოსაზრება, მარეგისტრირებელი ორგანოს გასაჩივრებული 25.07.2008წ. რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლების არარსებობის შესახებ, დაუსაბუთებელია.
საფუძველს მოკლებულია კასატორის მითითება უფლების დამდგენი დოკუმენტების რიგითობასა და მესამე პირის უფლების დამდგენი დოკუმენტის ძალაში ყოფნასთან დაკავშირებით, შესაბამისად, დაუსაბუთებელია აღნიშნულზე მითითებით საჯარო რეესტრის ქმედების კანონშესაბამისობის მტკიცება. განსახილველ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა იმსჯელეს იმ სარეგისტრაციო ჩანაწერის კანონიერებაზე, რომლითაც 02.04.2007წ. გარდაბნის რაიონში, სოფ. ...აში მდებარე უძრავ ნივთზე დარეგისტრირდა ე. ა-ის საკუთრების უფლება, რომლის უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებული იქნა 24.03.2004წ. ცნობა. აღნიშნულ საჯარო რეესტრის ჩანაწერთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 02.04.2007წ. სადავო რეგისტრაცია განხორციელებულია შესაბამისი უფლების დამდგენი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე, ხოლო მოსარჩელემ ვერ მიუთითა მოცემული რეგისტრაციის განხორციელებისას კანონის კონკრეტული მოთხოვნების დარღვევებზე, აღნიშნულ ნაწილში სადავო აქტის უკანონობა, მის გამოცემის წესის დარღვევა ან მის საფუძველზე მოსარჩელის საკუთრების უფლების შელახვა არ დადასტურდა, შესაბამისად, მითითებულ იქნა, რომ სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში დაუსაბუთებელია. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველი საკასაციო საჩივარი წარმოდგენილი არ არის სარჩელის დაუკმაყოფილებულ ნაწილში. კასაცია წარმოდგენილია მხოლოდ სარჩელის დაკმაყოფილებელ ნაწილში, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სარჩელი და ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 25.07.2008წ. №... გადაწყვეტილება გარდაბანში, სოფ. ...აში (საკადასტრო კოდი ...) მდებარე 996 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე დაზუსტებული სახით ე. ა-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე, შესაბისად, საჯარო რეესტრის 25.07.2008წ. რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერების შეფასებისას მოწმდება არა ე. ა-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის კანონიერება უფლების დამდგენი დოკუმენტის - საკრებულოს ცნობის საფუძველზე, არამედ მისი საკუთრების უფლების რეგისტრაციის კანონშესაბამისობა მიწის ნაკვეთზე დაზუსტებული მონაცემებით. სადავო რეგისტრაციის განხორციელების მიზნით მესამე პირმა საჯარო რეესტრში წარადგინა მიწის ნაკვეთისა და შენობის-ნაგებობის აზომვითი ნახაზები, რაც გახდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. მოსარჩელის განმარტებით ე. ა-მა წარადგინა არა ე. ა-ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ნივთის აზომვითი ნახაზი, არამედ მოსარჩელის სახელზე დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული უძრავი ნივთის ამსახველი ნახაზები. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მიწა შეიძლება არსებობდეს საკუთრებაში, როგორც დაზუსტებული, ასევე დაუზუსტებელი მონაცემებით. კანონმდებლობა არ შეიცავს დაუზუსტებელი მონაცემებით მიწის ნაკვეთის სუბიექტზე აღრიცხვის გამომრიცხავ დანაწესს. ამასთანავე, პირველად დაუზუსტებელ რეგისტრაციას არ აქვს მხოლოდ საცნობარო მნიშვნელობა, უმართებულოა მისი დაყვანა მხოლოდ ფაქტობრივ აღრიცხვამდე, რომელიც აღრიცხვის ობიექტის მიმართ არ იწვევს რაიმე სამართლებრივ შედეგს. სააღრიცხვო მონაცემებს იურიდიული მნიშვნელობა გააჩნია, სარეგისტრაციო აღრიცხვის ოფიციალობა უზრუნველყოფილია საჯარო რეესტრით. სარეგისტრაციო პროცედურას შედეგად მოსდევს უფლებადამდგენი დოკუმენტის გაცემა, რომელიც ადასტურებს იურიდიული ფაქტების კანონიერებას. რეგისტრაციას პრეიუდიციული მნიშვნელობა აქვს, ის არის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალიზაციის პირობა, რეგისტრაცია არის უძრავ ქონებაზე უფლების წარმოშობის, შეცვლის სახელმწიფოს მხრიდან დადასტურების იურიდიული აქტი, რითაც რეგისტრაციის განმახორციელებელი კისრულობს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობათა კომპლექსის დაცვის ვალდებულებას, სახელმწიფო რეგისტრაცია მოწოდებულია მთლიანობაში სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა განამტკიცოს, ის არის ტიტულის, პირის უფლებების სახელმწიფო დაცვის ფორმალური პირობა (სუსგ 28.02.2013წ. საქმე №ბს-367-363(კ-12)). ამდენად, მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებული იყო სადავო გადაწყვეტილების მიღებისას გამოერკვია მიწის ნაკვეთზე სხვა პირის უფლების რეგისტრაციის არსებობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.03.2019წ. განჩინება;
3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 10.07.2019წ. №21156 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი