Facebook Twitter

ბს-406(კ-19) 25 ნოემბერი, 2021წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ს. ს-ის უფლებამონაცვლის ო. რ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.01.2019წ. გადაწყვეტილებაზე და ამავე პალატის უსწორობის გასწორების შესახებ 31.01.2019წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ს. ს-მა 23.01.2018წ. სარჩელით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და ამავე სააგენტოს ბოლნისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურის რეგისტრაციის შესახებ 08.04.2010წ. №..., 25.07.2013წ. №..., 20.11.2017წ. №..., სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 21.12.2017წ. №... და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 29.12.2017წ. №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა.

დავის რაიონულ სასამართლოში განხილვისას, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ვ. ს-ი და ფ. ს-ი.

ს. ს-მა 19.02.2018წ. დაზუსტებული სარჩელით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურის რეგისტრაციის შესახებ 08.04.2010წ. №..., 25.07.2013წ. №..., 11.06.2014წ. №... და 11.01.2017წ. №..., სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ 20.11.2017წ. №... და 28.11.2017წ. №..., სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 21.12.2017წ. №... და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 29.12.2017წ. №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, ასევე ქ. მარნეულში, ...ის (ყოფილი ...ას) ქ. ...ში, №4ა-ში მდებარე უძრავ ნივთის ½ წილზე ს. ს-ის საკუთრების უფლების აღრიცხვის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბოლნისის სარეგისტრაციო სამსახურის დავალდებულება.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 29.06.2018წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელე ს. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 08.04.2010წ. №..., 25.07.2013წ. №..., 11.06.2014წ. №..., 11.01.2017წ. №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებები, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 28.11.2017წ. №... და 20.11.2017წ. №... სარეგისტრაციო წაროების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილებები, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 21.12.2017წ. №... სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 29.12.2017წ. №... ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტს დაევალა არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება და საჭიროების შემთხვევაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ვ. ს-ის და ფ. ს-ის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.01.2019წ. გადაწყვეტილებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ვ. ს-ის და ფ. ს-ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 29.06.2018წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ს. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, მარნეულის რაიონის ტერიტორიაზე უნებართვოდ აშენებული საცხოვრებელი სახლების სამართლებრივი რეგისტრაციის შესახებ კომისიის 30.03.1995წ. აქტის, ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს 22.05.1995წ. ცნობა-დახასიათების და 22.05.1995წ. სარეგისტრაციო მოწმობით დასტურდება, რომ 22.05.1995წ. მდგომარეობით გ. ს-ი წარმოადგენდა მარნეულში, ...ის ქ. ...ში, №4ა-ში 1759 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე არსებული უძრავ ქონების ერთპიროვნულ მესაკუთრეს. 31.05.1995წ. გ. ს-სა და ვ. ს-ს შორის დაიდო სანოტარო წესით გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება, რომლითაც გ. ს-მა თავის შვილს - ვ. ს-ს აჩუქა ქ. მარნეულში, ...ის ქ. ...ში, სახლი №4-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი, რომლის საერთო ფართა 141,07 კვ.მ, საცხოვრებელი ფართი - 82,78 კვ.მ, დამხმარე ფართი - 58,28 კვ., სამეურნეო ფართი - 46,55 კვ.მ.. განსახილველ შემთხვევაში უფლების გადაცემის დოკუმენტში არ არის ასახული მიწის ნაკვეთის ფართობი, კერძოდ, 1759 კვ.მ.. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მითითებულ პერიოდში საკუთრების უფლების გასხვისების საკითხს არეგულირებდა სამოქალაქო სამართლის კოდექსი, რომლის 93-ე მუხლის პირველი ნაწილით მიწა, მისი წიაღი, წყალი და ტყე წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებას და გაიცემა მხოლოდ სარგებლობისათვის. ამდენად, ჩუქების ხელშეკრულების პერიოდში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად მიწა წარმოადგენდა მხოლოდ სახელმწიფო საკუთრების ობიექტს და იგი გადაეცემოდა კერძო პირებს მხოლოდ სარგებლობის უფლებით. გ. ს-მა მის საკუთრებაში არსებული სრული ქონება საკუთრების უფლებით გადასცა ვ. ს-ს, შესაბამისად, მოსარჩელის მითითება იმ გარემოებაზე, რომ გ. ს-მა ვ. ს-ს აჩუქა მის საკუთრებაში არსებული ქონების ნაწილი, უსაფუძვლოა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საბინაო წიგნში არსებული ჩანაწერი არ შეესაბამება მხარეთა შორის განხორციელებულ ოპერაციას, იგი ვერ გააქარწყლებს მხარეთა შორის დადებული გარიგების შედეგად დამდგარ ფაქტობრივ მოცემულობას, ვინაიდან 31.05.1995წ. ჩუქების ხელშეკრულებით გ. ს-მა ვ. ს-ს სრულად გადასცა მისი საკუთრების ობიექტი. ვ. ს-ი 1995 წლის 31 მაისის შემდეგ წარმოადგენდა გ. ს-ის საკუთრებაში არსებული სრული ქონების ერთპიროვნულ მესაკუთრეს, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ საბინაო წიგნში დაფიქსირებული იყო უძრავ ქონებაზე გ. ს-ისა და ვ. ს-ის თანასაკუთრების უფლება. სააპელაციო პალატის მოსაზრებით აღნიშნული ჩანაწერი უსათუოდ წარმოადგენს ხარვეზს და იგი ვერ გახდება მხარეთა ნების გამოვლენის საფუძველზე წარმოშობილი საკუთრების უფლების შეზღუდვის/ჩამორთმევის საფუძველი. გ. ს-ის საკუთრებაში ყოფილ ქონებაზე მოსარჩელის უფლება გამოირიცხა, ვინაიდან დადასტურდა გ. ს-ის საკუთრებაში არსებული სრული ქონების ვ. ს-ისთვის საკუთრების უფლებით გადაცემა. განსახილველ შემთხვევაში ვ. ს-მა მოითხოვა მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. ჩუქების ხელშეკრულების ობიექტზე მისი საკუთრების უფლება ეჭვს არ იწვევს, ხოლო დარჩენილ ქონებას - მიწის ნაკვეთს იგი ფლობდა მართლზომიერად, შესაბამისად, ვ. ს-მა საკუთრების უფლება მოიპოვა საცხოვრებელ სახლზე და იგი აღნიშნული პერიოდიდან მართლზომიერად ახორციელებდა 1759 კვ.მ. მიწის ნაკვეთის სარგებლობას. სადავო რეგისტრაციით 1759 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე განხორციელდა პირველადი რეგისტრაცია ვ. ს-ზე, როგორც მართლზომიერ მფლობელზე. ვ. ს-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ 08.04.2010წ. №... გადაწყვეტილება წარმოადგენს კანონმდებლობის შესაბამისად გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი გარემოებები, შესაბამისად არ არსებობს 25.07.2013წ. №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის წინაპირობაც. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20.11.2017წ. №... და 21.12.2017წ. №... გადაწყევტილებები წარმოადგენს კანონშესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, ვინაიდან გ. ს-ს დანაშთი ქონების სახით აღარ გააჩნდა ის უძრავი ქონება, რომელზეც ს. ს-ი ითხოვდა უფლების რეგისტრაციას. მას სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე არ წარმოშობია უფლება სადავო ქონებაზე. გ. ს-მა მისი სიცოცხლის პერიოდში განკარგა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, რაც ვეღარ შევიდოდა სამკვიდრო მასაში, ამასთან, სარეგისტრაციო ობიექტზე რეგისტრირებული იყო მესამე პირის საკუთრების უფლება, ხოლო განმცხადებელს არ წარუდგენია იმგვარი მტკიცებულება, რაც რეგისტრირებული უფლების გაუქმების საფუძველს წარმოადგენდა, ასევე კანონშესაბამის აქტს წარმოადგენს 20.11.2017წ. №... და 21.12.2017წ. №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის მოთხოვნაზე გამოცემული ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 29.12.2017წ. №... გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.01.2019წ. განჩინებით გასწორდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.01.2019წ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობა, კერძოდ, მიეთითა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 23.01.2018წ. განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.01.2019წ. გადაწყვეტილება და ამავე პალატის 23.01.20198წ. განჩინება უსწორობის გასწორების შესახებ საკასაციო წესით გასაჩივრდა ს. ს-ის მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება ს. ს-ის მიერ სამკვიდროს გზით მამის - გ. ს-ის კუთვნილი უძრავი ქონების საკუთრებაში მიღების შეუძლებლობის შესახებ. ცნობა-დასახისიათების თანახმად მარნეულში მდებარე სადავო უძრავი ქონების თანაბრად ეკუთვნით გ. ს-ს და ვ. ს-ს. 1995წ. ჩუქების ხელშეკრულებით ვ. ს-მა მამისგან ჩუქების ხელშეკრულებით მიიღო ქონების ½ ნაწილი, ხოლო დანარჩენი ½ ნაწილი დარჩა მამის - გ. ს-ის საკუთრებაში. აღნიშნული გარემოება საერთოდ უგულებელყო სააპელაციო სასამართლომ. სადავო უძრავი ნივთი ფაქტობრივად შედგება ორი დამოუკიდებელი საცხოვრებელი სახლისაგან, სადაც ცხოვრობს კასატორი და ფლობს მას წლების განმავლობაში. ტექნიკური ინვეტარიზაციის არქივის მონაცემებში გ. ს-ზე ½ ნაწილზე აღრიცხული უფლება გაუქმებული არ არის, შესაბამისად, კასატორს, როგორც მამის - გ. ს-ის მემკვიდრეს, სადავო ქონების ½ ნაწილზე საკუთრების უფლების დარეგისტრირების მოთხოვნა გააჩნია. სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელ ნორმატიულ ბაზას და მიიღო უკანონო გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლოს 01.10.2021წ. განჩინებით კასატორის ს. ს-ის უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაება ო. რ-ა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს. სარმემედოვის უფლებამობაცვლის ო. რ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმის მასალებში დაცული 22.05.1995წ. ცნობა-დახასიათების თანახმად გ. ს-ის სახელზე აღრიცხული იყო ქ. მარნეულში, ...ის ...ში, სახლი №4-ში მდებარე ლიტ. „ა“ საცხოვრებელი სახლი, რომელიც განლაგებულია 1759 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე. საცხოვრებელი სახლის საერთო ფართი შეადგენს 141,07 კვ.მ.-ს და სამეურნეო ფართი - 46,55 კვ.მ.-ს. უფლების აღრიცხვის საფუძვლად მითითებულია უნებართვოდ აშენებული საცხოვრებელი სახლების სამართლებრივი რეგისტრაციის კომისიის 30.03.1995წ. აქტი. სანოტარო წესით დამოწმებული 31.05.1995წ. ჩუქების ხელშეკრულებით გ. ს-მა შვილს - ვ. ს-ს აჩუქა ქ. მარნეულში, ...ის ...ში, სახლი №4-ში მდებარე 141,07 კვ.მ. საერთო ფართის მქონე საცხოვრებელი სახლი და 46,55 კვ.მ. სამეურნეო ფართი. ამდენად, მითითებულ უძრავ ნივთზე აღრიცხული იყო გ. ს-ის უფლება, რომელმაც სრულად განკარგა მის სახელზე აღრიცხული უძრავი ქონება, შესაბამისად, უსაფუძვლოა კასატორის მითითება იმის შესახებ, რომ ჩუქების ხელშეკრულებით გ. ს-მა განკარგა მხოლოდ უძრავი ნივთის ½ ნაწილი და ½ ნაწილი დარჩა მას საკუთრებაში. რაც შეეხება მიწის ნაკვეთს, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ 1995 წელს, ჩუქების ხელშეკრულების დადების დროისათვის მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის 93-ე მუხლის თანახმად, მიწა წარმოდგენდა მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებას და გაიცემოდა მხოლოდ სარგებლობისათვის, ამასთან, ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს 22.05.1995წ. ცნობა-დახასიათების (ტ.2, ს.ფ. 139-140) თანახმად ბოლო ინვენტარიზაციის მონაცემებით მიწის ნაკვეთის ფართობი შეადგენს 1759 კვ.მ.-ს და გრაფის - „ვის მიწაზეა განლაგებული ნაკვეთი“ გასწვრივ მითითებულია „ქალაქის“. 26.06.1997წ. მიღებული იქნა სამოქალაქო კოდექსი, რომლის 1513-ე მუხლის მიხედვით ფიზიკურ პირთა კანონიერ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები, რომლებზედაც ინდივიდუალური სახლებია განლაგებული, სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებიდან ითვლება ამ პირთა საკუთრებად და მათზე ვრცელდება სამოქალაქო კოდექსით უძრავი ნივთებისათვის გათვალისწინებული წესები, შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში ჩუქების ხელშეკრულებაში მიწის ნაკვეთის შესახებ მიუთითებლობა არ გულისხმობს გამჩუქებლის - გ. ს-ის მიერ უძრავი ნივთის ნაწილის გაჩუქებას.

უსაფუძვლოა კასატორის მითითება მისი, როგორც მამის - გ. ს-ის მემკვიდრის, სადავო ქონების ½ ნაწილზე საკუთრების უფლების დარეგისტრირების მოთხოვნის უფლების არსებობის თაობაზე. 10.11.2017წ. სამკვიდრო მოწმობის თანახმად, ს. ს-ი არის 13.05.2013წ. გარდაცვლილი გ. ს-ის პირველი რიგის მემკვიდრე - შვილი, რომელმაც სრულად მიიღო გ. ს-ის სამკვიდრო ქონება. სამკვიდრო ქონებას შეადგენს სამკვიდრო ქონებაში შემავალი აქტივები და პასივები. სკ-ის 1328.1 მუხლის თანახმად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ 31.05.1995წ. ჩუქების ხელშეკრულებით გ. ს-მა ვ. ს-ს სრულად გადასცა მისი საკუთრების ობიექტი და მისი გარდაცვალების მომენტისათვის გ. ს-ს სადავო უძრავ ნივთზე უფლება არ გააჩნდა. ამ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) კასატორს არ წარმოუდგენია, შესაბამისად, კასატორის მოსაზრება სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე სადავო უძრავი ქონების ½ ნაწილზე რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების შესახებ დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს გაზიარებული. რაც შეეხება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის უსწორობის გასწორების შესახებ 31.01.2019წ. განჩინებას, განსახილველ შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ შეიცავს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების საფუძვლების კრიტიკას და უსწრობებზე მითითებას, ამდენად, საკასაციო პალატა მოკლებულია გასაჩივრებული განჩინების კონკრეტული საფუძვლების შემოწმების შესაძლებლობას, ამასთან, სსკ-ის 1991 მუხლით დადგენილია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების წესი, რომლის მიხედვით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ს. ს-ის უფლებამონაცვლის ო. რ-ას საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს. ს-ის უფლებამონაცვლის ო. რ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.01.2019წ. გადაწყვეტილება და ამავე პალატის 31.01.2019წ. განჩინება;

3. ო. რ-ას (პირადი №...) დაუბრუნდეს ს. ს-ის (პირადი №...) მიერ საკასაციო საჩივარზე 16.04.2019წ. №45 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი