Facebook Twitter

ბს-1196 (კ-19) 26 ნოემბერი, 2021 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლეების) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.05.2019წ. გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს ,,...მა’’ 09.03.2018წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 04.06.2015წ. N04-156/ო ბრძანებით შექმნილი ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის" პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლების მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 29.11.2017წ. N29/11/2017 საოქმო გადაწყვეტილების, შპს ,,...ის" 03.11.2017წ. N110242, N110245, N110246 და N110250 ადმინისტრაციული საჩივრების ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ სარეზოლუციო ნაწილის პირველი ნაწილის "ა" პუნქტის და მის საფუძველზე გამოცემული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსის 07.02.2018წ. წერილის ბათილად ცნობა, შპს ,,...ის“ (ამბროლაური) მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბარათი) შევსების მდგომარეობის, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 19.07.2017წ. N04/47507 წერილით მოთხოვნილი ინფორმაციის და დოკუმენტაციის N72/2017-09 შემოწმების აქტის ბათილად ცნობა, შპს ,,...ის“ (ონი) მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბარათი) შევსების მდგომარეობის, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 19.07.2017წ. N04/47507 წერილით მოთხოვნილი ინფორმაციის და დოკუმენტაციის N71/2017-09 შემოწმების აქტის ბათილად ცნობა, შპს ,,...ის“ (ცაგერი) მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბარათი) შევსების მდგომარეობის, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 19.07.2017წ. N04/47507 წერილით მოთხოვნილი ინფორმაციის და დოკუმენტაციის N40/2017-09 შემოწმების აქტის ბათილად ცნობა იმ საჯარიმო სანქციების ნაწილში, რომლებიც გამოყენებულია შპს "ა..."-ს და შპს "ს...ის" მხრიდან გადაცემული და ავტომატურად აღრიცხული მოსარგებლეების შემთხვევებზე და მოსარჩელეს მათი ხელახალი რეგისტრაცია არ განუხორციელებია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.03.2018წ. განჩინებით ცალკე წარმოებად გამოეყო და განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ამბროლაურის რაიონულ სასამართლოს სარჩელი შემდეგი სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში: შპს ,,...ის" (ამბროლაური) მიერ, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბარათი) შევსების მდგომარეობის, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 19.07.2017წ. წერილით მოთხოვნილი ინფორმაციის და დოკუმენტაციის N72/2017-09 შემოწმების აქტის, შპს ,,...ის" (ონი) მიერ, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბარათი) შევსების მდგომარეობის, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 19.07.2017წ. 04/47507 წერილით მოთხოვნილი ინფორმაციის და დოკუმენტაციის N71/2017/09 შემოწმების აქტისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 04.06.2015წ. N04-156/ო ბრძანებით შექმნილი ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის" პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლების მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 29.11.2017წ. N29/11/2017 საოქმო გადაწყვეტილების, შპს "...ის" 03.11.2017წ. N110242, N110245, N110246 და N110250 ადმინისტრაციული საჩივრების ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ სარეზოლუციო ნაწილის პირველი ნაწილის ,,ა" პუნქტის და მის საფუძველზე გამოცემული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსის 07.02.2018წ. წერილის ბათილად ცნობის ნაწილში (ამბროლაურისა და ონის ნაწილში); ხოლო ცალკე წარმოებად გამოეყო და განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ცაგერის რაიონული სასამართლოს სარჩელი შემდეგი სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში: შპს ,,...ის" (ცაგერი) მიერ, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბარათი) შევსების მდგომარეობის, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 19.07.2017წ. N04/47507 წერილით მოთხოვნილი ინფორმაციის და დოკუმენტაციის N40/2017-09 შემოწმების აქტის იმ საჯარიმო სანქციების ბათილად ცნობის ნაწილში, რომლებიც გამოყენებული შპს ,,ა...-ს" და შპს ,,ს...ის" მხრიდან გადაცემული და ავტომატურად აღრიცხული მოსარგებლეების შემთხვევებზე და მოსარჩელეს მათი ხელახალი რეგისტრაცია არ განუხორციელებია, ასევე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 04.06.2015წ. N04-156/ო ბრძანებით შექმნილი ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის" პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლების მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 29.11.2017წ. N29/11/2017 საოქმო გადაწყვეტილების შპს "...ის" 03.11.2017წ. N110242, N110245, N110246 და N110250 ადმინისტრაციული საჩივრების ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ სარეზოლუციო ნაწილის პირველი ნაწილის ,,ა’’ პუნქტის და მის საფუძველზე გამოცემული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსის 07.02.2018წ. წერილის ბათილად ცნობის ნაწილში (ცაგერის ნაწილში).

შპს ,,...მა" ცაგერის რაიონულ სასამართლოში სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შედეგად მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 04.06.2015წ. N04–156/ო ბრძანებით შექმნილი ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლების მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 29.11.2017წ. N29/11/2017 საოქმო გადაწყვეტილების, შპს ,,...ის" 03.11.2017წ. N110242 ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ, სარეზოლუციო ნაწილის პირველი ნაწილის ,,ა“ პუნქტის და მის საფუძველზე გამოცემული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსის 07.02.2018წ. წერილის ბათილად ცნობა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის ახალი ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ასევე შპს ,,...ის’’ (ცაგერი) მიერ, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბარათი) შევსების მდგომარეობის, სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს’’ 19.07.2017წ. N04/47507 წერილით მოთხოვილი ინფორმაციის და დოკუმენტაციის N40/2017–09 შემოწმების აქტის ბათილად ცნობა.

ცაგერის რაიონული სასამართლოს 17.10.2018წ. გადაწყვეტილებით შპს ,,...ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 04.06.2015წ. N04–156/ო ბრძანებით შექმნილი ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლების მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 29.11.2017წ. N29/11/2017 საოქმო გადაწყვეტილება, შპს ,,...ის" 03.11.2017წ. N110242 ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ, სარეზოლუციო ნაწილის პირველი ნაწილის ,,ა“ პუნქტი და მის საფუძველზე გამოცემული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსის 07.02.2018წ. N04/7044 წერილი; შპს ,,...ის" (ცაგერი) მიერ, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბარათი) შევსების მდგომარეობის, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 19.07.2017წ. N04/47507 წერილით მოთხოვილი ინფორმაციის და დოკუმენტის N40/2017–09 შემოწმების აქტი; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა საკითხის სრულყოფილად და საფუძვლიანად შესწავლის შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.05.2019წ. გადაწყვეტილებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ცაგერის რაიონული სასამართლოს 17.10.2018წ. გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, შპს "...ის" სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 29.11.2017წ. N29/11/2017 საოქმო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის "ა" პუნქტი 40/2017-09 აქტის შეჩერების ნაწილში, რომლებიც გამოყენებულია შპს ,,ა...-ის" და შპს ,,ს...ის" მხრიდან გადაცემული და ავტომატურად აღრიცხული მოსარგებლეების შემთხვევებზე და მოსარჩელეს მათი ხელახალი რეგისტრაცია არ განუხორციელებია, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 29.09.2017წ. N40/2017-09 შემოწმების აქტი, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად შპს "...ის" (ცაგერი) შემოწმებასთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. №36 დადგენილების №1 დანართის 19.10 მუხლის თანახმად, სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დარღვევა მიმწოდებლის მიერ, რომელიც გამოვლენილი იქნება რევიზიის დროს, გამოიწვევს ამ უკანასკნელის დაჯარიმებას შემთხვევის ღირებულების შესაბამისად, პროგრამის ფარგლებში ანაზღაურებული თანხის 10%-ით. ამავე დადგენილების №1 დანართის 19.11 მუხლის მიხედვით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა (გარდა სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესისა), რომელიც გამოვლინდება რევიზიის დროს, გამოიწვევს მომწოდებლის დაჯარიმებას შემთხვევის ღირებულების შესაბამისად, პროგრამის ფარგლებში ანაზღაურებული თანხის 10%-ით. კონკრეტულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალების შესაბამისად, დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ განხორციელდა შპს ,,...ის“ ცაგერის სამედიცინო დაწესებულებების შემოწმება. დადგენილია, რომ 2014 წლის დეკემბრიდან 2015 წლის აპრილამდე, შპს "...ს" გადაეცა 09 (ცხრა) სამედიცინო დაწესებულება მაღალმთიან რეგიონებში. შემოწმების შედეგად გამოვლინდა ცალკეულ ბენეფიციართა რეგისტრაციისას არსებული დარღვევები, კერძოდ, დოკუმენტებში არ აღმოჩნდა მათი პირადობის მოწმობები, რაც გახდა მოსარჩელეზე ჯარიმის დაკისრების საფუძველი. დადგენილია, რომ საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილების 23.35 მუხლის "გ" ქვეპუნქტის თანახმად, შპს "...ზე" ხელახალი რეგისტრაციის გარეშე მოხდა რეგისტრირებული ბენეფიციარების გადაწერა და მათთვის მომსახურების გაწევის განხორციელება, ამდენად სადავო პერიოდი ეხება ე.წ. გადმომისამართებულ ბენეფიციარებს. ავტომატური გადაწერის პროცესში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებისათვის, მოსარჩელე მხარის მიერ დაიწყო თანხმობის ფორმების შემოწმება. მაღალმთიან რეგიონში გადაცემული 09 (ცხრა) სამედიცინო დაწესებულების თანხმობის ფორმების შემოწმებას დასჭირდა გარკვეული ვადა და დიდი რესურსი. აღსანიშნავია, რომ შემოწმებისა და ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მოსარჩელის მიერ წარდგენილ იქნა ამ ბენეფიციართა პირადობის მოწმობები, აღნიშნული გარემოება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული.

სააპელაციო პალატის განმარტებით, ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. №36 დადგენილების მე-20 მუხლით განსაზღვრულია პროგრამებში მონაწილე სუბიექტების უფლება-მოვალეობები, კერძოდ, ამ ნორმის მე-5 პუნქტის ,,მ’’ ქვეპუნქტის თანახმად, პროგრამის მონიტორინგის განხორციელებისას მოთხოვნისთანავე, ხოლო ზედამხედველობის სხვა ეტაპებზე არა უგვიანეს სამი სამუშაო დღისა, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს უფლებამოსილი პირის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის (მ.შ. საჭიროების შემთხვევაში, სამედიცინო და ფინანსური დოკუმენტაციის ასლები) მიწოდება. დადგენილების მიხედვით, შემოწმების აქტი და რევიზიის აქტი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის დადგენილ მოთხოვნებს და მოიცავდეს მითითებას საჯარიმო სანქციების გადახდისა და აღსრულების პირობებზე (151 და 16 მუხლები). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83.2 მუხლის შესაბამისად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. პალატა განმარტავს, რომ დადგენილების მე-20 მუხლისა და კოდექსის 83-ე მუხლის დანაწესით კანონმდებელმა საჯარო-სამართლებრივ ურთიერთობაში შემოიტანა ხარვეზის ინსტიტუტი, რაც წარმოადგენს ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფისა და შესაბამისად, ობიექტური გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ადმინისტრაციული აქტის გამოცემისათვის საჭირო დოკუმენტის წარუდგენლობა შეიძლება გახდეს ხარვეზის დადგენის და არა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დგინდება და ვერც აპელანტის წარმომადგენელი უთითებს შემმოწმებლების მიერ ხარვეზის დადგენის პროცედურების დაცვაზე, ამასთან საქმის მასალებით უდავოდ დგინდება ის გარემოება, რომ შემოწმების პროცესში და ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ეტაპზე წარდგენილ იქნა ბენეფიციართა პირადობის მოწმობების ასლები, რაც უნდა გაეთვალისწინებინა მოპასუხე მხარეს, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც შესამოწმებელი პერიოდი შეეხებოდა სხვა სამედიცინო დაწესებულების მიერ შედგენილ სამედიცინო დოკუმენტაციის სრულყოფის საკითხს, ხოლო მოსარჩელე მხარისათვის მაღალმთიან რეგიონში გადაცემული ცხრა სამედიცინო დაწესებულების თანხმობის ფორმების შემოწმებას სჭირდებოდა გარკვეული ვადა და დიდი რესურსი.

სააპელაციო პალატის განმარტებით, დარღვევის ფორმალურ ნიშნებზე მითითებით მოსარჩელის დაჯარიმება, როგორც შემზღუდველი ღონისძიება, უნდა იყოს ქმედების თანაზომიერი და ემსახურებოდეს სამართლებრივი სახელმწიფოს კონსტიტუციურ პრინციპს, რომლის თანახმადაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე რომელიმე მხარის უფლების შეზღუდვა იმდენად არის დასაშვები, რამდენადაც ის საჯარო ინტერესების დაცვისათვის გარდაუვალი საშუალებაა. ასეთის იგნორირების პირობებში ირღვევა ადმინისტრაციული სამართლის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი - კერძო და საჯარო ინტერესების პროპორციულობის პრინციპი, რაც მმართველობის სტაბილურობისთვის საფრთხის შემცველია. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ როდესაც შემოწმების პროცესში მოსარჩელის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის წარდგენილ იქნა ყველა ბენეფიციარის პირადობის მოწმობა, რითაც აღმოფხვრა სამედიცინო დოკუმენტაციებში არსებული ხარვეზი, საკითხისადმი ფორმალური მიდგომა და მოსარჩელის დაჯარიმება ეწინააღმდეგება ზემოაღნიშნულ ნორმათა მოთხოვნებს, რაც ამ ნაწილში გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის წინაპირობას წარმოადგენდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.05.2019წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.

კასატორის განმარტებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ შპს ,,...ის’’ ცაგერის სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგი განხორციელდა კანონმდებლობის სრული დაცვით. კასატორმა მიუთითა, რომ პიროვნების მაიდენტიფიცირებელი ერთადერთი დოკუმენტი ეს არის პირადობის მოწმობა ან პასპორტი. აშკარაა, რომ სამედიცინო დაწესებულების მიერ გარკვეულ მოსარგებლეთა რეგისტრაცია განხორციელდა დარღვევით (პირადობის მოწმობის გარეშე), სამედიცინო დაწესებულების მხრიდან ბენეფიციარების გადამოწმების პროცესში უნდა გაუქმებულიყო არასწორად დარეგისტრირებულ მოსარგებლეთა რეგისტრაცია, რადგან წინამორბედი კომპანიის მიერ ბენეფიციარები არასწორად დარეგისტრირდნენ და არასწორად ხდებოდა სარგებლის მიღება ბიუჯეტიდან. სააგენტომ ადმინისტრაციულ საჩივარზე თანდართული პირადობის მოწმობები მიიღო, შეაფასა და გამოიკვლია დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში. კასატორმა საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილების N1 დანართის 19.18 მუხლსა და 20.5 მუხლის "მ" ქვეპუნქტზე მითითებით აღნიშნა, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ადმინისტრაციული წარმოება განხორციელდა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, მხარის ინტერესების გათვალისწინებით, დამატებითი საჯარიმო სანქციების გამოყენების გარეშე. სააგენტო, როგორც ადმინისტრაციული ორგანო ვერ გამოსცემდა ისეთ ინდივიდუალურ–ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტს, რომელიც იქნებოდა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის საწინააღმდეგო და უდავო ფაქტობრივი გარემოებების საპირისპირო. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიუთითებს, რომ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და სააგენტოს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.11.2021წ. განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლეებად საქმეში ჩაბმულ იქნენ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლეების) საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. №36 დადგენილების სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 9.1 მუხლის მიხედვით პროგრამის ზედამხედველობა მოიცავს პროგრამის განხორციელებაზე ზედამხედველობას პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებების ეფექტიანი შესრულების მიზნით. ამავე დადგენილების 151.3 მუხლის თანახმად, კონტროლის განხორციელება შესაძლებელია შერჩევითი შემოწმების გზით, პროგრამის განმახორციელებლის მიერ, ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე. კონტროლის განხორციელებისას ხდება მიმწოდებელთან არსებული სამედიცინო, ფინანსური დოკუმენტაციისა და საინფორმაციო სისტემაში მიმწოდებლის მიერ დაფიქსირებული ინფორმაციის გადამოწმება (დადგენილების 15.4 მუხ.). კონტროლის განხორციელებისას განმახორციელებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ დგება შემოწმების აქტი, პროგრამის განმახორციელებლის მიერ დადგენილი ფორმის შესაბამისად, რომლითაც მიმწოდებელს შეიძლება დაეკისროს ანაზღაურებული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება ან/და დამატებითი ფინანსური ჯარიმის გადახდა (დადგენილების 15.5 მუხ.). ამავე დადგენილების მე-20 მუხლით განსაზღვრულია ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” პროგრამაში მონაწილე სუბიექტების უფლება-მოვალეობანი, კერძოდ, მე-5 პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია პროგრამის მონიტორინგის განხორციელებისას მოთხოვნისთანავე, ხოლო ზედამხედველობის სხვა ეტაპებზე არა უგვიანეს სამი სამუშაო დღისა, უზრუნველყოს უფლებამოსილი პირის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის (მ.შ. საჭიროების შემთხვევაში, სამედიცინო და ფინანსური დოკუმენტაციის ასლები) მიწოდება.

დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული პროგრამის ფარგლებში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ 29.09.2017წ. განახორციელა შპს ,,...ის“ ცაგერის სამედიცინო დაწესებულებებში საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე შევსებული თანხმობის ფორმებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტების შემოწმება. შემოწმების შედეგად გამოვლინდა ცალკეულ ბენეფიციართა რეგისტრაციისას არსებული დარღვევები, კერძოდ დოკუმენტებში არ აღმოჩნდა მათი პირადობის მოწმობები, რაც გახდა სადავო აქტებით მოსარჩელეზე ჯარიმის დაკისრების საფუძველი. ასევე დადგენილია, რომ შემოწმებისა და ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მოსარჩელის მიერ წარდგენილი იქნა ამ ბენეფიციართა პირადობის მოწმობები, რაც არ იქნა გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კასატორი წარმოადგენს ზაკ-ის 2.1. მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო-სამართლებრივ უფლებამოსილებებს. სააგენტოს საქმიანობაზე უნდა გავრცელდეს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმები, რომლებიც წარმოების ჩატარებას, აქტის გამოცემას და მისი ადრესატისადმი გაცნობას უკავშირდება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოებისათვის კანონმდებლობით დაწესებული ვალდებულებები წარმოადგენს მათ საჯარო ვალდებულებას, რომლის შესრულების კანონიერი, პატივსადები მოლოდინი გააჩნია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. სზაკ-ის 83-ე მუხლის მიხედვით, იმ შემთხვევაში, როცა განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. ადმინისტრაციული ორგანოს მოვალეობა - განმცხადებელს განუსაზღვროს ვადა, ნიშნავს ხარვეზის დადგენას, შესაბამისი მითითებებით და დაინტერესებული პირისთვის მისი გამოსწორების შესაძლებლობის მიცემას.

კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ შემოწმების პროცესში და ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ეტაპზე წარდგენილ იქნა ბენეფიციართა პირადობის მოწმობების ასლები, რაც უნდა გაეთვალისწინებინა მოპასუხე მხარეს მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც შესამოწმებელი პერიოდი შეეხებოდა სხვა სამედიცინო დაწესებულების მიერ შედგენილ სამედიცინო დოკუმენტაციის სრულყოფის საკითხს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ საკითხისადმი ფორმალური მიდგომა და მოსარჩელის დაჯარიმება ეწინააღმდეგება ზემოაღნიშნულ ნორმათა მოთხოვნებს, რაც ამ ნაწილში გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის წინაპირობას წარმოადგენდა.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლეების) საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლეების) საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.05.2019წ. გადაწყვეტილება;

3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (ს/კ 202178927) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 13.11.2019წ. N36409 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი