საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-177(კ-20) 16 ნოემბერი, 2021 წელიქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს მთავრობა
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - თ. ქ-ე
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 აპრილის განჩინება
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა; ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 5 ივნისს თ. ქ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 1989 წელს აჭარის მაღალმთიან რაიონებში (ხულოსა და შუახევის რაიონებში) მომხდარმა სტიქიურმა მოვლენებმა არაერთი ოჯახი უსახლკაროდ დატოვა. გეოლოგიური დასკვნების საფუძველზე, აჭარის მაღალმთიანი სოფლებიდან სამი ათასზე მეტი ოჯახი ჩასახლდა საქართველოს ორმოცამდე რაიონში, მათ შორის 75 ოჯახი ჩაასახლეს გარდაბნის რაიონის სოფელ ...ში (საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1989 წლის 9 ოქტომბრის N497 დადგენილება). ხულოს რაიონის სოფელ ...იდან ჩამოსახლებულ იქნა მ. ქ-ის სამწევრიანი ოჯახი. მ. ქ-ის ოჯახს, იმ პერიოდში ვერ გამოუყვეს დროებითი საცხოვრებელი ფართი და მთავრობის მიერ დაპირებული საცხოვრებელი სახლის აშენებამდე, საცხოვრებლად დარჩნენ მეწყერსაშიშ ადგილას მდებარე სახლში, სოფელ ...ში. მ. ქ-ის ოჯახი უშედეგოდ ელოდა გარდაბნის რაიონის სოფელ ...ში საცხოვრებელი სახლის აშენებას. მ. ქ-ე გარდაიცვალა 2008 წლის 22 აპრილს.
საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 დეკემბრის N750 ბრძანებულებით, მიღებულ იქნა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს და მიწის მართვის დეპარტამენტის წინადადება და აჭარის მაღალმთიანი რაიონებიდან გარდაბნის რაიონის სოფელ ...ის მეურნეობის ტერიტორიაზე ჩამოსახლებული ოჯახებისათვის გამოიყო 20 ჰექტარი მიწის ფართობი. ამავე დადგენილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა გაეთვალისწინებინა და გამოეძებნა საჭირო თანხა, რათა საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს ჩამოსახლებულთათვის აეშენებინა საცხოვრებელი სახლები.
მას შემდეგ, რაც სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს ამოეწურათ ყოველგვარი იმედი მთავრობის მხრიდან, გადაწყვიტეს (ჩამოსახლებულთა 49 ოჯახი) სარჩელით მიემართათ სასამართლოსთვის, რათა შესრულებულიყო მთავრობის მიერ მიღებული დადგენილებები. მოსარჩელის განმარტებით, ზემოხსენებულ ოჯახებთან ერთად, მან ვერ მიმართა სასამართლოს სარჩელით, ვინაიდან აღნიშნული ფორმით დავის დაწყების თაობაზე ინფორმაცია დროულად ვერ მიიღო. სტიქიით დაზარალებულ 49 ოჯახის სარჩელზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე N3ბ/45312) საქართველოს მთავრობას დაევალა, კანონით დადგენილ ვადაში ჩაეტარებინა ადმინისტრაციული წარმოება სტიქიით დაზარალებულთათვის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობის შესახებ საკითხის განხილვა-გადაწყვეტის მიზნით. ზემოაღნიშნულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსასრულებლად საჭირო ღონისძიებების თაობაზე, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ნოემბრის N1979 განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შესახებ, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 9 ივნისის N1182 განკარგულებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა სახელმწიფო ბიუჯეტიდან, კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებიდან 1.800 ათასი ლარის გადახდა სტიქიით დაზარალებული ოჯახებისათვის, თითოეულ ოჯახზე 50 000 ლარის ოდენობით.
მოსარჩელის განმარტებით, ზემოხსენებული სტიქიით დაზარალებული 49 ოჯახის მსგავსად, მისი ოჯახიც განეკუთვნება სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახს. ირიცხება იმავე სიაში, რომლითაც ხულოსა და შუახევის რაიონებიდან მოხდა 75 ოჯახის ჩასახლება გარდაბნის რაიონის სოფელ ...ში. სახელმწიფომ გარდაცვლილი მ. ქ-ის ოჯახს საკუთრებაში გადასცა 4 000 კვ.მ მიწის ნაკვეთი სოფელი ...ის ტერიტორიაზე და მთავრობა ვალდებულია მისივე განკარგულებებისა და საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე აუშენოს საცხოვრებელი სახლი გადაცემულ მიწის ნაკვეთზე ან გამოუყოს სახსრები სახლის მშენებლობისათვის.
მოსარჩელემ 2018 წლის 3 მაისს განცხადებით მიმართა საქართველოს მთავრობას და მოითხოვა საქართველოს მთავრობის დადგენილებებისა და საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე, მისთვის გადაცემულ მიწის ნაკვეთზე უზრუნველყოფილ იქნეს საცხოვრებელი სახლის მშენებლობა ან მთავრობის მიერ გამოეყოს სათანადო სახსრები საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად. საქართველოს მთავრობამ აღნიშნული განცხადება განსახილველად გადაუგზავნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ 2018 წლის 21 მაისს N03-01/03/12342 წერილობითი პასუხით მოსარჩელეს აცნობა, რომ 1989 წელს შუახევის მუნიციპალიტეტიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტში გადმოსახლებულ პირებზე საკომპენსაციო თანხების გაცემა განხორციელდა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, შესაბამისად, მისი განცხადება დარჩა განუხილველი, რაც ნიშნავს იმას, რომ განცხადებაზე ეთქვა უარი.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის 2018 წლის 04 მაისის GOV 2 18 00014219 გადაწყვეტილების თ. ქ-ის განცხადების განხილვაზე უარის თქმის შესახებ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 21 მაისის N03-01/03/12342 გადაწყვეტილების თ. ქ-ის განცხადების განხილვაზე უარის თქმის შესახებ ბათილად ცნობა და საქართველოს მთავრობის დავალდებულება, კანონით დადგენილ ვადაში, ჩაატაროს ადმინისტრაციული წარმოება თ. ქ-ის, როგორც სტიქიით დაზარალებულისათვის, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის შესახებ საკითხის განხილვის თაობაზე გადაწყვეტის მიზნით და აღნიშნულთან დაკავშირებით გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 1 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 იანვრის განჩინებით თ. ქ-ის სარჩელზე მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 21 მაისის N03-01/03/12342 წერილობითი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე, შეწყდა საქმის წარმოება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით თ. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის 2018 წლის 4 მაისის GOV 2 18 00014219 გადაწყვეტილება თ. ქ-ის განცხადების განხილვაზე უარის თქმის შესახებ და საქართველოს მთავრობას დაევალა, კანონით დადგენილ ვადაში ჩაატაროს ადმინისტრაციული წარმოება თ. ქ-ის, როგორც სტიქიით დაზარალებულისათვის, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის შესახებ საკითხის განხილვა-გადაწყვეტის მიზნით და აღნიშნულთან დაკავშირებით გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს მთავრობამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 აპრილის განჩინებით საქართველოს მთავრობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს მთავრობამ.
კასატორის განმარტებით, თ. ქ-ის წარმომადგენელმა 2018 წლის 3 მაისს განცხადებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მოითხოვა საქართველოს მთავრობას მიეღო გადაწყვეტილება, რომლითაც სტიქიით დაზარალებული, გარდაცვლილი მ. ქ-ის შვილის - თ. ქ-ის ოჯახს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების შესაბამისად, აუშენდებოდა საცხოვრებელი სახლი ან მთავრობის მიერ გამოეყოფოდა სათანადო სახსრები 50 000 ლარის ოდენობით, საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად. აღნიშნული მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელის წარმომადგენელი უთითებდა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ნოემბრის N1979 და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 9 ივნისის N1182 განკარგულებებს. მოსარჩელის წარმომადგენლის ზემოაღნიშნული განცხადება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის 2018 წლის 4 მაისის N14219 წერილით გადაგზავნილ იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 21 მაისის N03-01/03/12342 წერილით განმცხადებელს ეცნობა, რომ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 9 ივნისის N1182 განკარგულების გამოცემის საფუძველი იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 სექტემბრის N3ბ/453-12 გადაწყვეტილება, რომელშიც მოსარჩელეები არ წარმოადგენენ მხარეს და შესაბამისად, სამინისტრო მოკლებული იყო შესაძლებლობას ემსჯელა განცხადებით მოთხოვილ საკითხზე. მოსარჩელე არ ყოფილა იმ 49 ოჯახს შორის, რომლებმაც სასამართლოს შესაბამისი მოთხოვნით მიმართეს. კანონიერ ძალაში შესული 2013 წლის 12 სექტემბრის N3ბ/453-12 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ საქართველოს მთავრობას მხოლოდ მოსარჩელეების ნაწილში უნდა ემსჯელა. შესაბამისად, საქართველოს მთავრობას არ ჰქონდა შესაძლებლობა, 2014 წლის 3 ნოემბრის N1979 და 2017 წლის 9 ივნისის N1182 განკარგულებების მომზადებისას უშუალოდ მოსარჩელეების მიმართ ემსჯელა. ზემოაღნიშნული 49 ოჯახის დაკმაყოფილება კი განხორციელდა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით.
კასატორი არ იზიარებს სასამართლოს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეთა მოთხოვნაზე პასუხისმგებელ ორგანოს საქართველოს მთავრობა წარმოადგენდა. „რ. ს-ის, ზ. ს-ის და სხვების N3გ/453-12 საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილების აღსასრულებლად საჭირო ღონისძიებების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ნოემბრის N1979 განკარგულების შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, განკარგულების პრეამბულაში მითითებული სტიქიით დაზარალებული პირების/მათი ოჯახების განსახლების მიზნით სამოქმედო გეგმის შემუშავება და აღნიშნული გეგმის მიხედვით, მათი განსახლების უზრუნველყოფა დაავალა, ხოლო საქართველოს მთავრობის 2017 წლის 9 ივნისის N1182 განკარგულების შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ შესაბამისი საბიუჯეტო ასიგნებებიდან თანხები შესაბამისი ოდენობით მიმართა სტიქიით დაზარალებული პირების/ოჯახების კომპენსაციით უზრუნველსაყოფად. კასატორის განმარტებით, აღნიშნული სამართლებრივი აქტები მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს მთავრობამ სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების განსახლების საკითხის შესწავლა დაავალა შესაბამის სამინისტროს. ცხადია, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ვალდებული იყო სადავო საკითხის განხილვის მიზნით მოსარჩელეთა მიერ წარდგენილი განცხადება საქართველოს მთავრობის ზემოაღნიშნულ განკარგულებათა გათვალისწინებით გადაეგზავნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში. კასატორის მოსაზრებით, მითითებული განცხადების საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გადაგზავნის მიზეზიც ის იყო, რომ სამინისტროს, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული კომპეტენციიდან გამომდინარე, ემსჯელა მოთხოვნაზე და შესაბამისი ინიცირებით მიემართა საქართველოს მთავრობისათვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს მთავრობის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის 2018 წლის 4 მაისის GOV 2 18 00014219 გადაწყვეტილების კანონიერება და საქართველოს მთავრობისათვის თ. ქ-ის 2018 წლის 3 მაისის განცხადებასთან დაკავშირებით - სტიქიით დაზარალებული პირების საცხოვრებელი სახლის მშენებლობის საკითხის განხილვა-გადაწყვეტის მიზნით, ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და წარდგენილ განცხადებასთან დაკავშირებით კანონით დადგენილ ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცემის დავალება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ხულოს სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1989 წლის 18 ოქტომბრის N267/40 გადაწყვეტილების თანახმად (ოქმი N21), საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1989 წლის 6 მაისის N220 დადგენილების საფუძველზე, ხულოს სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა ნება დართო ქ-ე მ. დ. ორგანიზებული წესით მუდმივ საცხოვრებლად გადასულიყო გარდაბნის რაიონში. ...ის სასოფლო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარეს და ხულოს სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომის შ/ს განყოფილების უფროსს დაევალათ ქ-ე მ.დ. ოჯახის მთლიანი შემადგენლობით (თავად ქ-ე მ. დ. (დაბადებული ... წელს), მეუღლე ქ-ე ს. ნ. (დაბადებული ... წელს), შვილიშვილი ქ-ე ა. თ. (დაბადებული ... წელს)) საკომლო და საბინაო წიგნებიდან ამოწერა მათი გარდაბნის რაიონში ჩასახლების გამო.
საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 დეკემბრის №750 ბრძანებულების თანახმად, აჭარის მაღალმთიანი რაიონებიდან 1989 წელს ჩამოსახლებული 75 ოჯახის დასასახლებლად გამოიყო გარდაბნის რაიონის სოფელ ...ას საკრებულოს ტერიტორიაზე, ...ის გზატკეცილის მარჯვენა მხარეს, სახელმწიფო საკუთრების მიწებიდან 20 ჰექტარი მიწის ფართობი. გარდაბნის რაიონის გამგეობას დაევალა დასასახლებელი სოფლის დაგეგმარება-განაშენიანების პროექტის შედგენა; საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს დაევალა მშენებლობისათვის ტენდერის გამოცხადება; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა გაეთვალისწინებინა და გამოეძებნა საჭირო თანხა საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსათვის, აჭარიდან სტიქიის შედეგად დაზარალებული 75 ოჯახისათვის ახალი სოფლის პირველი რიგის სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად.
გამომდინარე იქიდან, რომ მ. ქ-ის ოჯახს იმ პერიოდში ვერ გამოუყვეს დროებითი საცხოვრებელი ფართი, იძულებული გახდნენ მთავრობის მიერ შეპირებული საცხოვრებელი სახლის აშენებამდე, საცხოვრებლად დარჩენილიყვნენ თავისივე მეწყერსაშიშ ადგილას მდებარე სახლში, სოფელ ...ში. მ. ქ-ის ოჯახი უშედეგოდ ელოდა გარდაბნის რაიონის სოფელ ...ში საცხოვრებელი სახლის აშენებას. მ. ქ-ე გარდაიცვალა 2008 წლის 22 აპრილს. მ. ქ-ის მემკვიდრედ ცნობილ იქნა თ. ქ-ე. თუმცა საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 დეკემბრის N750 ბრძანებულება დღემდე არ შესრულებულა. აღნიშნულის გამო ზემოხსენებულმა ოჯახებმა სარჩელით მიმართეს სასამართლოს. მათ შორის არ იყო მ. ქ-ის ოჯახი ვინაიდან, მითითებული ფორმით დავის დაწყების თაობაზე ინფორმაცია დროულად ვერ მიიღო.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელე, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითებს, იმ გარემოებაზე, რომ სტიქიით დაზარალებული 49 ოჯახის მსგავსად, მ. ქ-ის შვილის - თ. ქ-ის ოჯახიც განეკუთვნება სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახს. ირიცხება იმავე სიაში, რომლითაც ხულოსა და შუახევის რაიონებიდან მოხდა 75 ოჯახის ჩასახლება გარდაბნის რაიონის სოფელ ...ში. სახელმწიფომ გარდაცვლილი მ. ქ-ის ოჯახს საკუთრებაში გადასცა 4 000 კვ.მ მიწის ნაკვეთი, სოფელ ...ის ტერიტორიაზე და მთავრობა ვალდებულია მისივე განკარგულებებისა და საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე აუშენოს საცხოვრებელი სახლი გადაცემულ მიწის ნაკვეთზე ან გამოუყოს სახსრები სახლის მშენებლობისათვის.
საკასაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლზე, რომლის თანახმად, მთავრობა შედგება პრემიერ-მინისტრისა და მინისტრებისაგან. ამავე კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამინისტრო ანგარიშვალდებულია მთავრობის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ ან მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს, ხოლო მე-3 პუნქტის შესაბამისად, სამინისტრო ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე. იმავე კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, მთავრობა კოორდინაციასა და კონტროლს უწევს სამინისტროებსა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებს, სოციალურ-ეკონომიკურ, კულტურისა და სხვა სფეროებში ამტკიცებს სახელმწიფო მიზნობრივ პროგრამებს და უზრუნველყოფს მათ განხორციელებას.
ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ სარჩელით მოთხოვნილი საკითხის განხილვა მთავრობის კომპეტენციას წარმოადგენს და განსახილველ საქმეში მოსარჩელის მოთხოვნაზე პასუხისმგებელი ორგანოც სწორედ საქართველოს მთავრობაა. საქართველოს მთავრობას, როგორც მოსარჩელის განცხადების განხილვასა და ამ განცხადებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებასა და გადაწყვეტილების მიღებაზე ვალდებულ პირს, კანონით დადგენილი წესითა და დადგენილ ვადებში, განცხადებაში მითითებული საკითხების შეფასების შედეგად უნდა განეხილა მოსარჩელის განცხადება ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობის თაობაზე და გამოეცა შესაბამისი დასაბუთებული გადაწყვეტილება, რაც მას არ განუხორციელებია.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად იმ გარემოებაზე მითითებას, რომ თ. ქ-ის ოჯახი სტიქიით დაზარალებული 49 ოჯახის სარჩელზე სასამართლო წარმოებაში მხარეს არ წარმოადგენდა და განმარტავს, რომ მართალია, თ. ქ-ეს (მ. ქ-ის მემკვიდრე) სხვა დაზარალებულებისგან განსხვავებით, განსახილველ შემთხვევამდე სასამართლოსთვის არ მიუმართავს, მაგრამ ამან არ უნდა გამოიწვიოს მოსარჩელისათვის გარანტირებული უფლების დაუსაბუთებელი შეზღუდვა, ვინაიდან, მნიშვნელოვანია, რომ იგი იმავე ფაქტობრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში იმყოფება, რომელშიც იმყოფებოდნენ ის პირები, ვის მიმართაც გამოტანილია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 12 სექტემბრის #3ბ/453-12 გადაწყვეტილება. ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანომ ახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში სათანადო შეფასება უნდა მისცეს აღნიშნულ ფაქტს, გაითვალისწინოს საჯარო და კერძო ინტერესი, სამართლიანობისა და მიზანშეწონილობის პრინციპი, სახელმწიფოს სოციალური ვალდებულებები და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპის დაცვით მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც გარანტირებულია არა მხოლოდ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლით, არამედ საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ ძირითად უფლებას წარმოადგენს. მით უფრო, რომ „კანონის წინაშე თანასწორობის უზრუნველყოფის ხარისხი ობიექტური კრიტერიუმია ქვეყანაში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების უპირატესობით შეზღუდული სამართლის უზენაესობის ხარისხის შეფასებისათვის. ამდენად, ეს პრინციპი წარმოადგენს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს როგორც საფუძველს, ისე მიზანს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ თანასწორობის პრინციპი „კრძალავს კანონის წინაშე არსებითად თანასწორთა უთანასწოროდ (ან პირიქით) გონივრული და ობიექტური დასაბუთების გარეშე მოპყრობის ნებისმიერ შემთხვევას“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის №2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ“, II-1).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით დადგენილი წესის დარღვევით. შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რომელთა მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ არის წარმოდგენილი, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს მთავრობის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 აპრილის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. სტურუა
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე