Facebook Twitter

საქმე #ბს-343(კ-21) 25 ნოემბერი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 24 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2019 წლის 7 ნოემბერს სს „...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ და ანაზღაურებაზე უარის და სადავო სტატუსის მქონე შემთხვევათა რეესტრი #165-3-2/1391495797-2484200057 ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2019 წლის 10 აპრილის #04/19405 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და შესაბამისი მომსახურების ღირებულების ანაზღაურების შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღება, ასევე, სს „...ის“ 2019 წლის 6 მაისის #63901 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 7 ოქტომბრის #04/52549 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილებით სს „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2019 წლის 10 აპრილის #04/19405 გადაწყვეტილება „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 7 ოქტომბრის #04/52549 გადაწყვეტილება სს „...ის“ 2019 წლის 6 მაისის #63901 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ პაციენტების - ა. ს-ისა და ი. ღ-ის სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა სს „...ისათვის“ აღნიშნული პაციენტებისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურება; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლემ), რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 24 თებერვლის განჩინებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2019 წლის 10 აპრილის #04/19405 გადაწყვეტილებით დადგენილად მიიჩნია, რომ პაციენტები - ა. ს-ი და ი. ღ-ე, 2018 წლის დეკემბრის საანგარიშგებო პერიოდში მკურნალობდნენ სს „...ში“. კლინიკის მიერ პროგრამის ფარგლებში შემთხვევები (#2464181567, #3325231577) წარდგენილი იყო გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით, პროგრამული კოდი: T900016, I50.0 - გულის შეგუბებითი უკმარისობა.

სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ მიჩნეულ იქნა, რომ წარდგენილი საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირებით და ადგილზე მონიტორინგით, მიწოდებული მომსახურება არ დასტურდებოდა. შესაბამისად, სამედიცინო შემთხვევებს: #2464181567, #33252315771, საქართველოს მთავრობის #36 დადგენილების, დანართი #1-ის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განესაზღვრა სტატუსი - „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“.

სააპელაციო პალატა დაეთანხმა და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება, რომ სადავო აქტი არ იძლეოდა პასუხს, კონკრეტულად რომელი მტკიცებულება თუ გარემოება წარმოშობდა სს „...ის“ სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველს დასახელებულ პაციენტებთან მიმართებით. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ გასაჩივრებულ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2019 წლის 10 აპრილის #04/19405 გადაწვეტილებაში ზოგადად იყო აღნიშნული, რომ წარდგენილი საანგარიშგებო დოკუმენტაციის და ადგილზე მონიტორინგის შედეგების საფუძველზე, მიწოდებული პროგრამული კოდი არ დასტურდებოდა. აღნიშნული დასკვნა კი გამომდინარეობდა სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდულში გადაცემული შეტყობინებიდან, სადაც ორივე შემთხვევაში, ინსპექტორის კომენტარში იკითხებოდა შემდეგი: „მონიტორინგის პროცესში არ დასტურდება გადმოცემული ნოზოლოგიური კოდი“.

ამასთან, სააპელაციო პალატა მართებულად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ მითითებულ პაციენტებთან დაკავშირებით, მონიტორინგის განმახორციელებლის მიერ არ იყო შედგენილი კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ოქმები, სადაც დაწვრილებით იქნებოდა აღწერილი პაციენტების მდგომარეობა და ასევე დასკვნა, თუ რის საფუძველზე იქნა მიჩნეული, რომ არ დასტურდებოდა გადაცემული ნოზოლოგიური კოდი. ამასთან, მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა აპელანტის (მოპასუხე) მითითებულ გარემოებას, ვერც პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე და ვერც სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე იქნა წარმოდგენილი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 24 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, პაციენტები - ა. ს-ი და ი. ღ-ე სს „...ში“ მკურნალობდნენ 2018 წლის ნოემბრის თვეში, გადაუდებელი სტაციონალური მომსახურების კომპონენტით, დიაგნოზი - I50.0 გულის შეგუბებითი უკმარისობა. აღნიშნულ შემთხვევებში წარმოდგენილი საანგარიშგებო დოკუმენტაციის და ადგილზე მონიტორინგის შედეგების საფუძველზე, მოწოდებული პროგრამული კოდი არ დასტურდება და მომსახურების ღირებულება არ ანაზღაურდება პროგრამის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

კასატორი აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევებში, შეტყობინების ელექტრონულ პორტალზე მითითებულია ინსპექტორის კომენტარი: „მონიტორინგის პროცესში არ დასტურდება გადმოცემული ნოზოლოგიური კოდი“.

კასატორი მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის მიხედვით, მონიტორინგის განხორციელებისას ხდება მიმწოდებელთან განმახორციელებლის უფლებამოსილი პირის ვიზიტი და შეტყობინებისას მიწოდებული ინფორმაციის გადამოწმება, მიმწოდებლისაგან მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მოთხოვნა, ასევე, საჭიროებისამებრ, პაციენტთან, მისი ოჯახის წევრებთან და შემთხვევასთან დაკავშირებულ სხვა პირებთან გასაუბრება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი განმარტავს, რომ მონიტორინგის განმახორციელებელი პირის მიერ ადგილზე იქნა ნანახი და შეფასებული პაციენტის მდგომარეობა, რომელიც იმ დროისათვის არ შეესაბამებოდა გადმოცემულ დიაგნოზს, რის შესახებაც ელექტრონულ მოდულში გაკეთდა შენიშვნა. ამასთან, შემთხვევების ინსპექტირების ეტაპზე განმახორციელებელი სამედიცინო დოკუმენტაციასთან ერთად ითვალისწინებს მონიტორინგის შედეგებს. კასატორის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, გადმოცემული დიაგნოზები არ დადასტურდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილია „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ და ანაზღაურებაზე უარის და სადავო სტატუსის მქონე შემთხვევათა რეესტრი #165-3-2/1391495797-2484200057 ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2019 წლის 10 აპრილის #04/19405 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და შესაბამისი მომსახურების ღირებულების ანაზღაურების შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღება, ასევე, სს „...ის“ 2019 წლის 6 მაისის #63901 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 7 ოქტომბრის #04/52549 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

საკასაციო პალატა უპირველესად მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილება გასაჩივრებულია მხოლოდ მოპასუხე სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში, ხოლო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სს „...ის“ მიერ არ გასაჩივრებულა და ამ ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მსჯელობს წარმოდგენილი სარჩელის მხოლოდ დაკმაყოფილებულ ნაწილთან დაკავშირებით.

საკასაციო პალატა მიუთითებს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილების მე-15 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად: ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა; ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევა, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს, ხოლო ამავე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევა, როდესაც პაციენტი თავისი ან მისი კანონიერი წარმომადგენლის სურვილით იცვლის/ტოვებს მომსახურების მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებას, მიუხედავად სამედიცინო პერსონალის გაფრთხილებისა (რაც დადასტურებული უნდა იყოს პაციენტის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის ხელმოწერით), მეორე დაწესებულებაში გაგრძელებული შემთხვევის ან რეჰოსპიტალიზაციის შემთხვევის დაფინანსება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ განხორციელდება, გარდა II-III დონის ინტენსიური მკურნალობისა/მოვლისა და ამავე მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობებისა.

აღსანიშნავია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სწორედ აღნიშნული პირობების დარღვევა გახდა მოსარჩელისათვის „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ პაციენტები - ა. ს-ი და ი. ღ-ე, 2018 წლის დეკემბრის საანგარიშგებო პერიოდში მკურნალობდნენ სს „...ში“. კლინიკის მიერ პროგრამის ფარგლებში შემთხვევები (#2464181567, #3325231577) წარდგენილია გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით, პროგრამული კოდი: T900016, I50.0 - გულის შეგუბებითი უკმარისობა.

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ მიჩნეულ იქნა, რომ წარდგენილი საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირებით და ადგილზე მონიტორინგით მიწოდებული მომსახურება არ დასტურდებოდა. შესაბამისად, საქართველოს მთავრობის #36 დადგენილების დანართი #1-ის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სამედიცინო შემთხვევებს: #2464181567, #33252315771 განესაზღვრა სტატუსი - „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“.

საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მოსაზრებას, რომ სადავო აქტი არ იძლევა პასუხს, კონკრეტულად რომელი მტკიცებულება თუ გარემოება წარმოშობდა სს „...ის“ სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველს დასახელებულ პაციენტებთან მიმართებით. საკასაციო სასამართლო ასევე ეთანხმება სააპელაციო პალატის მითითებას, რომ გასაჩივრებულ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2019 წლის 10 აპრილის #04/19405 გადაწვეტილებაში ზოგადად არის აღნიშნული, რომ წარდგენილი საანგარიშგებო დოკუმენტაციის და ადგილზე მონიტორინგის შედეგების საფუძველზე, მიწოდებული პროგრამული კოდი არ დასტურდებოდა. აღნიშნული დასკვნა კი გამომდინარეობს სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდულში გადაცემული შეტყობინებიდან, სადაც ორივე შემთხვევაში, ინსპექტორის კომენტარში იკითხება შემდეგი: „მონიტორინგის პროცესში არ დასტურდება გადმოცემული ნოზოლოგიური კოდი“.

საკასაციო პალატა მიუთითებს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილების დანართი 1-ის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, თუ მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ მოსარგებლის საიდენტიფიკაციო მონაცემები ან შემთხვევის შესახებ ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინების სისტემაში მიწოდებულ შესაბამის ინფორმაციას (განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული მონიტორინგის წესის გათვალისწინებით), ან შემთხვევის შესახებ შეტყობინების დაფიქსირების დროს დარღვეულია #1 დანართის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირობები, ან სახეზეა მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოება, ან სტაციონარული სამედიცინო მომსახურებისას პაციენტის სამედიცინო დაწესებულებაში დაყოვნება 24 საათზე ნაკლებია (გარდა პროგრამით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა), ასეთი შემთხვევები ანაზღაურებას არ ექვემდებარება.

ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კი, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მონიტორინგის განმახორციელებელი ადგენს ოქმს 2 ეგზემპლარად, რომლის ფორმაც განისაზღვრება პროგრამის განმახორციელებლის მიერ. ოქმს ხელს აწერენ ოქმის შემდგენი და მიმწოდებლის წარმომადგენელი. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის წარმომადგენელი უარს აცხადებს ოქმის ხელმოწერაზე, ოქმში უნდა გაკეთდეს შესაბამისი შენიშვნა. ოქმის ერთი ეგზემპლარი ეძლევა მიმწოდებელს, ხოლო მეორე ეგზემპლარი რჩება განმახორციელებელთან.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მითითებულ პაციენტებთან დაკავშირებით, მონიტორინგის განმახორციელებლის მიერ არ არის შედგენილი შესაბამისი ოქმები, სადაც დაწვრილებით იქნებოდა აღწერილი პაციენტების მდგომარეობა და ასევე დასკვნა, თუ რის საფუძველზე იქნა მიჩნეული, რომ არ დასტურდებოდა გადაცემული ნოზოლოგიური კოდი. ამასთან, მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა აპელანტის (მოპასუხე) მითითებულ გარემოებას, ვერც პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე და ვერც სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე იქნა წარმოდგენილი. აღნიშნულის საპირწონედ, კი სააპელაციო სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება საქმეში წარმოდგენილ სტაციონარულ სამედიცინო დოკუმენტაციაზე (დედნის სახით), რომელიც ცალსახად ადასტურებს მიწოდებული პროგრამული კოდის სისწორეს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ ვინაიდან გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების შემთხვევაში ხდება ქმედების განხორციელება და არა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მოპასუხეს უნდა დაევალოს სს „...ს“ აუნაზღაუროს აღნიშნული პაციენტების მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 11.06.2021წ. #14921 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 24 თებერვლის განჩინება;

3. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 11.06.2021წ. #14921 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა