საქმე #ბს-562(კ-21) 25 ნოემბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 15 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2019 წლის 20 დეკემბერს ე. ვ-ამ და კ. გ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელეების განმარტებით, ისინი წარმოადგენენ აფხაზეთიდან დევნილ ომის ვეტერანებს, რომლებიც არიან სოციალურად დაუცველი პენსიონერები და 26 წელია ცხოვრობენ ქირით. მოსარჩელეებმა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების მოთხოვნით მიმართეს სააგენტოს, რომელმაც 2019 წლის 15 ნოემბრის #04-1793/ო ბრძანებით უარი უთხრა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ მათ დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ მიანიჭათ 6 და 5 ქულა, რაც საცხოვრებელი ფართის მისაღებად იყო საკმარისი.
ამდენად, მოსარჩელებმა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 15 ნოემბრის #04-1793/ო ბრძანების ბათილად ცნობა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებით ე. ვ-ას და კ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 15 ნოემბრის #04-1793/ო ბრძანება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 15 მარტის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა 2020 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ე. ვ-ამ შეავსო საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადი, რომელიც კრიტერიუმების მიხედვით, შეფასდა ჯამში 6.5 ქულით. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის ოქმის მიხედვით, ერთოთახიანი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ ის დევნილი ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 6.0 და მეტი ქულა. პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ე. ვ-ას საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა იმ მოტივით, რომ შვილის მიერ გასხვისებულ სახლში ცხოვრების გამო, იმ ეტაპზე განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ იმ პირობებში როდესაც ე. ვ-ას ოჯახს მინიჭებული ჰქონდა 6.5 ქულა და 2019 წლის 10 ოქტომბრის ოქმის მიხედვით, ერთოთახიანი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ ის დევნილი ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 6.0 და მეტი ქულა, მხოლოდ ის გარემოება, რომ ე. ვ-ა და კ. გ-ი ცხოვრობდნენ მათი შვილის სახლში, არ იყო გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერად მიჩნევის საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 15 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში მოყვანილ მსჯელობებს და აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ მითითებულ მისამართზე გამოცხადდა მონიტორინგის სამსახური, რომელმაც ადგილზე დეტალურად შეისწავლა მოსარჩელის საცხოვრებელი პირობები და მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. ის ფაქტი, რომ მოსარჩელე ამჟამად ცხოვრობს შვილის - კ. გ-ის მიერ გასხვისებულ ფართში ქირის გარეშე და ოჯახი ამავე მისამართზე ფიქსირდება სოციალურად დაუცველთა ბაზაში განმცხადებლის დედამთილთან ერთად, რომელიც ასევე დაკმაყოფილებულია ბინით წყნეთში, გამორიცხავს იმ გარემოებას, რომ ე. ვ-ას ოჯახი საჭიროებს სასწრაფო განსახლებას. გარდა ამისა, განმცხადებელს ჰყავს 2 შვილი, რომლებიც თავიანთ საკუთრებაში ცხოვრობენ. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ იმსჯელა მოსარჩელის ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხზე და გადაწყვიტა, რომ მიმდინარე ეტაპზე მოსარჩელის ოჯახს ხელი მიუწვდებოდა საცხოვრებელზე და სასწრაფო განსახლებას არ საჭიროებდა შვილის მიერ გასხვისებულ სახლში ცხოვრების გამო.
ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მართალია დევნილი ოჯახის მიერ დაგროვილ ქულათა რაოდენობა შეადგენდა 6.5 ქულას, მაგრამ დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია, რომელიც საკითხს განიხილავს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, პირველ რიგში ამოწმებს მათ საცხოვრებელ პირობებს, ცხოვრობენ თუ არა ისინი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის ქვეშ, გააჩნიათ თუ არა მათ საცხოვრებელი, საიდანაც ისინი უნდა გავიდნენ და ფაქტიურად დარჩნენ საცხოვრებლის გარეშე. კასატორის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში არ დგას დევნილი ოჯახის სასწრაფო განსახლების საჭიროება, შესაბამისად, მხოლოდ ის გარემოება, რომ ოჯახის მიერ დაგროვილ ქულათა რაოდენობა შეადგენდა 6.5 ქულას, არ უნდა გამხდარიყო გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
კასატორი აღნიშნავს, რომ მართალია, სახელმწიფოს ვალდებულებას წარმოადგენს დევნილ ოჯახთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა, თუმცა მატერიალური და ფინანსური რესურსების მოცულობიდან და სახელმწიფოს ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობა რიგითობას განსაზღვრავს გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, აღნიშნული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაბამისი პრიორიტეტულობის საფუძველზე. განსახილველ შემთხვევაში კი, სააგენტო მიიჩნევს, რომ მტკიცებულებები სათანადოდ იქნა გამოკვლეული და შვილების ალტერნატიული საცხოვრებლის არსებობის გამო, არ იკვეთებოდა მოსარჩელეების სასწრაფო განსახლების საჭიროება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 15 ნოემბრის #04-1793/ო ბრძანების კანონიერება და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, შესაბამისად, მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთა ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გადაწყვეტილება მხოლოდ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა მიიღოს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს #320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ე. ვ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი. კ. გ-ი კი არის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელე ე. ვ-ას მიერ შევსებული იქნა საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადი. განაცხადის დამუშავების შედეგად წინასწარი შეფასებით მოიპოვა 6.5 ქულა: საცხოვრებელი ფინანსური პირობები - 1.5 ქულა, მარტოხელა პენსიონერი ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისგან - 1 ქულა, სოციალური კრიტერიუმი - 1 ქულა, ომში მონაწილეობა (ე. ვ-ა) - 1.5 ქულა, ომში მონაწილეობა (კ. გ-ი) - 1.5 ქულა. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის ოქმის მიხედვით, ერთოთახიანი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ ის დევნილი ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 6.0 და მეტი ქულა. მიუხედავად ამისა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 15 ნოემბრის #04–1793/ო ბრძანების თანახმად, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი #39) ე. ვ-ას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე ეთქვა უარი იმ ეტაპზე, განსახლების გადაუდებელი საჭიროების (კერძოდ, შვილის მიერ გასხვისებულ სახლში ცხოვრების გამო) არარსებობის გამო.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაითვალისწინა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს #320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის იმპერატიული მოთხოვნა, რომელიც მას პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებდა, ხოლო მხოლოდ ის გარემოება, რომ ე. ვ-ა და კ. გ-ი ცხოვრობენ მათი შვილის სახლში, არ არის გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერად მიჩნევის საკმარისი საფუძველი.
რაც შეეხება კასატორის მითითებებს მოსარჩელის ოჯახის ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართებზე ხელმისაწვდომობის თაობაზე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის ნათესავთა საკუთრებაში ბინების არსებობა არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ფართის მესაკუთრე ნათესავი არის ვალდებული, ამ უკანასკნელთ დაუთმოს მისი საცხოვრისი. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით დროებით სარგებლობის თეორიული თუ პრაქტიკული შესაძლებლობა არ გამორიცხავს მოსარჩელის უფლებას, როგორც დევნილი ოჯახი, განსახლებულ იქნეს კანონით დადგენილი წესით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 15 მარტის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა