Facebook Twitter
საქმე #ბს-525(2კ-21) 25 ნოემბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი


ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 9 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე.


ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2017 წლის 15 თებერვალს შპს „...-მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, შპს „...-ს“ აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 17 დეკემბრის #081-134 საგადასახადო მოთხოვნითა და 2015 წლის 6 მაისის #15218 ბრძანებით დაერიცხა ჯარიმა 15 000 ლარის ოდენობით. დაჯარიმების საფუძვლად მითითებულ იქნა ის გარემოება, რომ შესამოწმებელმა პირმა 2014 წლის მაისის თვეში წამახალისებელი გათამაშების პრიზის ფორმით გასცა ნივთმოგება. აღნიშნული ითვალისწინებდა შესაბამის ნებართვას და სანებართვო მოსაკრებლის - 15 000 ლარის გადახდას. ამდენად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 276-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელე დაჯარიმდა 15 000 ლარის ოდენობით.
მოსარჩელე არ ეთანხმება დაჯარიმებას და მიუთითებს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოში აღძრულ იქნა #092010514005 სისხლის სამართლის საქმე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთან დაკავშირებით. მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით, 2014 წლის 4 სექტემბერს შპს „...-მა“ მიმართა შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა იმ ანგარიშის რეკვიზიტი, სადაც უნდა მოეხდინა თანხის გადახდა. შემოსავლების სამსახურმა მოსარჩელეს მიაწოდა შესაბამისი ანგარიში, სადაც 2014 წლის 26 სექტემბერს სრულად იქნა გადახდილი 15 000 ლარი.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ შპს „...-ს“ უკვე გადახდილი აქვს თანხა, რომლის გადაუხდელობის გამოც იგი დაჯარიმებულ იქნა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საფუძველზე. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გადახდილ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით გათვალისწინებული საჯარიმო სანქცია. თანხა ჩაირიცხა ბიუჯეტში, რის გამოც მოსარჩელის მოსაზრებით, განმეორებით იმავე თანხის ჯარიმის სახით დარიცხვა კანონშეუსაბამოა.
ამდენად, მოსარჩელემ სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 17 დეკემბრის #081-134 საგადასახდო მოთხოვნის, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 6 მაისის #15218 ბრძანების, ასევე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხეებზე შპს „...-ის“ სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 450 ლარის გადასახდელად დაკისრება მოითხოვა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „...-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; გამოცემის მომენტიდან ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 17.12.2014 წლის #081-134 საგადასახდო მოთხოვნა, სსიპ შემოსავლების სამსახურის 06.05.2015 წლის #15218 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება შპს „...-ზე“ ჯარიმის სახით 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის დაკისრების თაობაზე; მოპასუხეებს შპს „...-ის“ სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 450 ლარის ანაზღაურება დაეკისრათ.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 9 თებერვლის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით დადგენილი იყო, რომ 2014 წლის 16 ოქტომბერს შპს „...ის“ წარმომადგენელმა - ა. თ-ემ განცხადებით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამართველოს წარმოებაში არსებულ #092010514005 სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით წარადგინა სახელმწიფოზე მიყენებული ზიანის 15 000 ლარის გადახდის ქვითარი. საგულისხმოა, რომ სს „...ის“ ბათუმის ფილიალის 26.09.2014წ. საგადასახადო დავალებაში გადამხედელად მითითებულია შპს „...“ (ს/კ ...), გადახდილია - 15 000.00 ლარი. მიმღებად დასახელებულია ხაზინის ერთიანი ანგარიში, მიმღებ ბანკად კი მითითებულია ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური, გადახდის დანიშნულებად განსაზღვრულია - მოსაკრებელი სამორინეს, სათამაშო აპარატების სალონის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს და წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვაზე.
სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „...“ (ს/კ ...) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ „წამახალისებელ გათამაშებას“ შესაბამისი ნებართვისა და სანებართვო მოსაკრებლის (15 000 ლარი) გადახდის გარეშე აწყობდა. ყოველივე ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, შპს „...-ის“ დირექტორს - ს. ი-ს დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული თანხა (15 000 ლარი) წარმოადგენდა უკანონო სამეწარმეო საქმიანობიდან გამომდინარე სახელმწიფოზე მიყენეული ზიანის თანხას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სახელმწიფოს წინაშე ვალდებულება შესრულებული იყო - 15 000 ლარის ოდენობით სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურებული იყო. ამასთან, გადახდილი იყო სისხლის სამართლის საქმეზე განსაზღვრული ჯარიმის თანხა - 10 000 (ათი ათასი) ლარი, რისი გათვალისწინებითაც, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელისათვის ჯარიმის თანხის განმეორებით გადასახდელად დაკისრება მოკლებული იყო ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 9 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევისათვის საწარმოს/ორგანიზაციის მიმართ საგადასახადო სანქციის გამოყენება შესაბამისი საფუძვლების არსებობისას არ ათავისუფლებს მისი თანამდებობის პირებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ადმინისტრაციული, სისხლისსამართლებრივი ან სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან. შემოსავლების სამსახურის მიერ საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხა - 15 000 ლარი არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 276-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია, ხოლო მოსარჩელის მიერ გადახდილი თანხა 15 000 ლარის ოდენობით, წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ, უნებართვოდ ჩატარებული წამახალისებელი გათამაშების ფაქტზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილი ზიანის თანხას.
კასატორის განმარტებით, დადგენილია და სადავო არ არის, რომ გადამხდელის მიერ განხორციელდა წამახალისებელი გათამაშების მოწყობა კანონით გათვალისწინებული სანებართვო მოსაკრებლის გადახდის გარეშე. ამასთან, საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელის დირექტორმა მის მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე პასუხისმგებლობისაგან განრიდების ფარგლებში გადაიხადა შეთანხმებული თანხა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, რასაც, კასატორის მოსაზრებით, კავშირი არ აქვს მოსარჩელისათვის - შპს „...-ისათვის“ საგადასახადო ორგანოს მიერ განსაზღვრულ საგადასხადო ვალდებულებასთან, თუმცა ამ გარემოებას ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ მისცა სამართლებრივი შეფასება.
კასატორის - სსიპ შემოსავლების სამსახურის განმარტებით, საგადასახადო სამართალდარღვევა და დანაშაულით (რაშიც არ უნდა გამოიხატებოდეს დანაშაულებრივი ქმედება) მიყენებული ზიანის ანაზღაურება სხვადასხვა ბუნების იურიდიული შინაარსის ვალდებულებებს წარმოადგენს. დადგენილია, რომ შპს „...-ის“ მიერ განხორციელდა წამახალისებელი გათამაშების კანონით გათვალისწინებული სანებართვო მოსაკრებლის გადახდის გარეშემ მოწყობა. კასატორი მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და მიიჩნევს, რომ არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 14 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები.


ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 17 დეკემბრის #081-134 საგადასახდო მოთხოვნის, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 6 მაისის #15218 ბრძანების, ასევე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილების კანონიერება.
საკასაციო პალატა მიუთითებს „ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლზე, რომლის თანახმად, ყველა სახის აზარტული და მომგებიანი თამაშობები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ტარდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ნებართვას მოითხოვს. უნებართვოდ თამაშობის გამართვა ან სანებართვო პირობების შეუსრულებლობა კანონის დარღვევად ითვლება და იწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. ამავე კანონის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ნებართვის გაცემას ექვემდებარება წამახალისებელი გათამაშების მოწყობა.
„სალიცენზიო და სანაბართვო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობისათვის სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთი წამახალისებელი გათამაშების მოწყობაზე განსაზღვრულია 15 000 ლარით.
ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 276-ე მუხლის თანახმად, პირის საქმიანობა სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნის გარეშე ან სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ობიექტის დალუქვის გარეშე, თუ ასეთი ვალდებულება გათვალიწინებულია კანონით, იწვევს დაჯარიმებას ამ ობიექტის მიხედვით კუთვნილი სათამაშო მოსაკრებლის გადასახდელი თანხის 100 %-ის ოდენობით.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ შესამოწმებელმა პირმა წამახალისებელი გათამაშების პრიზის ფორმით 2014 წლის მაისში გასცა ნივთმოგება. შესაბამისად, შემოწმების შედეგად მიჩნეულ იქნა, რომ კომპანიამ უნებართვოდ, კანონმდებლობით გათვალისწინებული მოსაკრებლის გადახდის გარეშე მოაწყო მომგებიანი გათამაშება.
მოსარჩელე კომპანია სადავოდ არ ხდის მის მიერ საგადასახადო კოდექსის 276-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენას, თუმცა სარჩელით სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს უკანონოდ მიიჩნევს იმის გამო, რომ მას სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში გადახდილი აქვს ამ აქტებით დარიცხული თანხა (სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის სახით გადასახდელი თანხის 100% - 15 000 ლარი) სახელმწიფო ბიუჯეტში და მეორედ, საგადასახადო კანონმდებლობის ფარგლებში პასუხისმგებლობის დაკისრება ეწინააღმდეგება ერთი და იმავე ქმედებისთვის ორმაგი პასუხისმგებლობის დაკისრების დაუშვებლობის პრინციპს. თავის მხრივ, კასატორები მიიჩნევენ, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269.4 მუხლის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევისათვის საწარმოს/ორგანიზაციის მიმართ საგადასახადო სანქციის გამოყენება შესაბამისი საფუძვლის არსებობისას არ ათავისუფლებს მის თანამდებობის პირებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ადმინისტრაციულ, სისხლისსამართლებრივი და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან, რის გამოც ადმინისტრაციული ორგანოები თვლიან, რომ სისხლის სამართლის საქმიდან გამომდინარე სახელმწიფო ბიუჯეტში თანხის გადახდა არ ქმნის გადამხდელის საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველს.
საკასაციო სასამართლო არსებითად მიიჩნევს იმ გარემოების გამორკვევას, თუ კონკრეტულად რას წარმოადგენდა თანხა, რომელიც სახელმწიფოზე მიყენებული ზიანის სახით შპს „...-მა“ გადაიხადა. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2014 წლის 16 ოქტომბერს შპს „...ის“ წარმომადგენელმა - ა. თ-ემ განცხადებით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამართველოს წარმოებაში არსებულ #092010514005 სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, წარადგინა სახელმწიფოზე მიყენებული ზიანის 15 000 ლარის გადახდის ქვითარი. საგულისხმოა, რომ სს „...ის“ ბათუმის ფილიალის 26.09.2014წ. საგადასახადო დავალებაში გადამხდელად მითითებულია შპს „...“ (ს/კ ...), გადახდილია - 15 000.00 ლარი. მიმღებად დასახელებულია ხაზინის ერთიანი ანგარიში, მიმღებ ბანკად კი მითითებულია ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური. გადახდის დანიშნულებად განსაზღვრულია - მოსაკრებელი სამორინეს, სათამაშო აპარატების სალონის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს და წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვაზე.
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ შპს „...“ (ს/კ ...) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ „წამახალისებელ გათამაშებას“ შესაბამისი ნებართვისა და სანებართვო მოსაკრებლის (15 000 ლარი) გადახდის გარეშე აწყობდა. ყოველივე ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, შპს „...-ის“ დირექტორს - ს. ი-ს დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ აღნიშნული თანხა (15 000 ლარი) წარმოადგენს უკანონო სამეწარმეო საქმიანობიდან გამომდინარე სახელმწიფოზე მიყენებული ზიანის თანხას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ სახელმწიფოს წინაშე ვალდებულება შესრულებულია - 15 000 ლარის ოდენობით სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურებულია. ამასთან, გადახდილია სისხლის სამართლის საქმეზე განრიდების სახით განსაზღვრული ჯარიმის თანხა - 10 000 (ათი ათასი) ლარი, რისი გათვალისწინებითაც, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ მოსარჩელისათვის საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯარიმის თანხის განმეორებით გადასახდელად დაკისრება მოკლებულია ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.


ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და


დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 9 თებერვლის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.



თავმჯდომარე მ. ვაჩაძე


მოსამართლეები: გ. აბუსერიძე


ბ. სტურუა