Facebook Twitter
საქმე #ბს-589(კ-21) 25 ნოემბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი


ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 მარტის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.


ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :


2020 წლის 4 თებერვალს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - ო. ი-ის მიმართ.
მოსარჩელის მითითებით, ქ. თბილისში, ...ში მდებარე უძრავი ქონება (ს.კ. ...) წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას, რომლის ნაწილით (შენობა #1/1-ის 43.50 კვ.მ და #02/1-ის 59.03 კვ.მ ფართებით) არამართლზომიერად სარგებლობდა და უძრავ ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის იყენებდა ო. ი-ი, რაც დასტურდებოდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 28 მარტის აქტითა და ფოტომასალით.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს #5002979218 დასვნის თანახმად, ქ. თბილისში, ...ში მდებარე ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ შენობა-ნაგებობა #1-ში არსებული 43.50 კვ.მ ფართის მთლიანი ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება 2014 წლის 18 სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით წარმოადგენდა 38 ლარს, 2015 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 48 ლარს, 2016 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 50 ლარს, 2017 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 54 ლარს, 2018 წლის იანვრიდან დასკვნის მომზადების მომენტისთვის კი - 53 ლარს. რაც შეეხება ქ. თბილისში, ...ში მდებარე ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ შენობა-ნაგებობა #2-ში არსებულ 59.03 კვ.მ ფართის მთლიანი ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულებას, იგი 2014 წლის 18 სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით წარმოადგენდა 52 ლარს, 2015 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 66 ლარს, 2016 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 68 ლარს, 2017 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 73 ლარს, 2018 წლის იანვრიდან დასკვნის მომზადების მომენტისთვის კი - 71 ლარს.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მოპასუხეს არაერთხელ გაეგზავნა გაფრთხილების წერილები, რომლითაც განესაზღვრა ვადა ვალდებულების შესასრულებლად, თუმცა უშედეგოდ. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს სამეწარმეო საქმიანობისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 2014 წლის 18 სექტემბრიდან 2019 წლის დეკემბრის ჩათვლით 7596 ლარის და 2020 წლის იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე თვეში 124 ლარის ოდენობით.
ამდენად, მოსარჩელემ ო. ი-ისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისათვის 2014 წლის 18 სექტემბრიდან 2019 წლის დეკემბრის ჩათვლით 7 596 (შვიდი ათას ხუთას ოთხმოცდათექვსმეტი) ლარის ოდენობით და 2020 წლის 1 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე თვეში 124 (ას ოცდაოთხი) ლარის ოდენობით საფასურის გადახდის დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე ო. ი-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისათვის - 2014 წლის 18 სექტემბრიდან 2019 წლის დეკემბრის ჩათვლით 7 596 (შვიდი ათას ხუთას ოთხმოცდათექვსმეტი) ლარის ოდენობით, 2020 წლის 1 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე თვეში 124 (ას ოცდაოთხი) ლარის ოდენობით საფასურის გადახდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ო. ი-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით ო. ი-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ო. ი-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული #... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონებიდან 43.5 კვ.მ საერთო ფართით არამარლთზომიერი სარგებლობისათვის 2018 წლის 28 მარტიდან - 2019 წლის 31 დეკემბრამდე 1 118 (ათას ას თვრამეტი) ლარისა და 30 (ოცდაათი) თეთრის, ხოლო 2020 წლის პირველი იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 53 (ორმოცდაცამეტი) ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქ. თბილისში, ...ის ქუჩის #54-ში მდებარე უძრავი ქონება, კერძოდ, 530.00 კვ.მ. ფართის მქონე მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი #...; შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: #1 საერთო ფართი - 84.08 კვ.მ, #2 საერთო ფართი - 212.72 კვ.მ) 2014 წლის 18 სექტემბრიდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია სახელმწიფოს სახელზე. ამასთან, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 23 მარტის ადგილზე დათვალიერების ოქმის თანახმად, ქ. თბილისში, ...ის ქუჩის #54-ში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით არამართლზომიერად სარგებლობს და უძრავ ქონებას სამეწარმეო საქმიანობისთვის (კომერციული მიზნით) იყენებს ი/მ ო. ი-ი.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები სარწმუნოდ ხდიდა ო. ი-ის ახსნა-განმარტებას იმის თაობაზე, რომ 59.03 კვ.მ კვადრატულ მეტრს იგი არა სამეწარმეო მიზნებისთვის, არამედ საცხოვრებლად იყენებდა. რაც შეეხება #1 შენობა ნაგებობაში განთავსებულ 43.5 კვ.მ საერთო ფართს, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნულ შემთხვევაში, დადასტურებული იყო ო. ი-ის მიერ ავტოსახელოსნოს მოწყობა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართის სამეწარმეო მიზნებისათვის გამოყენება, თუმცა საქმის მასალებით უტყუარად არ დასტურებოდა ის გარემოება, რომ ო. ი-ი სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 43.5 კვ.მ ფართს 2014 წლიდან იყენებდა სამეწარმეო მიზნებისათვის, რამდენადაც 2018 წლის 23 მარტის ადგილზე დათვალიერების ოქმითა და წარმოდგენილი ფოტოსურათებით, რომლებიც გადაღებულია 2018 წლის 27 მარტს, ვერ დადასტურდებოდა ის გარემოება, რომ ო. ი-ი 2014 წლიდან არამარლთზომიერად სარგებლობდა სახელმწიფო ქონებით და ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობას. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ო. ი-ს თანხის გადახდა უნდა დაკისრებოდა არა 2014 წლის 18 სექტემბრიდან 2018 წლის 28 მარტის ჩათვლით, არამედ - 2018 წლის 28 მარტიდან 2019 წლის 31 დეკემბრამდე 1 118 (ათას ას თვრამეტი) ლარისა და 30 (ოცდაათი) თეთრის, ხოლო 2020 წლის პირველი იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 53 (ორმოცდაცამეტი) ლარის ოდენობით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტზე, 36-ე მუხლის 13 პუნქტზე ასევე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე - 317-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ მოპასუხე სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მიზნით არამართლზომიერად სარგებლობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით. ამასთან, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, ადგილზე დათვალიერების აქტითა და ფოტომასალით დგინდება, რომ მოპასუხე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქონებას იყენებს სამეწარმეო საქმიანობისთვის.
კასატორი აღნიშნავს, რომ თუ ადმინისტრაციული ორგანო დავის მონაწილე „ძლიერ მხარედ“ არის მიჩნეული და მას მაღალი სტანდარტები უწესდება, ლოგიკურია, რომ მის მიერ განხორციელებული ქმედებებიც, ასევე, მაღალი სტანდარტისაა, როგორც კანონშესაბამისობის, აგრეთვე, ნდობის კუთხით. მაშასადამე, იმ სახელმწიფო ორგანოს მიერ განხორციელებული მოქმედება, (რაც გამოიხატა ადგილზე დათვალიერებასა და ოქმის შედგენაში), რომლის უშუალო ფუნქციაა ქონების მართვა/განკარგვა და რომლის ყოველდღიური საქმიანობა ასეთი ქმედებების ადმინისტრირებაა, ბუნებრივია, უნდა ჩაითვალოს უტყუარად დადასტურებულად და აქვს მაღალი მტკიცებულების ძალა სასამართლოში. ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ ადგილზე დათვალიერების ოქმის შედგენის დროს გადაღებული ფოტომასალის ნაწილს წარმოადგენს სწორედ მოპასუხის პირადობის მოწმობის ფოტოასლები, რაც, კასატორის მოსაზრებით, კიდევ უფრო ამყარებს სახელმწიფოს პოზიციას უკანონო სარგებლობასთან დაკავშირებით.
კასატორი დამატებით მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო ო. ი-ის ახსნა-განმარტება, რომ სადავო ტერიტორიაზე არსებულ სანერგე მეურნეობაში მუშაობს „კომუნისტების“ დროიდან და სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს არაერთხელ მიმართა ფართის იჯარით გადაცემის თაობაზე. მისივე განმარტებით, ერთ შენობას იყენებს პროფილაქტიკისათვის, ხოლო მეორე შენობაში განთავსებულია მისი კუთვნილი ჯართი. შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მოპოვებული მტკიცებულებით და თავად ო. ი-ის განმარტებით, უტყუარად დასტურდება, რომ ო. ი-ი სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას იყენებს სამეწარმეო საქმიანობისთვის.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 2 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.


ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :


საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილია ო. ი-ისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისათვის 2014 წლის 18 სექტემბრიდან 2019 წლის დეკემბრის ჩათვლით 7 596 (შვიდი ათას ხუთას ოთხმოცდათექვსმეტი) ლარის ოდენობით, 2020 წლის 1 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე თვეში 124 (ას ოცდაოთხი) ლარის ოდენობით საფასურის გადახდის დაკისრება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტზე, რომლის თანახმად სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.
საქმის მასალებით, კერძოდ, საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ...ის ქუჩის #54-ში მდებარე უძრავი ქონება, კერძოდ, 530.00 კვ.მ. ფართის მქონე მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი #...; შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: #1 საერთო ფართი - 84.08 კვ.მ, #2 საერთო ფართი - 212.72 კვ.მ) 2014 წლის 18 სექტემბრიდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია სახელმწიფოს სახელზე. ამასთან, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 23 მარტის ადგილზე დათვალიერების ოქმის თანახმად, ქ. თბილისში, ...ის ქუჩის #54-ში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით არამართლზომიერად სარგებლობს და უძრავ ქონებას სამეწარმეო საქმიანობისთვის (კომერციული მიზნით) იყენებს ი/მ ო. ი-ი.
ასევე დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს შიდა აზომვითი ნახაზის მიხედვით, #... საკადაასტრო კოდით რეგისტრირებულ ერთეულზე მდგარ #1 შენობა-ნაგებობაში, რომლის საერთო ფართია - 84.08 კვ.მ, ო. ი-ი სარგებლობდა 43.5 კვ.მ საერთო ფართით, ხოლო #2 შენობა-ნაგებობაში, რომლის საერთო ფართია - 212.7 კვ.მ, - 59.03 კვ.მ-ით. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 13 აპრილის #7/20615 წერილით მიმართა ო. ი-ს და მოითხოვა უზრუნველეყო სამეწარმეო საქმიანობისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 2014 წლის 18 სექტემბრიდან არამართლზომიერი სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქმის მასალებში წარმოდგენილ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 23 მარტის ადგილზე დათვალიერების ოქმზე თანდართულ ფოტოებზე, რომლითაც დასტურდება, რომ დათვალიერებულ ერთ-ერთ ფართში განთავსებულია საყოფაცხოვრებო ნივთები, რომელიც საჭიროა ჩვეუელებრივი ყოველდღიური ყოფა-ცხოვრებისათვის, ხოლო მეორე ფართში განთავსებულია ავტოსახელოსნო შესაბამისი ინვენტარით. სააპელაციო ინსტანციით განხილვისას ო. ი-მა წარადგინა სსგ თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის ბარათი, რომლითაც დასტურდება, რომ ო. ი-ი 2004 წლის 22 სექტემბრიდან რეგისტრირებულია ქ. თბილისში, სანერგე მეურნეობაში, 2006-2020 წლის გადახდის გრაფიკით კი დასტურდება, რომ აღნიშნულ მისამართზე მოპასუხე რეგისტრირებულია სს „...ის“ აბონენტად და ყოველთვიურად იხდის ელ. ენერგიის გადასახადს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებები მეტყველებს იმაზე, რომ 59.03 კვ.მ კვადრატულ მეტრს ო. ი-ი არა სამეწარმეო მიზნებისათვის, არამედ საცხოვრებლად იყენებდა. რაც შეეხება #1 შენობა-ნაგებობაში განთავსებულ 43.5 კვ.მ საერთო ფართს, აღნიშნულ შემთხვევაში, დადასტურებულია მოპასუხის მიერ ავტოსახელოსნოს მოწყობა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართის სამეწარმეო მიზნებისათვის გამოყენება.
საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით უტყუარად არ დასტურდება ის გარემოება, რომ ო. ი-ი სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 43.5 კვ.მ ფართს 2014 წლიდან იყენებდა სამეწარმეო მიზნებისათვის, რამდენადაც 2018 წლის 23 მარტის ადგილზე დათვალიერების ოქმითა და წარმოდგენილი ფოტოსურათებით, რომლებიც გადაღებულია 2018 წლის 27 მარტს, ვერ დადასტურდება ის გარემოება, რომ ო. ი-ი 2014 წლიდან არამარლთზომიერად სარგებლობდა სახელმწიფო ქონებით და ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობას. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ო. ი-ს მართებულად დაეკისრა 2018 წლის 28 მარტიდან - 2019 წლის 31 დეკემბრამდე 1 118 (ათას ას თვრამეტი) ლარისა და 30 (ოცდაათი) თეთრის, ხოლო 2020 წლის პირველი იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 53 (ორმოცდაცამეტი) ლარის გადახდა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.


ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :


საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და


დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე მ. ვაჩაძე


მოსამართლეები: გ. აბუსერიძე


ბ. სტურუა