საქმე #ბს-511(კ-21) 25 ნოემბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 17 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2019 წლის 23 დეკემბერს დ. კ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, იგი წარმოადგენს აფხაზეთიდან, კერძოდ, ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეიდან იძულებით გადაადგულებულ პირს, რომელსაც დევნილის სტატუსი მიენიჭა 1993 წელს და ამავე პერიოდიდან დღემდე, ოჯახთან ერთად ცხოვრობს ქ. თბილისში, ...ის ქ. #...-ში მდებარე დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ობიექტში, ე.წ. „...ის“ შენობაში. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ხსენებულ ობიექტში მას და მის ოჯახს აქვთ 15 კვ.მ ფართის მქონე ერთი ოთახი, სადაც მათ არ გააჩნიათ ელემენტარული ჰიგიენური პირობები.
მოსარჩელის მითითებით, მისმა ოჯახმა საცხოვრებელი ფართის განაწილების წესის შესაბამისად შეავსო დადგენილი ფორმა-აპლიკაცია, რის შედეგადაც მიენიჭათ 3.5 ქულა, შესაბამისად, მათ ეკუთვნოდათ ერთოთახიანი ბინა. გარდა ამისა, ვინაიდან მათი კომპაქტური ჩასახლების ობიექტი იყო ნგრევადი, მძიმე საცხოვრებელი პირობებით, დევნილთა მიმართ 2019-2020 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ამ ობიქტში მცხოვრები ოჯახების ფართით უპირობო დაკმაყოფილებისა და ობიექტის დახურვის შესახებ. მიუხედავად ამისა, მოსარჩელის ოჯახი ვერ მოხვდა დაკმაყოფილებულ ოჯახთა სიაში, უარის თქმის მიზეზად კი მოსარჩელის ოჯახს განემარტა, რომ ისინი ფაქტობრივად არ ცხოვრობდნენ ნგრევად ობიექტში.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ნგრევად ობიექტზე მისი ოჯახის ცხოვების ფაქტი შესაძლებელია დადასტურდეს მრავალი მტკიცებულებით, მათ შორის, მოწმეთა ახსნა-განმარტებითი ბარათებით, კომუნალური გადასახადების გადახდის ფაქტით და ა.შ. ამასთან, მოსარჩელის ოჯახს არც მფლობელობაში და არც საკუთრებაში არ გააჩნია სხვა საცხოვრებელი ფართი, რის გამოც მათთვის უარის თქმით ილახება დევნილი ოჯახის ინტერესები.
ამდენად, მოსარჩელემ „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2019 წლის 29 ნოემბრის #04-2332/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის დ. კ-ის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 21 იანვრის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ა. ჩ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით დ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2019 წლის 29 ნოემბრის #04-2332/ო ბრძანება; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა დ. კ-ის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოცემა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 17 მარტის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა 2020 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 29 ნოემბრის #04-2332/ო ბრძანებით დ. კ-ის ოჯახს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარი ეთქვა ქ. თბილისში, ...ის ქუჩა #..., ე.წ „...ის“ შენობაში ფაქტობრივად არცხოვრების გამო, ვინაიდან მითითებულ მისამართზე მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლებს 2019 წლის 11 ივნისს დახვდათ არა დ. კ-ი, არამედ სხვა პიროვნება - ლ. ს-ე. ამასთან, მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლებს დ. კ-ი მისამართზე არ დახვდათ არც 2019 წლის 29 აგვისტოს, დამატებითი მოკვლევის ფარგლებში განხორციელებული ვიზიტისას.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მისამართზე პირთა ფაქტობრივად არცხოვრების დამადასტურებლად არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მხოლოდ ის გარემოება, რომ საკითხის გადაწყვეტის პროცესში განხორციელებული მოქმედების - მისამართზე გამოცხადების მომენტში, პირი ბინაში არ იმყოფებოდა ან დადგინდა, რომ გარკვეული დროის მონაკვეთში იგი მისამართზე არ ცხოვრობდა. სააპელაციო პალატამ დასაშვებად მიიჩნია ის გარემოება, რომ ნგრევად ობიექტში მცხოვრებ პირს საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, დროის კონკრეტულ მონაკვეთში შესაძლოა მოუწიოს ასეთი საცხოვრებლის დატოვება (ნათესავებთან თავის შეფარება ან დაქირავებულ საცხოვრებელში გადასვლა და ა.შ.), თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს იმას, რომ ასეთ შემთხვევაში, პირმა მიატოვა ჩასახლების ობიექტი, არ წარმოადგენს ნგრევად ობიექტში მაცხოვრებელს და შესაბამისად, მას არ უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი სახელმწიფოს მიერ დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებისას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 17 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში მითითებული მსჯელობის საპირისპიროდ მიუთითებს, რომ თუ დევნილი ნგრევად ობიექტში არ ცხოვრობს, მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ზიანი ვერ მიადგება. შესაბამისად, ითვლება, რომ ის არ არის ნგრევადი ობიექტის ფაქტობრივი მაცხოვრებელი და მას სააგენტო კრიტერიუმების გარეშე, როგორც ნგრევად ობიექტში ფაქტობრივ მაცხოვრებელს, ვერ განასახლებს და დააკმაყოფილებს საცხოვრებლით. ასეთ შემთხვევაში, დევნილი ოჯახის დაკმაყოფილება უნდა მოხდეს კრიტერიუმების საფუძველზე, ქულათა პრიორიტეტულობის გათვალისწინებით. ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ თავისი მსჯელობით პრაქტიკულად დაადასტურა, რომ დ. კ-ი არ ცხოვრობდა ქ. თბილისში, ...ის ქ. #...-ში მდებარე ნგრევად ობიექტში, მაგრამ სააგენტოს მაინც მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და პრაქტიკულად ნორმატიული აქტით დადგენილი წესების საწინააღმდეგოდ მოქმედებისკენ მოუწოდა.
კასატორი აღნიშნავს, რომ მართალია, სახელმწიფოს ვალდებულებას წარმოადგენს დევნილ ოჯახთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა, თუმცა მატერიალური და ფინანსური რესურსების მოცულობიდან და სახელმწიფოს ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობა რიგითობას განსაზღვრავს გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, აღნიშნული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაბამისი პრიორიტეტულობის საფუძველზე. ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებებით და მონიტორინგის სამსახურის მიერ განხორციელებული კვლევის შედეგად დადგენილია, რომ მოსარჩელე ფაქტობრივად არ ცხოვრობდა „...ში“ და მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ადგებოდა, სახელმწიფოს მხრიდან მისთვის პრიორიტეტის მინიჭება და დაჩქარებული წესით, კრიტერიუმების გარეშე მისი განაცხადის განხილვა იქნებოდა გაუმართლებელი უთანასწორო მოპყრობა იმ დევნილების მიმართ, ვისაც უდგინდებათ კრიტერიუმების გათვალისწინებით შესაბამისი ქულები და სხვა დევნილებთან კონკურენციის პირობებში დიდხანს უწევთ საცხოვრებელი ფართის მისაღებად ლოდინი.
კასატორი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს #320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე“ მითითებით აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა კანონის საფუძველზე, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების სრულყოფილი და სათანადო კვლევის შედეგად. შესაბამისად, არ არსებობდა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 14 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2019 წლის 29 ნოემბრის #04-2332/ო ბრძანების კანონიერება და მოპასუხისათვის დ. კ-ის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოცემის დავალება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, შესაბამისად, მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთა ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გადაწყვეტილება მხოლოდ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა მიიღოს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს #320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი კი განსაზღვრავს, რომ ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სააგენტოს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, მოსარჩელე არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელსაც მინიჭებული აქვს დევნილის სტატუსი და სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში. ასევე, დადგენილია, რომ გასაჩივრებული ბრძანებით დ. კ-ის ოჯახს ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარი ეთქვა ქ. თბილისში, ...ის ქუჩის #...-ში მდებარე ე.წ. „...ის“ შენობაში ფაქტობრივად არცხოვრების გამო, ვინაიდან მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლებს 2019 წლის 11 ივნისს მონიტორინგის განხორციელებისას მითითებულ მისამართზე დახვდათ არა დ. კ-ი, არამედ სხვა პიროვნება - ლ. ს-ე, რომელმაც განმარტა, რომ აღნიშნულ მისამართზე შვილთან ერთად იმყოფებოდა ხუთი თვის განმავლობაში, ფართი კი დეიდამ - დ. კ-მა დაუთმო. ამასთან, მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლებს დ. კ-ი მისამართზე არ დაუხვდათ არც 2019 წლის 29 აგვისტოს, დამატებითი მოკვლევის ფარგლებში განხორციელებული ვიზიტისას.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მისამართზე პირთა ფაქტობრივად არცხოვრების დამადასტურებლად არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მხოლოდ ის გარემოება, რომ საკითხის გადაწყვეტის პროცესში განხორციელებული მოქმედების - მისამართზე გამოცხადების მომენტში, პირი ბინაში არ იმყოფებოდა ან დადგინდა, რომ გარკვეული დროის მონაკვეთში იგი მისამართზე არ ცხოვრობდა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ნგრევად ობიეტში ცხოვრებისას პირი, გარკვეულ შემთხვევებში, შესაძლოა იძულებული გახდეს დატოვოს საცხოვრებელი და თავი სხვაგან შეაფაროს, რაც არ გულისხმობს იმას, რომ მან მიატოვა ჩასახლების ობიექტი, არ წარმოადგენს ნგრევად ობიექტში მაცხოვრებელს და შესაბამისად, მას არ უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი სახელმწიფოს მიერ დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებისას.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მასალების შესაბამისად, ასევე, მოწმის სახით დაკითხული პირების - გ. ბ-ასა და ო. ქ-ას განმარტებით დასტურდება, რომ მოსარჩელე დ. კ-ი მუშაობს გლდანის ბაზარში, რის გამოც იგი სახლში ბრუნდება გვიან ღამით. მოწმეების მითითებით, ისინი და მოსარჩელე ცხოვრობენ ერთსა და იმავე სართულზე, შესაბამისად, ყოველ საღამოს ხედავენ სახლში დ. კ-სა და მის მეუღლეს. ამასთან, მოსარჩელე დევნილად დამისამართებულია ქ. თბილისში, ...ის ქუჩის #...-ში მდებარე ე.წ „...ის“ შენობაში და მოსარჩელის სახელზე არ არის რეგისტრირებული საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 17 მარტის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა