საქმე #ბს-565(კ-21) 25 ნოემბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 15 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2019 წლის 13 დეკემბერს დ. ბ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, იგი და მისი ოჯახის წევრები - თ. გ-ა, დ. ბ-ა და ლ. ბ-ა წარმოადგენენ იძულებით დაადგილებულ პირებს, რომლებზეც გაცემულია დევნილის მოწმობები. მათ დროებით საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს ქ. თბილისი, ...ის ქ. #..., სადაც ისინი მუდმივად ცხოვრობენ და ეწევიან საოჯახო მეურნეობას.
მოსარჩელემ 2019 წლის 31 ოქტომბერს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებით მიმართა სააგენტოს, თუმცა დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის #39 ოქმით მას უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, უარის თქმის მიზეზად კი მოსარჩელის ოჯახს განემარტა ის ფაქტი, რომ ისინი ფაქტობრივად არ ცხოვრობდნენ ნგრევად ობიექტში.
ამდენად, მოსარჩელემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 15 ნოემბრის #04-1846/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის დ. ბ-ას ოჯახისთვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 დეკემბრის განჩინებით საქმეში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ განისაზღვრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით დ. ბ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 15 ნოემბრის #04-1846/ო ბრძანება; მოპასუხეს - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, დ. ბ-ას ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 15 მარტის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა 2020 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. ბ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელსაც მინიჭებული აქვს დევნილის სტატუსი და არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში. ასევე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით დ. ბ-ასათვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ ადმინისტრაციული წარმოების შედეგად ადმინისტრაციულმა ორგნომ მიიჩნია, რომ დ. ბ-ას ოჯახი ნგრევად ობიექტში, ქ. თბილისში, ...ეს ქ. #...-ში, „...ში“, ფაქტობრივად არ ცხოვრობდა.
სააპელაციო სასამართლომ მოწმეების ჩვენებებზე დაყრდნობით გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიცია იმის თაობაზე, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არასწორად იქნა დადგენილი დ. ბ-ას ოჯახის ნგრევად ობიექტში, ქ. თბილისში, ...ეს ქ. #...- ში, „...ში“ ფაქტობრივად არცხოვრების ფაქტი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 15 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ მართალია სახელმწიფოს ვალდებულებას წარმოადგენს დევნილ ოჯახთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა, თუმცა საქართველოს კანონმდებლობა განსაზღვრავს რიგითობას გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. განსახილველ შემთხვევაში, ობიექტი სადაც რეგისტრირებულია მოსარჩელე, იყო ნგრევადი, სახელმწიფომ კი მიიღო გადაწყვეტილება, რომ ოჯახები, რომლებიც ცხოვრობენ ნგრევად ობიექტში, განესახლებინათ სხვა ფართში, შესაბამისად, ასეთი ობიექტებიდან დევნილთა განსახლება ხდება კრიტერიუმების გარეშე, ქულათა რაოდენობის მიუხედავად. ამ ობიექტიდან საცხოვრებლით დაკმაყოფილდნენ მხოლოდ ის ოჯახები, რომლებიც რეალურად ცხოვრობდნენ ნგრევად შენობაში და მათ სიცოცხლეს ექმნებოდა საფრთხე, ის ოჯახები კი, რომლებიც რეგისტრირებულნი იყვნენ, მაგრამ არ ცხოვრობდნენ ამ შენობაში, საცხოვრებელს მიიღებენ არა კრიტერიუმების გარეშე, არამედ ქულათა რაოდენობით და საჭიროების გათვალისწინებით.
კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელის ოჯახი ცხოვრობდა არა ნგრევად ობიექტში, არამედ ქ. თბილისში, ...ის ქუჩაზე, სიმამრის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ფართში. შესაბამისად, მისი სასწრაფო განსახლების აუცილებლობა, კრიტერიუმების გარეშე, არ იკვეთებოდა. კასატორმა ასევე აღნიშნა, რომ მოსარჩელის ოჯახს ხელი მიუწვდება არაერთ ალტერნატიულ საცხოვრებელზე. ამდენად, კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელის ოჯახი რეალურად ცხოვრობს ...ის ქუჩაზე ხოლო ნგრევად ობიექტში დაკავებული აქვთ 1 ოთახი, რომელშიც არ ცხოვრობენ. კასატორი თვლის, რომ სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო აღნიშნული გარემოებები და აღნიშნავს, რომ მართალია ოჯახი სახელმწიფოსგან საცხოვრებელი ფართით დასაკმაყოფილებელია, მაგრამ ბენეფიციარებსაც აქვთ თმენის ვალდებულება დაელოდონ თავიანთ რიგს და რიგითობის გათვალისწინებით მიიღონ საცხოვრებელი ფართი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 15 ნოემბრის #04-1846/ო ბრძანების კანონიერება და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსათვის დ. ბ-ას ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, შესაბამისად, მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთა ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გადაწყვეტილება მხოლოდ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა მიიღოს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს #320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი კი განსაზღვრავს, რომ ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სააგენტოს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ დ. ბ-ას, თ. გ-ას (მეუღლე), ლ. ბ-ას (შვილი) და დ. ბ-ას (შვილი) სახელზე გაცემულია დევნილის მოწმობები. აღნიშნული მოწმობებით დგინდება, რომ ისინი არიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები. ასევე დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 15 ნოემბრის #04-1846/ო ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი #39), დ. ბ-ას ოჯახს, ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად არცხოვრების გამო, უარი ეთქვა ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.
საქმის მასალებით, ასევე, დადგენილია, რომ 2020 წლის 5 მარტის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ. ბ-ამ განმარტა, რომ იგი ცხოვრობს ქ. თბილისში, ...ის რაიონში, ...ის ქ. #...-ში. მოწმემ მიუთითა, რომ იგი ამ კორპუსის თავმჯდომარეა 7-8 წელია, მოსარჩელეს იცნობს 1999 წლიდან, რომელიც აღნიშნულ მისამართზე პირველ სართულზე, ერთოთახიან ბინაში მუდმივად ცხოვრობს ოჯახთან ერთად. მოწმის განმარტებით, დ. ბ-ა 2010 წელს დაოჯახდა თ. გ-აზე, რომელიც დევნილია და ყავთ შვილები - ლ. და დ.. დ. ბ-ას აღნიშნულ მისამართზე მუდმივად ცხოვრების ფაქტი დაადასტურეს ასევე ამავე სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ლ. ჩ-მა და რ. გ-ამ. გარდა ამისა, 2020 წლის 10 მარტის დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების, გასაუბრების ოქმში მითითებულია, რომ სამინისტროს მონიტორინგის ჯგუფი გამოცხადდა ქ. თბილისში, ...ის ქ. #6-ში, ბინა #...-ში, სადაც კორპუსის შემოსასვლელში დაცვის თანამშრომელმა მათ განუმარტა, რომ ბინა #... ეკუთვნის დ. ბ-ას, რომელსაც ბინა აქვს გაქირავებული თურქი ეროვნების ოჯახზე. აღნიშნული გარემოების გამოკვლევის მიზნით, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმეზე მოწმის სახით გამოკითხულ იქნენ აღნიშნულ კორპუსში მცხოვრები ნ. დ-ი და მ. ჩ-ი. 2020 წლის 24 სექტემბრის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა პირებმა აღნიშნეს, რომ დ. ბ-ა აღნიშნულ კორპუსში არ ცხოვრობს და არც უცხოვრია, ხოლო ბინა #...-ში ცხოვრობდა დ. ს-ა. მოწმეებმა დამატებით განმარტეს, რომ მითითებულ კორპუსს დაცვის თანამშრომელი არ ჰყავს და არც არასდროს ჰყოლია.
ამასთან, ქ. თბილისში, ...ის ქუჩაზე მოსარჩელის ოჯახის ცხოვრებასთან დაკავშირებით კასატორის მითითებების თაობაზე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორს არ აქვს წარმოდგენილი აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. საქმის მასალებით არ დგინდება ხსენებული ქონების დ. ბ-ას ან მისი მეუღლის საკუთრებაში არსებობის ფაქტი. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო დასაშვებად მიიჩნევს, რომ ნგრევად ობიექტში მცხოვრებ პირს საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, დროის კონკრეტულ მონაკვეთში შესაძლოა მოუწიოს ასეთი საცხოვრებლის დატოვება (ნათესავებთან თავის შეფარება ან დაქირავებულ საცხოვრებელში გადასვლა და ა.შ.), თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს იმას, რომ ასეთ შემთხვევაში პირმა მიატოვა ჩასახლების ობიექტი, არ წარმოადგენს ნგრევად ობიექტში მაცხოვრებელს და შესაბამისად, მას არ უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი სახელმწიფოს მიერ დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებისას.
რაც შეეხება კასატორის მითითებებს მოსარჩელის ოჯახის ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართებზე ხელმისაწვდომობის თაობაზე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის ნათესავთა საკუთრებაში ბინების არსებობა არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ფართის მესაკუთრე ნათესავი არის ვალდებული, ამ უკანასკნელთ დაუთმოს მისი საცხოვრისი. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით დროებით სარგებლობის თეორიული თუ პრაქტიკული შესაძლებლობა არ გამორიცხავს მოსარჩელის უფლებას, როგორც დევნილი ოჯახი, განსახლებულ იქნეს კანონით დადგენილი წესით.
აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არასწორად იქნა დადგენილი მოსარჩელის ოჯახის ქ. თბილისში, ...ეს ქ. #...-ში, „...ში“ ფაქტობრივად არცხოვრების ფაქტი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 15 მარტის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა