Facebook Twitter

ბს-993 (კ-19) 02 დეკემბერი, 2021წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ნ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.04.2019წ. განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ბ-მა 07.09.2018წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიმართ და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ მოითხოვა ნ. ბ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 08.08.2018წ. ბრძანების ბათილად ცნობა, მოპასუხისათვის ნ. ბ-ის საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ...ის სამმართველოს მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ან მის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი აქტის გამოცემის, ნ. ბ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურებისა და მოსარჩელის მიერ სამართლებრივი დახმარებისთვის გაწეული და გასაწევი ხარჯების გადახდის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 10.01.2019წ. გადაწყვეტილებით ნ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ბ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.04.2019წ. განჩინებით ნ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 10.01.2019წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასებები. სააპელაციო პალატამ მიუთითა საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებაზე, რომლის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი იცავს მოქალაქის უფლებას, ჰქონდეს თავისუფალი წვდომა სახელმწიფო სამსახურზე, ამასთან, გულისხმობს საჯარო სამსახურში დასაქმებული პირის თანამდებობასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ გარანტიებს - არ იქნეს დაუსაბუთებლად გათავისუფლებული სამსახურიდან, იყოს დაცული ყოველგვარი გარე ჩარევისგან. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტი პირს იცავს საჯარო სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებისაგან. აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების მატერიალური საფუძვლები უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციით დადგენილ მოთხოვნებს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 4 აგვისტოს №2/5/595 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ნათია იმნაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ). სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ შრომის გარანტირებული უფლება არ არის აბსოლუტური და აღნიშნული უფლებით დაცული სფერო შესაძლებელია დაექვემდებაროს შეზღუდვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნითა და თანაზომიერების პრინციპის დაცვით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, შრომის უფლების დაცვა არ გულისხმობს დამსაქმებლის აბსოლუტურ შეზღუდვას, კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, გაათავისუფლოს დასაქმებული. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ დაწესებულების რეორგანიზაციის შედეგად პირის თანამდებობიდან გათავისუფლება, კანონის მიხედვით, მხოლოდ შესაბამისი საშტატო ერთეულის შემცირების შემთხვევაშია შესაძლებელი, ხოლო საშტატო ერთეულის შემცირება თავის მხრივ, კონკრეტული ფუნქციური დატვირთვით აღჭურვილი საშტატო ერთეულის საერთოდ გაუქმებად იქნა მიჩნეული ისე, რომ აღნიშნული ფუნქციები, თუნდაც სხვა დასახელების მქონე საშტატო ერთეულის ფუნქციებში არ ტრანსფორმირდება. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საშტატო ერთეულის გაუქმების (შემცირების) შემთხვევაში, შესაბამისი საჯარო დაწესებულების ვალდებულებას, დაინიშნოს შემცირებულ თანამდებობაზე დასაქმებული პირი სხვა ფუნქციური დატვირთვის ან/და მაღალი რანგის სხვა საკვალიფიკაციო მოთხოვნების მქონე საშტატო ერთეულზე, ან შრომითი ხელშეკრულებით დაასაქმოს იგი, კანონით გათვალისწინებული საფუძველი არ გააჩნია. სააპელაციო პალატამ საქმეში დაცული მტკიცებულებების შეფასების შედეგად აღნიშნა, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ...ის სამმართველოში რეოგრანიზაციის შედეგად, მთლიანად შემცირდა მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის საშტატო ერთეული, რომელზეც დანიშნული იყო ნ. ბ-ი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება, რომლის თანახმად, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით არ დარღვეულა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული შრომის უფლება, ამასთანავე ადგილი არ ჰქონდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევას. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და არ ეწინააღმდეგება მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებს, რის გამოც არ არსებობს ნ. ბ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 08.08.2018წ. ბრძანების ბათილად ცნობის საფუძვლები. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ კანონმდებლობა საჯარო სამსახურში მოხელის აღდგენას ცალსახად უკავშირებს მისი დათხოვნის/გათავისუფლების უკანონობას, ხოლო განაცდური ხელფასის ანაზღაურებას - დაწესებულების მიერ მოხელის სამსახურში აღდგენას, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა. შესაბამისად, გამომდინარე იმ გარემოებიდან, რომ სასამართლომ ნ. ბ-ის სამსახურიდან დათხოვნასთან დაკავშირებით სადავოდ გამხდარი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად არ ცნო, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა ნ. ბ-ის თანამდებობაზე აღდგენისა და მისთვის განაცდური ხელფასის ანაზღაურების მოპასუხისთვის დავალების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი. რაც შეეხება ადვოკატის მომსახურების ხარჯების ანაზღაურების მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსთვის დავალებას, აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. ამდენად, ვინაიდან ნ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია მისი მოთხოვნა წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის დავალების თაობაზე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.04.2019წ. განჩინება ნ. ბ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა.

კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ შეფასების მიღმა დატოვა კასატორისთვის გარე მობილობის დაწყების საფუძველი, ვინაიდან იგი მიიჩნევს, რომ საჯარო სამსახურის შესახებ კანონმდებლობის თანახმად, საჯარო მოხელის გარე მობილობა იწყება იმ შემთხვევაში, როდესაც არ არსებობს იმავე დაწესებულებაში მობილობის შესაძლებლობა, კასატორი მიიჩნევს, რომ მოპასუხემ ვერ დაადასტურა რატომ იყო შეუძლებელი კასატორის იმავე დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნა. კასატორისთვის არ შეუთავაზებიათ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმება, მაშინ როდესაც რეორგანიზაციის შემდეგ არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმდა ჯამში 8 პიროვნება.

კასატორი უთითებს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაზე და აღნიშნავს, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება უშუალოდ მონაწილეობდეს თავისი ქვეყნის მართვა-გამგეობაში და თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვვეყნის სახელმწიფო სამსახურში, აგრეთვე აღნიშნავს, რომ ყველას აქვს შრომის სამართლიანი პირობებისა და უმუშევრობისგან დაცვის უფლება, რაც ქმნის სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, არ დაუშვას პირის შრომითი პირობების იმგვარად დადგენა, რომელიც სახელმწიფო სამსახურში პირის შრომის უფლებას არამართლზომიერად შეზღუდავს. კასატორი უთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 23.06.2016წ. გადაწყვეტილებას საქმეზე „ბაკა უნგრეთის წინააღმდეგ“, რომლის თანახმად უსამართლოა ფორმალური ხასიათის მქონე რეორგანიზაცია, რომლითაც იფუთება რეალური მიზეზი. კასატორი აღნიშნავს, რომ მოცემული გადაწყვეტილება კავშირშია განსახილველ საქმესთან, ვინაიდან გარე მობილობის განხორციელებას ჰქონდა ფორმალური ხასიათი, ხოლო შიდა მობილობა საერთოდ არ განხორციელებულა. კასატორის მოსაზრებით, მოპასუხემ გარე მობილობის განხორციელებით გადაფარა შიდა მობილობის გამოუყენებლობის რეალური მიზეზი, ვინაიდან არ სურდა მოსარჩელე დარჩენილიყო იმავე სტრუქტურაში დასაქმებულად.

კასატორი მიიჩნევს, რომ რეორგანიზაციის შედეგად მოსარჩელის მიერ დაკავებული ფუნქცია-მოვალეობები უცვლელი დარჩა. ახალი საშტატო განრიგით მოხდა ორი სამსახურის გაერთიანება, რომელშიც სამი სამმართველო შეიქმნა. აღნიშნული სამმართველოების ფუნქცია-მოვალეობები უცვლელი დარჩა, ისევე როგორც შესასრულებელი სამუშაო. კასატორის მოსაზრებით, მხოლოდ ფორმალურად განხორციელდა სახელწოდებების შეკვეცა, ასევე თანრიგის მიხედვით ამავე სამსახურში, კერძოდ რეგისტრაციის სამსახურში შენარჩუნებულია მეორე კატეგორიის სპეციალისტის თანამდებობა და მხოლოდ განსახლების სამსახურში მოხდა აღნიშნული თანრიგის შემცირება, რასაც მის წინააღმდეგ მიმართულად მიიჩნევს.

კასატორი რეორგანიზაციის განხორციელებას არ მიიჩნევს სადავო საკითხად, სადავოა რეორგანიზაციის პროცესის მართებულობა. ასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლო ეყრდნობა მხოლოდ იმ საშტატო ერთეულის გაუქმებას, რომელიც კასატორს ეკავა და არ მსჯელობს დაცული იქნა თუ არა მისი უფლებები რეორგანიზაციის პროცესში.

კასატორი აღნიშნავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის თანახმად, თანამშრომელი შეიძლება გადაყვანილ იქნას იმავე ან სხვა დაწესებულებაში, ტოლფას ან დაბალ თანამდებობაზე. სასამართლომ შეფასების მიღმა დატოვა 29.08.2018წ. წერილი, რომელიც ადასტურებს, რომ რეორგანიზაციის შედეგად ხელშეკრულებები გაფორმდა 7 პირთან, ზემოხსენებული წერილი ადასტურებს შტატების შემცირების მიუხედავად სხვა პირებთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმებას, რომელთა შორის არ აღმოჩნდა კასატორი, ბუნდოვანია თუ რა კრიტერიუმით მოხდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სხვა პირების შერჩევა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

სსკ-ის 377.1 მუხლის თანახმად, სააპელაციო ინსტანციაში მართლმსაჯულება ხორციელდება გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით სააპელაციო საჩივრის ფარგლებში შემოწმების გზით, რაც გულისხმობს სააპელაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის შეფასებასაც. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების სამოტივაციო ნაწილი შეიცავს სადავო სამართალურთიერთობის მიმართ გამოსაყენებელ ნორმებს და მათ სამართლებრივ დასაბუთებას. სააპელაციო პალატის მიერ შეფასებულია საქმეში დაცული მტკიცებულებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ განჩინებას. ამასთანავე, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 6.1 მუხლი არ მოითხოვს თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას („ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“ §71).

საქართველოს ყოველ მოქალაქეს აქვს უფლება დაიკავოს ნებისმიერი საჯარო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს (საქართველოს კონსტიტუციის 25.1 მუხ.). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის ზემოხსენებული ნორმით გარანტირებული შრომის უფლება გულისხმობს მოქალაქის უფლებას გააჩნდეს წვდომა საჯარო სამსახურზე და სახელმწიფოს ვალდებულებას არ დაუშვას პირის საჯარო სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლება. შრომის უფლება არ არის აბსოლუტური უფლება და ექვემდებარება შეზღუდვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი უნდა იყოს დამაჯერებლად დასაბუთებული. „საჯარო სამსახურის შესახებ“ სადავო პერიოდში მოქმედი კანონის 110.1 მუხლის თანახმად, მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების ერთ-ერთ კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია, რასაც შედეგად მოჰყვება შტატების შემცირება. ამასთანავე, აღნიშნული ნორმა დამსაქმებელს ავალდებულებს დაიწყოს მობილობის პროცედურები, რათა დაცულ იქნეს მოხელის უფლებები. საკსაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში დაცულ „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის რეორგანიზაციის დაწყების“ შესახებ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 08.05.2018წ. ბრძანებაზე, რომლითაც დეპარტამენტში გამოცხადდა რეორგანზიაცია, რაც ითვალისწინებდა დეპარტამენტის ნაწილობრივ ან სრულად ახალი სტრუქტურის ჩამოყალიბებასა და დეპარტამენტის შტატების გადაადგილებას ან/და შემცირებას. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემული დავის ფარგლებში შესაფასებელ გარემოებას წარმოადგენს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში რეორგანიზაციის ჩატარებისას კასატორის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერების საკითხი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ორგანოთა შექმნა, მათ შორის ფუნქციების განაწილება, ორგანოთა გაუქმება, ინოვაციური სიახლეები წარმოადგენს ხელისუფლების დისკრეციის სფეროს, ორგანოთა გაუქმება, ინოვაციური სიახლეები არ იწვევენ სახელმწიფო ფუნქციებისა და ამოცანების მთლიანად გაუქმებას, შესაბამისად სახელმწიფო პასუხისმგებლობის გაუქმებას. ამასთანავე, საკასაციო პალატის მოსაზრებით, რეორგანიზაციის ფაქტი თავისთავად არ ქმნის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს. გათავისუფლება დასაშვებია რეორგანიზაციისას, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება. საქმეში დაცული მტკიცებულებების თანახმად ირკვევა, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში განხორციელდა რეორგანიზაცია, კერძოდ, რეორგანიზაციამდე მოქმედი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 13.01.2017წ. N1/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულებისა“ და რეორგანიზაციის შემდგომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 07.08.2018წ. N43/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების“ ურთიერთშედარების შედეგად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ რეორგანიზაციის შემდეგ განსახლების სამსახური და გარემოს დაცვის სამსახური გაუქმდა და მათ შედეგად წარმოიქმნა გარემოსა და სოციალურ საკითხთა სამსახური, რომელიც აერთიანებს განსახლების, რეგისტრაციისა და გარემოს დაცვის სამმართველოებს. გარემოსა და სოციალურ საკითხთა სამსახურის განსახლებისა და გარემოს დაცვის სამმართველოების ფუნქცია-მოვალეობები გაერთიანდა და ამ უკანასკნელის შესრულებას უზრუნველყოფს განსახლებისა და გარემოს დაცვის სამმართველოში დასაქმებული მოხელეები (საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტის 07.08.2018წ. ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების 14.4 მუხ.). საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მიერ 12.04.2018წ. და 07.08.2018წ. დამტკიცებული საშტატო ნუსხების შეფასების შედეგად საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის რეორგანიზაციამდე ...ის სამმართველოში არსებობდა 10 საშტატო ერთეული, მათ შორის ერთი - სამმართველოს უფროსის, 7 - პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტისა და 2 - მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა, ხოლო რეორგანიზაციის შედეგად განსახლების სამმართველოში შენარჩუნდა 4 საშტატო ერთეული, მათ შორის ერთი - სამმართველოს უფროსისა და 3 - პირველი კატეგორიის უფროსის სპეციალისტის თანამდებობა. სადავო აქტის კანონიერების საკითხთან დაკავშირებით საკასაციო პალატა ყურადსაღებად გარემოებად მიიჩნევს განსახლებისა და გარემოს დაცვის სამმართველოებში დასაქმებული მოხელეების მიერ იდენტური ფუნქცია-მოვალეობების შესრულებას. ამასთანავე, მხედველობაშია მისაღები საქმეში დაცული რეორგანიზაციის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიების შესრულების მიზნით რეორგანიზაციაზე პასუხისმგებელ პირთა წინადადების 04.072018წ. N2 ოქმი, რომელიც შეიცავს გასათავისუფლებელ მოხელეთა სიას, ზემოხსენებული ოქმით დგინდება, რომ ნ. ბ-თან ერთად შესაძლო გათავისუფლების შესახებ გაფრთხილებულ იქნა განსახლების სამსახურის 4 - პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი და 1 - მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი. ამდენად, საქმეში დაცული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ რეორგანიზაციის შედეგად ...ის სამმართველოში მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის საშტატო ერთეული სრულად გაუქმდა, ადგილი ჰქონდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და მობილობის პროცედურების დაწყების საფუძველს.

დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მის მიმართ დაწყებულ გარე მობილობას გააჩნდა ფორმალური ხასიათი, რადგან არ განხორციელებულა შიდა მობილობა. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 52-ე მუხლი ავალდებულებს საჯარო დაწესებულებას რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებისას შესაბამისი მოხელის მიმართ მობილობის პროცედურების დაწყებას, რაც გულისხმობს გასათავისუფლებელი მოხელის გადაყვანას, მისივე თანხმობით, იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას - დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით. მობილობის პროცესის კანონიერებისა და მობილობის ეფექტურობისთვის ქმედითი ბერკეტების სრულფასოვნად გამოყენების საკითხთან დაკავშირებით, საქმეში დაცული მტკიცებულებების შეფასების შედეგად საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ სრულად იქნა დაცული მობილობასთან დაკავშირებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მოთხოვნები, კერძოდ, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 104.2 მუხლის მოთხოვნის მიხედვით ადმინისტრაციულმა ორგანომ საჯარო დაწესებულების მოხელეების ინტერესებიდან გამომდინარე დაუყოვნებლივ აცნობა რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილება საჯარო სამსახურის ბიუროს (საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 08.05.2018წ. კორესპოდენცია ს.ფ. 224), ამავე კანონის 52.1 მუხლის მოთხოვნის საფუძველზე, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შიდა მობილობის საკითხის გადაწყვეტის მიზნით 09.07.2018წ. მიმართა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს. ვინაიდან გარდა კასატორისა, რეორგანიზაციის შედეგად გასათავისუფლებელი მოხელეების კომპეტენციის გათვალისწინებით განხორციელდა სხვა პირთა მობილობა მათ ტოლფას ან უფრო დაბალ თანამდებობებზე. დასტურდება, რომ არ არსებობდა ნ. ბ-ის კვალიფიკაციის შესაბამისი თანამდებობა დეპარტამენტშივე მობილობის განსახორციელებლად. ზემოხსენებულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციის დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება მუშაკის სამსახურებრივ მოთხოვნებთან შესაბამისობის სხვადასხვა კრიტერიუმებით შეფასება, თითოეული მუშაკის პროფესიონალიზმის, შრომითი უნარ-ჩვევების, კომპეტენტურობის, მიღებული განათლების, კარიერული ზრდის პერსპექტივის, კრეატიულობის, პირადი თვისებების, თანამშრომლობის უნარის, კოლეგიალობის, რეპუტაციის, სხვა გარემოებების გათვალისწინება და კონკრეტული შემთხვევისათვის სათანადო გადაწყვეტილების მიღება. ვინაიდან შიდა მობილობა წარუმატებელი აღმოჩნდა, ადმინისტრაციულმა ორგანომ ნ. ბ-ის გარე მობილობის მიზნით მიმართა სხვადასხვა საჯარო დაწესებულებას, აღნიშნულის მიუხედავად, კასატორის გარე მობილობა ვერ განხორციელდა. ამასთანავე, „სააჯრო სამსახურის შესახებ“ კანონის 110.1 მუხლის თანახმად, მოხელე შესაძლებელია გათავისუფლდეს სამსახურიდან საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცის შედეგად შტატების შემცირების საფუძვლით თუ იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი მობილობა შეუძლებელია. ვინაიდან ნ. ბ-ის ხელახალი დასაქმება მობილობით ვერ განხორციელდა, იგი ჯერ გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, ხოლო შემდეგ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 105.1 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით ჩაირიცხა მოხელეთა რეზერვში და მას მიეცა კომპენსაცია 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით (საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 08.08.2018წ. ბრძანება, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის აპარატის მიერ შესრულებული 16.08.2018წ. საგადახდო მოთხოვნა). ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს „ნ. ბ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 08.08.2018წ. ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი.

კასატორი აღნიშნავს, რომ მისთვის არ შეუთავაზებიათ შრომითი ხელშეკრულების გაფორმება, მაგრამ მან ვერ უზრუნველყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად იმ მტკიცებულებათა წარმოდგენა, რომლებზედაც იგი ამყარებდა თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამასთანავე, საქმეში დაცული ნ. ბ-ის 13.08.2018წ. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელზე დაწერილი განცხადების თანახმად ირკვევა, რომ მას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შესთავაზა სამთვიანი ხელშეკრულების გაფორმება, რაზედაც უარი განაცხადა. ამდენად, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას აღნიშნულთან დაკავშირებით.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვინაიდან არ დასტურდება ნ. ბ-ის სამსახურიდან გათავისუფლების უკანონობა, არ არსებობს ტოლფას თანამდებობაზე აღდგენისა და განაცდური ხელფასის ანაზღაურების შესახებ ნ. ბ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.04.2019წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი