საქმე #ბს-304(კ-21) 9 დეკემბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ო. დ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2019 წლის 4 ოქტომბერს ო. დ-იმ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, იგი არის ფოტოგრაფი, რომელიც 2018 წელს ჩამოვიდა საქართველოში და იმავე წლის სექტემბერში იქორწინა საქართველოს მოქალაქე თ.ხ-ზე. აღნიშნულის შემდგომ, იგი თავის მეუღლესთან ერთად გარკვეული დროის მანძილზე იმყოფებოდა ირანში, საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი განაგრძო თავისი საქმიანობა.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მან 2019 წლის აგვისტოში განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე, თუმცა 2019 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, მას უარი ეთქვა მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე. მოსარჩელე მიუთითებს, რომ იგი არ არის ნასამართლევი და არც რაიმე მართლსაწინააღმდეგო ქმედებაშია შემჩნეული, იგი არის კანონმორჩილი მოქალაქე, რომელიც სწავლობს ქართულ ენას და პატივს სცემს საქართველოს ადათ-წესებს, ისტორიას და კულტურას.
ამდენად, მოსარჩელემ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 27 სექტემბრის #1000683073 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის ო. დ-ის მიმართ მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით ო. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 27 სექტემბრის #1000683073 გადაწყვეტილება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ო. დ-ის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე - ო. დ-მა 2019 წლის 29 აგვისტოს განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემა. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2019 წლის 30 აგვისტოს #1000683073/1 წერილით მიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს ინფორმაციის მისაღებად, არსებობდა თუ არა ო. დ-ისთვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის კანონიერი საფუძვლები. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2019 წლის 26 სექტემბრის #SSG 8 19 00176692 წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტს მიზანშეუწონლად მიაჩნდა ო. დ-ისათვის საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის მინიჭება. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 27 სექტემბრის #1000683073 გადაწყვეტილებით, ო. დ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა.
საიდუმლო ინფორმაციის გაცნობის შედეგად, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადგილი არ ჰქონია შეცდომას დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში, სააგენტომ მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება განახორციელა კანონმდებლობის მიზნების მხედველობაში მიღებით, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების დაცვით. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არსებობდა ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის კანონით გათვალისწინებული საფუძველი. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსაზრება, რომ ვინაიდან მოსარჩელე დაქორწინებულია საქართველოს მოქალაქეზე, ოჯახის ერთიანობის პრინციპის გათვალისწინებით, უნდა გაცემულიყო მუდმივი ცხოვრების ნებართვა. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარი მოსარჩელეს სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მისაღწევად ეთქვა, მას მიეცა უპირატესი ინტერესი მხარის ინდივიდუალურ ინტერესთან შედარებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ო. დ-იმ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის რიგი პუნქტები შედგება მხოლოდ ნორმების ციტირებისგან, ამდენად, იგი არასრულია და მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება არის შეუძლებელი.
კასატორი მიიჩნევს, რომ ის ფაქტი, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს არ აქვს საკანონმდებლო საფუძველი იმისა, რომ გაეცნოს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნის შინაარსს, უფრო მეტად ავალდებულებს სასამართლოს, რომ შეამოწმოს სააგენტოს გადაწყვეტილების კანონიერება. ის გარემოება, რომ სასამართლომ გაიზიარა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსაზრება და დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ეწეოდა საფრთხის შემცველ საქმიანობას, გულისხმობს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების ამ რგოლზე სასამართლო კონტროლი მხოლოდ ფორმალურია და არ ემსახურება ადამიანის უფლებების დაცვის მიზანს.
კასატორი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 8 მაისის #ბს-1110-1062(კ-07) და #ბს-1655-1627(კ-11) გადაწყვეტილებებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტი, რომელიც დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებს აწესებს. კასატორი მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ ყოფილა დაცული საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობა და მიღებულმა გადაწყვეტილებამ გამოიწვია პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. ამასთან, სააგენტო უფლებამოსილი იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან დასკვნის მიღების შემდეგ თავად მიეღო გადაწყვეტილება ნებართვის გაცემის ან გაუცემლობის შესახებ, თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო დასაბუთებული.
კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არ გამოიყენა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი და მე-15 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი, ასევე ამავე კანონის მე-18 მუხლი და არ განმარტა, რა იქნა შეფასებული ადმინისტრაციული წარმოებისას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააენტოს მიერ, როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან მიიღეს რამდენიმე წინადადებიანი დასკვნა, როგორ იქნა შეპირისპირებული დაინტერესებული მხარის და სახელმწიფო ინტერესები იმგვარად, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიიღო ო. დ-ისთვის მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ უარის გადაწყვეტილება. კასატორი მიიჩნევს, რომ კანონი არ ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს მიიღოს უარყოფითი გადაწყვეტილება, თუ არსებობს დასკვნა პირის მიმართ მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლობის შესახებ. სასამართლოში საქმის განხილვისას გაცილებით მაღალია სტანდარტი, რითიც უნდა მოხდეს მტკიცებულებების შეფასება, გამოკვლევა და დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების მართლზომიერების შეფასება.
ამასთან, კასატორი მიიჩნევს, რომ თვითგამორკვევის პრინციპიდან გამომდინარე, მისთვის ცნობილი უნდა გამხდარიყო, თუ რა მონაცემები გახდა მისთვის მუდმივი ცხოვრების უფლების შეზღუდვის საფუძველი.
კასატორი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლომ არ იმსჯელა ოჯახის ერთიანობის პრინციპსა და მნიშვნელობაზე და მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ ო. დ-ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება საქართველოს მოქალაქესთან, ამასთან, იგი წარმოადგენს ოჯახის მარჩენალს. გარდა ამისა, მეუღლის რელიგიური მრწამსიდან გამომდინარე, კასატორისთვის შეუძლებელია მეუღლესთან ერთად ირანში ცხოვრება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ო. დ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ო. დ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ო. დ-ისთვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 27 სექტემბრის #1000683073 გადაწყვეტილების კანონიერება და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის ო. დ-ის მიმართ მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვა გაიცემა საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს. საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს სააგენტო. ამავე კანონის მე-15 მუხლის „ზ“ პუნქტის თანახმად, მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე, არასრულწლოვან შვილზე, საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის მშობელზე. მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა აგრეთვე უცხოელზე, რომელიც დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე საქართველოში ცხოვრობდა ბოლო 10 წლის განმავლობაში. ამ ვადაში არ ითვლება საქართველოში სწავლის ან მკურნალობის მიზნით ცხოვრებისა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობებში მუშაობის პერიოდი. ამავე კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს, რომ უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ. ამავე მუხლის ამავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი კი უცხოელისთვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესაძლებლობას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის #520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-13 მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, სააგენტო უფლებამოსილია, ხოლო კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად, ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან. სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები, მიმართვის მიღებიდან 5 დღეში წარუდგენენ სააგენტოს მოთხოვნილ ინფორმაციას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია. ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კი განსაზღვრავს, რომ კონტრდაზვერვითი საქმიანობის პროცესში ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების შედეგად მიღებული დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამართალდაცვითი მიზნებისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2019 წლის 26 სექტემბრის #SSG 8 19 00176692 წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტს მიზანშეუწონლად მიაჩნია ო. დ-ისთვის საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის მინიჭება. სწორედ აღნიშნულის საფუძველზე იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 27 სექტემბრის #1000683073 გადაწყვეტილება, რომლითაც ო. დ-ს, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, უარი ეთქვა საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე.
ასევე დადგენილია, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ო. დ-მა 2018 წლის 7 სექტემბერს იქორწინა საქართველოს მოქალაქე თ.ხ-ზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, იმის თაობაზე, რომ მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის საკითხის გადაწყვეტა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. იგი მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, უფლებამოსილია გამოითხოვოს ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. თუმცა, საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც განსაზღვრავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი კი განსაზღვრავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. აღნიშნული მეტყველებს იმაზე, რომ დისკრეციული უფლებამოსილება არ არის შეუზღუდავი და ადმინისტრაციულმა ორგანომ მხედველობაში უნდა მიიღოს ფაქტობრივი გარემოებები, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობა და ამის საფუძველზე მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.
2021 წლის 16 ნოემბერს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს მიმართა. მიმართვაში აღნიშნულია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 27 სექტემბრის #1000683073 გადაწყვეტილებით ო. დ-ის (დაბ.: ...წ., ირანის ისლამური რესპუბლიკა, პასპორტის ნომერი: ...) „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, უარი ეთქვა მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2019 წლის 26 სექტემბრის #SSG 8 19 00176692 წერილი, რომლითაც სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტმა მიზანშეუწონლად მიიჩნია ო. დ-ისთვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემა. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 16 ნოემბრის მიმართვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს ეთხოვა, საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის წარმოედგინა ინფორმაცია/მასალები (მათ შორის, საიდუმლო), რომელიც საფუძვლად დაედო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2019 წლის 26 სექტემბრის #SSG 8 19 00176692 წერილის გაცემას, მოსარჩელისათვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის მინიჭების მიზანშეუწონლად მიჩნევის თაობაზე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ არსებითია სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის საკითხები, თუმცა მიდგომა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს თანმიმდევრული და არ უნდა ქმნიდეს შეუსაბამო დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მართალია, მოსარჩელე დაქორწინებულია საქართველოს მოქალაქეზე და ცხადია, მნიშვნელოვანია ოჯახის ერთიანობის შენარჩუნება, თუმცა მხოლოდ აღნიშნული გარემოება არ ქმნის მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის საფუძველს. საკასაციო სასამართლო საკმარისად თვლის მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილ საიდუმლო მასალაში მითითებულ გარემოებებს სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის კანონიერად მიჩნევისათვის და აღნიშნავს, რომ სააგენტომ დისკრეციული უფლებამოსილება განახორციელა კანონმდებლობის მიზნების მხედველობაში მიღებით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ო. დ-ის საკასაციო საჩივარზე თ. რ-ს 24.03.2021წ. #10636613525 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თ. რ-ს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს ო. დ-ის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ო. დ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. თ. რ-ს (პ/ნ: ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 24.03.2021წ. #10636613525 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა