№ბს-17(კ-19) 9 დეკემბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 19 სექტემბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,...ი“).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 25 მაისს სს „...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 27 იანვრის №04/5058 გადაწყვეტილების („საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ“ პაციენტ - ლ. მ-ის მკურნალობის ღირებულების დაფინანსებაზე უარის თქმის ნაწილში) და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 10 აპრილის №04/22362 გადაწყვეტილების (სს ,,...ის’’ 2017 წლის 24 თებერვლის №85 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში) ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (პაციენტ - ლ. მ-ის შემთხვევის ანაზღაურების შესახებ) გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით სს ,,...ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 27 იანვრის №04/5058 გადაწყვეტილება ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ პაციენტ-ლ. მ-ის შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და მოპასუხეს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, პაციენტ - ლ. მ-ის შემთხვევის ანაზღაურების შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 10 აპრილის №04/22362 გადაწყვეტილება სს „...ის“ 2017 წლის 24 თებერვლის №85 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში (პაციენტ ლ. მ-ის ნაწილში).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 19 სექტემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 19 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მითითებით, განსახილველი დავის გადაწყვეტისთვის ძირითად სამართლებრივ აქტს წარმოადგენს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“. აღნიშნულის შესაბამისად, სამედიცინო კლასიფიკატორების მოდულის მიხედვით - ელექტრონული ჯანდაცვა K92.2 არის დიაგნოზი, როდესაც სახეზეა გასტრო-ინტესტინური სისხლდენა, რომელიც ასევე არის დაუზუსტებელი. ამავე შემთხვევას აქვს შესაბამისი დეტალებიც, კერძოდ, მკაფიოდ აღნიშნულია, რომ K92.2-ში იგულისხმება „სისხლდენა: კუჭიდან, რომელიც სხვაგვარად არ არის დაზუსტებული. ნაწლავებიდან, რომელიც სხვაგვარად არ არის დაზუსტებული, ხოლო არ იგულისხმება: „მწვავე ჰემორაგიული გასტრიტი (K 29.0) სისხლდენა ყითადან და სწორი ნაწლავიდან (K 62.5) პეპტიკური წყლულთან ერთად (K25-K28)“, ანუ K92.2 შეუძლებელია მოიცავდეს დაზუსტებულ ნოზოლოგიურ ჩარევას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 თებერვლის განჩინებით (მოსამართლე - ვასილ როინიშვილი) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ამასთან, მოსამართლე - ვასილ როინიშვილის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად არჩევის გამო, 2020 წლის 23 ივნისს ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული საქმე ელექტრონული პროგრამის მეშვეობით განაწილდა მოსამართლე - ქეთევან ცინცაძეზე.
საქართველოს უზნაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ნოემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საპროცესო უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2016 წლის 02 აგვისტოს ცნობის თანახმად, პაციენტი - ლ. მ-ი 2016 წლის 28 ივლისს შევიდა სს „...ის“ ...ში, სტაციონარში მოთავსების მიზნით. მოკლე ანამნეზი: პაციენტი კლინიკაში შევიდა ურგენტულად, გადაიყვანეს რუსთავის კლინიკიდან, მსხვილი ნაწლავიდან სისხლდენის კლინიკური სურათით. გადატანილი ჰქონდა ინსულტი, რის შედეგადაც ჰქონდა დისლალია და ჰემიპარეზი, ვერ მოძრაობდა, გაძნელებული ჰქონდა ყლაპვა (ზონდით იკვებებოდა) და იყო არაკომუნიკაბელური. დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ: 1) კუჭის მწვავე წყლული, გართულებული სისხლდენით K25.0; 2) გასტრო-ინტესტინური სისხლდენა, დაუზუსტებელი K92.2; თანმხლები: მდგომარეობა თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლის შემდგომ 2016 წლის ივნისში I69.4.
ჩატარებული დიაგნოსტიკური გამოკვლევები და კონსულტაციები: ქირურგის კონსულტაცია: მუცლის პალპაციით პათოლოგია არ ვლინდებოდა; რექტალურად სისხლის კოლტები; ნაზო-გასტრული ზონდიდან გამოჩნდა ყავის ნახარშის ტიპის გამონადენი. ქირურგის და ინტერნისტის კონსულტაცია (ZYZX90); სისხლის საერთო ანალიზი BL.6; კოაგულოგრამა (CG.7); ე.კ.გ FXFO00; ელექტროლიტური ბალანსის განსაზღვრა BL.14; სისხლის ჯგუფი და რეზუსი A(II),RH+ IM.10.1.2; BL.9.3 კრეატინინი - 103; გასტროსკოპია, ენდოსკოპიური ჰემოსტაზი JDSA32; მარცხენამხრივი თირკმლის ულტრაბგერითი კვლევა, JXDE1A მუცლის ღრუს ზედა ნაწილის ულტრაბგერითი კვლევა.
ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის მიხედვით, პაციენტს გაეწია სათანადო მკურნალობა. პაციენტის სტაციონარიდან გაწერისას მდგომარეობა იყო სტაბილური. პაციენტი სტაციონარიდან გაეწერა 2016 წლის 02 აგვისტოს, 14:00 საათზე.
სს „...ის“ ...ის 2016 წლის დეკემბრის №165-3-2/2561443142-1275776193 „ანაზღაურებაზე უარის“ და „სადავო“ სტატუსის მქონე შემთხვევათა რეესტრის ჩანაწერის მე-2 პუნქტით დგინდებოდა, რომ წარდგენილ შემთხვევას (ნომერი - №...; შემთხვევის ტიპი - გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება; სახელმწიფო პროგრამით ასანაზღაურებელი თანხა - 1252,8 ლარი) განესაზღვრა სტატუსი - არ ანაზღაურდება.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 27 იანვრის №04/5058 გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობის №36 დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, №... სამედიცინო შემთხვევას საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების ეტაპზე განესაზღვრა სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“.
გადაწყვეტილების მიხედვით, პაციენტი - ლ. მ-ი იყო „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის“ დანართი 1.3-ის მეორე პუნქტით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებით მოსარგებლე. პაციენტი სს „...ის“ ...ში მკურნალობდა 2016 წლის 28 ივლისიდან 2016 წლის 02 აგვისტოს ჩათვლით გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში (შემთხვევის ნომერი - №...), დიაგნოზი: 6050003934/2 - K92.2 -/- გასტროინტესტინური სისხლდენა, დაუზუსტებელი -/- კონსერვატული მკურნალობა -/- გართულებული სისხლდენით; 6050003923/2 - K25.0 -/- კუჭის მწვავე წყლული, დაუზუსტელი ლოკალიზაციით, მწვავე სისხლდენით -/- კონსერვატული მკურნალობა -/-გართულებული სისხლდენით. ორი ნოზოლოგიური კოდის მიწოდებით სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის მიერ ხელოვნურად გაიზარდა სახელმწიფოს მიერ ასანაზღაურებელი თანხა. სამედიცინო დაწესებულება არ დაეთანხმა მხოლოდ ერთი პროგრამული შემთხვევის (6050003934/2 - K92.2 -/- გასტროინტესტინური სისხლდენა, დაუზუსტებელი -/- კონსერვატული მკურნალობა -/- გართულებული სისხლდენით) ანაზღაურებას.
სს „...ის“ ...ის წარმომადგენელმა 2017 წლის 24 თებერვალს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 27 იანვრის №04/5058 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 10 აპრილის №04/22362 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სს „...ის“ ...ის 2017 წლის 24 თებერვლის №85 ადმინისტრაციული საჩივარი. ამასთანავე, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, არ დაკმაყოფილდა სს „...ის“ ...ის მოთხოვნა ლ. მ-ის სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36-ე დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის პირველი მუხლის თანახმად, პროგრამის მიზანია: ა) ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის, კერძოდ: ა.ა) პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე მოსახლეობის გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა; ა.ბ) ამბულატორიული მომსახურების მოხმარების გაზრდა ძვირადღირებული და მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალური მომსახურების მოხმარების რაციონალიზაციის მიზნით; ა.გ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება გადაუდებელ და გეგმიურ სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით. ბ) ამ დადგენილების 21 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 ან/და 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებებით განსაზღვრული შესაბამისი მოსარგებლეებისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა იმავე დადგენილებებით განსაზღვრული სადაზღვევო ვაუჩერის შესაბამის სამედიცინო მომსახურებებზე; გ) ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე ვეტერანებისთვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა ამ დადგენილებით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის.
პროგრამის მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად: ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა; ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს.
მითითებული პროგრამის №1.2 დანართით განსაზღვრულია გადაუდებელი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების პირობები. აღნიშნული დანართის მე-2 პუნქტის (გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება) „ბ“ ქვეპუნქტში (გადაუდებელი მდგომარეობები) მითითებულია - K25, K26, K27 და K92.2 ნოზოლოგიის დასახელება, რის შესაბამისადაც K25-ის ნოზოლოგიის დასახელებას წარმოადგენს კუჭის წყლული, ხოლო K92.2-ის კი - გასტროინტესტინური სისხლდენა, დაუზუსტებელი. ამასთანავე აღნიშნული დიაგნოზები გამიჯნულია და აუცილებლად არ მოიცავს ერთმანეთს. შესაბამისად, სადავო შემთხვევაში, პაციენტს დაუდგინდა ორივე - როგორც დაზუსტებული, ისე განზოგადებული დიაგნოზი. ამასთან, საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას დინამიკაში, რომლის თანახმადაც, პაციენტს თავდაპირველად დაესვა დაუზუსტებელი გასტრო-ინტესტინური სისხლდენის დიაგნოზი K92.2. დაიწყო პაციენტის მზადება კოლონოსკოპიისათვის. 2016 წლის 29 ივლისს ნაზო-გასტრულ ზონდში გამოჩნდა ,,ყავის ნახარშის“ ტიპის შიგთავსი, რის გამოც, პაციენტს გაუკეთდა სასწრაფო გადაუდებელი გასტროსკოპია, ინახა კუჭის სისხლმდენი წყლული K25.0, გაკეთდა ენდოსკოპიური ჰემოსტაზი, სისხლდენა შეჩერდა. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთებოდა ასანაზღაურებელი თანხის ხელოვნურად გაზრდის მცდელობა.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 07/02/2019 წ. საგადახდო მოთხოვნა №06466-ით გადახდილი აქვთ სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი, 210 ლარის ოდენობით შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 19 სექტემბრის განჩინება;
3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 07/02/2019 წ. საგადახდო მოთხოვნა №06466-ით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
გ. გოგიაშვილი