Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე #ბს-464(კ-21) 24 დეკემბერი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა გ. ე-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 სექტემბრის განჩინებაზე.

2021 წლის 25 აგვისტოს გ. ე-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - საქართველოს შსს გორის რაიონული სამმართველოს მიმართ (დაინტერესებული პირი - ლ. ე-ე).

მოსარჩელემ საქართველოს შსს გორის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მიერ გ. ე-ის მიმართ გამოცემული #004753 შემაკავებელი ორდერის გაუქმება მოითხოვა.

გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილებით გ. ე-ის სარჩელი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შსს გორის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის - ზ. ტ-ის მიერ 2021 წლის 23 აგვისტოს გამოცემული #004753 შემაკავებელი ორდერის ბათილად ცნობის შესახებ, არ დაკმაყოფილდა.

გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ე-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 სექტემბრის განჩინებით გ. ე-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა - უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილება შემაკავებელი ორდერის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ე-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. ე-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის მოტივით, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დგინდება, რომ სარჩელი აღძრულია შემაკავებელი ორდერის გაუქმების მოთხოვნით, რაზეც ნამსჯელი აქვს საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებს.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114 მუხლი შეეხება შემაკავებელი ორდერის გამოცემისა და გასაჩივრების წესს. კერძოდ, მოცემული მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში. ამავე კოდექსის 2114.12 მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114.12 მუხლით დადგენილია გასაჩივრების სპეციალური წესი, რომელიც იმპერატიულია, შესაბამისად, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 3.1 მუხლის თანახმად, სავალდებულოა შესასრულებლად და არ განეკუთვნება საკასაციო სასამართლოს კომპეტენციას.

მართალია, საქართველოს კონსტიტუციის 31.1 მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, ამასთან, საერთო სასამართლოების სისტემა სამი ინსტანციის სასამართლოსაგან შედგება („საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 2.1 მუხლი), თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავს გარკვეული კატეგორიის დავების მხოლოდ ორი ინსტანციით განხილვის შესაძლებლობას.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შემაკავებელ ორდერთან დაკავშირებული საქმის წარმოება სასამართლო სისტემაში არის ორსაფეხურიანი. მოცემული საქმისწარმოება მიმდინარეობს მხოლოდ ორი ინსტანციის სასამართლოში და სრულდება სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვით, საჩივრის წარდგენის შემთხვევაში. სააპელაციო პალატის მიერ მსგავს დავებზე მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და საკასაციო სასამართლოს მიერ გადასინჯვას არ ექვემდებარება.

შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, მოთხოვნილია განჩინების გაუქმება, რომლის კანონიერების შემოწმებაც არ შეუძლია საკასაციო სასამართლოს, ვინაიდან ის გამოცემულია ორსაფეხურიანი დავის ფარგლებში. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს შემაკავებელ ორდერთან დაკავშირებით მიღებული აქტების საკასაციო სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობას. მსგავსი კატეგორიის დავის ფარგლებში მიღებული ნებისმიერი აქტის კანონიერების შემოწმება სრულდება სააპელაციო სასამართლოში, რის შესახებაც ასევე განემარტა მხარეს თავად გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილით, რომელშიც მითითებულია, რომ განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. ე-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს დაუშვებლობის მოტივით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114 მუხლის მე-12 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. ე-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის მოტივით;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე