Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე Nბს-587(კ-20) 21 დეკემბერი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „...ი“

მესამე პირი - სსიპ ...ა

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2017 წლის 12 აპრილს შპს „...მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართ, შპს ,,...ის'' შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ’’ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 23 მარტის N971 განკარგულების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს ,,...ის’’სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,...მა“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს ,,...ის“ სააპელაციო საჩივარი; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს ,,...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 23 მარტის N971 განკარგულება და სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დაევალა მოცემულ საქმესთან დაკავშირებით გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, კანონით დადგენილ ვადაში და წესით.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პირის შავ სიაში რეგისტრაციის საკითხის განხილვისას, თუკი იგი ეხება მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა შეუსრულებლობას, სააგენტო ვალდებულია შეისწავლოს ხელშეკრულების მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებები, მათი შესრულების მიმდინარეობის, დარღვევის არსებობისა და მისი გამომწვევი მიზეზების შესახებ ინფორმაცია. დაუშვებელია გადაწყვეტილების მიღება პირდაპირ დამდგარი შედეგის - არაჯეროვანი შესრულების მიხედვით. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, კანონმდებელი მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებს დისკრეციულ უფლებამოსილებას, ნაკისრი ვალდებულების დარღვევის დადასტურების პირობებში, შავ სიაში რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს საჯარო და კერძო ინტერესთა პროპორციულობის პრინციპის დაცვით. თანაბარზომიერი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, სააგენტო უფლებამოსილია ან დაარეგისტრიროს მიმწოდებელი შავ სიაში ან შემოიფარგლოს მხოლოდ გაფრთხილებით. ამასთანავე დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, სანქციის სახით ყველაზე უფრო შემზღუდველი ღონისძიების გამოყენების პირობებში ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს დაასაბუთოს, თუ რატომ ვერ უზრუნველყოფდა შედარებით მსუბუქი ღონისძიების გამოყენება დარღვევის აღმოფხვრასა და მის მომავლაში პრევენციას, რაც წარმოადგენს სანქციის მიზანს.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ განსახილველ შემთხვევაში, სადავო არ იყო შპს ,,...ის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება ვადაგადაცილებით, თუმცა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში. შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაედგინა, რა სახის ზიანი მიადგა შემსყიდველ ორგანიზაციას. სააპელაციო სასამართლომ ხაზი გაუსვა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის მნიშვნელობას და მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოცემული საქმის ფაქტობრივი გარემოებები ქმნის გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის წინაპირობას, რამდენადაც ,,მიმწოდებლის“ მიერ ორივე სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების საკითხზე ჩატარდა ერთი ადმინისტრაციული წარმოება და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს სადავო აქტით, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, უნდა დაესაბუთებინა, რატომ იყო შპს ,,...ისათვის“ გაფრთხილების გამოცხადება შეუძლებელი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ.

კასატორის მოსაზრებით, საკასაციო საჩივრის დაშვება და მისი განხილვა მნიშვნელოვანია საკანონმდებლო რეგულირების შემდგომი განვითარებისა და სრულყოფისათვის.

კასატორის მოსაზრებით, სააგენტომ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ჩაატარა სადავო ადმინისტრაციული წარმოება. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, კასატორი აღნიშნავს, რომ ჩატარებული გამარტივებული ელექტრონული ტენდერის შედეგად, სსიპ „...ასა“ და შპს „...ს“ შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებები შესრულდა ვადაგადაცილებით, თუმცა ხელშეკრულებების მოქმედების პერიოდში. ამდენად, სადავო არ არის, რომ ხელშეკრულება ჯეროვნად ვერ შესრულდა. კასატორის განმარტებით, სააგენტომ ჩაატარა ერთი ადმინისტრაციული წარმოება, რომლის ფარგლებშიც, 2017 წლის 13 თებერვალს შპს „...მა“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარადგინა განმარტება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების შესახებ. არაჯეროვნად მიიჩნევა მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება ხელშეკრულების პირობების შეუსაბამოდ, მათ შორის, ხელშეკრულების შესრულების (და არა მოქმედების) ვადის დარღვევით, რაც სახეზეა მოცემული ხელშეკრულებების შესრულების ნაწილში. ამდენად, კასატორის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, არსებობდა მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი. განკარგულებით დასაბუთებულია სააგენტოს პოზიცია, რომელიც შეეხება მიმწოდებლის მიერ ორი სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებას. ამავდროულად, არ იქნა გაზიარებული მიმწოდებლის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ვალდებულებების შესრულება წარმოადგენდა მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების ან გაფრთხილების გამომრიცხავ გარემოებას, რამდენადაც ხელშეკრულების მოქმედების ვადა (რომელიც უნდა იყოს შეწყვეტილი ან ამოწურული) არსებითია შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წერილობითი შეტყობინების წარდგენის მომენტის განსაზღვრისათვის. კასატორი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ საკითხი შეეხებოდა ორ ხელშეკრულებას, რომლებიც დაიდო ორი სხადასხვა ტენდერის საშუალებით. აღნიშნულის გათვალისწინებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება პირის შავ სიაში რეგისტრაციის თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ივლისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს; კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს. საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დავის საგანი უკავშირდება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევისათვის გამოყენებული პასუხისმგებლობის ზომის - შავ სიაში დარეგისტრირების კანონიერების შეფასებას.

სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრის - ე.წ. შავი სიის არსებობას ითვალისწინებს ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, „შავ სიაში“ აისახება სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე იმ არაკეთილსინდისიერ პირთა, პრეტენდენტთა და მიმწოდებელთა მონაცემები, რომლებსაც სიაში შეტანიდან 1 წლის განმავლობაში არა აქვთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო შესყიდვებში და დადონ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. პალატა ასევე მიუთითებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის N19 ბრძანებით დამტკიცებულ „შავი სიის წარმოების წესსა და პირობებზე“ (შემდეგში -,,წესი''). მითითებული „წესის“ მე-3 მუხლის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვის ნებისმიერი საშუალებით განხორციელებისას, გარდა კონსოლიდირებული ტენდერისა, პრეტენდენტი/მიმწოდებელი შავ სიაში დარეგისტრირდება, თუ მიმწოდებელმა ვერ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და ამოწურულია ხელშეკრულების მოქმედების ვადა ან ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეწყდა შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო. ამავე „წესის“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების მოთხოვნით დაუყოვნებლივ მიმართოს სააგენტოს წერილობითი შეტყობინებით, თუ წარმოიშობა პრეტენდენტის/მიმწოდებლის ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული რეგისტრაციის საფუძველი. შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების პროცედურას ადგენს ამავე „წესის“ მე-7 მუხლი.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2016 წლის 14 სექტემბერს სსიპ ...ასა და შპს ,,...ს'' შორის გაფორმდა N131 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მიმწოდებელს შემსყიდველი ორგანიზაციისათვის 2016 წლის 13 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მიეწოდებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი. ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2016 წლის 15 დეკემბერი. ასევე დადგენილია, რომ 2016 წლის პირველ ნოემბერს სსიპ ...ასა და შპს ,,...ს'' შორის გაფორმდა N146 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მიმწოდებელს - შპს ,,...ს'' შემსყიდველი ორგანიზაციისათვის 2016 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით უნდა მიეწოდებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი. ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2017 წლის 31 იანვარი. 2017 წლის 30 იანვარს სსიპ ...ამ N07/40 და N07/39 წერილებით მიმართა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შპს „...ის“ შავ სიაში რეგისტრაციის თაობაზე, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ კომპანიამ დაარღვია ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები (2016 წლის 14 სექტემბრის N131 ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდების საბოლოო ვადა განსაზღვრული იყო 2016 წლის 13 ოქტომბრის ჩათვლით, ხოლო ფაქტობრივი მიწოდება დასრულდა 2016 წლის 21 ოქტომბერს; 2016 წლის პირველი ნოემბრის N146 ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდების საბოლოო ვადა განსაზღვრული იყო 2016 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო ფაქტობრივი მიწოდება დასრულდა 2016 წლის 27 დეკემბერს). სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 27 მარტის N971 განკარგულებით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის N19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე, 2017 წლის 28 მარტიდან შპს „...ი“ დარეგისტრირდა „შავ სიაში“.

საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ვინაიდან კონკრეტულ პირთა მოხვედრა „შავ სიაში“ იწვევს მათი კანონიერი უფლებებისა და ინტერესების შეზღუდვას, აღნიშნული ღონისძიება გამოყენებულ უნდა იქნეს კანონის ზედმიწევნით დაცვით. ამასთანავე, თუ საკითხი შეეხება მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა შეუსრულებლობას, სააგენტო ვალდებულია შეისწავლოს ინფორმაცია შესაბამისი ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობის, დარღვევის არსებობისა და მისი გამომწვევი მიზეზების შესახებ. დაუშვებელია გადაწყვეტილების მიღება პირდაპირ დამდგარი შედეგის - არაჯეროვანი შესრულების მიხედვით.

მნიშვნელოვანია, რომ კანონმდებელი მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებს დისკრეციულ უფლებამოსილებას, ნაკისრი ვალდებულების დარღვევის დადასტურების პირობებში, შავ სიაში რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს საჯარო და კერძო ინტერესთა პროპორციულობის პრინციპის დაცვით. თანაბარზომიერი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, სააგენტო უფლებამოსილია ან დაარეგისტრიროს მიმწოდებელი შავ სიაში ან შემოიფარგლოს მხოლოდ გაფრთხილებით. კერძოდ, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის N19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-7 მუხლი, შავ სიაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებისას აუცილებლად მიიჩნევს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევას, ამ გარემოებათა შეფასებას და ურთიერთშეჯერებას. ამასთანავე, გაფრთხილების ან შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, სააგენტო, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან ერთად, დამატებით ითვალისწინებს დარღვევის სიმძიმეს, პრეტენდენტის/მიმწოდებლის მანამდე მიღებული გაფრთხილების თუ შავ სიაში რეგისტრაციის ფაქტ(ებ)ს, მისი სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის აქტივობას („წესის“ მე-7 მუხლის პირველი პუნქტი, ამავე მუხლის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-3 პუნქტი). საგულისხმოა, რომ აღნიშნული „წესის“ მე-7 მუხლის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-5 პუნქტის თანახმად, გაფრთხილების შესახებ გადაწყვეტილება მიიღებოდა იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი წერილობითი შეტყობინება სრულად აკმაყოფილებდა ამ წესის მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, მაგრამ პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებით დაირღვეოდა თანაზომიერების პრინციპი. ამავე „წესის“ მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია სრულად აკმაყოფილებს ამ წესის მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს და არ არის სახეზე შავ სიაში დარეგისტრირებაზე უარის თქმის ან გაფრთხილების საფუძველი.

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემულ შემთხვევაში, სადავო განკარგულებით დასაბუთებულია სააგენტოს პოზიცია, რომელიც შეეხება მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოსათვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება იმავდროულად არ გულისხმობს სრულ თავისუფლებას და თვითნებობას. აღნიშნული უფლებამოსილება შეზღუდულია აქტის დასაბუთებისა და კანონშესაბამისი გადაწყვეტილების მიღების ვალდებულებით. სააპელაციო სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ყველაზე უფრო მკაცრი სანქციის გამოყენების პირობებში, სავალდებულოა დასაბუთდეს, რატომ ვერ უზრუნველყოფს შედარებით მსუბუქი ღონისძიების გამოყენება დარღვევის აღმოფხვრას და მის მომავალში პრევენციას. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე პირის შავ სიაში რეგისტრაცია ზღუდავს მიმწოდებლის უფლებას - მომავალში გარკვეული ვადით მიიღოს მონაწილეობა ამგვარ შესყიდვებში. ამდენად, სააგენტოს ეკისრებოდა ვალდებულება, შეეფასებინა - ხომ არ იქნებოდა დასახული მიზნისათვის ადეკვატური და თანაბარზომიერი უფრო მსუბუქი ღონისძიების - გაფრთხილების გამოყენება. მნიშვნელოვანია, რომ შპს ,,...მა“ სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებები შეასრულა ვადაგადაცილებით, თუმცა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში. ამ პირობებში, ადმინისტრაციულ ორგანოს უპირველესად უნდა დაედგინა, რა სახის ზიანი მიადგა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შემსყიდველ ორგანიზაციას.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან საქმის გარემოებების გამოკვლევისა და სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შეუძლებლობა. „..საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ან აღნიშნული საკითხი მის დისკრეციას განეკუთვნება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება..“ (სუს 13.12.2018წ. Nბს-681-681(კ-18) გადაწყვეტილება).

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიყენოს კანონით მისთვის მინიჭებული ყველა შესაძლებლობა და მხოლოდ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულად გამოკვლევის შედეგად მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ არის გამოცემული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულად გამოკვლევისა და შეფასების შედეგად. შესაბამისად, არსებობს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებისა და გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის წინაპირობა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 სექტემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა