Facebook Twitter

№ბს-1199(კ-19) 9 დეკემბერი, 2021 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდე... პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდე... 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს „...ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 10 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ არქიტექტურის საქალაქო სამსახური, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგეობა).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2015 წლის 20 ივლისს შპს „...იმ“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ნ. ჩ-ას მიმართ.

მოსარჩელემ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2006 წლის 29 მარტის №2.57.81 დადგენილების, შპს ,,...ის'' დირექტორის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2015 წლის 10 ივნისის №358 ბრძანების, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის 2003 წლის 10 დეკემბრის №20/836 ბრძანებისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის 2003 წლის 30 დეკემბრის №20/886 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა. მოსარჩელემ 2015 წლის 04 და 07 აგვისტოს განცხადებებით დააზუსტა მოპასუხეთა წრე და მოპასუხეებად მიეთითნენ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ არქიტექტურის საქალაქო სამსახური და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგეობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 მაისის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ა. გ-ი, ა. კ-ი, ა. მ-ი, ა. პ-ი, ა. გ-ი, ა. გ-ი, ა. ბ-ე, ა. ტ-ე, ბ. კ-ა, ბ. ხ-ი, ბ. ბ-ე,ბ. მ-ა, ბ. მ-ე, ბ. გ-ე, ბ. ც-ე, გ. ბ-ი, გ. ა-ი, გ. ა-ი, გ. დ-ა, გ. კ-ე, გ. ტ-ი, გ. ფ-ი, გ. ჩ-ე, გ. ს-ა,გ. ე-ე, გ. გ-ე, გ. ს-ი, გ. კ-ი, დ. კ-ე, დ. მ-ე, დ. ტ-ე, დ. ც-ე, დ. ა-ი, დ. კ-ი, ე. ო-ე, ე. მ-ე, ე. ო-ე, ე. ა-ი, ვ. ქ-ა, ვ. ს-უ, ზ. კ-ე, ზ. ო-ე, ზ. ტ-ი, თ. ა-ი, თ. ბ-ე, თ. მ-ი, თ. ბ-ა, თ. ა-ე, თ. ხ-ა, თ. ჩ-ი, თ. ტ-ი, თ. ა-ა, თ. ჯ-ი, თ. ა-ი, თ. პ-ი, თ. ტ-ე, თ. ქ-ი, თ. მ-ე, ი. გ-ე, ი. ც-ე, ი. პ-ი, ი. შ-ე, ი. ქ-ი, ი. გ-ი, ლ. ლ-ა, ლ. კ-ე, ლ. ი-ე, ლ. ტ-ე, ლ. ხ-ე, ლ. ხ-ე, ლ. ე-ი, ლ. ნ-ე, ლ. რ-ი, ლ. ქ-ა, ლ. შ-ა, ლ. ჭ-ა, ლ. კ-ე, ლ. ჭ-ე, მ. მ-ი, მ. კ-ე, მ. ჩ-ე, მ. გ-ა, მ. ხ-ე, მ. ყ-ი, მ. დ-ე, მ. ტ-ე, მ. ა-ი, მ. წ-ე, მ. ნ-ა, მ. ლ-ა, მ. ჭ-ი, მ. ხ-ი, მ. დ-ი, მ. ჩ-ა, მ. წ-ი, მ. ხ-ი, ნ. კ-ე, ნ. ა-ი, ნ. გ-ა მ-ი, ნ. გ-ი, ნ. ძ-ე, ნ. ჭ-ე, ნ. კ-ე, ნ. მ-ი, ნ. მ-ი, ნ. მ-ე, ნ. ტ-ე, ნ. ტ-ე, ნ. ჭ-ა, ნ. ხ-ე, ნ. ე-ა, ნ. ჩ-ა, ო. ბ-ი, ო. ბ-ე, ო. ლ-ე, ო. ტ-ი, პ. ჯ-ა, რ. მ-ი, რ. ს-ი, ს. ტ-ე, ქ. გ-ი, ქ. ვ-ი, ქ. ფ-ი, ც. ხ-ე, ხ. ჩ-ი, ხ. ხ-ა, ჯ. ტ-ე, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ,,ს...ი”, შპს ,,ა...ი”, შპს ,,ბ...ი”, შპს კ...ი ,,კ...ო” და შპს სა...ი ,,ტ...ი”.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით შპს „...ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 10 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა შპს „...ის“ მიერ. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლოს გამოცემის თარიღის მიხედვით ქრონოლოგიურად უნდა შეემოწმებინა სადავო აქტების ფორმალური და მატერიალური კანონიერება. ამასთან, სასამართლოს არ შეუფასებია გასაჩივრებული აქტების შესაბამისობა სადავო პერიოდში მოქმედ კანონმდებლობასთან. კასატორის მოსაზრებით, აღნიშნული მნიშვნელოვან დარღვევას წარმოადგენს. შპს „...ის“ მითითებით სასამართლოს საერთოდ არ გამოუყენებია ქ. თბილისის საკრებულოს 2001 წლის 1 აგვისტოს №8-13 გადაწყვეტილებით დამტკიცებული "ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები.“ სწორედ აღნიშნული წესები ადგენდა სადავო პერიოდში მიწის ნაკვეთების სამშენებლოდ გამოყენების წინაპირობებს, შენობა-ნაგებობათა განთავსების წესებს. კასატორის მოსაზრებით, აღნიშნულ წესებთან შეუსაბამოდ შეთანხმებული პროექტი ავტომატურად იწვევს საპროექტო ტერიტორიის მომიჯნავედ მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეთა უფლებების დარღვევას.

კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ გამოიყენა მხოლოდ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილება, რომელიც განსაზღვრავდა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესს და სანებართვო პირობებს,“ თუმცა სადავო ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 2003 წლის 10 დეკემბრის №20/836 და 2003 წლის 30 დეკემბრის №20/886 ბრძანებები გამოცემული იყო ხსენებული დადგენილების მიღებამდე, ამდენად სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა ის კანონი, რომელიც გამოიყენა. კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს უნდა გამოეყენებინა ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 2001 წლის 20 დეკემბრის №72 ბრძანებით დამტკიცებული „მშენებლობის ნებართვისა და მშენებლობის წარმოების ნებართვის გაცემის დროებითი წესით.“ ამასთან, ექსპლუატაციაში მიღების საკითხთან დაკავშირებით, სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა არა საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილებით, არამედ ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 2002 წლის 9 იანვრის №2 ბრძანებით დამტკიცებული „მშენებლობადამთავრებული შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღების წესით.“

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 09 იანვრის განჩინებით (მოსამართლე - ვასილ როინიშვილი) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი.

ამასთან, მოსამართლე ვასილ როინიშვილის საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად არჩევის გამო, 2020 წლის 24 ივნისს საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის მეშვეობით ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული საქმე განაწილდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე ქეთევან ცინცაძეზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდესის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდესის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდესის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის მიერ 2003 წლის 10 დეკემბერის №20/836 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ...ოს რაიონში, ...ის ქუჩა №13-ში შპს ,,ჟ...ი''-ს მრავალფუნქციური მშენებარე შენობის (საცხოვრებელი, ოფისები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი და სხვა) კორექტირეული არქიტექტურული პროექტი. ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის მიერ 2003 წლის 30 დეკემბერს გამოცემულ იქნა ბრძანება №20/886 ქ. თბილისში, ...ოს რაიონში, ...ის ქუჩა №13-ში შპს ,,ჟ...ი''-ს მრავალფუნქციური მშენებარე შენობის (საცხოვრებელი,ოფისები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი და სხვა) კორექტირეული არქიტექტურული პროექტის შეთანხმების შესახებ.

2006 წლის 10 იანვარს მიღებულ იქნა აქტი ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №13-ში მდებარე მრავალფუნქციური შენობის სახელმწიფო მიმღები კომისიის დამთავრებული სამშენებლო ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე, ხოლო ქ. თბილისის ...ოს რაიონის გამგეობის მიერ 2006 წლის 29 მარტს მიღებულ იქნა დადგენილება №2.57.81, რომლითაც დამტკიცდა ქ. თბილისის ,,...ის'' აქტი (10.01.2006წ.) ქ. თბილისში, ...ოს რაიონში, ...ის ქუჩა №13-ში ინდ. ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,...''-ის დაკვეთით აშენებული მრავალფუნქციური შენობის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ.

ქ. თბილისის ...ოს რაიონის გამგეობის მიერ 2006 წლის 29 მარტს დადგენილება №2.57.81, 2015 წლის 27 იანვარს №07/15027671-17 ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრებულ იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში, სადაც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის მიერ 2015 წლის 10 ივნისს მიღებულ იქნა ბრძანება შპს ,,...ის'' დირექტორის ი. წ-ას ადმინისტრაციული საჩივრის დაკამყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე და ძალაში დარჩა ქ. თბილისის ...ოს რაიონის გამგეობის 2006 წლის 29 მარტის №2.57.81 დადგენილება.

კასატორის გამარტებით, ზემოხსენებული აქტები მიღებულია სადავო პერიოდში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, თუმცა გაურკვეველია კონკრეტულად რა მოთხოვნა იქნა დარღვეული. შპს „...ი“ სარჩელში, ისევე როგორც ადმინისტრაციულ საჩივარში აღნიშნავდა, რომ სადავო კორპუსი აშენებული იყო სამშენებლო ნორმების უხეში დარღვევით, კორპუსი კვეთდა წითელ ხაზებს და იჭრებოდა მოსარჩელის საკუთრებაში, კორპუსის ფანჯრები და ღიობები იყურებოდა შპს „...ის“ მხარეს. ამასთან, დარღვეული იყო ნაკვეთებს შორის კანონით განსაზღვრული მიჯნა.

საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მიერ განვითარებულ მსჯელობას და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია. კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებს იმ ნორმატიულ აქტებზე, რომლითაც მისი მოსაზრებით, სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა, თუმცა კასატორი ვერ ასაბუთებს კანონმდებლობის კონკრეტულად რომელი მოთხოვნები იქნა დარღვეული სადავო კორპუსის მშენებლობისას ან/და ექსპლუატაციაში მიღებისას. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, თუმცა არ მიუთითებს რა განსხვავებული სამართლებრივი შედეგი მოჰყვებოდა მის მიერ დასახელებული ნორმატიული აქტების გამოყენებას. საკასაციო საჩივარი შეიცავს მხოლოდ ზოგად მითითებებს, იმის შესახებ, რომ სადავო აქტები შეუსაბამოა კანონმდებლობასთან, თუმცა დასახელებული არ არის არც ერთი კონკრეტული და დადასტურებული გარემოება, რომელიც დაამტკიცებს ამგვარ შეუსაბამობას, მათ შორის, დადასტურებული მტკიცებულება იმის შესახებ, რომ კორპუსის აივნები კვეთდა წითელ ხაზებსა და იჭრებოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვრებში. აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად კი საკმარის მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა მხარის მიერ წარმოდგენილი ფოტოსურათები.

ამასთან, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ 2009 წელს რეგისტრირებულ შპს ,,...ის“ საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე მოპოვებული ჰქონდა 2014 წლის 02 ოქტომბერს. შესაბამისად, ამ დროისათვის სადავო აქტები აღსრულებული, ხოლო სამშენებლო სამუშაოები დასრულებული იყო (2006 წელს), რაც თავისმხრივ, გამორიცხავს სადავო კორპუსის მშენებლობისას და ექსპლუატაციაში მიღებისას მოსარჩელის საკუთრების უფლების შელახვის შესაძლებლობას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.

ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდე... 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან შპს „...ის“ საკასაციო საჩივარზე 2019 წლის 19 დეკემბრის №0 საგადასახადო დავალებით ლ. გ-ს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდე... 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდე... პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდე... 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 10 ოქტომბრის განჩინება;

3. ლ. გ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს შპს „...ის“ საკასაციო საჩივარზე 2019 წლის 19 დეკემბრის №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ბ. სტურუა