Facebook Twitter

№ბს-894(3კ-19) 9 დეკემბერი, 2021 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ს. მ-ისა და შპს ... საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებაზე (მესამე პირი (სასკ 16.2) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2014 წლის 24 იანვარს ს. მ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ.

მოსარჩელემ, სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილების - 2006 წელს შპს ... სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ (6530 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილში (საკადასტრო კოდი ...)) ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 10 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით ს. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. მ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით ს. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება გაუქმდა იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ს. მ-ის მოთხოვნა შპს ... სახელზე 15,84 კვ.მ შენობა-ნაგებობის რეგისტრაციის ბათილობის თაობაზე და ამ ნაწილში საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ს. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი მიწის ნაკვეთზე ს/კ ... 2006 წელს შპს ... სახელზე განხორციელებული რეგისტრაცია 15,84 კვ.მ შენობის ნაწილში; დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ს. მ-ის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და შპს ... მიერ.

კასატორი ს. მ-ი მიუთითებს, რომ შპს ... სასარგებლოდ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციას არ ჰქონდა შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლები. ამდენად, შპს ... საკუთრების უფლების რეგიტრაციას გამორიცხავდა სადავო პერიოდში მოქმედი „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებდა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებას უფლების დამდგენი დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში და ასევე, ამავე კანონის 24-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებდა წარმოების შეწყვეტას, წარმოების შეჩერების საფუძვლების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში.

კასატორის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის თანახმად, სააპელაციო სასმართლომ დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და გააკეთა სწორი სამართლებრივი შეფასება, თუმცა კასატორი მიიჩნევს, რომ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება უსაფუძვლოა და უნდა გაუქმდეს.

კასატორი მიუთითებს, რომ შპს ... მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა განიკარგა „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნივთის შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკევებაც შეუძლებელია მთლიანი ნივთის ან ამ ნაწილის განადგურების ანდა მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე (ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილი), ცალკე უფლების ობიექტად შეიძლება იყოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს განეკუთვნება შენობა-ნაგებობანი და ნივთები, რომლებიც მყარადაა დაკავშირებული მიწასთან და არ არის გამიზნული დროებითი სარგებლობისათვის, რაც ხელშეკრულებითაც შეიძლება განისაზღვროს.

კასატორი ასევე მიუთითებს, რომ ტექბიუროს მონაცემებით და თავად მოსარჩელის ახსნა-განმარტებებით ვერ დგინდება მასზე აღრიცხული მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის ზუსტი ადგილმდებარეობა, რაც ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის გადაწყვეტილების არსებული სახით აღსრულებას.

კასატორი შპს ... მითითებით, საქმის მასალებით არ დასტურდება რომ 1993 წლიდან მიწის ნაკვეთზე განლაგებული იყო შენობა-ნაგებობა. კასატორის შეფასებით, შენობა მოგვიანებით აღმართულია უკანონოდ. ამდენად, უსაფუძვლოა სასამართლოს შეფასება, რომ აღნიშნული შენობა წარმოადგენს ცალკე უფლების ობიექტს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ივლისისა და 23 აგვისტოს განჩინებებით (მოსამართლე - ვასილ როინიშვილი) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ს. მ-ის, შპს ... და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები.

ამასთან, მოსამართლე - ვასილ როინიშვილის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად არჩევის გამო, 2020 წლის 24 ივნისს ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული საქმე ელექტრონული პროგრამის მეშვეობით განაწილდა მოსამართლე - ქეთევან ცინცაძეზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს. მ-ის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და შპს ... საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარებიან დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ №1702 სააღრიცხვო ბარათის საფუძველზე ქალაქ თბილისში, ...აში, 6530.00 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, ს. მ-ის სახელზე აღრიცხული იყო 1993 წლიდან.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხულ, 1994 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწაზე, მისი მართლზომიერი მფლობელობის საფუძვლით საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელი გახდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღების (11/07/2007) და შემდგომში მასში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე (მუხლი 2.“ა“).

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ქალაქ თბილისში, ...ასა და ...ს შორის, ...ის ქუჩის მიმდებარედ, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ 20269 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთზე შპს ... საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 2006 წლის 11 ივლისს. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების ეტაპზე, ს. მ-ის სასარგებლოდ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე აღრიცხვა არ წარმოადგენდა სადავო მიწის ნაკვეთზე (შესაბამის ნაწილში) შპს ... საკუთრების უფლების რეგისტრაციის დამაბრკოლებელ გარემოებას.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძვლებს წარმოადგენდა - ქალაქ თბილისის მერიის 30.03.1993 წ. №205 განკარგულება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 10.02.1994 წ. №03.12.15 დადგენილება და ქალაქ თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ 18.05.2006 წ. მომზადებული მიწის ნაკვეთის გეგმა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შპს ... საკუთრების უფლების რეგისტრაციის განხორციელების საფუძვლად არსებული სამართლებრივი აქტები სადავო არ გამხდარა არც სადავო რეგისტრაციის განხორციელებამდე და არც მას შემდგომ. ამდენად, საკასაციო სასამართლო ს. მ-ის საკასაციო საჩივართან დაკავშირებით სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობდა სარეგისტრაციო განცხადებაზე დაწყებული სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან რეგისტრაციაზე უარის თქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები (გარდა შენობა-ნაგებობის ნაწილისა).

ამასთან, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და შპს ... საკასაციო საჩივრებთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო ასევე ეთანხმება სააპელაციო პალატის შეფასებას და მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, 1. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 2. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. 3. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათების შესაბამისად, ქალაქ თბილისში, ...აში 15.84 კვ.მ. ფართის შენობა აღრიცხული იყო 1993 წლიდან. შენობის არსებობის ფაქტი ასევე დასტურდება ორთოფოტო გადაღებების საფუძველზე. თუმცა, საყურადღებოა ის გარემოება, რომ არცერთი უფლებადამდგენი დოკუმენტი, რომელიც საფუძვლად დაედო შპს ... მიწის ნაკვეთის რეგისტრაციას, არ შეიცავს მითითებას შენობა-ნაგებობაზე, შენობა ასახული არ არის ასევე ქალაქ თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ მომზადებულ მიწის ნაკვეთის გეგმაზე, რაც ცალსახად მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ არ არსებობდა შპს ... შენობის რეგისტრაციის სამართლებრივი საფუძველი.

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 07/08.2019 წ. საგადახდო მოთხოვნა №25106-ით, ბ. შ-ს (პ/ნ ...) 14/08/2019 წ. საგადახდო დავალება №832385886-ით და შპს „...“ (ს/კ ...) 22/05/2019 წ. საგადახდო დავალება №0-ით, გადახდილი აქვთ სახელმწიფო ბაჟი 300-300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მათ უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი, 210-210 ლარი ცალ-ცალკე, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ს. მ-ისა და შპს ... საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება;

3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 07/08.2019 წ. საგადახდო მოთხოვნა №25106-ით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. ბ. შ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს ს. მ-ის საკასაციო საჩივარზე 14/08/2019 წ. საგადახდო დავალება №832385886-ით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

5. შპს „...“ (ს/კ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 22/05/2019 წ. საგადახდო დავალება №0-ით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

გ. გოგიაშვილი