Facebook Twitter

ბს-416(2კ-21) 02 დეკემბერი, 2021წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.02.2021წ. განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. შ-მა 30.20.2019წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის მომსახურების სამხარეო ცენტრისა, აგრეთვე სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიმართ და მოითხოვა ლ. შ-ისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 23.10.2019წ. და ლ. შ-ის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 10.12.2019წ. გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის ლ. შ-ის სასარგებლოდ წელთა ნამსახურობის მიხედვით სახელმწიფო კომპენსაციის გაცემის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.02.2020წ. გადაწყვეტილებით ლ. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 23.10.2019წ. N04/-12/3667 და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის 10.12.2019წ. N04/63499 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, მოპასუხეს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა კანონმდებლობით დადგენილი წესით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ლ. შ-ისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე, სადაც წელთა ნამსახურების სტაჟში გათვალისწინებული იქნება სწავლისა და განსაკუთრებულ პირობებში მუშაობის პერიოდი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.02.2020წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.02.2021წ. განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 21.02.2020წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასებები. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საერთო წელთა ნამსახურობაში შეიძლება ჩაითვალოს პენიტენციურ სამსახურში ჩარიცხვამდე სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდიც. ამასთანავე, განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით ჩაითვლება ნამსახურობის საერთო სტაჟში სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისთვის საჭირო ნამსახურობის (არანაკლებ 20) კალენდარულ წლებში. სააპელაციო პალატის მოსაზრებით კანონმდებელმა სწორედ პენიტენციურ დაწესებულებაში არსებული მძიმე პირობებიდან გამომდინარე დააწესა შეღავათი სამომავლოდ კომპენსაციის მისაღებად. შესაბამისად, სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული პერიოდი ითვლება მხოლოდ სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშების მიზნებისათვის. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ წელთა ნამსახურობის გაანგარიშების თანახმად, ლ. შ-ს სახელმწიფო სპეციალური წოდებით წელთა ნამსახურობა შსს და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში შეადგენს 19 წელს, 00 თვესა და 18 დღეს, ხოლო შეღავათიანი გაანგარიშება დამატებით მოიცავს 05 წელს, 11 თვესა და 11 დღეს, რაც ჯამში აღემატება ნამსახურობის 20 წელს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ლ. შ-ის სასჯელაღსრულების სისტემაში მუშაობის შრომითი სტაჟი შეღავათიანი გაანგარიშებებისა და სწავლის პერიოდის ნამსახურობაში ჩათვლის პირობებში აღემატება 20 კალენდარულ წელს, შესაბამისად, ლ. შ-ი აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს შეღავათიანი პირობებით კომპენსაციის დასანიშნად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.02.2021წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიერ.

კასატორები სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის მომსახურების სამხარეო ცენტრი უთითებენ „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ კანონის მე-11 მუხლზე, აგრეთვე „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის მე-8 მუხლის მე-5 და მე-6 ქვეპუნქტებზე და აღნიშნავენ, რომ განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით ჩაითვლება ნამსახურობის საერთო სტაჟში სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშების მიზნებისთვის და არა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისათვის საჭირო ნამსახურობის (არანაკლებ 20) კალენდარულ წლებში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების მცხეთა-მთიანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარებიან დასაშვებად ცნობის პირობებს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ პირადი პატაკის საფუძველზე სამსახურიდან დათხოვნის მომენტისათვის (03.10.2019წ.) ლ. შ-ის სახელმწიფო სპეციალური წოდებით წელთა ნამსახურობა შსს და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეადგენდა 19 წელს, 00 თვეს და 18 დღეს, ხოლო შეღავათიანი გაანგარიშებით წელთა ნამსახურობას ემატებოდა - 05 წელი, 11 თვე და 11 დღე (ს.ფ.17). მოსარჩელემ 07.10.2019წ. განცხადებით მიმართა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს და მოითხოვა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 16.10.2019წ. წერილით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს გადაუგზავნა ლ. შ-ის განცხადება, მისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, რომელსაც თან ერთვოდა დიპლომის ასლი და წელთა ნამსახურობის ნუსხა/გაანგარიშება. აღნიშნულის პასუხად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 23.10.2019წ. წერილით მოსარჩელეს ლ. შ-ს უარი ეთქვა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე იმ საფუძვლით, რომ განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით ჩაითვლება ნამსახურობის საერთო სტაჟში სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშების მიზნებისთვის და არა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისათვის საჭირო ნამსახურობის (არანაკლებ 20) კალენდარულ წლებში. აღნიშნულის შემდგომ, მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მოთხოვნით. სსიპ სოციალური სააგენტოს 10.12.2019წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელეს ეცნობა, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მან ვერ მოიპოვა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის უფლება, ვინაიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნის დღეს მას არ გააჩნდა წელთა ნამსახურობის 20 და/ან 20-ზე მეტი კალენდარული წელი.

საკასაციო პალატა უთითებს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონზე, რომელიც ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო, განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულია იმ სუბიექტთა წრე, რომელთაც ამ კანონის საფუძველზე აქვთ კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება, კერძოდ, „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის შესაბამისად, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება აქვთ სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან − სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტიდან, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან და საგამოძიებო დეპარტამენტიდან დათხოვნილ სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, იმავე სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილ, ზევადიან სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან განთავისუფლებულ პირებს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის თანამდებობებიდან განთავისუფლებულ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატიდან დათხოვნილ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს. ამავე კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან − სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან, ამავე სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტიდან, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან და საგამოძიებო დეპარტამენტიდან და იმავე სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილ სამხედრო წოდების მქონე პირზე ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირზე, თუ მას აქვს ნამსახურობის არანაკლებ 20 კალენდარული წელი. ნამსახურობაში, გარდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში და ამავე სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში ნამსახურობისა, შედის იმ ორგანოებში სამსახური, რომლებიც საპატიმრო სასჯელს აღასრულებდნენ (მიუხედავად მათი სამართლებრივი სტატუსისა და ორგანიზაციული დაქვემდებარებისა), აგრეთვე შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სამხედრო, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო უშიშროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, პროკურატურის და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში სამსახური. ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ აღნიშნული ნორმატიული აქტით გათვალისწინებული უფლებები უნდა გავრცელდეს ლ. შ-ის მიმართ. ამავე კანონის მე-8 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ პირს კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშების მიზნებისათვის საერთო წელთა ნამსახურობაში შეიძლება ჩაეთვალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, ამავე სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და საგამოძიებო დეპარტამენტში, იმავე სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, აგრეთვე შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სამხედრო, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო უშიშროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, პროკურატურის (სამხედრო ან სპეციალური წოდებით მუშაობის პერიოდი) და სასამართლო ხელისუფლების ორგანოში ჩარიცხვამდე სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდიც.

ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონით განსაზღვრულია წელთა ნამსახურობის დაანგარიშებისას განსაკუთრებულ პირობებში მუშაობის პერიოდის შეღავათიანი გაანგარიშების იმპერატიული ხასიათი. კერძოდ, მოცემული კანონის მე-8 მუხლის მე-6 პუნქტი წარმოადგენს ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შემავსებელ ნორმას და ადგენს იმ პირობებს, რომელთა დაცვით უნდა დაანგარიშდეს მე-5 პუნქტში აღნიშნული ნამსახურობის ოცწლიანი პერიოდი. ამასთან, ორივე ზემოაღნიშნული ნორმა ემსახურება საერთო მიზანს - კომპენსაციის დანიშვნას, კასატორების მიერ ნორმის სხვაგვარი განმარტება მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.

„სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ კანონის მე-11 და მე-16 მუხლები განსაზღვრავენ სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით ნამსახურობის ნუსხაში სხვადასხვა უწყებაში მუშაობის, სწავლებისა და საშეღავათო პერიოდის გავრცელების საკითხებს. ამავე კანონის მე-2 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაციის მიღების საფუძველია კანონით დადგენილი ნამსახურობის ვადის ამოწურვა. აღნიშნული კანონის მე-16 მუხლის 21-ე პუნქტის თანახმად, შს ორგანოებიდან ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემიდან დათხოვნილ რიგითი ან უფროსი შემადგენლობის პირს წელთა ნამსახურობაში ჩაეთვლება პროკურატურის ორგანოებში სამსახური, აგრეთვე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ან/და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, საგამოძიებო დეპარტამენტში და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში სამხედრო წოდებით ან სახელმწიფო სპეციალური წოდებით სამსახური. ამდენად, მითითებული ნორმატიული აქტით გათვალისწინებული უფლებები უნდა გავრცელდეს ლ. შ-ის მიმართ. ამავე კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით. აღნიშნული ნორმით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდის შეღავათიანი გაანგარიშება ემსახურება სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზანს. ამდენად, დაუსაბუთებელია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით ჩაითვლება ნამსახურობის საერთო სტაჟში სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშების მიზნებისთვის და არა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისათვის საჭირო ნამსახურობის (არანაკლებ 20) კალენდარულ წლებში.

გარდა აღნიშნული ნორმატიული საფუძვლებისა, „საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სასჯელთა აღმასრულებელი დაწესებულებების მატერიალურ ტექნიკური, საყოფაცხოვრებო და ფინანსური უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 15.04.1995წ. N214 დადგენილების 24-ე პუნქტით განსაზღვრულია კომპენსაციის მიმღებ პირთა მიმართ ნამსახურობის წლების დაანგარიშების წესი, რომლის თანახმად, სასჯელთა აღმასრულებელი მთავარი სამმართველოს და მისდამი დაქვემდებარებული დაწესებულებების თანამშრომელთა დამაგრების, მოზიდვისა და სტიმულირების მიზნით, მუშაობაში არსებული მძიმე პირობებიდან გამომდინარე, აღნიშნული კატეგორიის თანამშრომლებს ერთი წლის მუშაობის სტაჟი უნდა ჩაეთვალოთ წელიწადნახევრის ანგარიშით.

ამდენად, ლ. შ-ისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისას, მისი სასჯელაღსრულების სიტემაში მუშაობის პერიოდზე უნდა გავრცელდეს საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 15.04.1995წ. N214 დადგენილების 24-ე პუნქტის მოქმედება. შსს და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სახელმწიფო სპეციალური წოდებით მოსარჩელის წელთა ნამსახურობა (19 წელი, 00 თვე და 18 დღე) შეღავათიან გაანგარიშებასთან ერთად (05 წელი, 11 თვე და 11 დღე) აღემატება სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისთვის საჭირო ნამსახურობის (არანაკლებ 20) წლებს, აღნიშნული წარმოადგენს ლ. შ-ისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საფუძველს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.02.2021წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი