Facebook Twitter
საქმე №ბს-160(კ-19) 29 დეკემბერი, 2021წ.
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - პ. ქ-ე
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.10.2018წ. განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

პ. ქ-ემ 27.03.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.
სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ, მოსარჩელემ მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 15.07.2016წ. N000920 დადგენილებისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 13.03.2017წ. N1-565 ბრძანების ბათილად ცნობა.
ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 15.07.2016წ. N000920 დადგენილებით პ. ქ-ე დაჯარიმდა 8000 ლარით უნებართვოდ ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის, მას ასევე დაევალა უნებართვოდ აშენებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის დემონტაჟი. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 13.03.2017წ. N1-565 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა პ. ქ-ის ადმინისტრაციული საჩივარი, ძალაში დარჩა ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 15.07.2016წ. N000920 დადგენილება.
პ. ქ-ემ აღნიშნა, რომ მისი მხრიდან ადგილი არ ქონია სამართალდარღვევას, რადგან მას გააჩნდა 2002 წელს გაცემული უვადო მშენებლობის ნებართვა. დაჯარიმებისა და დემონტაჟის გადაწყვეტილების აღსრულებით მოხდება მისი საკუთრების უფლების ხელყოფა. მოსარჩელის მოსაზრებით, კანონმდებლობა ითვალისწინებდა მის სასარგებლოდ ახალი სამშენებლო ნებართვის გაცემას, რაც არ განხორციელდა თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ ნებართვის გაცემაზე უკანონო უარის თქმის გამო. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში შესული 07.02.2017წ. გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი თბილისის არქიტექტურის სამსახურის 08.01.2016წ. N2378592 და 08.02.2016წ. N2417740 გადაწყვეტილებები იმ ნაწილში, რომლითაც პ. ქ-ეს დაევალა არარსებული დოკუმენტის - სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე დაჯარიმების შესახებ ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დადგენილებისა და ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის არქიტექტურის სამსახურში წარდგენა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით თბილისის არქიტექტურის სამსახურს დაევალა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვის გაცემა. პ. ქ-ე მიუთითებს, რომ ზედამხედველობის საქალაქო სამსახური ვალდებულება იყო დალოდებოდა მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერების საკითხის სასამართლოს მიერ განხილვის შედეგებს. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 07.02.2017წ. გადაწყვეტილებამ საფუძველი გამოაცალა ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 15.07.2016წ. N000920 დადგენილებასა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 13.03.2017წ. N1-565 ბრძანებას, რის გამოც მოსარჩელემ მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.11.2017წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა პ. ქ-ემ, აპელანტმა ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
სააპელაციო სამართალწარმოების ფარგლებში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.10.2018წ. განჩინებით პ. ქ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებთან და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სასამართლომ მიიჩნია, რომ პ. ქ-ის მიერ განხორციელებული ქმედება - ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის აშენება, საჭიროებდა მშენებლობის ნებართვას, რომელიც მას არ გააჩნდა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელემ წარმოადგინა მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური არქმშენინსპექციის 19.07.2002წ. N62 მშენებლობის წარმოების ნებართვა და მცხეთის რაიონის ქალაქმშენებლობის, არქიტექტურის, მშენებლობისა და საბინაო-კომუნალური მეურნეობის სამსახურის 12.09.2002წ. N73 მშენებლობის ნებართვა. სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 20.12.2001წ. N72 ბრძანებით დამტკიცებული ,,მშენებლობის ნებართვისა და მშენებლობის წარმოების ნებართვის გაცემის დროებითი წესის’’ პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვას გასცემდა ადგილობრივი არქიტექტურული სამსახური, არქმშენინსპექციიდან მშენებლობის წარმოებაზე ნებართვის მიღების შემდეგ. მოცემულ შემთხვევაში, 19.07.2002წ. N62 მშენებლობის წარმოების ნებართვის შემდეგ გაიცა 12.09.2002წ. N73 მშენებლობის ნებართვა, რომელიც ძალაში იყო 2003 წლის 12 სექტემბრამდე (ს.ფ. 25), მოსარჩელის მიერ სამშენებლო სამუშაოების წარმოება მომდინარეობდა აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგაც, რაც წარმოადგენდა სამშენებლო სამართალდარღვევას.
სასამართლო ასევე არ დაეთანხმა აპელანტის იმ მოსაზრებას, რომ ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს ეკისრებოდა მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერების საკითხის განხილვის შედეგების დალოდების ვალდებულება. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობდა სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი, რადგან პ. ქ-ის განცხადებები ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 25.11.2015წ. N2308395, 08.02.2016წ. NN2417740 და 17.03.2016წ. N2488926 გადაწყვეტილებებით დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.10.2018წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა პ. ქ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებასთან მიმართებით არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ და „ე1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები, კერძოდ, გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული და დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
კასატორს მიაჩნია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 15.07.2016წ. N000920 დადგენილება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 13.03.2017წ. N1-565 ბრძანება არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას. კასატორი აღნიშნავს, რომ საქმის მასალებში დაცულია 12.09.2002წ. N73 მშენებლობის ნებართვა, რომელსაც ვადა გაუვიდა 2003 წელს და 19.07.2002წ. N62 მშენებლობის წარმოების უვადო ნებართვა.
კასატორის მოსაზრებით, პირს აქვს შესაძლებლობა დარღვევა გამოასწოროს სათანადო ნებართვის მოპოვების გზით ანუ თავდაპირველად აწარმოოს მშენებლობა, მოგვიანებით შეათანხმონ სახლის პროექტი და აიღოს მშენებლობის ნებართვა ყოველგვარი დასჯის გარეშე. სამართლებრივ საფუძვლად კასატორი უთითებს „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-7, მე-8 და მე-9 ნაწილებს, ასევე „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. N57 დადგენილების 63.2 მუხლს, რომლის თანახმად თუ წარმოებული მშენებლობის შედეგად სამშენებლო დოკუმენტში განხორციელდა ცვლილებები, რაც საჭიროებს მშენებლობის ახალ ნებართვას ან/და წარმოებულია უნებართვო მშენებლობა, მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო უფლებამოსილია იმსჯელოს მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე დამრღვევის მიერ შესაბამისი დარღვევისათვის გამოცემული აქტისა და დაკისრებული ჯარიმის გადახდის ქვითრის წარდგენის შემდეგ.
პ. ქ-ე აღნიშნავს, რომ ნებართვის გაცემის მოთხოვნით მან მიმართა არქიტექტურის სამსახურს, რომელმაც 08.02.2016წ. N2417740 გადაწყვეტილებით მისი განცხადება უკანონოდ დატოვა განუხილველად იმის გამო, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ განმცხადებელს მოსთხოვა არარსებული დოკუმენტების - სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე დადგენილებისა და ჯარიმის გადახდის ქვითრის, წარმოდგენა. არქიტექტურის სამსახურის 08.02.2016წ. N2417740 გადაწყვეტილების უკანონობა დგინდება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში შესული 07.02.2017წ. გადაწყვეტილებით (გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 15.02.2018წ. განჩინებით და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 18.09.2018წ. განჩინებით, საქმე Nბს-655-655(2კ-18)). კასატორი თვლის, რომ არქიტექტურის სამსახურის მიერ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. N57 დადგენილების 63.2 მუხლის მის მიმართ უკანონოდ გამოყენებას ადასტურებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 14.11.2013წ. განჩინება Nბს-746-730(კ-12) საქმეზე და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 08.09.2017წ. განჩინება N1/17/738 საქმეზე. პ. ქ-ის მოსაზრებით, მისი საკასაციო საჩივარი განხილულ უნდა იქნეს სასამართლოს ზემოთ მითითებულ გადაწყვეტილებების/განჩინებების მხედველობაში მიღებით.
კასატორმა ასევე აღნიშნა, რომ არქიტექტურის სამსახურის უკანონო და ბრალეული ქმედების გამო ვერ წარადგინა მშენებლობის ნებართვა ზედამხედველობის სამსახურში, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი შეძლებდა დარღვევის გამოსწორებას. ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს ეკისრებოდა ვალდებულება, დალოდებოდა მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერების საკითხის სასამართლოს მიერ განხილვის შედეგებს, მხოლოდ ამის შემდგომ იყო შესაძლებელი სამშენებლო სამართალდარღვევის საქმესთან დაკავშირებით დადგენილების მიღება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ პ. ქ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისთვის უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალების მიხედვით, მიწის ნაკვეთისა და მასზე მდებარე მშენებარე შენობა-ნაგებობის მესაკუთრეა პ. ქ-ე. მცხეთა-მთიანეთის რეგიონალურმა არქმშენინსპექციამ გამოსცა 19.07.2002წ. N62 მშენებლობის წარმოების ნებართვა, ხოლო მცხეთის რაიონის ქალაქმშენებლობის, არქიტექტურის, მშენებლობისა და საბინაო-კომუნალური მეურნეობის სამსახურმა - 12.09.2002წ. N73 მშენებლობის ნებართვა, რომლის მოქმედების ვადა განსაზღვრული იყო 2003 წლის 12 სექტემბრამდე. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მშენებლობის წარმოება დაიწყო 2002 წლიდან, მშენებლობას აგრძელებდა სარჩელის წარდგენის მომენტისთვისაც (ს.ფ. 4). პ. ქ-ემ არაერთხელ, მათ შორის 30.12.2015წ., განცხადებით მიმართა თბილისის არქიტექტურის სამსახურს მშენებლობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით. არქიტექტურის სამსახურის 08.01.2016წ. N2378592 გადაწყვეტილებით, განმცხადებელს დაუდგინდა სხვადასხვა ხარვეზი და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. N57 დადგენილების 63.2 მუხლის საფუძველზე, პ. ქ-ეს დაევალა დამატებითი დოკუმენტების - ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დადგენილებისა და შესაბამისი დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა, თბილისის არქიტექტურის სამსახურის 08.02.2016წ. N2417740 გადაწყვეტილებით, მითითებული დოკუმენტების დადგენილ ვადაში წარუდგენლობის გამო, პ. ქ-ის 30.12.2015წ. განცხადება დარჩა განუხილველი. აღნიშნულის შემდეგ ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 12.08.2016წ. N000920 მითითებით დადგინდა, რომ პ. ქ-ე ახორციელებდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობას სამშენებლო დოკუმენტაციის გარეშე, დარღვევის გამოსწორების მიზნით, მას დაევალა მითითების გაცემის მომენტისთვის არსებული კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა ან აღნიშნული შენობა-ნაგებობის დემონტაჟი. მითითების შეუსრულებლობის შემდეგ, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 15.07.2016წ. N000920 დადგენილებით პ. ქ-ე დაჯარიმდა 8000 ლარით ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის უნებართვო მშენებლობის გამო, მას ასევე დაევალა აშენებული ობიექტის დემონტაჟი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში მყოფი 07.02.2017წ. გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი თბილისის არქიტექტურის სამსახურის 08.01.2016წ. N2378592 და 08.02.2016წ. N2417740 გადაწყვეტილებები იმ ნაწილში, რომლითაც პ. ქ-ეს 30.12.2015წ. განცხადებაზე დაევალა არარსებული დოკუმენტის - სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე დაჯარიმების შესახებ ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დადგენილებისა და ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის არქიტექტურის სამსახურში წარდგენა. თბილისის საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა განაპირობებდა პ. ქ-ის 30.12.2015წ. განცხადების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების განახლებას და არქიტექტურის სამსახურის ვალდებულებას, ამ გადაწყვეტილების გათვალისწინებით, გამოეცა პ. ქ-ის მიმართ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. საჯარო რეესტრის 15.12.2015წ. ამონაწერის მიხედვით პ. ქ-ე არის ქ. თბილისში, ...ის ქ. N19-ში მდებარე N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და მასზე მდებარე მშენებარე შენობა-ნაგებობის მესაკუთრე.
საკასაციო პალატა არ იზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას მის მიერ უვადო მშენებლობის ნებართვის საფუძველზე მშენებლობის განხორციელების შესახებ. საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 20.12.2001წ. ბრძანებით დამტკიცებული „მშენებლობის ნებართვისა და მშენებლობის წარმოების ნებართვის გაცემის დროებითი წესის“ 1.3 მუხლის თანახმად, მშენებლობის ნებართვას გასცემდა ადგილობრივი არქიტექტურული სამსახური, არქმშენინსპექციიდან მშენებლობის წარმოებაზე ნებართვის მიღების შემდეგ. ამავე წესის 1.4 მუხლის მიხედვით, სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის სავალდებულო იყო არა მშენებლობის წარმოებაზე ნებართვის, არამედ მშენებლობის ნებართვის მოპოვება, წესის 4.6 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად მშენებლობის ნებართვა ვადიანი იყო. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მთავარი არქიტექტორის მიერ 12.09.02წ. N73 მშენებლობის ნებართვა გაცემული იყო 19.07.02წ. N62 მშენებლობის წარმოების ნებართვის საფუძველზე, უკანასკნელის გამოცემა წინ უსწრებდა მშენებლობის ნებართვის გამოცემას, საბოლოო აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენდა მშენებლობის ნებართვა, რომელიც ვადიანი იყო, ის გაცემული იყო კონკრეტული ვადით - 2003 წლის 12 სექტემბრამდე. 2003 წლის პირველი ივნისიდან ამოქმედებული „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ 14.05.2002წ. კანონის 36.2 მუხლის თანახმად, ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემული ვადიანი ნებართვების მოქმედება გაგრძელდა ნებართვის მოქმედების ვადის გასვლამდე. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაუშვებელი იყო ნებართვის მოქმედების ვადის ავტომატურად გაგრძელება და ნებართვის მფლობელს უნდა მიეღო ახალი ნებართვა ამ კანონით დადგენილი წესით. ამდენად, საქმეში დაცულ 12.09.2002წ. N73 მშენებლობის ნებართვას, რომელიც სავალდებულო იყო სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის, მოქმედების ვადა 2003 წლის 12 სექტემბერს ამოეწურა, ხოლო ახალი, უვადო მშენებლობის ნებართვა მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ნებართვის გაცემის თაობაზე ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების გარეშე კანონით გათვალისწინებული და ნებადართული მშენებლობა არ წარმოადგენს დარღვევას. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს 22.10.2009წ. კანონის 2.3 მუხლის თანახმად, ნორმატიული აქტი შეიცავს მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს. კანონი, როგორც ნორმატიული აქტი, ითვალისწინებს პირთა გენერალური წრის სამართლებრივი მდგომარეობისა და აბსტრაქტული შემთხვევის მოწესრიგებას. კანონით განსაზღვრული აბსტრაქტულ-გენერალური მოწესრიგება საჭიროებს მისი კონკრეტულ-ინდივიდუალური შემთხვევისადმი მისადაგებას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მეშვეობით. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობა ვლინდება სწორედ იმაში, რომ ის არის კანონის მოთხოვნების ცალკეულ შემთხვევებსა და ინდივიდუალურ პირებზე გავრცელების საშუალება (სუსგ Nბს-890-886(კ-17), 12.07.2012წ.). საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველი სამართალურთიერთობა საჯარო სამართალურთიერთობათა რიგს განეკუთვნება, პრინციპი - „ნებადართულია ის, რაც აკრძალული არ არის“ კერძო-სამართლებრივ ურთიერთობებში მოქმედებს, საჯარო სფეროში მოქმედებს უკუპრინციპი - „აკრძალულია ის, რაც დაშვებული არ არის“. უნებართვო მშენებლობა უკანონობის საფუძველს ქმნის, უნებართვო მშენებლობა გულისხმობს მშენებლობას, რომელიც ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი საფუძვლის - სამართლებრივი დოკუმენტაციის გარეშე ან სამშენებლო დოკუმენტაციის ისეთი დარღვევით, რომლის დროსაც შენობა-ნაგებობის ფუნქცია იცვლება ან/და ხდება განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გადამეტება. სამშენებლო წესრიგის სამართლის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია უნებართვო მშენებლობის აკრძალვა, როგორც საფრთხის თავიდან აცილების მნიშვნელოვანი პრევენციული ღონისძიება. მშენებლობის აკრძალვის საფუძველი - უნებართვო მშენებლობა ფორმალურად სახეზეა, როდესაც ის ხორციელდება სამშენებლო ნებართვის ან (გარკვეული კატეგორიის შენობისათვის) შეტყობინების გარეშე. ამდენად, უნებართვო მშენებლობა იმთავითვე არის სამართალდარღვევა, ის გარემოება, რომ მოქმედი კანონმდებლობა სანქციის გამოყენებამდე აძლევს პირს შესაძლებლობას გამოასწოროს სამართალდარღვევა და აიცდინოს მის მიმართ სანქციის გამოყენება, არ ადასტურებს პირის უფლებას აწარმოოს მშენებლობა ნებართვის გარეშე. სამშენებლო სფეროში სამართალდარღვევა მყისიერად არ იწვევს სანქციის დაკისრებას. ის გარემოება, რომ პროდუქციის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი, საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. N57 დადგენილება დამრღვევის მიმართ სანქციის გამოყენებამდე ითვალისწინებს მითითების გამოცემას, რომლითაც პირს განესაზღვრება ვადა დარღვევის გამოსასწორებლად, არ ადასტურებს ნებართვის გარეშე მშენებლობის დაწყების დასაშვებობას. სამშენებლო საქმიანობა ექვემდებარება ნებართვის მოპოვების ვალდებულებას, რაც აძლევს მშენებლობაზე ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანოს შესაძლებლობას გადაამოწმოს მშენებლობის კანონმდებლობასთან შესაბამისობა. მშენებლობის ნებართვის მოპოვების ვალდებულება გამოიხატება მშენებლობის სფეროში დადგენილი საქმიანობის პრევენციული აკრძალვით. მოქმედებს პრევენციული აკრძალვის მოდელი ნებართვის გაცემის დათქმით, ნებართვის გაცემით პირს ექმნება სამშენებლო საქმიანობის განხორციელების ფორმალური საფუძველი. მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა (საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. N57 დადგენილების 36.1 მუხ.), შესაბამისად უნებართვო მშენებლობა არის მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე, ან/და დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება სანებართვო მოწმობით განსაზღვრული გამოყენების პერიოდის გასვლის შემდეგ (საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. N57 დადგენილების 3.74 მუხ.). ამდენად, სამუშაოების განხორციელება დასაშვებია მხოლოდ მშენებლობის ნებართვის არსებობის პირობებში. მოსარჩელის მიერ განხორციელდა ისეთი სამშენებლო სამუშაოები, რომლის კანონიერად განხორციელებისათვის საჭირო იყო სათანადო სანებართვო დოკუმენტაციის არსებობა. მოცემულ შემთხვევაში სამშენებლო სამუშაოები ისეა ნაწარმოები, რომ საქმეში არ მოიპოვება ამ სამუშაოების წარმოების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ამდენად, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის) გარეშე სამშენებლო სამუშაოების წარმოების უფლება მოიპოვა უშუალოდ კანონის ჩანაწერით.
უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ სამშენებლო სამუშაოების წარმოების ფორმალურად კანონიერად დაწყებასა და ნებართვის გაცემასთან მიმართებით კანონმდებლობა არ ითვალისწინებს არავითარ რიგითობას. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ნებართვა არის განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით ქმედების განხორციელების უფლება და იგი ადასტურებს ამ განზრახვის კანონით დადგენილ პირობებთან შესაბამისობას. მშენებლობის ნებართვა მენაშენეს ანიჭებს უფლებას დაიწყოს სამშენებლო საქმიანობა როგორც ახლადასაშენებელ ობიექტზე, ასევე არსებულ შენობა-ნაგებობებზე. დაინტერესებულმა პირმა მშენებლობა უნდა განახორციელოს მშენებლობის ნებართვის გაცემის შემდეგ. პროექტის დამტკიცებამდე, მშენებლობის ნებართვის გაცემამდე სამშენებლო სამუშაოების დაწყება არის თვითნებური მშენებლობა (სუსგ №ბს-432-429(2კ-17), 07.02.2019წ.). ნებართვას დაქვემდებარებული ქმედების განხორციელება სათანადო უფლების მოპოვების გარეშე წარმოადგენს დარღვევას, რაც იწვევს დამრღვევისთვის პასუხისმგებლობის (ადმინისტრაციული სახდელის) და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის (დემონტაჟის) ვალდებულების დაკისრებას. უნებართვო მშენებლობისათვის პროდუქტის უსაფრთხოების და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქ. თბილისის ტერიტორიაზე სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენისათვის დადგენილი სანქციის გამოყენებისათვის სახეზე უნდა იყოს შემდეგი წინაპირობები: განხორციელებული სამშენებლო სამუშაოები უნდა იყოს უნებართვო, ობიექტი უნდა მდებარეობდეს კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, განხორციელებული სამუშაოები უნდა იწვევდეს გაბარიტების ცვლილებას, სახეზე უნდა იყოს სამართალდარღვევის ჩადენისათვის პასუხისმგებელი სათანადო სუბიექტის არსებობა. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ პ. ქ-ის მიერ ქ. თბილისში, ...ის ქ. N19-ში მდებარე თავის საკუთრებაში არსებულ ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განხორციელდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 15.07.2016წ., ამავე სამსახურის 12.02.2016წ. N000920 მითითებისა და 16.03.2016წ. N000920 შემოწმების აქტის საფუძველზე, მიღებული იქნა N000920 დადგენილება, რომლის მიხედვით პ. ქ-ე დაჯარიმდა 8000 ლარით უნებართვო მშენებლობისათვის და მასვე დაევალა ობიექტის დემონტაჟი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონმდებლობა ითვალისწინებს დამრღვევი პირის უფლებას მოაწესრიგოს სათანადო დოკუმენტაცია. სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. N57 დადგენილების (ძალადაკარგულია საქართველოს მთავრობის 03.02.2020წ. N139 დადგენილებით) 57.4 მუხლის თანახმად, თუ დამკვეთი მშენებლობის ნებართვის გამცემ შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს განცხადებით მიმართავს მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ, მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელება დაუშვებელია, ასეთ შემთხვევაში საჭიროა მშენებლობის ახალი ნებართვის მიღება. თუ წარმოებული მშენებლობის შედეგად სამშენებლო დოკუმენტში განხორციელდა ცვლილებები, რაც საჭიროებს ახალ ნებართვას, ან/და წარმოებულია უნებართვო მშენებლობა, მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო უფლებამოსილია იმსჯელოს მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე დამრღვევის მიერ შესაბამისი დარღვევისათვის გამოცემული აქტისა და დაკისრებული ჯარიმის გადახდის ქვითრის წარდგენის შემდეგ. უნებართვო ან/და სამშენებლო დოკუმენტის დარღვევით წარმოებული მშენებლობის დროს ნებართვის მაძიებელი ვალდებულია, მშენებლობის ნებართვის ან ახალი ნებართვის მისაღებად სამშენებლო დოკუმენტის პროექტში გაითვალისწინოს წარმოებული სამშენებლო სამუშაოები (მშენებლობის ორგანიზების პროექტი, მშენებლობის დასრულების ეტაპები და ა.შ.) და მოიპოვოს შესაბამისი საექსპერტო დასკვნა უნებართვოდ ან/და სამშენებლო დოკუმენტის დარღვევით წარმოებული მშენებლობის შესახებ. მშენებლობის ახალი ნებართვა გაიცემა უკვე წარმოებული მშენებლობის გათვალისწინებით (საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. N57 დადგენილების 63-ე მუხ.). თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე არქიტექტურულ-ქალაქთმშენებლობითი პროცესების მართვას, დადგენილი წესით სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების დადგენას, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებას და მშენებლობის ნებართვის გაცემას, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 30.12.2014წ. N20-104 დადგენილებით დამტკიცებული წესდების (დებულების) 1-ლი და მე-3 მუხლების თანახმად, ახორციელებდა სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 08.01.2016წ. N2378592 გადაწყვეტილებითა და 08.02.2016წ. N2417740 გადაწყვეტილებით პ. ქ-ეს დაევალა ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა, ხსენებული აქტების გამოცემის დროისათვის პ. ქ-ის მიმართ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაწყებული არ იყო. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25.7 მუხლის შესაბამისად საზედამხედველო სამსახურის მითითების დროულად შეუსრულებლობის მიუხედავად, უკეთუ სამართალდარღვევა გამოსწორდა დადგენილების მიღებამდე, სამართალდარღვევის საქმის წარმოება წყდება. საქმის მასალებით დასტურდება, რომ არქიტექტურის სამსახურის აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით პ. ქ-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საერთო წესის მიხედვით, სასკ-ის 29.1 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღება სასამართლოში აჩერებს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედებას. ამასთანავე, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონის 35-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული საჩივრის ან სარჩელის წარდგენის შემთხვევაში ნებართვის გაცემის, მის გაცემაზე უარის თქმის ან მისი გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება არ შეჩერდება, თუ ნებართვის გამცემი ან საჩივრის (სარჩელის) განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ან/და სასამართლო არ მიიღებს სხვა გადაწყვეტილებას. ამდენად, არქიტექტურის სამსახურის აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით სასამართლოში სარჩელის აღძვრა არ აჩერებს გასაჩივრებული აქტის მოქმედებას. ამდენად, არქიტექტურის სამსახურის მიერ გამოცემული აქტის გასაჩივრება არ გამორიცხავდა ზედამხედველობის ორგანოების მიერ აქტების გამოცემის შესაძლებლობას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ წარმოდგენილია კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსასრულებლად არქიტექტურის სამსახურის მიერ 01.02.2019წ. გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (N4360219), რომლითაც პ. ქ-ეს განესაზღვრა ხარვეზის შევსების ვალდებულება. არქიტექტურის სამსახურმა, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 15.07.2016წ. N0000920 დადგენილებაზე მითითებით, რომლითაც პ. ქ-ეს დაეკისრა ჯარიმა ობიექტის უნებართვო მშენებლობისათვის, განმცხადებელს დაავალა ზედამხედველობის სამსახურის 15.07.2016წ. N0000920 დადგენილებით დაკისრებული ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა. სსკ-ის 248-ე მუხლის თანახმად სასამართლო არ არის უფლებამოსილი გასცდეს დავის საგანს, მოცემული საქმის დავის საგანს შეადგენს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე დამრღვევის დაჯარიმებისა და მისთვის სამშენებლო ობიექტის დემონტაჟის დავალების შესახებ ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 15.07.2016წ. N000920 დადგენილების ბათილად ცნობა. ამდენად, მოცემული დავის ფარგლებში დასადგენია პ. ქ-ის მიერ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე ჯარიმის გადახდისა და სამშენებლო ობიექტის დემონტაჟის ვალდებულებების არსებობის საკითხი და არა არქიტექტურის სამსახურის საქმიანობის კანონიერება. არქიტექტურის სამსახურის მიერ საკითხის ხელახალი განხილვის შედეგად ახლად გამოცემული აქტის გასაჩივრების რაიმე დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოდგენილა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ძალაში მყოფი, თუნდაც არამართლზომიერი ადმინისტრაციული აქტი, იწვევს სამართლებრივ შედეგს. ზემოაღნიშნულთან ერთად, მხედველობაშია მისაღები, რომ მოცემულ შემთხვევაში კანონიერ ძალაში მყოფი სასამართლოს გადაწყვეტილებით პ. ქ-ისათვის სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ გამოცემული დადგენილებისა და დაკისრებული ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის მოთხოვნა, იმ პირობებში, როდესაც განმცხადებელს ჯერ არ ჰქონდა დაკისრებული ჯარიმა, სასამართლოს მიერ მიჩნეულ იქნა კანონსაწინააღმდეგოდ. საქმის მასალებით დასტურდება, რომ არქიტექტურული სამსახურისადმი პ. ქ-ის მიმართვის (08.01.2016წ.) მომენტისათვის დაჯარიმების შესახებ ადმინისტრაციული აქტი გამოცემული არ ყოფილა, ასეთი აქტი გამოიცა ექვსი თვის შემდეგ (15.07.2016წ.), რაც გასაჩივრდა სასამართლოში. საქართველოს კონსტიტუციის 62.1 მუხლის, „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 4.1 მუხლის, სსკ-ის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს აქტები სავალდებულოა სახელმწიფო ორგანოებისა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. კანონიერ ძალაში მყოფი თბილისის საქალაქო სასამართლოს 07.02.2017წ. გადაწყვეტილებით, კანონსაწინააღმდეგოდ ჩაითვალა სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყებამდე პ. ქ-ისთვის არარსებული დოკუმენტის წარდგენის მოთხოვნა, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ გამოცემული დადგენილებისა და დაკისრებული ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის დავალების ნაწილში არქიტექტურის სამსახურის აქტები (08.01.2016წ. N2378592, 08.02.2016წ. N2417740) ბათილად იქნა ცნობილი. სააპელაციო სასამრთლომ 15.02.2018წ. განჩინებით ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დამატებით მიუთითა, რომ პ. ქ-ეს არარსებული დოკუმენტის წარდგენა და განუსაზღვრელი ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა დაევალა. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. N57 დადგენილების 63.2 მუხლში უკანონო მშენებლობის გამო ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენის თაობაზე ჩანაწერის იმგვარად გაგება, რომ მასში არა მხოლოდ უკვე დაკისრებული ჯარიმა იგულისხმება, არამედ აგრეთვე - პირის ვალდებულება აცნობოს უკანონოდ განხორციელებული მშენებლობის შესახებ ზედამხედველობის სამსახურს, რომლის მიერ დაჯარიმების შედეგად დამრღვევი გადაიხდის ჯარიმას. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ნორმის ამგვარი გაგება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას (ადრინდელი რედაქციის 42.8 მუხ.). საკასაციო სასამართლოს 18.09.2018წ. განჩინებით (საქმე Nბს-655-655(2კ-18)) ქ. თბილისის მერიისა და სსიპ ქ, თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნა ცნობილი, საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ, N57 დადგენილების 63.2 მუხლის შინაარსში იგულისხმება უკვე არსებული აქტი პირის დაჯარიმების შესახებ და არა მომავალში (მით უფრო თავად განმცხადებლის ინიციატივით) შესაქმნელი განკარგულება. ზემოაღნიშნული, კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილების გარდა, მოცემული დავის გადაწყვეტისას ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ არ იქნა გათვალისწინებული აგრეთვე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 08.09.2017წ. N 1/17/738 განჩინება, რომლითაც მთავრობის 24.03.2009წ. N57 დადგენილების 63.2 მუხლთან დაკავშირებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 14.11.2013წ. (საქმე Nბს-746-730(კ-12)) განჩინების შინაარსის გათვალისწინებით, არ იქნა გაზიარებული მოსაზრება იმის შესახებ, რომ ნორმიდან გამომდინარეობს მშენებლობის ნებართვის გასაცემად სამშენებლო სამართალდარღვევის აქტისა და ჯარიმის ქვითრის წარდგენის ვალდებულება, მაშინ როდესაც სამართალდარღვევაზე ჯერ არ არის გამოცემული შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ასეთი განმარტება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიჩნეულ იქნა ნორმის რეალური შინაარსის შეუსაბამოდ. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25.11 მუხლის თანახმად, სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია საქმის განხილვისას სამშენებლო სამართალდარღვევის გამომრიცხავი გარემოების გამოვლენა. ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა აღნიშნული გარემოების შეფასების გარეშე უარი თქვეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
ზემოაღნიშნულთან ერთად საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 01.02.2019წ. N4360219 გადაწყვეტილებით პ. ქ-ის განცხადებაზე დადგინდა ხარვეზი არა მხოლოდ ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოსადგენად, არამედ აგრეთვე სხვა დოკუმენტაციის წარმოსადგენად (გენგეგმა მისასვლელი სამანქანო გზის ჩვენებით და მესაკუთრის თანხმობა ეზოს მოწყობასთან დაკავშირებით, ტოპოგრაფიული გეგმა მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრების, არსებული საინჟინრო-კომუნალური ქსელების, შენობა-ნაგებობის განთავსების, ღობეების, გამწვანების, ხე-ნარგავების ჩვენებითა და შესაბამისი პირობითი ნიშნების, გზების დატანით, შენობის საკადასტრო გეგმასთან მიბმის მანძილების, მომიჯნავე ნაკვეთების ჩვენებით, ფოტომასალა, შენობის ყველა სართულის გეგმები, შენობის ვექტორული ფაილი და სხვ.). არქიტექტურის სამსახურის 17.03.2016წ. N2488926 გადაწყვეტილებით აგრეთვე დასტურდება, რომ ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დადგენილების და ჯარიმის თანხის გადახდის ქვითრის წარმოუდგენლობა პ. ქ-ის განცხადების განუხილველად დატოვების ერთადერთი საფუძველი არ ყოფილა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესაძლოა პირი გათავისუფლდეს როგორც ადმინისტრაციული სახდელისგან, ასევე პირვანდელი (დარღვევამდე არსებული) მდგომარეობის აღდგენის ვალდებულებისგან. პ. ქ-ის მიერ ჯარიმის გადახდის ვალდებულებასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ 18.09.2019წ. კანონზე, რომლითაც დადგინდა ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით ამავე კანონით განსაზღვრული იმ ფიზიკური პირების ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან და საურავისგან გათავისუფლება, რომლებმაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე ჩაიდინეს და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა (1-ლი მუხ.). საკასაციო პალატა თვლის, რომ სამშენებლო სამართალდარღვევაზე, როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ერთ-ერთ სახეზე, უნდა გავრცელდეს აღნიშნული კანონით გათვალისწინებული შეღავათი (სუსგ Nბს-1164(კ-18), 27.02.2020წ.). საქმის მასალებით დასტურდება, რომ სამშენებლო სამართალდარღვევა ჩადენილია 2019 წლის 15 იანვრამდე, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 15.07.2016წ. N000920 დადგენილება გასაჩივრებულია და ჯერ არ არის აღსრულებული. ამავე კანონის 3.1 მუხლის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის უფლებამოსილების მქონე ორგანოებმა და თანამდებობის პირებმა ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ფიზიკური პირის ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან და შესაბამისი საურავისგან გათავისუფლების საკითხი უნდა გადაეწყვიტათ კანონის შესაბამისად. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამართალდარღვევისათვის სანქციის შეფარდების დროს, თუ კანონით გაუქმებული ან შემსუბუქებულია პასუხისმგებლობა სამართალდარღვევის ჩადენისათვის, მოქმედებს ახალი კანონით დადგენილი ნორმა. სანქციის შეფარდების დრო მოიცავს არა მხოლოდ ორგანოს მიერ მისი გამოყენების მომენტს, არამედ აგრეთვე ზემდგომი ორგანოების ან სასამართლოს მიერ სანქციის გამოყენების კანონიერების შემოწმების პერიოდს (სუსგ Nბს-926-922(2კ-17), 20.12.2019წ.). ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული სახდელისგან თავისუფლდება ამ კანონის ამოქმედების დროისთვის ასაკით პენსიონერი (ქალი − 60 წლის ასაკიდან, მამაკაცი − 65 წლის ასაკიდან). დადგენას საჭიროებს ქ. ქ-ის ასაკი „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ 18.09.2019წ. კანონის ამოქმედების მომენტისთვის. ამდენად, საქმის ხელახალი განხილვისას დასადგენია აღნიშნული გარემოება, რომლის დადასტურების შემთხვევაშიც, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 15.07.2016წ. N000920 დადგენილება პ. ქ-ის 8 000 ლარით დაჯარიმების ნაწილში დაექვემდებარება ბათილად ცნობას სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის მომენტიდან.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 15.07.2016წ. N000920 დადგენილებაზე ადმინისტრაციული სასამართლოწარმოების მიმდინარეობა არ ზღუდავს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფლებას გამოიყენოს „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ 18.09.2019წ. კანონი და გაათავისუფლოს დამრღვევი მასზე დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელის - ჯარიმისა და საურავის აღუსრულებელი ნაწილისგან მითითებული კანონის 3.3 მუხლის შესაბამისად. ამასთან, „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ 18.09.2019წ. კანონით გათვალისწინებული შეღავათი შეეხება დამრღვევის გათავისუფლებას მხოლოდ ჯარიმისაგან და საურავისაგან და არა პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის ვალდებულებისგან (მე-2 მუხ., მე-2 პ.).
რაც შეეხება შენობის დემონტაჟს, როგორც სამშენებლო წესრიგის დაცვის ინსტრუმენტს, მისი გამოყენების საფუძველი შეიძლება გახდეს ფორმალურად და მატერიალურად უკანონო მშენებლობა. მშენებლობის ნებართვის გარეშე განხორციელებული მშენებლობა, რომელიც შეესაბამება საკანონმდებლო მოთხოვნებს, მატერიალური კანონიერების თვალსაზრისით შესაძლოა იყოს ლეგალური (საქართველოს მთავრობის 09.03.2020წ. N153 დადგენილებით დამტკიცებული „უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების წესი და პირობები“, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილებების შეტაბის შესახებ“ კანონი), მიუხედავად ფორმალური კანონიერების კრიტერიუმის დარღვევისა. თუ წარმოებულია უნებართვო მშენებელობა, რომელიც შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია დაინტერესებული პირის განცხადებისა და აუცილებლად წარსადგენი დოკუმენტების საფუძველზე განიხილოს განხორციელებული მშენებლობის კანონმდებლობის მატერიალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხი. იმ შენობის დემონტაჟი, რომლის კანონმდებლობით დადგენილ მატერიალურ მოთხოვნებთან (მიწის ნაკვეთის კერძო საკუთრებაში არსებობა, განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი, განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი, გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი, შენობის დაშვებული ფუნქციური დანიშნულება და სხვ. მსგავსი პირობები) სრულად შესაბამისობა დადასტურებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, შესაძლოა არღვევდეს თანაზომიერების პრინციპს. ფორმალურად და მატერიალურად არალეგალური შენობა-ნაგებობა წინააღმდეგობაში მოდის საჯარო-სამართლებრივ სამშენებლო წესრიგთან და ქმნის შენობის დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველს. მართლწესრიგის დაცვის ღონისძიების შერჩევა ხდება თანაზომიერების პრინციპის საფუძველზე. თითოეული შემზღუდავი ხასიათის ღონისძიება უნდა იყოს თანაზომიერი, რაც კრძალავს მმართველობითი ღონისძიების ადრესატის შეუსაბამო შეზღუდვას. თანაზომიერების პრინციპის საფუძველზე მოწმდება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოყენებულ საშუალებასა და მისაღწევ მიზანს შორის არსებული დამოკიდებულება. მოცემულ შემთხვევაში არც ადმინისტრაციული წარმოების და არც სასამართლო წარმოების პროცესში არ შეფასებულა ობიექტის შესაბამისობა კანონმდებლობის მატერიალურ მოთხოვნებთან. ამასთანავე, პ. ქ-ისთვის შენობის დემონტაჟის დავალებასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს ნორმებს, რომლებიც შედეგად იწვევენ დემონტაჟის ვალდებულებისგან დამრღვევის გათავისუფლებას. საკითხის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებას წარმოადგენს შენობა-ნაგებობის სამართლებრივი მდგომარეობა. „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 12.07.2021წ. კანონით კოდექსს დაემატა 1413 მუხლი, რომელიც ითვალისწინებს შენობის ექსპლუატაციაში მიღების დროებით წესს. „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ 12.07.2021წ. კანონით შეტანილი დამატებების თანახმად, ექპლუატაციაში მიღება არის ობიექტზე დარღვევით ნაწარმოები სამშენებლო სამუშაოებისათვის დაკისრებული/დასაკისრებელი პასუხისმგებლობის მოხსნის პირობა (1413 მუხ.). ექსპლუატაციაში მიღება ეხება იმ ობიექტს, რომელზედაც გაცემულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მშენებლობის ნებართვა და რომლის მშენებლობა, 2020 წლის 18 აგვისტოს მდგომარეობით, დამთავრებულია, აგრეთვე იმ ობიექტებს, რომელზედაც მშენებლობის ნებართვა გაცემული არ არის, თუმცა იგი დამკვიდრებული განაშენიანების გეგმის არეალშია განთავსებული და მისი მშენებლობა 18.08.2020წ. მდგომარეობით, დამთავრებულია (1413 მუხ. მე-2 ნაწ.). ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების მიზნით დაინტერესებული პირი მიმართავს განცხადებით მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს ამ მუხლის ამოქმედებიდან 2 წლის ვადაში და წარუდგენს კანონმდებლობით განსაზღვრულ ინფორმაციას (1413 მუხ. მე-4 და მე-5 ნაწ.). აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ დავის გადაწყვეტა საჭიროებს პ. ქ-ის მიერ მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული სამართლებრივი შესაძლებლობების გამოყენების საკითხის გარკვევას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება არ არის დასაბუთებული, სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არ მისცა მათ სწორი სამართლებრივი შეფასება, განჩინება მოკლებულია სათანადო სამართლებრივ და ფაქტობრივ წანამძღვრებს, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს განჩინება მთლიანად იმეორებს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, სააპელაციო პალატის განჩინება არ შეიცავს არგუმენტირებულ მოსაზრებებს სააპელაციო საჩივარში დასმულ საკითხებთან დაკავშირებით, სასამართლო განჩინება შედგება მხოლოდ ნორმების ციტირებისგან, მოყვანილი ნორმების სადავო სამართალურთიერთობებთან კავშირის ახსნის გარეშე. განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის ,,ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, პ. ქ-ის საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს ქმნის, აღნიშნული თავის მხრივ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების წინაპირობაა. საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მისცეს მათ სწორი სამართლებრივი შეფასება.


ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 390-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. პ. ქ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.10.2018წ. განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
2. მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე


მოსამართლეები: ქ. ცინცაძე


გ. გოგიაშვილი