Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-402(კ-21) 17 დეკემბერი, 2021 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ლ. ს-ე

თავდაპირველი მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის სოციალური მომსახურების ცენტრი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 5 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

ლ. ს-ემ 2019 წლის 1 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ამავე სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის სოციალური მომსახურების ცენტრის მიმართ და ამავე ცენტრის 2019 წლის 11 მარტის ოჯახის დეკლარაციისა და მის საფუძველზე ლ. ს-ის ოჯახისთვის 2019 წლის 12 აპრილს მინიჭებული - 87 120 სარეიტინგო ქულის, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 29 მაისის №04/28527 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხისთვის ლ. ს-ის ოჯახისთვის სარეიტინგო ქულის მინიჭების მიზნით, მისი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახლა შესწავლის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებით ლ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის სოციალური მომსახურების ცენტრის 2019 წლის 11 მარტის ოჯახის დეკლარაცია, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არსებული ჩანაწერი, ლ. ს-ის ოჯახისთვის 2019 წლის 12 აპრილს 87 120 სარეიტინგო ქულის მინიჭების შესახებ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 29 მაისის №04/28527 გადაწყვეტილება; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ლ. ს-ის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახლა შესწავლა, ოჯახისთვის სარეიტინგო ქულის მინიჭების მიზნით. აღნიშნული გადაწყვეტილება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საკასაციო საჩივრის მიხედვით, ლ. ს-ის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა განხორციელდა სოციალური აგენტის მიერ. შემოწმების საფუძველს წარმოადგენდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის შუამდგომლობა, რომლის თანახმად, ლ. ს-ემ მიიღო ფულადი დახმარება 150 ლარის ოდენობით კომუნალური დავალიანების დასაფარად. ვიზიტის დროს „ოჯახის დეკლარაცია“ შეივსო ლ. ს-ის მიერ მოწოდებული მონაცემების საფუძველზე, რაც დადასტურებულია მისივე ხელმოწერით. ამდენად, ოჯახის სარეიტინგო ქულა განსაზღვრულია მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების სრული დაცვით. ოჯახისათვის, 2019 წლის 12 აპრილს, მინიჭებული და დღეის მდგომარეობით მოქმედი სარეიტინგო ქულა შეადგენს 87 120 ერთეულს. მოსარჩელე, მიუხედავად სადავო დეკლარაციის გაცნობის ხელმოწერით დადსტურებისა, უკმაყოფილებას გამოხატავდა და არ ეთანხმებოდა სააგენტოს უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ 2019 წლის 11 მარტს შევსებული ოჯახის დეკლარაციას, მის საფუძველზე 2019 წლის 12 აპრილის „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზიდან“ ოჯახისათვის სარეიტინგო ქულის (87120 ერთეული) მინიჭების თაობაზე 1 მაისის ამონაწერს, მოითხოვდა მის ბათილად ცნობას და სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული ერთეულის დავალდებულებას მოსარჩელის ოჯახს მინიჭებოდა ქულების ისეთი ოდენობა, რომელიც მას მისცემდა საშუალებას, მიეღო სოციალური შემწეობა.

კასატორი მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“ მე-12 მუხლის მეორე პუნქტზე, რომლის თანახმად, მინიჭებული სარეიტინგო ქულა მყარი ერთეულია, რომლის შეცვლა, როგორც წესი, შესაძლებელია მისი მინიჭებიდან არანაკლებ ერთი წლის გასვლის შემდეგ. შესაბამისად, კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევა, რაც მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი გახდებოდა, სადავო შემთხვევაში არ დადასტურდა. ამასთან, მოსარჩელემ ხელი მოაწერა ოჯახის დეკლარაციაზე, რაც ადასტურებს სააგენტოს თანამშრომლის მიერ ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიწოდებული ინფორმაციის დეკლარაციაში სრულად და სწორად ასახვას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს 2019 წლის 11 მარტის ლ. ს-ის ოჯახის დეკლარაციის შევსებისა და მის შედეგად სარეიტინგო ქულის მინიჭების სისწორე, გარდა ამისა, ოჯახისთვის სარეიტინგო ქულის მინიჭების მიზნით, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახლა შესწავლაზე უარის თქმის კანონიერება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილება „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“. აღნიშნული „წესის“ მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, განაცხადის შეტანის შემდეგ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება ხორციელდება უფლებამოსილი პირის მეშვეობით, დადგენილი მეთოდოლოგიისა და წესების შესაბამისად; ხოლო მე-12 მუხლის მიხედვით, ოჯახის იდენტიფიკაციის შედეგად მოპოვებული ინფორმაციისა და დადგენილი მეთოდოლოგიის გამოყენებით განისაზღვრება სარეიტინგო ქულა, რომელიც მყარი ერთეულია და მისი შეცვლა, როგორც წესი, შესაძლებელია მისი მინიჭებიდან არანაკლებ ერთი წლის გასვლის შემდეგ.

სარეიტინგო ქულის განსაზღვრასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის“ მე-6 მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, სააგენტოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია პირადად შეამოწმოს ელექტოენერგიის, ბუნებრივი აირის, დასუფთავებისა და წყლის დანახარჯის ამსახველი ქვითრები და ამოწეროს სააბონენტო ნომერი. იმავე „წესის“ მე-10 მუხლის თანახმად, დეკლარაციის „E“ პუნქტში - „კომუნალური ხარჯები“ ფიქსირდება ოჯახის მიერ დეკლარაციის შევსების მომენტიდან ბოლო თორმეტი თვის განმავლობაში გაწეული ხარჯები. თუ ოჯახს ბოლო თორმეტი თვის განმავლობაში ელექტროენერგიის ან/და ბუნებრივი აირის მოხმარებაზე გადასახადი არ გადაუხდია, იწერება ციფრი „0“. მითითებული წესის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დეკლარაციის „A“, „B“, „C“, „D“ და „E“ ბლოკების სრულად შევსების შემდეგ სააგენტოს უფლებამოსილი პირი ოჯახის უფლებამოსილ წარმომადგენელთან ერთად ამოწმებს შევსებულ დეკლარაციას, რათა დარწმუნდნენ, რომ დეკლარაციის ყველა საჭირო კითხვაზე შემოხაზულია შესაბამისი პასუხი და დამატებით გადამოწმდეს დეკლარაციის შევსების მართებულობა და სისრულე. აღნიშნული წესის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემები გადის ტექნიკურ დამუშავებას კომპიუტერული პროგრამის საშუალებით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ოჯახის დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის“ გამოყენებით მიიღება ოჯახის სარეიტინგო ქულა.

ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სოციალურად დაუცველ მდგომარეობაში მყოფ ოჯახს, რომელიც საჭიროებს დახმარებას, შეუძლია მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს სოციალურად დაუცველი პირების მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მოთხოვნით. ასეთი მიმართვა წარმოადგენს ოჯახის შესაბამისი წესისა და მეთოდოლოგიის გათვალისწინებით გადამოწმებისა და შეფასების საფუძველს, რის შედეგადაც ოჯახს ენიჭება კონკრეტული სარეიტინგო ქულა. თავის მხრივ, სარეიტინგო ქულის მინიჭების შემდეგ ოჯახი მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულად ითვლება, ხოლო სარეიტინგო ქულის ოდენობაზე არის დამოკიდებული იმ სოციალური გარანტიების განსაზღვრა, რომელთა გამოყენების უფლებაც ენიჭება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახს. ამრიგად, აუცილებელია, რომ ოჯახის როგორც პირველადი შეფასება, ისე შემდგომი გადამოწმება განხორციელდეს ნორმატიულად გათვალისწინებული თითოეული მეთოდის ზუსტად და ზედმიწევნით დაცვით. ოჯახისათვის სარეიტინგო ქულის განსაზღვრისას მნიშვნელობა ენიჭება უფლებამოსილი პირის მიერ ოჯახის დეკლარაციაში შეტანილ თითოეულ მონაცემს, მათ შორის, დეტალურად და სრულყოფილად უნდა იქნეს ასახული კომუნალურ გადასახდელებზე გაწეული ხარჯი.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ლ. ს-ის ოჯახი 2006 წლის 20 მაისიდან რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. ამ პერიოდში მისი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა განხორციელდა რამდენჯერმე. საბოლოოდ, 2019 წლის 11 მარტს შედგენილი ოჯახის დეკლარაციის საფუძველზე, 2019 წლის 12 აპრილს ლ. ს-ის ოჯახს მიენიჭა სარეიტინგო ქულა 87 120 ერთეული. აღსანიშნავია, რომ შევსებული ოჯახის დეკლარაციის E2 გრაფაში (რა თანხა გადაიხადეთ წინა მეორე თვიდან გასული 12 თვის განმავლობაში მოხმარებული ბუნებრივი აირისთვის) მითითებულია 160 ლარი, ხოლო შემდგომ ნაბეჭდ ვერსიაში მითითებულია 181 ლარი და 41 თეთრი. გარდა ამისა, კომუნალური დავალიანების დაფარვის მიზნით მოსარჩელისათვის გაწეული ერთჯერადი დახმარება - 150 ლარი ასახულია დეკლარაციის როგორც „E“ ბლოკში - „კომუნალური ხარჯები“, ისე „C4“ ბლოკის მე-7 პუნქტში - სხვა არარეგულარული ფულადი შემოსავალი და არა როგორც სოციალური დახმარება.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ლ. ს-ის ოჯახის დეკლარაციაში ერთი მხრივ, მონაცემები შეტანილია არასწორად, ბუნდოვნად, გარემოებების დეტალური გამოკვლევის გარეშე, მეორე მხრივ კი, სარეიტინგო ქულის ცვლილება განხორციელებულია შესაბამისი ფაქტობრივი საფუძვლების გარეშე, ვინაიდან დეკლარაციაში დაფიქსირებული და სარეიტინგო ქულის დასამუშავებლად სპეციალურ პროგრამაში შეტანილი ინფორმაციის მართებულობა დგინდება არა დეკლარაციაზე ხელმოწერის არსებობა-არარსებობის გარკვევით, რაზეც მიუთითებს ადმინისტრაციული ორგანო, არამედ „ოჯახის დეკლარაციაში“ დაფიქსირებული ან/და პროგრამაში შეტანილი ინფორმაციის რეალურად არსებული, ობიექტური გარემოებების გადამოწმების გზით. ამდენად, მხოლოდ დეკლარაციაზე ხელმოწერის ფაქტი ვერ განსაზღვრავს „ოჯახის დეკლარაციაში“ დაფიქსირებული მონაცემების სანდოობას, მით უფრო იმ პირობებში, როცა ვერ დგინდება საქმეში წარმოდგენილი დეკლარაციის რომელ E2 გრაფაში არის სწორად მითითებული შესაბამისი ხარჯის მონაცემი. ასევე, ბუნდოვანია მოსარჩელისათვის გაწეული ერთჯერადი დახმარების - 150 ლარის როგორც „E“, ისე „C4“ ბლოკში გაწერის სიზუსტე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს რომ ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მართებულია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის სერვის-ცენტრის 2019 წლის 11 მარტის ოჯახის დეკლარაციისა და ლ. ს-ის ოჯახისთვის 2019 წლის 12 აპრილს 87 120 სარეიტინგო ქულის მინიჭების შესახებ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არსებული ჩანაწერის ბათილად ცნობა. შესაბამისად, ასევე, მართებულია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 29 მაისის №04/28527 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ლ. ს-ის მიერ წარდგენილი საჩივარი და ადმინისტრაციული ორგანოსათვის ლ. ს-ის ოჯახისთვის სარეიტინგო ქულის მინიჭების მიზნით, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახლა შესწავლის დავალება, ვინაიდან სწორედ სარეიტინგო ქულით წყდება შემწეობის გაცემა/არ გაცემის საკითხისა და სოციალურად დაუცველი ოჯახის მიერ მთელი რიგი სოციალური შეღავათებით სარგებლობის უფლების გამოყენება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 5 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე