Facebook Twitter
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით

საქმე №ბს-894(კ-20) 17 დეკემბერი, 2021 წელი
თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - სს „...ი (შპს „...ოს“ უფლებამონაცვლის - სს „...ის“ უფლებამონაცვლე)

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე)

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:

შპს „...ოს“ წარმომადგენელმა (დღეის მდგომარეობით, სს „...ი“) 2018 წლის 28 მაისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და ამავე სააგენტოს 2018 წლის 27 აპრილის №04/24473, 2018 წლის 19 ივნისის №04/35686 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხისათვის 2017 წლის 21 ნოემბრის №1836/02, 2017 წლის 22 ნოემბრის №1840/02, 2017 წლის 12 დეკემბრის №1944/02 და 2017 წლის 14 დეკემბრის №1957/02 წერილებით წარდგენილი ანგარიშ-ფაქტურებით განსაზღვრული თანხების (ჯამში 201 848.8 ლარის ოდენობით) ანაზღაურების თაობაზე, მოსარჩელის სასარგებლოდ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციოულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
შპს „...ოს“ წარმომადგენელმა (დღეის მდგომარეობით, სს „...ი“) 2018 წლის 6 ივლისს, ასევე, სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და ამავე სააგენტოს 2018 წლის 19 ივნისის №04/35686 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხისათვის 2017 წლის 27 დეკემბრის №2021/02 და 2017 წლის 28 დეკემბრის №2028/02 წერილებით წარდგენილი ანგარიშ-ფაქტურებით განსაზღვრული თანხების (ჯამში 95 497,74 ლარის ოდენობით) ანაზღაურების თაობაზე, მოსარჩელის სასარგებლოდ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციოულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ოქტომბრის საოქმო გნაჩინებით წარდგენილი სარჩელები გაერთიანდა ერთ წარმოებად და გაერთიანებულ საქმეს მიენიჭა №3/3284-18.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით სს „...ის“ (შპს „...ოს“ უფლებამონაცვლის - სს ,,...ის უფლებამონაცვლე) სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „...მა“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 მაისის განჩინებით სს „...ის“ (შპს „...ოს“ უფლებამონაცვლის - სს ,,...ის უფლებამონაცვლე) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გადაწყვეტილებით სს „...მა“ (შპს „...ოს“ უფლებამონაცვლის - სს „...ის“ უფლებამონაცვლე), რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საკასაციო საჩივრის მიხედვით, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში 2017 წლის 25 აპრილის №208 დადგენილების შესაბამისად, განხორციელდა მთელი რიგი ცვლილებები, რომელმაც მოიცვა კრიტიკული მდგომარებების/ინტენსიური თერაპიის ფასებიც. აღსანიშნავია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 31 მარტის №04 92/ო ბრძანებით კრიტიკული მდგომარეობების/ინტენსიური თერაპიის ტარიფები განისაზღვრებოდა შესაბამისი თანხებით, დაყოვნებით 21 ს/დ-ის ჩათვლით და 21 ს/დ-ის შემდეგ, ხოლო ამავე ბრძანებაში 2017 წლის 28 აპრილის №04-263/ო ბრძანებით შესული ცვლილებების შემდეგ, აღნიშნული ტარიფები დაყოფილია პერიოდებზე დაყოვნებით 14 ს/დ- მდე, 14 ს/დ-დან 21 ს/დ-მდე, 21 ს/დ-დან 45 ს/დ-მდე და 45 ს/დ-ს შემდეგ. ცვლილებით გათვალისწინებული ტარიფებით გაანგარიშებული თანხები ბევრად ნაკლებია, ვიდრე 2017 წლის 1 მაისამდე პერიოდში. მოცემულ შემთხვევაში სადავოა 2017 წლის 1 მაისიდან მოქმედი ფასების გავრცელება იმ პაციენტებზე, რომლებიც 2017 წლის 1 მაისამდე მოთავსდნენ სამედიცინო დაწესებულებაში, თუმცა კასატორის აზრით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად განმარტეს კანონი.
კასატორი მიუთითებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ უკუძალა შესაძლოა იყოს ორი ტიპის: ნამდვილი (რეტროაქტიული) და არანამდვილი (რეტროსპექტრული). ნამდვილი უკუძალა სახეზეა, როდესაც კანონი მოგვიანებით, ანუ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ახორციელებს წარსულში მოწესრიგებული, ამოწურული და რეალიზებული ფაქტობრივი ელემენტების ცვლილებას და ამით იჭრება მის სფეროში. ნამდვილი უკუძალა, რომელიც ერევა წარსულში დასრულებულ სამართლებრივ ურთიერთობაში, განსხვავდება აწმყო დროის, აქტუალური და ჯერ ამოუწურავი ფაქტობრივი ელემენტების სამართლებრივ ურთიერთობათა სფეროში ჩარევისა და მათზე ზეგავლენისგან (ე.წ. არანამდვილი (რეტროსპექტრული) უკუძალა. ამ დროს სახეზეა წარსულში დაწყებულ და აწმყოში მიმდინარე სამართალურთიერთობაში ჩარევა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად არანამდვილი უკუძალა დასაშვებია, ის დაუშვებელია გამონაკლის შემთხვევებში, თუ: ა) კანონი ახდენს ისეთ ჩარევას, რომელსაც სამართალსუბიექტი ვერ გაითვალისწინებდა და შესაბამისად, თავის მოქმედებასაც ვერ შეუსაბამებდა დაგეგმილ ცვლილებას; გ) მოქალაქის ნდობა უფრო მეტ დაცვას იმსახურებს, ვიდრე კანონით დაგეგმილი ცვლილება. ამ დროს შეიძლება ჩაითვალოს, რომ კანონი თანაზომიერების პრინციპის შეუსაბამო და არაკონსტიტუციურია. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა სწორედ საგამონაკლისო შემთხვევა, ვინაიდან სამედიცინო დაწესებულებას შეიძლება უარი ეთქვა სხვა სამედიცინო დაწესებულებაში 14 დღეზე მეტი ვადით გაჩერებული პაციენტის მომსახურებაზე/მიღებაზე (კანონის ფარგლებში), იმ შემთხვევაში, თუ მას წინასწარ, გონივრული დროით ადრე მაინც ეცოდინებოდა ცვლილებების (ასანაზღაურებელი თანხის შემცირების) შესახებ, რისი საშუალებაც მას არ მისცემია, რადგან, რეალურად, აღნიშნული ცვლილებები მისთვის ცნობილი გახდა ამ ცვლილებების დადგომამდე 3 კალენდარული დღით ადრე. ამრიგად, მსგავსი ჩარევის გათვალისწინება მას არ შეეძლო და ვერც მოქმედებას შეუსაბამებდა განხორციელებულ ცვლილებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მოსაზრებით, არსებობს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სს „...ის“ საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 26 ნოემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საპროცესო უფლებამონაცვლედ ჩაერთო სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „...ის“ (შპს „...ოს“ უფლებამონაცვლის - სს „...ის“ უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
ამასთან, სადავო საკითხზე მსჯელობისას საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება, მართალია, ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა აღნიშნული არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ §71; ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ §76;Va№ de Hurk v. №etherla№ds, par.61, Garcia Ruiz v. Spai№ [GC] par.26; Jah№ke a№d Le№oble v Fra№ce (dec.); Perez v Fra№ce [GC], par. 81).
განსახილველ შემთხვევაში სადავოდ არის ქცეული საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში შეტანილი ცვლილების შესაბამისად, 2017 წლის 1 მაისიდან მოქმედი ფასების გავრცელების კანონიერება იმ პაციენტებზე, რომლებიც ცვლილების თარიღამდე მოთავსდნენ სამედიცინო დაწესებულებაში. განსახილველ შემთხვევაში პაციენტებისთვის გაწეული ინტენსიური მკურნალობა/მოვლის ხარჯები ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ანაზღაურდა „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებისა და მასში 2017 წლის 25 აპრილის №208 დადგენილებით განხორციელებული ცვლილების შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი №1-ის 22-ე მუხლის 71 პუნქტზე, რომლის შესაბამისად: №1.2 დანართის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით (კრიტიკული მდგომარეობები/ინტენსიური თერაპია) განსაზღვრული მომსახურების (მ.შ.კრიტიკული მდგომარეობების/ინტენსიური თერაპიის საწოლებზე უწყვეტად 21 დღის შემდეგ დაყოვნება, თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპია და სისხლის და სისხლის კომპონენტების გადასხმა) და „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების (გადაუდებელი თერაპია), №1.3 დანართის პირველი პუნქტის „გ.ა.ბ“ და მე-2 პუნქტის „გ.ა.ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გადაუდებელი თერაპიული მდგომარეობების (გარდა ინფექციური დაავადებებისა) ანაზღაურება ხდება ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით განსაზღვრული ღირებულების შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს განმახორციელებლის მიერ დადგენილი ტარიფისა. განმახორციელებლის მიერ ტარიფის გამოთვლა ხდება სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლების მიერ, ბოლო 1 წლის განმავლობაში წარდგენილი ტარიფების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გასაშუალოებული სიდიდის შესაბამისად. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №208 დადგენილებაზე, რომლითაც ცვლილება განხორციელდა დასახელებულ დადგენილებაში და №1 დანართის 22-ე მუხლის 71 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: №1.2 დანართის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით (კრიტიკული მდგომარეობები/ინტენსიური თერაპია) განსაზღვრული მომსახურების (მ.შ. კრიტიკული მდგომარეობების/ინტენსიური თერაპიის საწოლებზე უწყვეტად 14, 21 და 45 დღის შემდეგ დაყოვნება, თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპია და სისხლის და სისხლის კომპონენტების გადასხმა) და „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების (გადაუდებელი თერაპია), №1.3 დანართის პირველი პუნქტის „გ.ა.ბ“ და მე-2 პუნქტის „გ.ა.ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გადაუდებელი თერაპიული მდგომარეობების (გარდა ინფექციური დაავადებებისა) ანაზღაურება ხდება ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით განსაზღვრული ღირებულების შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს განმახორციელებლის მიერ დადგენილი ტარიფისა. განმახორციელებლის მიერ ტარიფის გამოთვლა ხდება სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლების მიერ, ბოლო 1 წლის განმავლობაში წარდგენილი ტარიფების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გასაშუალოებული სიდიდის შესაბამისად.“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №208 დადგენილების მე-2 მუხლით განისაზღვრა, დადგენილების ამოქმედების თარიღი, კერძოდ მიეთითა, რომ, დადგენილება უნდა ამოქმედდეს 2017 წლის 1 მაისიდან.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე სადავოდ ხდის 2017 წლის 1 მაისიდან მოქმედი ფასების გავრცელებას იმ პაციენტებზე, რომლებიც 2017 წლის 1 მაისამდე მოთავსდნენ სამედიცინო დაწესებულებაში. კლინიკა ითხოვს 2017 წლის 1 მაისამდე დამდგარი შემთხვევები ანაზღაურებას დაექვემდებაროს შემთხვევის დადგომის მომენტში მოქმედი დადგენილების მიხედვით.
საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა განმარტებას ნორმის უკუძალასთან დაკავშირებით და მიუთითებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. ნორმატიულ აქტს, რომელიც ადგენს ან ამძიმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს. ხსენებული ნორმა გულისხმობს კანონისთვის ნამდვილი (რეტროაქტიული) უკუძალის მინიჭებას, წარსულში მომხდარ და წარსულშივე დასრულებულ ურთიერთობებზე ზემოქმედებას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. ახალი კანონი ზემოქმედებს დენადი სამართალურთიერთობის მონაწილეთა უფლება-მოვალეობებზე კანონის ძალაში შესვლის მომენტიდან, რასაც არ გამორიცხავს „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონის 24-ე მუხლი. ახალი კანონი ვრცელდება არა მხოლოდ მისი ძალაში შესვლიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე, არამედ აგრეთვე მის ძალაში შესვლამდე წარმოშობილ სამართალურთიერთობაზე, ახალი კანონი ზემოქმედებს მის მონაწილეთა უფლება- მოვალეობებზე მისი ძალაში შესვლის დღიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 19.06.2012წ. გადაწყვეტილება „ხონიაკინა საქართველოს წინააღმდეგ“).
სასამართლო აგრეთვე მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ივლისის განჩინებაზე (საქმე №ბს-698-691(კ-16), რომელშიც „საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საერთო წესის თანახმად, კანონის მოქმედების ძალა შემოფარგლულია კანონის გამოქვეყნებისა და გაუქმების პერიოდით. აღნიშნულიდან გამომდინარე, იგი არ გამოიყენება: 1) იმ ფაქტების მიმართ, რომელიც განხორციელდა მის გამოცემამდე და 2) იმ ფაქტების მიმართ, რომელიც დადგა მისი მოქმედების შეწყვეტის შემდეგ. ორივე შემთხვევა წარმოადგენს უმაღლესი იურიდიული პრინციპის ორ მხარეს: განსახილველ ფაქტებთან დაკავშირებით სასამართლო გამოიყენებს იმ კანონს, რომლის მოქმედების პირობებში ამ ფაქტებს ჰქონდა ადგილი.“ ამასთან, „საქართველოს უზენაეს სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში აქვს განმარტებული, რომ კანონის შეფარდებისას სასამართლო იყენებს ფაქტობრივი გარემოებების ხდომილებისას არსებულ კანონს და არა საკითხის გადაწყვეტისას მოქმედ კანონს (საქმე №ბს-1013-599 (კ-05);
განსახილველ შემთხვევაში, სადავო აქტების შესაბამისად, დადგენილია, რომ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პროგრამის ამოქმედებიდანვე განსაზღვრულია ინტენსიური თერაპია/კრიტიკული მოვლის 1 საწოლდღის ტარიფი და აღნიშნული მომსახურების ხარჯები ანაზღაურდება პაციენტის მიერ დაწესებულებაში გატარებული საწოლდღეების მიხედვით, ინსპექტირების ეტაპზე 2017 წლის 1 მაისის შემდგომ ყოველი ახალი საწოლდღის ხარჯები ანაზღაურდა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სასამართლოების აპელირებას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველ ნაწილზე და საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და მითითებული სამართლებრივი ნორმების ანალიზის საფუძველზე განმარტავს, რომ სადავო - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 27 აპრილის №04/24473 და 2018 წლის 19 ივნისის №04/35686 გადაწყვეტილებები, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით არის მიღებული.
რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას - მოპასუხეს დაევალოს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა 2017 წლის 21 ნოემბრის №1836/02, 2017 წლის 22 ნოემბრის №1840/02, 2017 წლის 12 დეკემბრის №1944/02, 2017 წლის 14 დეკემბრის №1957/02, 2017 წლის 27 დეკემბრის №2021/02 და 2017 წლის 28 დეკემბრის №2028/02 წერილებით წარდგენილი ანგარიშ-ფაქტურებით განსაზღვრული თანხების ანაზღაურების თაობაზე, სადავო აქტების კანონიერების პირობებში, არ არსებობს ახალი აქტის გამოცემის და აღნიშნულ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო აქტები გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, მათ საფუძველზე გათვალისწინებული მოწესრიგება არ ეწინააღმდეგება კანონს, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის საფუძველი. ამრიგად, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სს „...ს“ საკასაციო საჩივარზე 2020 წლის 30 ივნისს საგადასახადო დავალებებით, სახელმწიფო ბაჟის სახით, ნაცვლად 8000 ლარისა გადახდილი აქვს 8000+4774.89 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ზედმეტად გადახდილი 4774.89 ლარი, ხოლო საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 8000 ლარის 70 % - 5600 ლარი, ჯამში - 10374.89 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის

კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „...ის (შპს „...ოს“ უფლებამონაცვლის - სს „...ის“ უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 მაისის განჩინება;
3. კასატორს - სს „...ს“ (ს/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2020 წლის 30 ივნისს №30323306 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ ზედმეტად გადახდილი 4774.89 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. კასატორს - სს „...ს“ (ს/ნ ...) დაუბრუნდეს 2020 წლის 30 ივნისს №30323304 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 8000 ლარის 70% - 5600 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი


მოსამართლეები: ქ. ცინცაძე


ნ. სხირტლაძე