საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-929(კ-21) 23 დეკემბერი, 2021 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - შპს „...“
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
დავის საგანი - ხელშეკრულების შეწყვეტისა და მისი შედეგების ბათილად ცნობა, ხელშეკრულების მოქმედების აღდგენა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:შპს „...ს“ წარმომადგენელმა 2017 წლის 30 დეკემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ მოითხოვა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 31 ოქტომბრის №1/1-3619 ბრძანებისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „...ს“ შორის 2015 წლის 23 სექტემბერს დადებული ხელშეკრულების სააგენტოს მიერ ცალმხრივად შეწყვეტის ბათილად ცნობა, ასევე ამავე სააგენტოსათვის №..., №... და №... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე შპს „...ს“ საკუთრების უფლების რეგისტრაციის უზრუნველყოფის დავალება;
2. პირგასამტეხლოს მოთხოვნის შესახებ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 5 ივლისის №4/34274 მიმართვის ბათილად ცნობა;
3. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის დავალება, შპს „...ს“ განუსაზღვროს დამატებითი გონივრული ვადა - სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან არანაკლებ 12 თვისა, 2015 წლის 23 სექტემბერს დადებული ხელშეკრულების 3.2 და 6.2 მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულების შესასრულებლად;
4. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის დავალება, შპს ,,...ს“ განუსაზღვროს დამატებითი გონივრული ვადა 2015 წლის 23 სექტემბერს დადებული ხელშეკრულების 4.1.2, 4.1.3 და 4.1.4 მუხლებით დადგენილი ვალდებულებების შესასრულებლად და მიიღოს ამისათვის საჭირო ყველა ზომა, კერძოდ, მიიღოს შემდეგი პირობები:
- შპს "...ს" პროექტის პირველი სტადიის დასასრულებლად მიეცეს სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან 43.5 (ორმოცდასამი თვე და თხუთმეტი დღე) თვის ვადა (მუხლი 4.1);
- შპს "...ს" პროექტის მეორე სტადიის დასასრულებლად მიეცეს 56.5 (ორმოცდათექვსმეტი თვე და თხუთმეტი დღე) თვის ვადა (მუხლი 4.1.3);
- შპს "...მ" არანაკლებ 57 760 000 (ორმოცდაჩვიდმეტი მილიონ შვიდასსამოცი ათასი) აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელოს 56.5 (ორმოცდათექვსმეტი თვე და თხუთმეტი დღე) თვის ვადაში იმ მიზნით, რომ შესრულებულ იქნეს ხელშეკრულების 4.1.2 და 4.1.3 მუხლებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობები (მუხლი 4.1.4).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „...ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება შპს „...მ“ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით შპს „...ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშული განჩინება შპს „...მ“ საკასაციო წესით გაასაჩივრა.
საკასაციო საჩივრის მიხედვით, სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების მიღებისას არ გამოიკვლია საქმის მნიშვნელოვანი გარემოებები და შემოიფარგლა მხოლოდ უდავოდ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით.
კასატორის მოსაზრებით, მოპასუხემ დროულად და ჯეროვნად არ შეასრულა ვალდებულება - უკანონო მფლობელთა ზუსტი სიის გადაცემის შესახებ. გარდა ამისა, 2016 წლის 29 აპრილის შეთანხმებით, მას ვალდებულების შესასრულებლად განესაზღვრა არაგონივრულად მცირე დრო. აღნიშნულმა გარემოებებმა კი განაპირობეს კასატორის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა. სადავო არ არის ის ფაქტი, რომ სააგენტო ვალდებული იყო ნასყიდობის ხელშეკრულების დადებიდან 45 დღის ვადაში ნასყიდობის საგანი (უძრავი ქონება) გამოეთავისუფლებინა უკანონო მფლობელებისაგან (ხელშეკრულების 4.2.2 მუხლი), ასევე იმავე ვადაში მოსარჩელისთვის გადაეცა უკანონო მფლობელთა ზუსტი სია (ხელშეკრულების 4.2.4 მუხლი). სააგენტოს მხრიდან ზემოაღნიშნული ვალდებულების შესრულების შემდეგ, მოსარჩელეს უკანონო მფლობელებისთვის შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე უნდა გადაეხადა საზღაური უკანონო მფლობელობის შეწყვეტისთვის 500 000 აშშ დოლარის ფარგლებში (4.1.7 მუხლი), ხოლო მოსარჩელეს სააგენტოს მიერ იმავე ვალდებულების შესრულების შემდეგ წარმოეშობოდა ნასყიდობის ფასის (4 000 000 აშშ დოლარი), ასევე 5 726 000 აშშ დოლარის ოდენობით საბანკო გარანტიის წარდგენის ვალდებულება (3.2, 6.2 მუხლები).
კასატორის აღნიშვნით, ნასყიდობის საგნის ფაქტობრივ-სამართლებრივი გამოთავისუფლება უკანონო მფლობელებისა და მათი შესაძლო პრეტენზიებისაგან, თავის მხრივ, მიზნად ისახავდა პროექტის დაფინანსებაში საერთაშორისო ფინანსური ინტიტუტების მონაწილეობის უზრუნველყოფას, რამდენადაც საყოველთაოდ ცნობილია, რომ მრავალათეულმილიონიანი საინვესტიციო პროექტები ყოველთვის საერთაშორისო ფინანსური ინტიტუტების მონაწილეობით ხორციელდება, ხოლო თუ საინვესტიციო ობიექტის მიმართ არსებობს ფაქტობრივი ან სამართლებრივი პრეტენზიები, მით უფრო, სასამართლო დავა, იგი ითვლება რისკიან, პრობლემურ ობიექტად, რის გამოც ფინანსური ინსტიტუტები ყოველთვის თავს იკავებენ ასეთ პროექტებში მონაწილეობისაგან. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების თანამონაწილეობის მიზანს ემსახურებოდა ხელშეკრულების დებულება, რომლის თანახმად, კასატორს ნასყიდობის საგანი საკუთრებაში გადაეცემოდა ნასყიდობის ფასის გადახდამდე, რაც წარმოადგენს გადახვევას სახელმწიფო ქონების პრივატიზების ზოგადი პრაქტიკიდან და გამოიყენება მხოლოდ დიდი საინვესტიციო პროექტების მიმართ, იმისათვის, რომ იგი მიმზიდველი იყოს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისათვის, მათ შორის, შესაძლებელი იყო ნასყიდობის საგნის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებაც.
ზემოაღნიშნული სახელშეკრულებო დებულებები რომ შესრულებულია, ამ გარემოების სიცხადისთვის კასატორი მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე. კერძოდ, დადგენილია, რომ 2015 წლის 6 ნოემბრის წერილით სააგენტომ კასატორს მიაწოდა 12 ფიზიკური პირისაგან შემდგარი უკანონო მფლობელთა სია. სიის სიზუსტე სააგენტომ დაადასტურა 2015 წლის 17 დეკემბრის წერილითაც. აღნიშნულ სიაში შეყვანილი არ იყო ი. ჯ-ი, რომელმაც 2015 წლის 17 ნოემბერს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივნისის №1331 განკარგულებისა და 2015 წლის 23 სექტემბრის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის მოთხოვნით. ასევე დადგენილია, რომ მას შემდეგ, რაც 2015 წლის 30 და 31 დეკემბერის წერილებით სააგენტომ დააზუსტა უკანონო მფლობელთა სია, ხოლო აპელანტმა შესაბამისი თანხა გადაუხადა ი. ჯ-ს, ამ უკანასკნელმა გამოიხმო სარჩელი და იგი განუხილველად იქნა დატოვებული 2016 წლის 22 თებერვლის განჩინებით, რომელიც კანონიერ ძალაში შევიდა იმავე წლის 7 მარტს; 2016 წლის 7 მარტს კასატორმა წერილით მიმართა სააგენტოს იმის შესახებ, რომ აღნიშნული განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის დღე - 2016 წლის 7 მარტი წარმოადგენდა ნასყიდობის საგნის გამოთავისუფლების თარიღს და შესაბამისად, აღნიშნული თარიღიდან უნდა ათვლილიყო შპს „...ს“ წილი ვალდებულებების შესრულების დრო; ამის პასუხად, 2016 წლის 11 და 14 მარტის წერილებით, სააგენტომ მოსარჩელეს აცნობა, რომ მან უკანონო მფლობელებისაგან ნასყიდობის საგანი გაათავისუფლა 2015 წლის 30 ნოემბერს, რაზედაც გაფორმებული იყო შესაბამისი აქტი, ხოლო უკანონო მფლობელთა დაზუსტებული სია წარადგინა 2015 წლის 31 დეკემბერს. რაც შეეხება კასატორს, საბანკო გარანტია უნდა წარედგინა 2016 წლის 1 თებერვლამდე, ხოლო ნასყიდობის ფასი გადაეხადა 2015 წლის 21 დეკემბერს. აღნიშნულ გარემოებებზე მითითებით, სააგენტომ მოსარჩელეს დააკისრა პირგასამტეხლო და მისცა დამატებითი ვადა ვალდებულების შესასრულებლად.
სასამართლოს მიერ მითითებული ზემოაღნიშნული გარემოებებიდან ნათლად გამომდინარეობს, რომ სააგენტომ სათანადოდ არ შეასრულა მისი წილი ვალდებულებები, რითაც დაარღვია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები. ზემოაღნიშნულის მიუხედავად, სააპელაციო სასამართლომ პასუხი არ გასცა მოსარჩელის შესაბამის პრეტენზიებს და გასაჩივრებულ განჩინებაზე არ ჩამოაყალიბა მკაფიო დასკვნა იმის შესახებ - დაარღვია თუ არა სააგენტომ მისი წილი ვალდებულება, წარმოადგენდა თუ არა ი. ჯ-ის მიერ აღძრული სასამართლო დავა სააგენტოს მხრიდან ვალდებულების დარღვევის შედეგს და მოახდინა თუ არა მან გავლენა კასატორის წილი ვალდებულების შესრულებაზე.
ასევე, აღსანიშნავია, რომ ი. ჯ-ი მე-2 ნომრად არის მითითებული 1997 წლის 11 აპრილის ხელშეკრულებაში, რომლითაც ნასყიდობის საგნის ადრინდელმა მესაკუთრემ - საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სასწრაფო გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისა და კატასტროფის მედიცინის ცენტრმა, სხვა პირებთან ერთად, ი. ჯ-ს ნება დართო, დადგენილი წესით დამტკიცებული პროექტის საფუძველზე, ცენტრის ტერიტორიაზე აშენებინა დროებითი ტიპის ავტოსადგომი. დასახელებული ფაქტები კი მიუთითებენ, რომ ი. ჯ-ი, ისევე როგორც დანარჩენი 11 პირი, ნასყიდობის საგნის არა უკანონო, არამედ მართლზომიერ (კანონიერ) მფლობელებს წარმოადგენდნენ, რამდენადაც მათი მფლობელობა ემყარებოდა მესაკუთრესთან გაფორმებულ ხელშეკრულებას და საჯარო წესით დამტკიცებულ სამშენებლო პროექტებს (მშენებლობის ნებართვებს).
საკასაციო საჩივრის თანახმად, გარდა ზემოაღნიშნულისა, მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ სააგენტოს მიერ, გარდა ნასყიდობის საგნის ფაქტობრივ მფლობელთა ზუსტი სიის წარდგენისა, დარღვეულია უფლებრივად უნაკლო ნივთის გადაცემის სახელშეკრულებო/კანონისმიერი ვალდებულებებიც. სააგენტომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს ნასყიდობის ფასი უნდა გადაეხადა 2015 წლის 21 დეკემბრამდე (ანუ სააგენტოს მხრიდან მფლობელთა ზუსტი სიის გადაცემამდე - 2015 წლის 31 დეკემბერი), ხოლო საბანკო გარანტია წარედგინა - 2016 წლის 1 თებერვლამდე (ი. ჯ-ის მფლობელობის შეწყვეტამდე). მოგვიანებით, სააგენტომ საქართველოს მთავრობის წინაშე იშუამდგომლობა მოსარჩელის პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლებისა და ვალდებულების შესრულების გადავადების შესახებ, რაც დაკმაყოფილდა მთავრობის 2016 წლის 14 აპრილის №616 და 18 აპრილის №657 განკარგულებებით. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, კასატორს მიეცა არარეალურად მცირე ვადა ვალდებულების შესასრულებლად. კერძოდ, 11 კალენდარული დღე ნასყიდობის ფასის (4 000,000 აშშ დოლარი) გადასახდელად და 21 კალენდარული დღე - საბანკო გარანტიისთვის (5 726 000 აშშ დოლარი). აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ვადები მოსარჩელესთან წინასწარ შეთანხმებული არ ყოფილა. ამასთანავე, კასატორს არ შეეძლო რაიმე ზეგავლენა მოეხდინა ვალდებულების შესრულების ახალ ვადებზე, რადგანაც იგი სააგენტოს შუამდგომლობის საფუძველზე უკვე წინასწარ იყო განსაზღვრული საქართველოს მთავრობის ცალმხრივი აქტით.
კასატორის მითითებით, ვალდებულების შესრულების ახალი ვადები აშკარად წინააღმდეგობაშია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 325-ე მუხლთან. ამასთან, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მოცემული პროექტი მოპასუხის ბრალით უკვე ორჯერ გახდა პრობლემური საერთაშორისო ფინანური ინსტიტუტების მონაწილეობის კუთხით. თავდაპირველად - როცა გამოვლინდა ნასყიდობის საგნის უფლებრივი ნაკლი და ნასყიდობის ხელშეკრულება სასამართლო დავის საგნად იქნა, მეორედ - როცა აღნიშნული ნაკლის აღმოფხვრის შემდეგ აპელანტი გამოცხადდა ვალდებულების დამრღვევად და დაეკისრა პირგასამტეხლო, ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის მუქარით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ შპს აღამს“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და შპს „...ს შორის“ დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლისა და პირგასამტეხლოს დაკისრების კანონიერება, ამავე ხელშეკრულებით ნაკისრი პირობების შპს „...ს“ მიერ შეუსრულებლობის გამო.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე:
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივნისის №1331 განკარგულებით დადგინდა შპს „...სათვის“ 4 000 000 აშშ დოლარად პირდაპირი მიყიდვის ფორმით ქალაქ თბილისში, ...ის №60-ში მდებარე №..., №..., №... საკადასტრო კოდებით არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებისა და მათზე განთავსებული შენობა-ნაგებობების გადაცემა. განკარგულების თანახმად, უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვრა შემდეგი: ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ „ხელშეკრულების“ 4.2.2, 4.2.3 და 4.2.4 მუხლებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში; ბ) უძრავ ქონებაზე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ „ხელშეკრულების“ 4.2.2., 4.2.3. და 4.2.4. მუხლებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებიდან 31 თვისა და 15 დღის ვადაში, მინიმუმ მაღალი ხარისხის ,,STR chai№” მასშტაბის კატეგორიის მქონე, არანაკლებ 200-ოთახიანი, 5-ვარსკვლავიანი სასტუმროსა და სამორინეს შექმნა; გ) უძრავ ქონებაზე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ „ხელშეკრულების“ 4.2.2, 4.2.3 და 4.2.4 მუხლებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებიდან 44 თვისა და 15 დღის ვადაში „Grade-A“ კატეგორიის არანაკლებ 10 000 კვ.მ სამშენებლო ფართის მქონე საოფისე შენობის აშენება/შექმნა; დ) „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, არანაკლებ 57 760 000 აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ „ხელშეკრულების“ 4.2.2, 4.2.3 და 4.2.4. მუხლებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებიდან 44 თვისა და 15 დღის ვადაში; ე) უძრავი ქონების არამართლზომიერ მფლობელებთან თანხების გადახდის თაობაზე ხელშკრულებების გაფორმება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ „ხელშეკრულების“ 4.2.2 მუხლით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შემდეგ, „ხელშეკრულების“ ხელმოწერიდან 50 დღის ვადაში და ვ) ხელშეკრულების 4.2.2.1 მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის არაუმეტეს 500 000 აშშ დოლარის ოდენობის თანხის გადახდა ფინანსური (სოციალური) დახმარების სახით ხელშეკრულების ხელმოწერიდან 80 დღის ვადაში. განკარგულების მე-4 და მე-5 მუხლების მიხედვით კი, საპრივატიზებო პირობების შესრულების უზრუნველყოფად შპს „...ს“ ეკისრებოდა უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენის ვალდებულება. კერძოდ, შპს „...ს“ განკარგულების საფუძველზე ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე 1000 (ათასი) აშშ დოლარის ოდენობით და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ „ხელშეკრულების“ 4.2.2. მუხლით ნაკისრი ვალდებულების შესრულებიდან 20 დღის ვადაში 5 726 000 აშშ დოლარის ოდენობით უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია უნდა წარედგინა.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „...ს“ შორის 2015 წლის 23 სექტემბერს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე შპს „...მ“ საკუთრების უფლება შეიძინა - საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივნისის №1331 განკარგულებაში მითითებულ №..., №... და №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ქონებაზე და აღნიშნული უძრავი ქონება საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა შპს ,,...ს“ საკუთრებად. ხელშეკრულების 3.2 მუხლით განისაზღვრა შპს ,,...ს“ ვალდებულება, გადაეხადა საპრივატიზებო თანხა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ ხელშეკრულების 4.2.2, 4.2.3 და 4.2.4 მუხლებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში, ხოლო საპრივატიზებო თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი წარედგინა სააგენტოში. ამავე ხელშეკრულების მე-4 მუხლის მეორე პუნქტით კი, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შემდეგი ვალდებულებები დაეკისრა: - მყიდველისათვის საკუთრებაში და მფლობელობაში გადაეცა ხელშეკრულებით გათვალისწინებული უძრავი ქონება (მუხლი 4.2.1); - ხელშეკრულების ხელმოწერიდან 45 (ორმოცდახუთი) დღის ვადაში გაეთავისუფლებინა უძრავი ქონება ყველა უკანონო მფლობელისაგან (მუხლი 4.2.2); -ხელშეკრულების ხელმოწერიდან 45 (ორმოცდახუთი) დღის ვადაში წარედგინა სს „...ის“ თანხმობა იმის თაობაზე, რომ სს ,,...ს“ არ ექნებოდა რაიმე პრეტენზია №... საკადასტრო კოდის უძრავი ქონების ნაწილზე რეგისტრირებული სერვიტუტის სიგრძეზე, სიგანეზე და/ან მარშუტზე და მყიდველს ექნებოდა შესაძლებლობა, შეეცვალოს სერვიტუტი საკუთარი შეხედულებისამებრ და კანონმდებლობის შესაბამისად (მუხლი 4.2.3); - ხელშეკრულების ხელმოწერიდან 45 (ორმოცდახუთი) დღის ვადაში მყიდველისათვის წარედგინა იმ უკანონო მფლობელების (ნებისმიერი უკანონო მოსახლე, მათ შორის, იძულებით გადაადგილებული პირები და სოციალურად დაუცველი პირები, ასევე უძრავი ქონებით ნებისმიერი უკანონო მოსარგებლე) ზუსტი სია, რომლებიც გახდებოდნენ ხელშეკრულების 4.1.7 მუხლებში აღნიშნული ორმხრივი ხელშეკრულების მხარეები (მუხლი 4.1.4).
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ დასახელებული ხელეკრულების მე-8 მუხლით განისაზღვრა მხარეთა პასუხისმგებლობა ხელშეკრულების პირობების დარღვევასთან დაკავშირებით. კერძოდ, 8.1.1 მუხლის მიხედვით, მყიდველის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მყიდველი გამყიდველისაგან მიიღებდა წერილობით შეტყობინებას, სადაც მიეთითებოდა დარღვევის გამოსწორების ვადა. იმავდროულად მყიდველს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო 8.1.2 - 8.1.4 მუხლების მიხედვით. 8.1.5 მუხლის შესაბამისად, მყიდველის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების განმეორებით (დამატებით გონივრულ ვადაში, რომელიც მიცემულია გამყიდველის მიერ) შეუსრულებლობის ან/და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობის შემთხვევაში, გამყიდველს ეძლეოდა უფლება, ცალმხრივად მოეშალა ხელშეკრულება. ასეთ შემთხვევაში უძრავი ქონება უბრუნდებოდა გამყიდველს და უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული მესამე პირის (პირთა) იპოთეკის უფლება (უფლებები) უქმდებოდა, თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია რეგისტრირებული იყო საჯარო რეესტრში უძრავი ქონების შესახებ ამონაწერში უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვამდე. ამასთან, მყიდველს არ აუნაზღაურდებოდა გადახდილი თანხები და გაწეული დანახარჯები.
ხელშეკრულების 8.1.2 მუხლის მიხედვით, გამყიდველის მიერ ხელშეკრულების 4.2.2., 4.2.3. და 4.2.4 მუხლებით ნაკისრი ვალდებულებების ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში შეუსრულებლობის შემთხვევაში, მყიდველი წერილობით შეტყობინებას გაუგზავნიდა გამყიდველს, სადაც მიეთითებოდა დარღვევის გამოსწორების ვადა, რაც არ უნდა ყოფილიყო დარღვევის დღიდან 30 (ოცდაათი) დღეზე მეტი. თუ გამყიდველის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობა გაგრძელდებოდა დარღვევის გამოსწორების ვადის გასვლის შემდეგაც, მყიდველს უფლება ჰქონდა, შეწყვიტა ხელშეკრულება რაიმე კომპენსაციის ან/და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების გარეშე. ასეთი შეწყვეტის შემთხვევაში, მყიდველი ვალდებული იყო, გამყიდველისათვის უკან დაებრუნებინა უძრავი ქონება და გამყიდველი ვალდებული იყო, მყიდველისათვის დაებრუნებინა წარდგენილი მოქმედი საბანკო გარანტია.
ხელშეკრულების 12.1 მუხლის მიხედვით, ასევე, განისაზღვრა ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილების ან/და დამატების შეტანა, რაც დასაშვები იყო მხარეთა წერილობითი თანხმობის საფუძველზე, რომელიც გაფორმდებოდა, როგორც ცალკე ხელშეკრულება და დაერთვებოდა ხელშეკრულებას მის განუყოფელ ნაწილად.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2015 წლის 6 ნოემბერს შპს „...ს“ წარუდგინა სს „...ის“ თანხმობა - №... საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთზე „...ის“ ქვესადგურებთან მისასვლელი გზის შესაბამისად არსებული სერვიტუტის ცვლილებაზე; 7.4. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2015 წლის 6 ნოემბრის წერილით შპს „...ს“ მიაწოდა ინფორმაცია ქალაქ თბილისში, ...ი №60ა-ში/ ქალაქ თბილისში, ...ი №60-ში მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი №..., №... და №...) უკანონო მოსარგებლეების/მფლობელების შესახებ (12 პირი. სიაში არ იყო ი. ჯ-ი).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას 2015 წლის 17 ნოემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა ი. ჯ-მა, რომლითაც მოითხოვა საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივნისის №1331 განკარგულებისა და 2015 წლის 23 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა - მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ავტოფარეხის (მდებარე: ...ი №60-ში, საკადასტრო კოდი №...) გასხვისების ნაწილში. ი. ჯ-ის მიერ სარჩელის გამოხმობის შემდეგ იგი დარჩა განუხილველი.
შპს „...სა“ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს წარმომადგენლების მიერ 2015 წლის 30 ნოემბერს შედგენილ იქნა ერთობლივი დათვალიერების აქტი, რომლის თანახმად, მხარეების მიერ დადასტურდა, რომ შპს „...ს“ საკუთრებაში გადაცემული - ტერიტორია და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, როგორც მფლობელი/ მოსარგებლეებისაგან, ასევე ნებისმიერი მოძრავი ქონებისაგან თავისუფალი იყო და მითითებული უძრავი ქონება ფაქტობრივად მფლობელობაში გადაეცა შპს „...ს“. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2015 წლის 30 და 31 დეკემბრის წერილებით შპს „...ს“ მიაწოდა დაზუსტებული სია სადავო უძრავი ქონების უკანონო მოსარგებლეების/მფლობელების შესახებ. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2016 წლის 14 იანვრის №4/1953 წერილით შპს ,,...ს“ დაუდასტურა 2015 წლის 23 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების 4.1.7 მუხლით დადგენილი ვალდებულებების შესრულება.
საქმეზე დადასტურებულ მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს ასევე ის, რომ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 14 აპრილის №616 და 2016 წლის 18 აპრილის №657 განკარგულებებისა და 2015 წლის 23 სექტემბრის ხელშეკრულების საფუძველზე, 2016 წლის 19 აპრილს შპს ,,...სა“ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შორის გაფორმდა ცვლილების ხელშეკრულება, რომლის თანახმად შპს „...სათვის“ 2015 წლის 23 სექტემბრის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად დამატებითი ვადები იქნა დადგენილი. კერძოდ, შპს „...“ ვალდებული იყო: - საპრივატიზებო თანხა გადაეხადა და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი წარედგინა სააგენტოსთვის 2016 წლის 1 მაისამდე (მუხლი 1.1); - უძრავ ქონებაზე პროექტის I სტადიის დასრულება უზრუნველეყო 2018 წლის 16 ნოემბრამდე (მუხლი 1.2); - უძრავ ქონებაზე პროექტის II სტადიის დასრულება უზრუნველეყო 2019 წლის 16 დეკემბრამდე (მუხლი 1.3), 2015 წლის 23 სექტემბრის ხელშეკრულების 4.1.2 და 4.1.3 მუხლებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების მიზნით, არანაკლებ 57 760 000 აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა 2019 წლის 16 დეკემბრამდე (მუხლი 1.3); - 2015 წლის 23 სექტემბრის ხელშეკრულების 4.1.1, 4.1.2, 4.1.3 და 4.1.4 მუხლებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით 5 726 000 აშშ დოლარის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომელიც გაცემული იქნებოდა საქართველოში რეგისტრირებული A კლასის ბანკის მიერ და რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 4 თვით მეტი იქნებოდა ხელშეკრულების 4.1.4 მუხლში აღნიშნულ ვადაზე, სააგენტოსთვის წარედგინა 2016 წლის 21 აპრილამდე.
საბოლოოდ, ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2016 წლის 31 ოქტომბრის №1/1-3619 ბრძანებით ცალმხრივად შეწყვიტა შპს ,,...სთან“ 2015 წლის 23 სექტემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება. იმავე ბრძანებით სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და მონიტორინგის დეპარტამენტს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქონების დაბრუნებასა და სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარება, ხოლო იურიდიულ დეპარტამენტს - შპს „...ს“ მიერ წარდგენილი საბანკო გარანტიის სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვა დაევალა. 2015 წლის 23 სექტემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული №..., №... და №... საკადასტრო კოდის უძრავი ქონება დარეგისტრირდა სახელმწიფო საკუთრებად.
საკასაციო პალატა თავდაპირველად მიუთითებს, რომ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს აწესრიგებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვაზე უფლებამოსილია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. სახელმწიფო ქონება, ამავე კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი და უძრავი ნივთები, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე. მისი განკარგვის ერთ-ერთ სახეს კი, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება წარმოადგენს. ამავე კანონის მე-31 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პრივატიზებისას პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსა და ქონების შემძენს შორის იდება შესაბამისი ხელშეკრულება, რომელიც საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციისა და შესაბამისი ვალდებულებების (მათ შორის, ასეთის არსებობის შემთხვევაში, საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების) წარმოშობის საფუძველია.
საკასაციო პალატა, ასევე, მიუთითებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 სექტემბრის №1-1/1537 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ დებულებაზე, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წესს. აღნიშნული დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ სახელმწიფო ქონების შემძენი სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის (კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის) თაობაზე საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დადგენილ ვადებში არ გადაიხდის საპრივატიზებო საფასურს, მყიდველისათვის საპრივატიზებო საფასურის გადახდისათვის მიცემული დამატებითი ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში, პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს წერილობითი მიმართვის საფუძველზე შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში ქონების შემძენის საკუთრებად რეგისტრირებულ ქონებაზე უქმდება საკუთრების უფლების რეგისტრაცია და ქონება ბრუნდება სახელმწიფო საკუთრებაში, ხოლო მოძრავი ნივთის შემთხვევაში (რომელიც რეგისტრაციას არ ექვემდებარება) ნივთი ბრუნდება სახელმწიფო საკუთრებაში. ამასთან იმავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ქონების შემძენი ვალდებულია პირდაპირი მიყიდვის ფორმით (კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვით) შეძენილი სახელმწიფო ქონების პრივატიზების შემდგომი გამოყენებისას დაიცვას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები (სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის პირობები), მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და მათ შესრულებაზე, პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოს მოთხოვნისთანავე, წარუდგინოს ინფორმაცია. იმავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სახელმწიფო ქონების შემძენი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლო განისაზღვრება ხელშეკრულებით, სახელშეკრულებო ვალდებულებებიდან გამომდინარე. იმავე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად კი, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა ან/და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა ქონების სააგენტოს მიერ განიხილება ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის საფუძვლად. ასეთ შემთხვევაში პრივატიზებული ქონება ბრუნდება სახელმწიფო საკუთრებაში. სახელმწიფო ქონების შემძენს არ უნაზღაურდება გადახდილი თანხები და გაწეული დანახარჯები.
საკასაციო სასამართლო ასევე, აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას. ხოლო იმავე კოდექსის 66-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს მხოლოდ კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. დასახელებული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას.
განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია, რომ შპს „...ს“ არ შეუსრულებია მასსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შორის 2015 წლის 23 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. კერძოდ, მას არ წარუდგენია საპრივატიზებო თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე არც შესაბამისი საბანკო გარანტია. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მხრიდან ადგილი არ ჰქონდა ხელშეკრულების 4.2.2, 4.2.3 და 4.2.4 მუხლებით ნაკისრი ვალდებულებების იმგვარ დარღვევას, რაც შეიძლებოდა, შპს „...ს“ მიერ 2015 წლის 23 სექტემბრით ნაკისრი ვალდებულებების - საპრივატიზებო თანხის გადახდისა და საბანკო გარანტიის წარდგენის ვალდებულებების შესრულების შეუძლებლობის პირობა გამხდარიყო.
სადავო შემთხვევაში, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სადავო ხელშეკრულებაში 2016 წლის 19 აპრილს გაფორმებულ ცვლილების ხელშეკრულებაზე, რომლის თანახმად, მყიდველს ეპატია ხელშეკრულების დროულად შეუსრულებლობის გამო დარიცხული პირგასამტეხლო და სააგენტომ მას ხელშეკრულების შესრულების ახალი ვადა განუსაზღვრა, რაც, ცალსახად, მყიდველის მიმართ ხელშეკრულების შესრულების ხელშეწყობად უნდა იქნეს შეფასებული, თუმცა შპს „...მ“ ვერც შეღავათების მიღების შემდეგ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები, რაც ქმნიდა გონივრულ ეჭვს მასზედ, რომ იგი ვერც მომავალში, დამატებითი ვადის მიცემის პირობებში შეძლებდა ხელშეკრულების ჯეროვნად შესრულებას. „სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ დებულების მე-4 მუხლის მე-10 პუნქტი კი, სწორედ მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევაში, მისი ცალმხრივად მოშლის უპირობო საფუძველს ქმნის. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სასამართლოთა განმარტებას, რომ ხელშეკრულების დარღვევაზე გაფრთხილებისა და მიცემული დამატებით ვადის გასვლის შემდეგ სააგენტოს კანონმდებლობით, მთავრობის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული საფუძველი მიეცა, უარი ეთქვა ხელშეკრულებაზე და პრივატიზებას დაქვემდებარებული ქონება სახელმწიფოს საკუთრებაში დაებრუნებინა. ამრიგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო ხელშეკრულება შეწყვეტილია კანონის მოთხოვნათა დაცვით, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის შედეგად. შესაბამისად, არ არსებობდა სასარჩელო მოთხოვნების - ხელშეკრულების შეწყვეტისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული უძრავი ქონების სახელმწიფოს საკუთრებად აღრიცხვის თაობაზე გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, მისგან გამომდინარე - პირგასამტეხლოს მოთხოვნის უკანონოდ ცნობის, ასევე, ხელშეკრულების შესასრულებლად დამატებით ვადის მოთხოვნისა და ხელშეკრულების მოქმედების აღდგენის - დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ საქმეზე სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „...ს“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ოქტომბრის განჩინება;
3. ა. კ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს შპს „...ს“ (ს/ნ ...) საკასაციო საჩივარზე 2021 წლის 1 ნოემბერს №0 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 8000 ლარის 70% - 5600 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე