საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-833(კ-21) 17 დეკემბერი, 2021 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ო. წ-ა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
აღწერილობითი ნაწილი:ო. წ-ამ 2019 წლის 20 სექტემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და „მოსარჩელისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 20 ივნისის №04-1157/ო ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხისთვის მოსარჩელის დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 5 დეკემბრის განჩინებით მოცემულ ადმინისტრაციულ საქმეზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ დადგინდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებით ო. წ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „მოსარჩელისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 20 ივნისის №04-1157/ო ბრძანება და მოპასუხეს ო. წ-ას დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 აპრილის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლოებმა არასწორად განმარტეს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები, რომელთა თანახმადაც, საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე არასწრულწლოვანი პირი უფლებამოსილია მიიღოს დევნილის სტატუსი მხოლოდ მშობლის (მშობლების) ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის საფუძველზე. არასრულწლოვანი პირისთვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შემთხვევაში, მას დევნილის სტატუსი მიენიჭება სრულწლოვანების მიღწევისას პირადი განცხადების საფუძველზე.
კასატორის მითითებით, დადასტურებული ფაქტია, რომ მშობელს სტატუსი მიენიჭა მოსარჩელის სრულწლოვანების დროს, ხოლო კანონის აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს მშობელს სტატუსი ჰქონდეს/ან ჰქონოდა შვილის არასრულწლოვნების დროს. ო. წ-ა თავადაც ადასტურებს, რომ დედას დევნილის სტატუსი არ აქვს, ხოლო მამას მიენიჭა 2018 წელს, მაშინ როდესაც განმცხადებელი უკვე სრულწლოვანი იყო. იმისთვის, რომ მას ჰქონოდა უფლება, დევნილის სტატუსი მიეღო მშობლის სტატუსიდან გამომდინარე, კანონის აუცილებელი მოთხოვნაა, რომ მამას სტატუსი ჰქონოდა 1999-2017 წლებში. აღნიშნულის დამადასტურებელი საბუთი სასამართლოსთვის უნდა წარედგინა მოსარჩელეს, თუმცა მას არანაირი დოკუმენტი არ წარუდგენია. ასევე, სააგენტოს ბაზაში არ ფიქსირდება 2018 წლამდე ო. წ-ას მამისთვის სტატუსის მინიჭების შესახებ ინფორმაცია. ამდენად, არ არსებობდა დასახელებული კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დევნილის სტატუსის მინიჭების წინაპირობები, რის გამოც განმცხადებელს სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ მისი არასრულწლოვნების დროს მშობელს სტატუსი არ ჰქონია, ხოლო მაშინ როდესაც მამას სტატუსი მიენიჭა, ო. წ-ა უკვე სრულწლოვანი იყო და მისთვის სტატუსის მინიჭების წინაპირობები არ არსებობდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მოსაზრებით, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის წინაპირობები არ არსებობს და სარჩელის დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ო. წ-ასთვის არასრულწლოვანების დროს მშობლისთვის (მშობლებისთვის) დევნილის სტატუსის არქონის საფუძვლით, დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის კანონიერება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამდენად, დევნილის სტატუსის მისანიჭებლად პირს კანონით განსაზღვრული საფუძვლით უნდა ჰქონდეს დატოვებული მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. მითითებული მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვანი პირი უფლებამოსილია მიიღოს დევნილის სტატუსი, თუ ერთ-ერთ ან ორივე მშობელს მინიჭებული აქვს ან/და ჰქონდა დევნილის სტატუსი, მხოლოდ მშობლის (მშობლების) ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის საფუძველზე. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად არასრულწლოვანი პირისათვის დევნილის სტატუსის არმინიჭების შემთხვევაში მას დევნილის სტატუსი მიენიჭება სრულწლოვანების მიღწევისას პირადი განცხადების საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო დასახელებული ნორმების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ ერთ-ერთი მშობლისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება მისი შვილისათვის იმავე სტატუსის მინიჭების სამართლებრივი პირობაა არა მარტო არასრულწლოვანების, არამედ შვილის სრულწლოვანობის ასაკის მიღწევის შემთხვევაშიც, თუ მშობლისთვის ასეთი სტატუსის მიუღებლობა განაპირობა რაიმე მიზეზმა, მათ შორის, როცა მშობელმა ვერ/არ მიიღო დევნილის სტატუსი შვილის არასრულწლოვნობის დროს.
სადავო შემთხვევაში, დადგენილია რომ ო. წ-ამ 2019 წლის 28 მაისს განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით. იმავე დღეს მოსარჩელეს ჩაუტარდა გასაუბრება და მის მიერ შეივსო შესაბამისი კითხვარი, სადაც მიუთითა, რომ ... წლის ... ...ს დაიბადა ზუგდიდში, სკოლაში სწავლა დაიწყო ქალაქ მოსკოვში და ისწავლა 2011 წლამდე, 2011 წლიდან 2014 წლამდე სკოლაში სწავლობდა თბილისში, არის საქართველოს მოქალაქე. ასევე, დადგენილია, რომ ო. წ-ას მამას - რ. წ-ას 2018 წელს მიენიჭა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი.
საქმის მასალებში წარმოდგენილი დევნილთა და ეკომიგრანტთა პროგრამების ადმინისტრირების დეპარტამენტის დასკვნის თანახმად, ო. წ-ასთან მიმართებით არ დასტურდებოდა „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოება. ვინაიდან იგი დაიბადა აფხაზეთის ომის შემდეგ და არ უცხოვრია აღნიშნულ ადგილას. მის მშობელს კი დევნილის სტატუსი მიენიჭა 2018 წელს. ამ პერიოდში იგი უკვე იყო სრულწლოვანი. არასრულწლოვნების პერიოდში მის მშობლებს სტატუსი არ ჰქონიათ. ზემოაღნიშნული გარემოება საფუძვლად დაედო გასაჩივრებულ ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს და მოსარჩელეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ დაასაბუთა ის გარემოება, რაც გამორიცხავდა მოსარჩელისთვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლიანობას, მით უფრო იმ პირობებში, როცა საქმეზე დასტურდება მოსარჩელის მამისთვის დევნილის სტატუსის მინიჭება, რაც ავტომატურად გულისხმობს შვილზეც იმავე სამართლებრივი სტატუსის გავრცელებას არასრულწლოვანების დროს, ხოლო არასრულწლოვანი პირისათვის დევნილის სტატუსის არმინიჭების შემთხვევაში, მას დევნილის სტატუსი მიენიჭება სრულწლოვანების მიღწევისას პირადი განცხადების საფუძველზე. მართალია, მშობელს დევნილის სტატუსი მიენიჭა შვილის სრულწლოვანების პერიოდში, თუმცა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების დანაწესები არ გამორიცხავს სრულწლოვანი პირისთვის სტატუსის მინიჭებას იმ შემთხვევაში, თუ რაიმე მიზეზის გამო მშობელმა ვერ მიიღო დევნილის სტატუსი შვილის არასრულწლოვანების პერიოდში. ამრიგად, ვინაიდან დადასტურდა მოსარჩელის მშობლისთვის აღნიშნული სტატუსის მინიჭების კანონიერი საფუძველის არსებობა, შესაბამისად, აღნიშნული გარემოება მოსარჩელის პირადი განცხადების საფუძველზე, დასახელებული ნორმების გავრცელებისა და მისთვის დევნილის სტატუსის მინიჭების წინაპირობებს ქმნიდა.
ამდენად, აღნიშნულის გათვალისწინებით და იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ მოპასუხე მხარის მიერ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო აქტში მითითებული გარემოებების მართებულობა, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლიანად არ გაიზიარეს მოპასუხის არგუმენტაცია, მოსარჩელისთვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველთან დაკავშირებით. რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას ო. წ-ას მიმართ დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო აქტის უკანონობის პირობებში, აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია და მართებულად დაკმაყოფილდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ საქმეზე სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი: საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით დად ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე