Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1199(კს-21) 24 დეკემბერი, 2021 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, განიხილა დ. გ-ას კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი.

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 იანვრის განჩინებით, დ. გ-ას შუამდგომლობა - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2013 წლის 10 ოქტომბრის №2194 განკარგულების, სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 17 იანვრის №4823365 და 2020 წლის 2 ივლისის №4978664 ბრძანებების მოქმედების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდა (საქმე №3ბ/1875-21, მოსარჩელე - დ. გ-ა; მოპასუხეები: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახური; მესამე პირი - შპს „...ი“). მხარეებს განემარტათ განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების წესი და ვადა. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ. საჩივრის ავტორმა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 იანვრის განჩინების გაუქმება და შუამდგომლობის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივნისის განჩინებით, დ. გ-ას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 იანვარს განჩინება და შუამდგომლობა ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

დ. გ-ას წარმომადგენელმა 2021 წლის 19 აგვისტოს დაზუსტებული სარჩელით მიმართა სასამართლოს, რომლითაც, ასევე, იშუამდგომლა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 2 თებერვლის №5270819 და 2021 წლის 21 ივნისის №5459868 ბრძანებების მოქმედების შეჩერების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 9 აგვისტოს განჩინებით დ. გ-ას შუამდგომლობა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2013 წლის 10 ოქტომბრის №2194 განკარგულების, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 17 იანვრის №4823365 და 2020 წლის 2 ივლისის №4978664 ბრძანებების მოქმედების შეჩერების თაობაზე დაკმაყოფილდა. მხარეებს განემარტათ განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების წესი და ვადა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 აგვისტოს განჩინებით დ. გ-ას შუამდგომლობა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 2 თებერვლის №5270819 და 2021 წლის 21 ივნისის №5459868 ბრძანებების მოქმედების შეჩერების თაობაზე, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მხარეებს ასევე განემარტათ განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების წესი და ვადა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 9 აგვისტოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და შპს „...მა“, ხოლო ამავე სასამართლოს 2021 წლის 23 აგვისტოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს „...მა“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და შპს „...ის“ კერძო საჩივრები დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 9 აგვისტოსა და 23 აგვისტოს განჩინებები; დ. გ-ას შუამდგომლობები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2013 წლის 10 ოქტომბრის №2194 განკარგულების, სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 17 იანვრის №4823365, 2020 წლის 2 ივლისის №4978664, 2021 წლის 2 თებერვლის №5270819 და 2021 წლის 21 ივნისის №5459868 ბრძანებების მოქმედების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ იმსჯელა წარდგენილ კერძო საჩივრებზე და მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ იყო ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სადავო აქტების მოქმედების შეჩერების გადაუდებელი აუცილებლობის არსებობა. მოსარჩელის შუამდგომლობა გასაჩივრებული აქტების მოქმედების შეჩერების თაობაზე არ შეიცავდა მითითებას ისეთ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის გამოც გასაჩივრებული აქტების მოქმედების შეუჩერებლობა არსებით ზიანს მიაყენებდა მას. ამავე განჩინებით დ. გ-ას განემარტა, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 5 ოქტომბრის განჩინება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში კერძო საჩივრით გაასაჩივრა დ. გ-ამ, რომელმაც საქართველოს ადმინისტრაციული საპქროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-9 ნაწილზე მითითებით, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრების საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ დინარა გაბიბივას კერძო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად დაუშვებლობის მოტივით, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. იმავე კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით კი, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება. ამდენად, კერძო საჩივრით გასაჩივრება დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საპროცესო კანონმდებლობა პირდაპირ მიუთითებს ასეთი გასაჩივრების შესაძლებლობაზე. ამასთან, კერძო საჩივრის თაობაზე გასაჩივრების შედეგად მიღებული განჩინება ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გადასინჯვას არ ექვემდებარება.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 9 და 23 აგვისტოს განჩინებები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „...ს“ გასაჩივრებული ჰქონდათ კერძო საჩივრებით. აღნიშნულ კერძო საჩივრებთან დაკავშირებით თბილისის სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა 2021 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით (დააკმაყოფილა კერძო საჩივრები, გააუქმა გასაჩივრებული განჩინებები და არ დააკმაყოფილა სადავო აქტების მოქმედების შეჩერების თაობაზე დ. გ-ას შუამდგომლობები). ამავე განჩინებით მხარეებს განემარტათ, რომ 2021 წლის 5 ოქტომბრის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდებოდა.

დასახელებულ გარემოებათა შეფასების შედეგად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 5 ოქტომბრის განჩინება მიღებულია კერძო საჩივრების ფარგლებში, რომელიც საბოლოოა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე არ საჩივრდება. ამასთან, სააპელაციო პალატამ მხარეებს განუმარტა, რომ განჩინება საბოლოოა, თუმცა აღნიშნული განჩინება დ. გ-ამ გაასაჩივრა კერძო საჩივრით, რაც სსკ-ის 419-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს ქმნის.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, დ. გ-ას კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ. გ-ას კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის მოტივით;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე