Facebook Twitter

საქმე №ბს-1207(კ-19) 9 დეკემბერი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა დ. ვ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 18 აპრილს დ. ვ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა სიღნაღის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, გრიგოლ ნათიძის საკუთრებაში არსებული (ამჟამად ნ. ნ-ის საკუთრებაში არსებული) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე განთავსებულ კომერციულ ფართზე (ს/კ №...) არსებული ტერასის კეთილმოწყობის არქიტექტურული პროექტის შეთანხმების შესახებ სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 27 აგვისტოს №625 ბრძანების, მშენებლობადამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების 2015 წლის 16 ნოემბრის №32 აქტის ბათილად ცნობისა და მოპასუხე სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის ტერასის დემონტაჟის შესახებ ახალი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე.

მოსარჩელის მოსაზრებით, სადავო აქტებით იზღუდება მისი, როგორც ზემოაღნიშნული ფართის მომიჯნავედ მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრის უფლებები, ტერასის კეთილმოწყობის არქიტექტურული პროექტი შედგენილია მიჯნის ზონაში და მის საკუთრებაზე მშენებლობის ნებართვის გაცემით გამოწვეული ზემოქმედება (ხმაური, დანაგვიანება, თავისუფალი სივრცე, არასასურველი დაკვირვება უცხო პირების მიერ და ა.შ.) პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მის ინტერესებს.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 ივლისის განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ჩაბმული იქნა ნ. ნ-ე.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით დ. ვ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ვ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 მაისის განჩინებით დ. ვ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. ვ-მა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული აქტი, როგორც გენერალური მოწესრიგების, სამართლის ნორმის კონკრეტიზაციის და ინდივიდუალიზაციის აქტი, უნდა ემყარებოდეს სამართლებრივ საფუძველს მიუხედავად აქტის აღმჭურველი თუ ამკრძალავი ხასიათისა, რამდენადაც ერთი პირისათვის აღმჭურველი ხასიათის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შესაძლოა მესამე პირის უფლებების შეზღუდვა.

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ აბსოლუტურად დაუსაბუთებლად გამორიცხა აპელანტისათვის ზიანის იყენების ფაქტი, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული გარემოებების შესახებ ფართოდ იყო მითითებული საჩივარში.

კასატორი აღნიშნავს, რომ სადავო აქტის გამოცემა არსებული ვითარების გამოკვლევის და შეფასების გარეშე მოხდა, ვინაიდან მშენებლობის ნებართვის გაცემით გამოწვეული ზემოქმედება (ხმაური, დანაგვიანება, ქურდობის ფაქტი, თავისუფალი სივრცე, არასასურველი დაკვირვება უცხო პირების მიერ, რაც ნებისმიერი ადამიანისათვის არასასიამოვნოა), პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მას. სასამართლომ ცალსახად დაადგინა ის ფაქტი, რომ ტერასის კეთილმოწყობის არქიტექტურულ პროექტი შედგენილია მიჯნის ზონაში. საქართველოს მთავრობის 15.01.2014წ. №59 დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტით - დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებებით“ შენობის საანგარიშო ზედაპირის ან მისი ნაწილის განთავსება სამშენებლო მიწის ნაკვეთის მიჯნის ზონაში დასაშვებია სამეზობლო საზღვრის მხარეს კარის, ფანჯრის, სამტრედეს და კედელში არსებული სხვა ღია ნაწილის, ასევე აივნის, ერკერის და ტერასის გარეშე. საქმეში ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით დადგენილია, რომ ტერასა ხვდება მიჯნის ზონაში (რაც არის კანონით აკრძალული), კასატორის მითითებით, ცალსახად ადასტურებს მომიჯნავე მესაკუთრისათვის ზიანის მიყენების ფაქტს. ყველა ადამიანს აქვს პირადი უფლება, დაისვენოს საკუთარ სახლში და მას არ უყურებედეს მეზობელი, არ უსმენდეს და არ ახდენდეს გავლენას თავისი ცხოვრებით, უნდა არსებობდეს თავისუფალი სივრცე - დაშორება მეზობელ ნაგებობებს შორის, რომ ადამიანმა დაისვენოს და მყუდროდ იგრძნოს თავი. აღნიშნული არის უშუალო ზიანი, რასაც დ. ვ-ი და მისი ოჯახი განიცდის. კანონმდებელმა ზუსტად განსაზღვრა მშენებლობის ნორმები და თითოეული პირი ვალდებულია, დაემორჩილოს მას, არ შეცვალოს იგი თავისი გემოვნებით. ზიანი არ არის მხოლოდ უხარისხო მშენებლობა, რაც შეიძლება მეზობელ ნაკვეთს ემუქრებოდეს მისი ჩამოშლით, ზიანად ითვლება ყველა ის უკანონო მოქმედება, რაც არღვევს სხვის უფლებებს და თავისუფლებებს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ნოემბრის განჩინებით (მოსამართლე - ვასილ როინიშვილი), საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული დ. ვ-ის საკასაციო საჩივარი.

ამასთან, მოსამართლე - ვასილ როინიშვილის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად არჩევის გამო, 2020 წლის 23 ივნისს ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული საქმე ელექტრონული პროგრამის მეშვეობით განაწილდა მოსამართლე - ქეთევან ცინცაძეზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ვ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე განთავსებულ კომერციულ ფართზე (ს/კ №...) არსებული ტერასის კეთილმოწყობის არქიტექტურული პროექტის შეთანხმების შესახებ სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 27 აგვისტოს №625 ბრძანების და თანმდევი შედეგით, 2015 წლის 16 ნოემბრის მშენებლობადამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების №32 აქტის კანონიერების შეფასება წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადასტურებულად მიჩნეულ იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ 2015 წლის 6 აგვისტოს გ. ნ-ემ განცხადებით მიმართა სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობას და მოითხოვა მის საკუთრებაში არსებულ სავაჭრო ფართზე (მდებარე: ქ. სიღნაღში, ს/კ №...) უკვე არსებული ტერასის კეთილმოწყობა, მოაჯირით. სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გამოცემული სადავო 2015 წლის 27 აგვისტოს №625 ბრძანებით შეთანხმდა მითითებულ მისამართზე, გ. ნ-ის კუთვნილ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, კომერციულ ფართზე არსებული ტერასის კეთილმოწყობის არქიტექტურულ პროექტი - კედლის 0.65 მ. ამაღლების შესახებ, ხოლო 2015 წლის 16 ნოემბრის №32 აქტის შესაბამისად, მშენებლობადამთავრებული ობიექტი მიღებულ იქნა ექსპლუატაციაში.

ქ. სიღნაღში, ...ეს ქ. №2ა-ში მდებარე უძრავი ქონება (ს/კ №...) და ქ. სიღნაღში, ...ის ქუჩა №3-ში მდებარე უძრავი ქონება (ს/კ №...) ერთმანეთის მომიჯნავედ მდებარეობენ.

№... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონება 2015 წლის 18 სექტემბერს დარეგისტრირდა მოსარჩელე დ. ვ-ის საკუთრებად, 2015 წლის 4 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე.

ამასთან, დღეის მდგომარეობით, №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონების მესაკუთრეს, 2016 წლის 7 ივლისს გაფორმებული უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე წარმოადგენს ნ. ნ-ე.

შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას იმის შესახებ, რომ მოსარჩელე დ. ვ-ი დაინტერესებული პირის სახით ვერ მიიღებდა მონაწილეობას სადავო აქტის გამოცემასთან დაკავშირებით მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებაში, ვინაიდან, იგი ამ დროისათვის ქ. სიღნაღში, ...ის ქ. №3-ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეს არ წარმოადგენდა და მისგან ვერც ნოტარიულად დამოწმებულ თანხმობას მიიღებდა გ. ნ-ე. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიამ ადმინისტრაციული წარმოება გ. ნ-ის განცხადებაზე დაიწყო 2015 წლის 17 აგვისტოს და სადავო აქტი გამოსცა 2015 წლის 27 აგვისტოს, ხოლო ქ. სიღნაღში, ...ის ქ. №3-ში მდებარე უძრავი ქონება, რომელიც მდებარეობს გ. ნ-ის უძრავი ქონების მომიჯნავედ, საჯარო რეესტრში დ. ვ-ის სახელზე დარეგისტრირდა 2015 წლის 18 სექტემბერს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს განხილვის საგანს უკვე არსებული ტერასის კეთილმოწყობისა და უსაფრთხოების მიზნით - მოაჯირის მოსაწყობად, კედლის 0.65 მ-ით ამაღლების კანონიერების შეფასება და არა ტერასის პირველადი მოწყობის კანონიერების შეფასება წარმოადგენს. ამდენად, მოცემული დავის ფარგლებში მოსარჩელეს შესაბამისი კედლის 0.65 მ-ით ამაღლებით მისთვის მიყენებული პირდაპირი და უშუალო ზიანის მტკიცების ვალდებულება გააჩნდა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ - სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაზე თანდართულ ფოტო-მასალაზე, რომლის შესაბამისადაც, კედლის სიმაღლის აწევით დ. ვ-ის უფლებრივი მდგომარეობის გაურესების ფაქტი ვიზუალურად არ იკვეთება. ამასთან, კასატორის მიერ მითითებული გარემოებები პირადი სივრცის დარღვევის შესახებ, არ გამოწვეულა და არც შეცვლილა სადავო აქტების გამოცემის შედეგად.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.

შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, დ. ვ-ს (პ/ნ ...) საკასაციო საჩივარზე 20.08.2019წ. საგადახდო დავალებით №8323959958 გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ. ვ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 მაისის განჩინება;

3. დ. ვ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 20.08.2019წ. საგადახდო დავალებით №8323959958 გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

გ. გოგიაშვილი