Facebook Twitter

№ბს-745(კ-20) 9 დეკემბერი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ. ს-ის და გ. ს-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 1 ივლისის განჩინებაზე და საოქმო განჩინებებზე (მოწინააღმდეგე მხარე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2019 წლის 27 ივნისს მ. და გ. ს-ებმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.

მოსარჩელეებმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 20 მაისის №599 ბრძანების („გ. ს-ისა და მ. ს-ის ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე“) ბათილად ცნობა მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილებით მ. ს-ის და გ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. ს-მა და გ. ს-მა. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 1 ივლისის განჩინებით მ. ს-ის და გ. ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 1 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. ს-მა და გ. ს-მა. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების, ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 01 ივლისის საოქმო განჩინებების გაუქმება (განჩინება, რომლითაც მოსამართლემ არაუფლებამოსილ პირს - გ. ა-ს საქმეში მონაწილეობის უფლება მიანიჭა; განჩინება მოსამართლის აცილების თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ) და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

კასატორების განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ სადავო - თბილისის მერიის №599 ბრძანების ძალაში დატოვებით დაუშვა აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების გადაწყვეტილებათა კონკურენცია, დუბლირება და პარალელიზმი.

თბილისის მერიამ სასამართლოში საქმის განხილვის პარალელურად 2019 წლის 20 მაისს კანონის დარღვევით მიიღო №599 ბრძანება, რომლითაც უკანონოდ განუხილველად დატოვა 2017 წლის 10 მაისის ადმინისტრაციული საჩივარი და ვაკის რაიონის გამგეობის 2017 წლის 4 მაისის ბრძანების მოქმედების შეჩერების შესახებ თბილისის მერის №1-1246 ბრძანება, მერიამ უფლებამოსილების გადამეტებით №599 ბრძანებით ძალადაკარგულად გამოაცხადა.

ამასთან, კასატორებს მითითებით, ქალაქ თბილისის მერიის წარმომადგენელი საქმეში არ მონაწილეობდა კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად. კერძოდ, საქმეში მონაწილე - გ. ა-ზე გაცემულია ვადის არ მქონე მინდობილობა ქსეროასლის სახით, კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, იურიდიული საქალაქო სამსახურის ბლანკზე, რომელიც არ არის საქმეში მონაწილე მხარე.

კასატორები ასევე აღნიშნავენ, რომ სადავო ბრძანების გამოცემისას დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ მომზადებისა და გამოცემისათვის დადგენილი ფორმალური კანონიერების მოთხოვნები.

კასატორები ასევე არ იზიარებენ სასამართლოს შეფასებას, რომ სადავო ბრძანებით არ ილახება მათი კანონიერი ინტერესები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. ს-ისა და გ. ს-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ს-ისა და გ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეზე დადგენილი გარემოებების თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 1 მაისის განჩინებით (საქმე №3/2477-17) მ. ს-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე შეჩერდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 10 მარტის №1-548 ბრძანების მოქმედება (რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგეობის 2016 წლის 22 აგვისტოს №24/219626 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (გ. ს-ისათვის უძრავი ქონების უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე, ვაკე-საბურთალოს რაიონული გამგეობის 2011 წლის 08 ივნისის №111/1-04 განკარგულების არარად აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე) და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგეობას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი). ამავე საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა გ. ს-ისა და მ. ს-ის სარჩელი; ბათილად იქნა ცნობილი ვაკის რაიონის გამგეობის 2017 წლის 04 მაისის №ბ30.01171241 ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი (რომლითაც არარად იქნა აღიარებული ვაკე-საბურთალოს რაიონული გამგეობის 2011 წლის 8 ივნისის №111/1-04 განკარგულება, ქ. თბილისში, ...ის ქ. №11-ში მდებარე ფართის გ. ს-ისთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის თაობაზე) და ასევე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 10 მარტის №1-548 და 2017 წლის 3 ოქტომბრის №1-2141 ბრძანება (რომლითაც მ. ს-ისა და გ. ს-ის 2017 წლის 10 მაისის №19/01171302388-01 ადმინისტრაციული საჩივრის საქმის განხილვა გადაიდო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 10 მარტის №1-548 ბრძანების კანონიერების თაობაზე სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გ. ს-ის და მ. ს-ის მიერ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილი 2017 წლის 10 მაისის №19/01171302388-01 ადმინისტრაციული საჩივრით, სწორედ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ბათილად ცნობილი - 2017 წლის 4 მაისის №ბ30.01.171241 ბრძანების გაუქმება იყო მოთხოვნილი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული საჩივარი არის დაინტერესებული მხარის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში ამ კოდექსით დადგენილი წესით წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით იმავე ან ქვემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების, შეცვლის ან ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამავე კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო არ განიხილავს ადმინისტრაციულ საჩივარს, თუ სასამართლო წარმოებაშია საქმე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, ადინისტრაციული ორგანოს მხრიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გ. და მ. ს-ების ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლიანობისა და შესაბამისად, გასაჩივრებული - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 20 მაისის №599 ბრძანების კანონიერების თაობაზე.

კასატორების პრეტენზიასთან დაკავშირებით - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლად, საქმეში გ. ა-ის მონაწილეობის თაობაზე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გ. ა-ზე 2018 წლის 27 თებერვალს უვადო მინდობილობა გაცემულია ქალაქ თბილისის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსის - ს. ბ-ის მიერ (ტ.2, ს.ფ. 28).

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-6 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც, სამსახურის ამოცანაა - თბილისის მერიისა (გარდა თბილისის რაიონის გამგეობებისა) და თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წარმომადგენლობა სასამართლოში. ამავე დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამსახურის უფროსი სამსახურის წარმომადგენლებზე გასცემს მინდობილობებს სასამართლო ორგანოებში თბილისის მერიის ინტერესების დასაცავად.

ამდენად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას და აღნიშნავს, რომ გ. ა-ი იყო განსახილველ საქმეში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამოსილი წარმომადგენელი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარში ასევე მითითებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში საქმის განმხილველი მოსამართლის - დ. ა-ის აცილების საფუძვლების არსებობის შესახებ, თუმცა კასატორები არ უთითებენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის IV თავით დადგენილი აცილების კონკრეტული საფუძვლების შესახებ.

ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება/საოქმო განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, მ. ს-ის და გ. ს-ის საკასაციო საჩივარზე, მ. ს-ს 10/08/2020 წ. საგადახდო დავალება №9684512671-ით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ს-ის და გ. ს-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 1 ივლისის განჩინება და 2020 წლის 1 ივლისის საოქმო განჩინებები;

3. მ. ს-ის (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 10/08/2020 წ. საგადახდო დავალება №9684512671-ით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

გ. გოგიაშვილი