Facebook Twitter

ბს-850(კ-21) 13 დეკემბერი, 2021წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.06.2021წ. განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. ჯ-მ 05.11.2020წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ და მოითხოვა მოპასუხის 16.10.2020წ. აქტის ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის დავალება.

თბილისის საქალქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.02.2021წ. გადაწყვეტილებით ლ. ჯ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 16.10.2020წ. აქტი და მოპასუხეს დაევალა ახალი აქტის გამოცემა, რომლითაც დევნილთა ელექტრონულ ბაზაში მოსარჩელის გრაფაში გაუქმდება საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებულის უზრუნველყოფის მონიშვნა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.06.2021წ. განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.02.2021წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა თანახმად, ლ. ჯ-მ 02.10.2020წ. განცხადებით მიმართა მოპასუხეს და მოითხოვა დევნილთა ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებულის შესახებ მონიშვნის გაუქმება. აღნიშნული განცხადების პასუხად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 16.10.2020წ. აქტით ეცნობა, რომ დევნილთა ელექტრონული მონაცემთა ბაზის მიხედვით, იგი ითვლება საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებულ პირად, შესაბამისად აღნიშნულიდან გამომდინარე სააგენტო მოკლებული იყო შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინა განცხადებაში ასახული მოთხოვნა დევნილთა ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიშვნის გაუქმების შესახებ. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 31.10.2019წ. ბრძანებით დამტკიცებულ „სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დებულების“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სააგენტოს ფუნქციასა და უფლებამოსილებას განეკუთვნება დევნილთა და ეკომიგრანტთა საცხოვრებელი ფართის უზრუნველყოფის მიზნით, ყველა სამართლებრივი ქმედების განხორციელება, კანონმდებლობით დადგენილი წესით უძრავი ქონების შესყიდვა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება, ამავე პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტოს ერთ-ერთ ფუქნციას განეკუთვნება სააგენტოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრებისა და წინადადებების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმეში დაცულ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 29.08.2019წ. წერილზე რომლის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით, ლ. ჯ-ს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის. ამასთანავე, მოპასუხის დევნილთა და ეკომიგრანტთა დეპარტამენტის უფროსის 25.01.2021წ. სამსახურებრივი ბარათის თანახმად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დევნილთა მონაცემთა ბაზის მიხედვით ლ. ჯ-ს უფიქსირდება დაკანონების მონიშვნა, მაგრამ დაკანონების მასალები, ნასყიდობის ხელშეკრულება და სხვა დოკუმენტაცია დეპარტამენტში არ იძებნება. ამდენად, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ვინაიდან მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ წარმოადგინა მოსარჩელის მიმართ გაცემული, „დევნილთა საცხოვრებლის უზრუნველყოფის წესით“ გათვალისწინებული, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტები, იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული დოკუმენტები სააგენტოში არ იძებნება და რადგან არც უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში არ ფიქსირდება ლ. ჯ-ს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფილ პირად მიჩნევის საფუძველი. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

კასატორი არ ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებას და აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს უკვე ჰყავს მოსარჩელე საცხოვრებლით უზრუნველყოფილი და ერთხელ უკვე დაკმაყოფილებული. კასატორი აღნიშნავს, რომ დევნილი ოჯახის განმეორებით უზრუნველყოფა ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული. ის ფაქტი, რომ დაკანონების მასალები სააგენტოში არ ინახება, არ შეიძლება გახდეს დევნილთა მონაცემთა ბაზის სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი. სააგენტომ მოცემულ შემთხვევაში დაიცვა ყველა მოთხოვნა, რაც გათვალისწინებულია საკითხის მომწესრიგებელი აქტებით. კასატორი თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, საქმეში წარმოდგენილი დევნილთა და ეკომიგრანტთა დეპარტამენტის სამსახურებივი ბარათით დასტურდება, რომ მოსარჩელე უკვე კომპენსირებულია, მოქმედი კანონმდებლობა გამორიცხავს ერთხელ უკვე უზრუნველყოფილი დევნილი ოჯახის ხელმეორედ დახმარებას და უზრუნველყოფას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველ წინადადების თანახმად საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში. აღნიშნული დავის ფარგლებში შესაფასებელია დევნილთა ერთიან ბაზაში ლ. ჯ-ს გრაფაში საცხოვრებლით დაკმაყოფილების შესახებ მონიშვნის კანონიერება.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის უფლებამოსილებას განეკუთვნება დევნილთა და ეკომიგრანტთა ერთიანი მონაცემთა ბაზების წარმოება და მისი ადმინისტრირება, დევნილთა და ეკომიგრანტთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით ყველა სამართლებრივი ქმედების განხორციელება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უძრავი ქონების შესყიდვა და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება. ამასთანავე, სააგენტოს ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრებისა და წინადადებების განხილვა და აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება. დევნილი ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა მოიცავს მთელ რიგ პროცედურებს, რომელთა განმავლობაში გამოიცემა არაერთი აქტი. აღნიშნული პროცედურა მოიცავს დევნილი ოჯახების განცხადებების მიღებას, წინასწარ შეფასებას, მონიტორინგის სამსახურის მიერ დევნილი ოჯახების გადამოწმებას, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. სააგენტოს დირექტორის მიერ გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზე დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ ინფორმაცია დეპარტამენტის მიერ აისახება დევნილთა მონაცემთა ბაზაში. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ უზრუნველყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად იმ მტკიცებულებათა წარმოდგენა, რომლებზედაც იგი ამყარებდა თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს არ წარმოუდგენია არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ლ. ჯ-ს საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას.

სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული კასატორის მოსაზრება, რომლის თანახმად, დევნილი ოჯახის საცხოვრებელი ფართის დაკანონების შესახებ მასალების სააგენტოში არ ქონა არ შეიძლება გახდეს დევნილთა მონაცემთა ბაზის სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი. სადავო პერიოდში მოქმედი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წ. N320 ბრძანებით (ძალადაკარგულია 08.04.2021წ.) დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ თანახმად, დევნილთა მონაცემთა ბაზაში საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ ინფორმაციას საფუძვლად უდევს სააგენტოს დირექტორის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (3.16 მუხ.). ვინაიდან სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ არ იქნა წარმოდგენილი ზემოხსენებული აქტი, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს ლ. ჯ-ს სახელმწიფოს მიერ საცხოვრებლით უზრუნველყოფილ პირად მიჩნევის საფუძველი.

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.06.2021წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი