Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე №ბს-1213(ს-21) 29 დეკემბერი, 2021 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ი. კ-ასა და მისი ადვოკატის - გ. კ-ის საჩივრის დასაშვებობის საკითხი ი. კ-ას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე.

2021 წლის 14 ნოემბერს რუსთავის საქალაქო სასამართლოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოდან განსახილველად წარედგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და მასალები ი. კ-ას მიმართ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისთვის.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 14 ნოემბრის დადგენილებით ი. კ-ა (პირადი ნომერი - ...) ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილით და ადმინისტრაციული სახდელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 14 ნოემბრის დადგენილებაზე საჩივარი წარადგინა ი. კ-ამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ნოემბრის დადგენილებით ი. კ-ას საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 14 ნოემბრის დადგენილება.

ი. კ-ამ 2021 წლის 10 დეკემბერს განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და ამავე სასამართლოს 2021 წლის 30 ნოემბრის დადგენილების განმარტება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 14 დეკემბრის დადგენილებით ი. კ-ას ადვოკატის გ. კ-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 30 ნოემბრის დადგენილების განმარტების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. ამავე დადგენილებით მხარეს განემარტა, რომ დადგენილება საბოლოო იყო და არ საჩივრდებოდა.

2021 წლის 23 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გადმოგზავნილ იქნა ი. კ-ას და მისი ადვოკატის - გ. კ-ის საჩივარი, რომლითაც მათ საქართველოს უზენაესი სასამართლოს წინაშე იშუამდგომლეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მთელი რიგი მუხლების კონსტიტუციურობასთან მიმართებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკონსტიტუციო სასამართლოსადმი წარდგინებით მიმართვისა და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწვეტილების მიღებამდე ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის შეჩერების თაობაზე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ი. კ-ასა და მისი ადვოკატის - გ. კ-ის საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის მოტივით.

საკასაციო სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს, რომ მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში ან სასამართლოში, ამასთან, სასამართლო, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის შესაბამისად, აქტის კანონიერებას ამოწმებს არა სასარჩელო სამართალწარმოების, არამედ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით. კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ“ და „ბ1“ პუნქტების თანახმად, მაგისტრი მოსამართლეები პირველი ინსტანციით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით განიხილავენ საქმეებს: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე; სასამართლოში წარდგენილი შესაბამისი ოქმის საფუძველზე, სასამართლოს მიერ განსახილველი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების თაობაზე.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილებების გასაჩივრების წესი მოწესრიგებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის XXII თავით, რომელიც განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსით გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევათა გასაჩივრების წესსა და ვადებს. კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 271-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს დადგენილება, გარდა ამ კოდექსის 272-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მხარეებმა შეიძლება ამავე კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში. საჩივარი შეტანილი უნდა იქნეს იმ სასამართლოში, რომელმაც მიიღო დადგენილება. ამავე კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილებების საქმის წარმოება სასამართლო სისტემაში არის ორსაფეხურიანი. მოცემული საქმისწარმოება მიმდინარეობს მხოლოდ ორი ინსტანციის სასამართლოში და სრულდება სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვით, საჩივრის წარდგენის შემთხვევაში. სააპელაციო პალატის მიერ მსგავს დავებზე მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და საკასაციო სასამართლოს მიერ გადასინჯვას არ ექვემდებარება. ამდენად, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ი. კ-ას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ 2021 წლის 30 ნოემბერს იმსჯელა წარდგენილი საჩივრის ფარგლებში და მიიღო დადგენილება, რომელიც საბოლოოა და არ საჩივრდება.

რაც შეეხება საჩივრის ძირითად მოთხოვნას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ საქმის განმხილველი სასამართლოს აზრით, კანონი, რომელიც ამ საქმისათვის უნდა იქნეს გამოყენებული, არ შეესაბამება ან ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, სასამართლო შეაჩერებს საქმის განხილვას ამ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, რის შემდეგაც საქმის განხილვა განახლდება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კონსტიტუციური წარდგინების საკასაციო პალატის მიერ გაგზავნის წინაპირობა არ არსებობს, ვინაიდან დასახელებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე საქმის განმხილველ სასამართლოს წარმოადგენდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა და არა საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კონსტიტუციური წარდგინების საკითხს საქმის განმხილველი სასამართლო წყვეტს დამოუკიდებლად, საკუთარი ინიციატივით და არა მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, ხოლო თუ მხარე კონკრეტულ ნორმას არაკონსტიტუციურად, საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით გათვალისწინებულ მისი უფლებების შემზღუდველად მიიჩნევს, იგი ასევე არის უფლებამოსილი, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავად მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით.

საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მას არ გააჩნია კომპეტენცია, პირის სამართალდამრღვევად ცნობის თაობაზე გამოცემული სააპელაციო სასამართლოს დადგენილების (რომელიც საბოლოოა და არ საჩივრდება) სამართლებრივი საფუძვლების არაკოსტიტუციურობის თაობაზე წარდგინებით მიმართოს საკონტიტუციო სასამართლოს. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ი. კ-ას და მისი ადვოკატის - გ. კ-ის საჩივარი დაუშვებლობის გამო უნდა დარჩეს განუხილველად, რამდენადაც არ არსებობს განსახილველად მისი დაშვების პროცესუალური და სამართლებრივი საფუძვლები.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. ი. კ-ას და მისი ადვოკატის - გ. კ-ის საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის მოტივით;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე