საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1159(კ-20) 17 დეკემბერი, 2021 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე)
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „...ი“
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, თანხის ანაზღაურება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განიჩნების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:
შპს „...ის“ წარმომადგენელმა 2019 წლის 15 აპრილს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის 2018 წლის 27 აგვისტოს №04/46886 და „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ ამავე სააგენტოს 2019 წლის 1 აპრილის №04/17276 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, ასევე, ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელის მიერ პაციენტ ჯ. ც-ისთვის გაწეული მომსახურების ღირებულების - 5860.13 ლარის ანაზღაურება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის 2018 წლის 27 აგვისტოს №04/46886 გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 1 აპრილის №04/17276 გადაწყვეტილება; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ჯ. ც-ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების - 5860.13 ლარის ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ივლისის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საკასაციო საჩივრის მიხედვით, შპს „...ში“ 2019 წლის აპრილის თვის საანგარიშგებო პერიოდში მკურნალობდა პაციენტი ჯ. ც-ე. მიმწოდებლის მიერ, პროგრამის ფარგლებში შემთხვევა წარმოდგენილია კარდიოქირურგია ინტერვენციული კარდიოლოგიის კომპონენტით, პროგრამული კოდი: I70.0, აორტის ათეროზკლეროზი, ჩარევა PDSH24 —აორტა–ორმხრივი ბარძაყის შუნტირება. არასწორად მოწოდებული კომპონენტის გამო, ინსპექტირების ეტაპზე, ამ გადაწყვეტილების დანართის სახით წარმოდგენილ შემთხვევას განესაზღვრა სტატუსი "არ ექვემდებარება ანაზღაურებას". სააგენტოს მიერ, ანაზღაურებაზე უარის თქმის მიზეზად მიეთითა პროგრამის მე–15 მუხლის მე-2 პუნქტის "ე" ქვეპუნქტი. კერძოდ, მიჩნეულ იქნა, რომ მოწოდებული ინფორმაცია ამ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას ან/და არ აკმაყოფილდებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს.
გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებულია, რომ მოცემულ სამედიცინო შემთხვევაზე თავად სააგენტომ გასცა მიმართვა არასწორი კოდით, კერძოდ, ნაცვლად გეგმიური ქირურგიული კომპონენტისა (გარდა კარდიოქირურგიისა) მიუთითა კარდიოქირურგია, რამაც გამოიწვია მოსარჩელის მხრიდან იგივე (არასწორი) კომპონენტის მითითება. სასამართლომ აღნიშნა, რომ არსებული დარღვევა არ წარმოადგენდა ისეთ დარღვევას, რასაც გავლენა უნდა მოეხდინა გაწეული მომსახურების მიწოდებაზე. კასატორის აზრით, ამ განმარტებით სასამართლო გვერდს უვლის პროგრამის ადმინისტრირების წესს, რომ შემთხვევის გადაცემა და ანაზღაურება უნდა მოხდეს ყოველი კომპონენტის მიხედვით, ხოლო სასამართლოს არსებული განმარტებით, პროგრამის განმახორციელებელმა გიგმიური ქირურგიული კომპონენტი უნდა აანაზღაუროს კარდიოქირურგიის კომპონენტით, რაც ცალსახად დარღვევას წარმოადგენს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მოსაზრებით, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 14 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივარი.
საკასაციო პალატა მიუთითებს „სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 აგვისტოს №509 დადგენილებაზე, რომლითაც გამოცხადდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს რეორგანიზაცია და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების საქმიანობის მიმართულებით მისი ფუნქციები და უფლება-მოვალეობები გადაეცა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (2.1 მუხ.), რომელიც განისაზღვრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამართალმემკვიდრედ ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების საქმიანობის მიმართულებით (2.2 მუხ.). ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების ფარგლებში საქმიანობის მიმართულებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამართალმემკვიდრედ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო მიჩნეულ იქნა აგრეთვე „სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 18 აგვისტოს №01-91/ნ ბრძანების მე-2 მუხლის მიხედვით. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველი დავის საგანი სწორედ ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის განხორციელების ფარგლებში წარმოშობილი სამართალურთიერთობიდან გამომდინარეობს. მოსარჩელე ითხოვს ადმინისტრაციული ორგანოს იმ აქტის ბათილად ცნობას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კონკრეტული პაციენტისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების შესახებ. ზემოაღნიშნული დადაგენილებისა და ბრძანების შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოწინააღმდეგე მხარის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლეს წარმოადგენს სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
განსახილველ შემთხვევაში სადავოდ არის ქცეული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ჯ. ც-ის მიმართ მოსარჩელის მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უარის თქმის კანონიერება. პაციენტისთვის გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძვლად კი ადმინისტრაციულმა ორგანომ დაასახელა „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების მე-15 მუხლის მეორე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევა, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს. ასეთ შემთხვევაში, არ ანაზღაურდება არასწორად დაფიქსირებული პროგრამული შემთხვევა/შემთხვევები და მასთან ერთად, არ ანაზღაურდება ამ მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ასანაზღაურებელი თანხის 10%. ამრიგად, მოცემული ნორმიდან გამომდინარე, გაწეული სამედიცინო მომსახურება არ ანაზღაურდება, თუკი სამედიცინო დაწესებულება არასწორად, პაციენტის მდგომარეობის შეუსაბამოდ მიუთითებს კოდს. სადავო შემთხვევაში კი, როგორც ადმინისტრაციული, ისე სასამართლო წარმოებისას გამოიკვეთა და დადასტურდა, 2018 წლის 7 აპრილს გაკეთებულ შეტყობინებაში მიმწოდებლის მიერ წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით, მომსახურების დიაგნოზი (I70.0, აორტის ათეროსკლეროზი), ჩარევა (PDSH24 - აორტა-ორმხრივი ბარძაყის შუნტირება) და დაზუსტება (სტაციონარში მოთავსებისა და გაწერის დრო) ემთხვეოდა შეტყობინებაში არსებულს. კერძოდ, პაციენტი ჯ. ც-ე 2018 წლის აპრილის საანგარიშგებო თვის პერიოდში მკურნალობდა შპს „...ში“. მიმწოდებლის მიერ პროგრამის ფარგლებში შემთხვევა წარდგენილია კარდიოქირურგია/ინტერვენციული კარდიოლოგიის კომპონენტით, პროგრამული კოდი: I70.0. აორტის ათეროსკლეროზი, ჩარევა-PDSH24-აორტა-ორმხრივი ბარძაყის შუნტირება. შესაბამისად, არასწორად მიწოდებული კომპონენტის გამო, შემთხვევას, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი 1-ის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, განესაზღვრა სტატუსი - „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“. საკასაციო პალატის აზრით, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ ინფორმაცია სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდულში გადაცემული იყო კარდიოქირურგია/ინტერვენციული კარდიოლოგიის კომპონენტით, გეგმიური ქირურგიული მომსახურების (გარდა კარდიოქირურგიისა) კომპონენტის ნაცვლად, თუმცა აღნიშნულ სამედიცინო შემთხვევაზე თავად სააგენტოს მიერ გაიცა არასწორი კომპონენტით მიმართვა - ნაცვლად გეგმიური ქირურგიული კომპონენტისა (გარდა კარდიოქირურგიისა) მითითებულ იქნა კარდიოქირურგია, რამაც გამოიწვია მოსარჩელის მხრიდან შეტყობინებაში იგივე (არასწორი) კომპონენტის მითითება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 27 აპრილის №04-255/ო ბრძანებაზე, რომლითაც ცვლილება შევიდა „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ადმინისტრირების წესის დამტკიცების თაობაზე“ სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 18 აგვისტოს №04-241/ო ბრძანებაში. აღნიშნული ბრძანების №1 დანართის მე-5 მუხლის მე-16 პუნქტის თანახმად, პროგრამის ადმინისტრირების პროცესში, თუ მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით, მომსახურების დიაგნოზი, ჩარევა და დაზუსტება ემთხვევა შეტყობინებაში არსებულს და ადგილი არ აქვს პროგრამის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევის ანაზაღაურებაზე სრულად ან ნაწილობრივ უარის თქმის სხვა საფუძვლებს, აღნიშნული პროგრამული მომსახურება ექვემდებარება ანაზღაურებას. სხვა სახის ისეთი არასწორი მონაცემები, რომლებიც არსებითად არ ცვლიან შემთხვევაზე/პროგრამულ შემთხვევაზე გაწეული მომსახურების მოცულობას და ანაზღაურების პირობებს (მაგ.: პაციენტის დაწესებულებაში მისვლის ფორმა, მიმართვის ნომერი და ა. შ.), განიხილება ხარვეზად, რომლის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა, 50 ლარის ოდენობით, თითოეულ სამედიცინო შემთხვევაზე. ამავე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად კი, პროგრამის ფარგლებში, ანაზღაურებას დაექვემდებარება გეგმიური ქირურგიული ოპერაციის ხარჯები (მათ შორის, დღის სტაციონარი), თუ დოკუმენტური ფორმით წარმოდგენილი პროგრამული შემთხვევის დიაგნოზ(ებ)ი და შესაბამისი ჩარევა (ჩარევები) ემთხვევა შეტყობინებაში დაფიქსირებულ დიაგნოზ(ებ)სა და შესაბამისი ჩარევას (ჩარევებს). ამრიგად, დასახელებული ცვლილების თანახმად, მხოლოდ კომპონენტის არასწორად მითითება, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ისეთი სახის დარღვევად, რომელიც არსებითად ცვლის შემთხვევაზე გაწეული მომსახურების მოცულობას და ანაზღაურების პირობებს.
საქმეზე უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების არსებობის პირობებში კი, საკასაციო სასამართლო, ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას, რომ სამედიცინო შემთხვევის ანაზღაურება უნდა მოხდეს ყოველი კომპონენტის მიხედვით, ხოლო მოცემულ შემთხვევაში გეგმიური ქირურგიული კომპონენტი უნდა აანაზღაუროს კარდიოლოგიის კომპონენტით, რაც არსებით დარღვევას წარმოადგენს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მიმწოდებლის მიერ წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით, მომსახურების დიაგნოზი, ჩარევა და დაზუსტება ემთხვეოდა შეტყობინებაში არსებულს, ხოლო კომპონენტის არასწორად მითითება, როგოც ზემოთ აღინიშნა, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ისეთი სახის ხარვეზად, რომელიც არსებითად ცვლის შემთხვევაზე გაწეული მომსახურების მოცულობას და ანაზღაურების პირობებს. აღნიშნულის თაობაზე ზემოთმითითებული ბრძანების მე-5 მუხლის მე-11 და მე-16 პუნქტებში საუბარი არ არის. სადავო შემთხვევაში კი, ვინაიდან დასტურდება მიწოდებული ინფორმაციის პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში დაფიქსირებულთან შესაბამისობა, მხოლოდ კომპონენტის არასწორად მითითება, ვერ გახდება სამედიცინო დაწესებულების საწინააღმდეგოდ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს აგრეთვე „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 1 აპრილის №04/17276 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის 2018 წლის 27 აგვისტოს №04/46886 გადაწყვეტილების უკანონობის დადგენის პირობებში, მოთხოვნის ამ ნაწილშიც სარჩელი ასევე საფუძვლიანია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო აქტები გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, მათ საფუძველზე გათვალისწინებული მოწესრიგება ეწინააღმდეგება კანონს, რაც ქმნის გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის საფუძველს. ამრიგად, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ივლისის განჩინება;
3. კასატორს - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე) (ს/ნ 200294519) დაუბრუნდეს 2020 წლის 1 დეკემბერს №07622 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე