საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-870(კ-21) 17 დეკემბერი, 2021 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ნ. ბ-ა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:ნ. ბ-ამ 2020 წლის 22 ოქტომბერს განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ და ამავე სააგენტოს 2020 წლის 15 ოქტომბრის №03-2131/ო ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე მოპასუხისთვის, „ნ. ბ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ“ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. ბ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მანვე გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. ბ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. ბ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 15 ოქტომბრის №03-2131/ო ბრძანება და მოპასუხეს დაევალა სადავო საკითხთან დაკავშირებით, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
საკასაციო საჩივრის მიხედვით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის“ პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ წესის შესაბამისად, არ განიხილება იმ დევნილი ოჯახების განცხადებები, რომლებსაც დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი ფართი ან/და ერთჯერადი ფულადი დახმარება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში. სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ბოლო ეტაპზე განიხილება იმ დენვილი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას, მათ შორის იმ დენვილი ოჯახების, რომელთა ოჯახის წევრ(ებ)მა საკუთარი სახსრებით შეიძინეს საცხოვრებელი ფართი. ამასთან, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 თებერვლის №240 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2017-2018 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ 2.1.11 პუნქტის შესაბამისად, იმ დევნილი ოჯახების განსახლების საკითხი, რომელბიც არ საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას, მათ შორის, იმ დევნილების, რომლებმაც საკუთარი სახსრებით შეიძინეს საცხოვრებელი განიხილება ბოლო ეტაპზე.
კასატორი მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, მოსარჩელე 1994 წლიდან ცხოვრობს ქირის გარეშე, ქალაქ რუსთავში, ... მკ/რ, მე-... კორპუსის №58 ბინაში. შესაბამისად, მისი მითითება ქირით ცხოვრებასთან დაკავშირებით, არ შეესაბამება სინამდვილეს. საქმეზე, ასევე, უდავოდ დადასტურებულია, რომ განმცხადებელს ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩის №7-ში შეძენილი ჰქონდა უძრავი ქონება, რომელიც გაასხვისა და დღეის მდგომარეობით აღნიშნული ბინა რეგისტრირებულია მისი შვილიშვილის - მ. ბ-ას სახელზე. ეს უკანასკნელი რუსეთის მოქალაქეა და ცხოვრობს რუსეთში. მოსარჩელე კი ამჟამად მის მიერ გასხვისებულ სახლში აგრძელებს ცხოვრებას შვილთან ერთად, თუმცა განაცხადს აკეთებს, როგორც მარტოხელა პენსიონერი.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, კასატორი თვლის, რომ სასამართლოს მიერ სასარჩელო მოთხოვნის ნაწოლობრივ დაკმაყოფილებისა და საქმის სააგენტოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობდა. შესაბამისად, ითხოვს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღებას.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რაც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელის დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ფარგლებში, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის შესყიდვაზე უარის თქმის კანონიერება, ოჯახის ხელოვნურად გაყოფის საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა.
ამასთან, დევნილთა განსახლების საკითხის გადაწყვეტის კონკრეტულ პროცედურასა და წესს ადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“. იმავე „წესის“ (დანართი №1) მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა; სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებმაც 2018 წლის 1 იანვრამდე იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი სახლები/ბინები და აღნიშნული საცხოვრებელი სახლები/ბინები არის მათი ერთადერთი საკუთრება. საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის მე-4 მუხლი კი, ადგენს კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის პროცედურას. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, დევნილი ოჯახის მიერ შევსებული ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით დამტკიცებული დანართის №3 „კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის თაობაზე განაცხადის ფორმისა“ და მე-5 პუნქტით დამტკიცებული დანართის №5 „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე კითხვარის ფორმის“ საფუძველზე, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის საკითხი განიხილება კრიტერიუმებისა და ამ წესის მე-6 მუხლის პირველი-მე-5 პუნქტებით და მე 8-12 პუნქტებით დადგენილი პროცედურების გათვალისწინებით, მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სააგენტოსათვის ამ მიზნით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
განსახილველ შემთვევაში სადავო არ არის, რომ მოსარჩელე ნ. ბ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი და იგი არ ყოფილა უზრუნველყოფილი გრძელვადიანი საცხოვრებლით. მოსარჩელე ნ. ბ-ამ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ითხოვა მისთვის, როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირისათვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის გადაცემა. ასევე, დადგენილია, რომ ამავე სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 26 ნოემბრის №43 ოქმის თანახმად, მოსარჩელეს უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფაზე მის შვილთან - ნ. ბ-ასთან და შვილიშვილებთან - ს. და ლ. ჭ-ებთან ოჯახის ხელოვნურად გაყოფის გამო. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 15 ოქტომბრის №03-2131/ო ბრძანებით ნ. ბ-ას უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე.
საკასაციო სასამართლო, მოსარჩელის მიერ ოჯახის ხელოვნურად გაყოფის ფაქტთან დაკავშირებით, ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ საქმის მასალების მიხედვით, მოსარჩელე ნ. ბ-ას შვილი - ნ. ბ-ა და შვილიშვილები - ს. და ლ. ჭ-ები, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ 2021 წელს იქნენ უზრუნველყოფილნი გრძელვადიანი საცხოვრებლით, როგორც იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები. ამრიგად, მოსარჩელის შვილი დაკმაყოფილდა გრძელვადიანი საცხოვრებლით, როგორც ცალკე ოჯახი, ნ. ბ-ას გარეშე, ხოლო ამ ფაქტის საწინააღმდეგოდ, მოსარჩელეს, ოჯახის ხელოვნურად გაყოფის გამო, უარი ეთქვა კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვაზე.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით შეფასება უნდა მისცეს იმ გარემოებას, წარმოადგენდა თუ არა ნ. ბ-ა ცალკე ოჯახს თუ პირიქით, ნამდვილად გაიყო ოჯახი ხელოვნურად თუ არა და აღნიშნული გარემოებათა გათვალისწინებით, უნდა დაადგინოს საქმეზე არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რომელთა შეფასებისა და გამოკვლევის შემდეგ უნდა გამოსცეს ახალი აქტი. საქმეზე გამოკვლეული ფაქტობრივი გარემოებები იძლევა იმის მტკიცების საფუძველს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო გადაწყვეტილება მიიღო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე. მოსარჩელის შვილისათვის ანალოგიური მოთხოვნის დაკმაყოფილების პირობებში, არ არის გამოკვლელული და გამოკვეთილი რა ფაქტობრივ საფუძვლებს დაეყრდნო ადმინისტრაციული ორგანო სადავო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. საქმის მასალებით არ დასტურდება, რამდენად რეალურია მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოება, რაც საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, წარმოადგენს მნიშვნელოვნად შესასწავლ და დასადგენ მოცემულობას, რამდენადაც იძლევა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. შესაბამისად, სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით კვლევას, რადგან ოჯახის ხელოვნურად გაყოფის ფაქტის დადასტურება/უარყოფაზეა დამოკიდებული დავის სწორად გადაწყვეტა. ამრიგად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, არსებობდა სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებისა და გასაჩივრებული აქტის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის შესაძლებლობა. ადმინისტრაციულმა ორგანომ, კანონით მინიჭებული უფლებების სრულყოფილად რეალიზაციის შედეგად, მოსარჩელის შვილის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილების პირობებში, უნდა დაადგინოს, დანამდვილებით ჰქონდა თუ არა ადგილი ნ. ბ-ას მიერ ოჯახის ხელოვნურად გაყოფას.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხის დავალდებულებასთან დაკავშირებით, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელის კერძო საკუთრებაში არსებული საცხორებელი ფართის შესყიდვის თაობაზე, ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო აქტი, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბთილადაა ცნობილი, მართებულია სააპელაციო სასამართლოს განმარტება, რომ არ არსებობდა აღნიშნულ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე