Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-292(კ-21) 29 დეკემბერი, 2021 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე)

მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - რ. კ-ა, ა. კ-ა, ს. ც-ა, კ. კ-ა, ა. ა-ი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

რ. კ-ამ, ა. კ-ამ, ს. ც-ამ, კ. კ-ამ, ა. ა-მა 2018 წლის 16 ოქტომბერს სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ და ამავე სამინისტროს 2018 წლის 19 სექტემბრის №01-488/ო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ასევე, მოსარჩელეების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვეს.

სარჩელის თანახმად, მოსარჩელეები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები არიან, რომლებიც 1993 წლიდან განსახლდნენ ქალაქ თბილისში, ...ის ქ. №...-ში (დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტი). 2012 წელს დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების განხორციელების ფარგლებში სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება იმავე ფართში მცხოვრები დევნილების განსახლებისა და ალტერნატიული საცხოვრებლით დაკმაყოფილების თაობაზე, რადგან აღნიშნული ობიექტი წარმოადგენდა სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად ან/და საცხოვრებლად უვარგის შენობას. იმ ეტაპზე ვერ მოხერხდა მოსარჩელეთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა, თუმცა გაიცა ადმინისტრაციული დაპირება, რომლის მიხედვით, მათი ოჯახის გრძელვადიანი განსახლების საკითხი განიხილებოდა 1 წლის განმავლობაში. დაპირება შესრულდა მხოლოდ 2018 წელს, ხოლო მანამდე დევნილები ცხოვრობდნენ ქირით, ბოლო 2 წლის განმავლობაში კი ქალაქ თბილისში, ...ის ქ. №54-ში მდებარე ნათესავის სახლში. მოსარჩელემ აგრეთვე მიუთითა, რომ აღნიშნული სახლი აშენდა 2015 წლამდე მის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე, რომელიც მიჰყიდა ს. ც-ას.

მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 19 სექტემბრის ბრძანებით ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უარი ეთქვათ ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე ოჯახის ფაქტობრივი საცხოვრებლის არსებობის საფუძვლით, რაც ადმინისტრაციული დაპირების პირობებში, არასწორია. ამდენად, მოსარჩელეებმა სადავო აქტის ბათილად ცნობა და გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილების შესახებ მოპასუხისთვის ახალი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამონაცვლედ მიჩნეულ იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებით რ. კ-ას, ა. კ-ას, ს. ც-ას, კ. კ-ას, ა. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

მოსრჩელეები არიან აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2012 წლის 7 მარტის №05/02-12/3942 წერილით მოსარჩელეებს ეცნობათ, რომ 2012 წლის 29 თებერვალს, ქალაქ თბილისში, ...ის გამზირის №...-ში მდებარე დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტის ჩამონგრევის შედეგად, მათი ოჯახის მიერ დაკავებული ფართი გახდა საცხოვრებლად გამოუსადეგარი. მათი ოჯახის გრძელვადიანი განსახლება კი განიხილებოდა ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე 1 (ერთი) წლის ვადაში. ამასთან, აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, მათი ოჯახის დროებით საცხოვრებელი ფართის დაქირავებისათვის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ყოველთვიურად უზრუნველყოფდა 170 ლარის გადახდას.

საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დასტურდება, რომ ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა №54-ში მდებარე 150 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი, 2017 წლის 19 აპრილის მდგომარეობით, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ს. ც-ას სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია ნასყიდობის ხელშეკრულება.

დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 5 ივნისის №21 სხდომის ოქმის თანახმად, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნის შესაბამისად, განხილულ იქნა საკითხი ქალაქ თბილისში, (...ის ქ. №...) სიცოცხლისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი ნგრევადი ობიექტებიდან დევნილ ოჯახთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ. ა. კ-ა, რ. კ-ა, ს. ც-ა, კ. კ-ა და ა. ა-ი (არადევნილი) დაკმაყოფილდნენ სამოთახიანი ბინით.

საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დასტურდება, რომ ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა №22-ში (მე-5 სართული, ბლოკი A, ბინა №55) მდებარე 72,55 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი, 2018 წლის 8 ივნისის მდგომარეობით, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია სახელმწიფოს სახელზე. მოსარჩელეებმა აღნიშნული ფართის მიღებაზე თანხმობა განაცხადეს, რის შემდეგაც იგი გადაეცათ საცხოვრებლად.

ასევე, დადაგენილია, რომ 2018 წლის 14 სექტემბერს, სამინისტროს თანამშრომლები დამატებითი მოკვლევის მიზნით გამოცხადდნენ ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა №5-ში. გასაუბრებისას გაირკვა, რომ რ. კ-ას ოჯახი აღნიშნულ მისამართზე მდებარე სახლში ცხოვრობს დაახლოებით 3 წელზე მეტია. რ. კ-ამ სახლი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე 2017 წლის 11 აპრილს გაასხვისა ს. ც-ას ძმაზე - ს. ც-აზე, რომელიც ოჯახთან ერთად ცხოვრობს ...ას ქუჩა №8ა-ში, ხოლო აღნიშნულ სახლში ცხოვრებას განაგრძობს კვარაცხელიების ოჯახი.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 19 სექტემბრის №01-488/ო ბრძანებით, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე, უარი ეთქვა რ. კ-ას ოჯახს, ალტერნატიული საცხოვრებლის გამო. ამასთან, მათ დაევალათ დაუყოვნებლივ გამოეთავისუფლებინათ სამინისტროს მიერ გადმოცემული საცხოვრებელი ფართი.

2018 წლის 19 სექტემბერს, სამინისტროს თანამშრომლები დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე გამოცხადდნენ ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა №22-ში, კორპუსი 21, ბლოკი A, სართული 5, ბინა №55-ში, საცხოვრებელი ფართის გამოთავისუფლებისა და ჩაბარების მიზნით. რ. კ-ასთან შეთანხმებით დალუქულ იქნა საცხოვრებელი ფართი, ასევე გადაღებულ იქნა ფოტოები.

2018 წლის 12 ოქტომბრის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერით დასტურდება, რომ რ. კ-ა, ს. ც-ა, ა. კ-ა, ა. ა-ი და კ. კ-ა რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მისამართით: თბილისი, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონი, ...ის ქუჩა №54/1. სარეიტინგო ქულა - 1000 (ქულის მინიჭების თარიღია 2017 წლის 29 ოქტომბერი).

სასამართლომ მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით (სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია) დამტკიცებულ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესით დადგენილ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმებზე. კერძოდ, მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სამინისტროს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით. ამასთან, ამავე წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილია, რომ ამ წესის შესაბამისად არ განიხილება იმ დევნილი ოჯახების განაცხადები, რომლებსაც, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი ფართი ან/და ერთჯერადი ფულადი დახმარება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში. სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ბოლო ეტაპზე განიხილება იმ დევნილი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას, მათ შორის იმ დევნილი ოჯახების, რომელთა ოჯახის წევრ(ებ)მა საკუთარი სახსრებით შეიძინეს საცხოვრებელი ფართი.

სასამართლომ მიუთითა, რომ საქმის მასალებით დასტურდებოდა მოსარჩელეთა ოჯახის ფაქტობრივ მფლობელობაში საცხოვრებელის სახლის არსებობა, მდებარე ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა №54. მოსარჩელეთა ოჯახი ბოლო სამი წლის განმავლობაში უწყვეტად ცხოვრობდა მითითებულ მისამართზე. აღნიშნული გარემოება დასტურდებოდა, როგორც მონიტორინგის სამმართველოს მიერ შედგენილი ოქმით, ასევე ამონაწერით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, რომლის თანახმადაც, რ. კ-ა, ს. ც-ა, ა. კ-ა, ა. ა-ი და კ. კ-ა რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მითითებულ მისამართზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე მოსარჩელეებს უარი ეთქვათ საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების შესახებ მოთხოვნაზე, პრიორიტეტი მიენიჭათ იმ დევნილ ოჯახებს, რომლებიც ფაქტობრივად ცხოვრობდნენ მათი რეგისტრაციის ადგილზე და სხვა თავშესაფარი არ გააჩნდათ.

ზემოაღნიშნული მსჯელობისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის წინაპირობები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილება მოსარჩელეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 8 დეკემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ მიჩნეულ იქნა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით რ. კ-ას, ა. კ-ას, ს. ც-ას, კ. კ-ას, ა. ა-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „რ. კ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 19 სექტემბრის №01-488/ო ბრძანება და მოპასუხეს - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე) „მოსარჩელეების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე“ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თუმცა არ დაეთანხმა მათ სამართლებრივ შეფასებას და მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ წესზე“, რომლის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე მუხლის მე-10 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს: იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სააგენტოს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით.

ამრიგად, ვინაიდან საქმის მასალებით დასტურდებოდა სიცოცხლისთვის მომეტებული საფრთხის შემცველი ნგრევადი ობიექტიდან მოსარჩელეთა განსახლება, რის გამოც რ. კ-ას დევნილი ოჯახი 2018 წელს დაკმაყოფილდა სამოთახიანი ბინით, მანამდე კი, თითქმის 3 წლის განმავლობაში დევნილები ცხოვრობდნენ გასხვისებულ სახლში, პალატამ მიიჩნია, რომ დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის შესაძლებლობა არ გამორიცხავდა მოსარჩელეთა უფლებას, როგორც დევნილი ოჯახი განსახლებული ყოფილიყო ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესით.

პალატამ ყურადღება გაამახვილა, ასევე, იმ გარემოებაზე, რომ 2012 წელს სამინისტროს გადაწყვეტილებით ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა ...-ში მცხოვრები დევნილების გამოსახლება მოხდა იმ მიზეზით, რომ დაკავებული ფართი გახდა საცხოვრებლად გამოუსადეგარი. ამასთან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2012 წლის 7 მარტის №05/02-12/3942 წერილით ა. კ-ას, რ. კ-ას და ს. ც-ას ეცნობათ, რომ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 28 მაისის №403 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მიმართ 2009-2012 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ შესაბამისად, მათი ოჯახის გრძელვადიანი განსახლება განიხილება ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე 1 (ერთი) წლის ვადაში. ამდენად, გაიცა ადმინისტრაციული დაპირება, რომლის მიხედვით, მოსარჩელეების გრძელვადიანი განსახლება განიხილებოდა 1 წლის განმავლობაში, თუმცა ადმინისტრაციულმა ორგანომ აღნიშნული დაპირება დადგენილ ვადაში არ შეასრულა და მოსარჩელეების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო მხოლოდ 2018 წელს, რომელიც თავადვე სცნო ბათილად. პალატა ასევე მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე მხარის მიერ ვერ იქნა დადასტურებული, რომ 2012 წლის 7 მარტის №05/02-12/3942 დაპირების გაცემისას ადგილი ჰქონდა დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედებას ან სხვა რაიმე გარემოებას, რომელიც მხარის კანონიერ ნდობას გამორიცხავდა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით კი, ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება არის ადმინისტრაციული ორგანოს წერილობითი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ მოცემული ქმედება განხორციელდება, რაც შეიძლება გახდეს დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა სადავო აქტის ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსთვის ახალი აქტის გამოცემის დავალების სამართლებრივი საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ საკასაციო წესით გაასაჩივრა.

საკასაციო საჩივრის თანახმად, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით (ოქმი №21) რ. კ-ას დევნილი ოჯახი 2012 წელს გაცემული ადმინისტრაციული დაპირების საფუძველზე, სულადობის გათვალისწინებით, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით, დაკმაყოფილდა სამოთახიანი ბინით ქალაქ თბილისში, ახლადაშენებულ კორპუსში (...ის ქ. №22, კორპუსი №21, ბინა №55). კომისიის 2018 წლის 17 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №36), ახალი გარემოების საფუძველზე წარმოდგენილი ონფორმაციის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდა ამავე კომისიის 2018 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილება რ. კ-ას ოჯახის ნაწილში.

კასატორის მითითებით, მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ მოსარჩელის ოჯახის ფაქტობრივ მფლობელობაში იყო ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა №54-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი. რ. კ-ამ აღნიშნული ბინა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა 2005 წელს და საჯარო რეესტრში თავის სახლეზე აღრიცხა 2010 წლის 14 მაისს, ხოლო 2017 წლის 19 აპრილს გააფორმა მეუღლის ძმის - ს. ც-ას სახელზე. კომისიის თანამშრომლების ადგილზე გამოცხადებისას ს. ც-ამ დაადასტურა, რომ აღნიშნულ ბინაში ბოლო 3 წელია უწყვეტად ცხოვრობს. დასახელებული გარემოებები მეტყველებს იმ ფაქტზე, რომ რ. კ-ას ოჯახი ფაქტობრივად არ სარგებლობდა მისთვის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემული საცხოვრებელი ფართით. შესაბამისად, მოსარჩელეთა მფლობელობასა და სარგებლობაში ალტერნატიული საცოხვრებლის არსებობა ქმნიდა საკმარის საფუძველს იმის დასადგენად, რომ მოსარჩელის ოჯახი გადაუდებელ განსახლებას არ საჭიროებდა. ამრიგად, მათ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე მართებულად ეთქვათ უარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 9 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო, საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად, მიიჩნევს, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც რ. კ-ას, ა. კ-ას, ს. ც-ას, კ. კ-ასა და ა. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

1. მოსრჩელეთა ოჯახი წარმოადგენს დევნილ ოჯახს (ა. ა-ი არის ოჯახის არადევნილი წევრი), რომელთაც მინიჭებული აქვთ დევნილის სტატუსი.

2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2012 წლის 7 მარტის №05/02-12/3942 წერილით მოსარჩელეებს ეცნობათ, რომ 2012 წლის 29 თებერვალს, ქალაქ თბილისში, ...ის გამზირის №...-ში მდებარე დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტის ჩამონგრევის შედეგად, მათი ოჯახის მიერ დაკავებული ფართი გახდა საცხოვრებლად გამოუსადეგარი. მათი ოჯახის გრძელვადიანი განსახლება კი განიხილებოდა ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე 1 (ერთი) წლის ვადაში. ამასთან, აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, მათი ოჯახის დროებით საცხოვრებელი ფართის დაქირავებისათვის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ყოველთვიურად უზრუნველყოფდა 170 ლარის გადახდას.

3. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 5 ივნისის №21 სხდომის ოქმის თანახმად, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნის შესაბამისად, განხილულ იქნა საკითხი ქალაქ თბილისში, (...ის ქ. №...) სიცოცხლისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი ნგრევადი ობიექტებიდან დევნილ ოჯახთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ. ა. კ-ა, რ. კ-ა, ს. ც-ა, კ. კ-ა და ა. ა-ი (არადევნილი) დაკმაყოფილდნენ სამოთახიანი ბინით.

4. საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დასტურდება, რომ ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა №22-ში (მე-5 სართული, ბლოკი A, ბინა №55) მდებარე 72,55 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი, 2018 წლის 8 ივნისის მდგომარეობით, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია სახელმწიფოს სახელზე. მოსარჩელეებმა აღნიშნული ფართის მიღებაზე თანხმობა განაცხადეს, რის შემდეგაც იგი გადაეცათ საცხოვრებლად.

5. დადაგენილია, რომ 2018 წლის 14 სექტემბერს, სამინისტროს თანამშრომლები დამატებითი მოკვლევის მიზნით გამოცხადდნენ ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა №5-ში. გასაუბრებისას გაირკვა, რომ ოჯახი აღნიშნულ მისამართზე მდებარე სახლში ცხოვრობს დაახლოებით 3 წელზე მეტია. რ. კ-ამ სახლი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე 2017 წლის 11 აპრილს გაასხვისა ს. ც-ას ძმაზე - ს. ც-აზე, რომელიც ოჯახთან ერთად ცხოვრობს ...ას ქუჩა №8ა-ში.

6. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 19 სექტემბრის №01-488/ო ბრძანებით, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე, უარი ეთქვა რ. კ-ას ოჯახს, ალტერნატიული საცხოვრებლის ქონის გამო. ამასთან, მათ დაევალათ დაუყოვნებლივ გამოეთავისუფლებინათ სამინისტროს მიერ გადაცემული საცხოვრებელი ფართი.

7. 2018 წლის 19 სექტემბერს, სამინისტროს თანამშრომლები დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე გამოცხადდნენ ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა №22-ში, კორპუსი 21, ბლოკი A, სართული 5, ბინა №55-ში, საცხოვრებელი ფართის გამოთავისუფლებისა და ჩაბარების მიზნით. რ. კ-ასთან შეთანხმებით დალუქულ იქნა საცხოვრებელი ფართი, ასევე გადაღებულ იქნა ფოტოები.

8. 2018 წლის 12 ოქტომბრის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერით დასტურდება, რომ რ. კ-ა, ს. ც-ა, ა. კ-ა, ა. ა-ი და კ. კ-ა რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მისამართით: თბილისი, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონი, ...ის ქუჩა №54/1. სარეიტინგო ქულა - 1000 (ქულის მინიჭების თარიღია 2017 წლის 29 ოქტომბერი).

9. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ რ. კ-ამ 2005 წელს შეიძინა და 2010 წელს საჯარო რეესტრში აღიცხა ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა №54-ში მდებარე 150 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი (იხ. ს.ფ. 318-319), ხოლო 2017 წლის 19 აპრილს გაასხვისა ცოლის ძმის - ს. ც-ას სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია ნასყიდობის ხელშეკრულება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს რ. კ-ას დევნილი ოჯახისთვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონიერება, ალტერნატიული საცხოვრებელი სახლის არსებობის საფუძვლით.

საკასაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომლის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის მიხედვით, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა, ხოლო იმავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, იძულებითი გადაადგილებისას უსახლკაროდ დარჩენილ დევნილს სამინისტრო სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად უზრუნველყოფს სათანადო საცხოვრებლით. ამასთან, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა ხდება წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე. გამონაკლისის სახით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფისწესის“ მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სამინისტროს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის რიგითობის განსაზღვრისთვის, მათი განცხადების დაკმაყოფილებისთვის პირები უნდა აკმაყოფილებდნენ ნორმატიულად განსაზღვრულ წინაპირობებს. ამასთან, დასახელებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ პირველი მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ბოლო ეტაპზე განიხილება იმ დევნილი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას. ამრიგად, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად უპირატესობა მიენიჭება დევნილთა იმ ოჯახებს, რომელთაც ალტერნატიული ფართი არ გააჩნიათ.

ამრიგად, ზემოაღნიშნულ ნორმათა ანალიზის შედეგად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა ხდება სახელმწიფოს მიერ, წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე. გამონაკლისია ნგრევად ობიექტში ცხოვრება, რაც შესაბამისი საექსპერტო დასკვნით უნდა დასტურდებოდეს. თუმცა აღნიშნული გამონაკლისიც ექვემდებარება რიგითობის დაცვას, თუ სიცოცხლისთვის საშიშ ობიექტში მცხოვრებ დევნილებს გააჩნიათ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი. ამ შემთხვევაში უპირატესობა ენიჭებათ დევნილებს, რომლებსაც ასეთი საცხოვრებელი არ აქვთ.

საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო საქმეზე დადგენილი გარემოებები, წერილობითი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილად შესწავლისა და მოსარჩელეთა ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა №54-ში მდებარე სახლში ცხოვრების ფაქტს.

განსახილველ შემთხვევაში, უდავოდ დადგენილია, რომ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნის შესაბამისად, კომისიის მიერ განხილულ იქნა საკითხი ქალაქ თბილისში, ...ის ...-ში სიცოცხლისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი ნგრევადი ობიექტებიდან დევნილ ოჯახთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ. კომისიის 2018 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით (ოქმი№21) რ. კ-ას 5-სულიანი დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა სამოთახიანი ბინით ახლადაშენებულ კორპუსებში, მდებარე: ქალაქ თბილისში, ...ის რაიონი,...ის ქუჩა №22, კორპუსი №21, ბლოკი A, მე-5 სართული, ბინა №55. აღნიშნულთან დაკავშირებით გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი.

ასევე, დადგენილია, რომ 2018 წლის 14 სექტემბერს, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, სამინისტროს თანამშრომლები გამოცხადდნენ ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა №5-ში, რ. კ-ას მიერ გასხვისებულ საკუთრებაში. მათ ადგილზე დახვდათ რ. კ-ას მეუღლე - ს. ც-ა და შვილიშვილი - კ. კ-ა. ს. ც-ასთან გასაუბრებისას გაირკვა, რომ ოჯახი გასხვისებულ სახლში ცხოვრობს დაახლოებით 3 წელზე მეტია და მისი განმარტებით, როდის აშენდა სახლი მას არ ახსოვს. გაირკვა, რომ რ. კ-ამ სახლი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე 2017 წლის 11 აპრილს გაასხვისა ს. ც-ას ძმაზე - ს. ც-აზე, რომელიც ოჯახთან ერთად ცხოვრობს ...ას ქუჩა №8ა-ში.

განმეორებითი მონიტორინგისა და გასაუბრების შედეგებზე დაყრდნობით, დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ იმსჯელა 2018 წლის 5 ივნისის (ოქმი №21) გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. დაადგინა, რომ რ. კ-ა 2017 წლამდე ფლობდა საცხოვრებელ ფართს (სამსართულიანი კერძო სახლი) ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა №54-ში, რომელიც 2017 წელს ნასყიდობის ხელშეკრულებით გაასხვისა ცოლის ძმაზე - ს. ც-აზე. შესაბამისად, დასახელებული ახალი გარემოებების გათვალისწინებით, კომისიამ ბათილად ცნო 2018 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილება (ოქმი №21) რ. კ-ას ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით და განმცახედებელს განუმარტა, რომ სადავო აქტით უარი ეთქვა ქალაქ თბილისში, ახლადაშენებულ კორპუსში გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე ალტერნატიული საცხოვრებელი სახლის არსებობის საფუძვლით. ამდენად, არ დადასტურდა რ. კ-ას დევნილი ოჯახის გადაუდებელი განსახლების აუცილებლობა. ამიტომ, სამინისტროს მიერ რ. კ-ასთან მიმართებაში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კომისია უფლებამოსილი იყო ეხელმძღვანელა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების შეფასების გარეშე გადაეწყვიტა მითითებულ ობიექტში მცხოვრები ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის საკითხი, იმ შემთხვევაში, თუ სათანადო გამოკვლევის შედეგად დადასტურდებოდა, რომ ოჯახი მითითებულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრობდა. ასევე, სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ბოლო ეტაპზე განიხილებოდა იმ დევნილი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომლებიც არ საჭიროებდნენ გრძელვადიან განსახლებას, მათ შორის იმ დევნილი ოჯახების, რომელთა ოჯახის წევრ(ებ)მა საკუთარი სახსრებით შეიძინეს საცხოვრებელი ფართი. ამდენად, ვინაიდან საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელეთა ოჯახის ფაქტობრივ მფლობელობაშია საცხოვრებელის სახლი, მდებარე ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა №54, ხოლო მოსარჩელეთა ოჯახი ბოლო სამი წლის განმავლობაში უწყვეტად ცხოვრობს მითითებულ მისამართზე, სამინისტრო უფლებამოსილი იყო მიეღო გადაწყვეტილება ახლადაშენებულ კორპუსებში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის შესახებ, რამდენადაც მოსარჩელეებს არ გააჩნდათ საცხოვრებლით უზრუნველყოფის საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს პოზიცია დაუსაბუთებელია, ხოლო ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის განხილვისას ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, სრულყოფილად აქვს გამოკვლეული საქმის გარემოებები და განმცხადებლის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რის გამოც სადავო - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 19 სექტემბრის №01-488/ო ბრძანება გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან. სადავო გადაწყვეტილება მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე, რის გამოც, არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ საქმეზე დადასტურებული ფაქტობრივი გარემოებების გათავლისწინებით, სამინისტროს მიერ დისკრეციული უფლებამოსილება არ განხორციელებულა კანონით დადგენილი ფარგლების გადაცილებით ან/და იმ მიზნის უგულებელყოფით, რა მიზნითაც მინიჭებული აქვს აღნიშნული უფლებამოსილება. სამინისტროს შეფასება სრულად შეესაბამებოდა ზემოხსენებული ნორმატიული აქტით დადგენილ მოთხოვნებს. ამასთან, სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ დევნილი ოჯახების საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა ხორციელდება მხოლოდ ეტაპობრივად სახელმწიფო სტრატეგიის ფარგლებში, შესაბამისად, იმ დევნილ ოჯახებს, რომელთა საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებები ამ ეტაპზე არ დაკმაყოფილდა და აღნიშნულის თაობაზე ეცნობათ დადგენილი წესით, უფლებამოსილნი არიან კვლავ მიიღონ მონაწილეობა შემდეგ ეტაპზე და დაიკმაყოფილონ მათი მოთხოვნა კანონით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.

გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება არის ადმინისტრაციული ორგანოს წერილობითი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ მოცემული ქმედება განხორციელდება, რაც შეიძლება გახდეს დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის საფუძველი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანოს დაპირების მიმართ კანონიერი ნდობა არ შეიძლება არსებობდეს, თუ მას საფუძვლად უდევს ადმინისტრაციული ორგანოს კანონსაწინააღმდეგო დაპირება, ან თუ შესაბამისი ნორმატიული აქტის შეცვლის გამო პირი ვეღარ აკმაყოფილებს დაწესებულ მოთხოვნებს, ან მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო მოქმედება. ამრიგად, „ყოველგვარი დაპირება ვერ იქნება მიჩნეული კანონიერი ნდობის საფუძვლად. ასეთად მიიჩნევა მხოლოდ წერილობითი ფორმით შესრულებული დაპირება, რომლის შინაარსიდანაც აშკარად გამომდინარეობს, რომ ადმინისტრაციული ორგანო (თანამდებობის პირი) ვალდებულებას იღებს შეასრულოს რაიმე ქმედება.... მოთხოვნის დაკმაყოფილების სავალდებულო პირობას კი წარმოადგენს დაპირების მართლზომიერების გარკვევა. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ფაქტობრივ მფლობელობაში მქონე სახლი მოსარჩელე რ. კ-ამ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა 2005 წელს და საჯარო რეესტრში აღრიცხა 2010 წელს თავისივე სახელზე (იხ. ს.ფ. 318-319), რის გამოც საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სამინისტროს მიერ 2012 წელს გაცემული ადმინისტრაციული დაპირების მიმართ დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არ არის დაცვის ღირსი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ რ. კ-ას, ა. კ-ას, ს. ც-ას, კ. კ-ასა და ა. ა-ის სასარჩელო მოთხოვნას არ გააჩნია სათანადო ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, ხოლო სსიპ დევნილთამ, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო პრეტენზია არგუმენტირებული და დასაბუთებულია, შესაბამისად, იგი უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - რ. კ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე უარის თქმის შესახებ, კანონშესაბამისია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის დარღვევა, რომლის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ იგი იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული (გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები), ხოლო ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც რ. კ-ას, ა. კ-ას, ს. ც-ას, კ. კ-ასა და ა. ა-ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გადაწყვიტა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. რ. კ-ას, ა. კ-ას, ს. ც-ას, კ. კ-ასა და ა. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე