საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-263(კ-21) 17 დეკემბერი, 2021 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - გ. გ-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 სექტემბრის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ქმედების განხორციელება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
აღწერილობითი ნაწილი:
გ. გ-მა 2018 წლის 12 მარტს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა „გ. გ-ის სამხედრო სამსახურში ნამსახურობის დადგენილი წესით გაანგარიშებისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, წარდგინების უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში გადაგზავნაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2018 წლის 8 თებერვლის №MOD 2 1800132094 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, მოპასუხის დავალდებულება - გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (წარდგინება) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში წარსადგენად, რომლითაც გ. გ-ს დაუანგარიშდება სამხედრო სამსახურში წელთა ნამსახურობა და იგი განისაზღვრება 20 წელზე მეტი ხნით, ასევე, მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გ. გ-ის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურება - მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის სახით 2018 წლის 1 თებერვლიდან მისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნამდე, კანონით დადგენილი ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით, გ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი „გ. გ-ის სამხედრო სამსახურში ნამსახურობის დადგენილი წესით გაანგარიშებისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში გადაგზავნაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2018 წლის 8 თებერვლის №MOD 2 1800132094 გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, სადავო საკითხთან დაკავშირებით, გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კანონით დადგენილ ვადაში. აღნიშნული გადაწყვეტილება მხარეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 28 სექტემბრის განჩინებით გ. გ-ისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 28 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საკასაციო საჩივრის მიხედვით, სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ არასწორად შეაფასა „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლი, რომლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად: სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ: სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და 10-ზე მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991-დან 1995 წლამდე და დათხოვნილი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი.
კასატორის მითითებით, გ. გ-ის შეიარაღებულ ძალებში საერთო ნამსახურობა შეადგენდა 19 წელსა და 26 დღეს. შესაბამისად იგი ვერ აკმაყოფილებდა ზემოაღნიშნული კანონის მოთხოვნებს, რომლის თანახმადაც, კომპენსაციის დასანიშნად აუცილებელი იყო სამხედრო მოსამსახურის ნამსახურობა 20 ან 20-ზე მეტი კალენდარული წლით. გარდა ამისა, დასახელებული კანონი ასევე ადგენდა კომპენსაციის მიღების ისეთ შემთხვევას, როდესაც პირს არ ჰქონდა წელთა ნამსახურობის 20 ან 20-ზე მეტი კალენდარული წელი, თუმცა ჰქონდა ნამსახურობის 10 წელი და დათხოვნილი იყო ზღვრული ასაკის გამო. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე ვერც აღნიშნულ პირობას აკმაყოფილებდა.
კასატორი საშეღავათო პერიოდთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ იგი მოსარჩელეს მას შემდეგ ჩაეთვლებოდა ნამსახურების საერთო სტაჟში, როდესაც მას მიენიჭებოდა კომპენსაციის მიღების უფლება (აღნიშნული აისახება მხოლოდ კომპენსაციის თანხის ოდენობაზე და არა წლების დაანგარიშებაზე) კერძოდ, „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის მიხედვით საშეღავათო პერიოდი (სამოქალაქო სასწავლებელი სწავლის პერიოდი, საომარ მოქმედებებში მონაწილეობის პერიოდი და სხვა) იმ შემთხვევაში ჩაითვლება საერთო ნამსახურობაში თუ მოსარჩელის ნამსახურება იქნება (შეიარაღებულ ძალებში) 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი. ამდენად, სადავო აქტი გამოცემულია კანონის სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი წინაპირობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 აპრილის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკაცსაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს გ. გ-ის ნამსახურობის წლების გაანგარიშებისა და კომპენსაციის დანიშვნის მიზნით წარდგინების უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში გადაგზავნაზე მოპასუხის მიერ უარის თქმის კანონიერება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულია სამხედრო მოსამსახურეთათვის კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლები, პირის ნამსახურობის წლების გათვალისწინებით. კერძოდ, დასახელებული კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონით დადგენილი პირობებით, ნორმებითა და წესებით სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირები, მათ შორის, ოფიცრები. იმავე კანონის მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და 10-ზე მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991-დან 1995 წლამდე და დათხოვნილი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი.
საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს იმავე კანონის მე-16 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის თანახმად, პენსიის დანიშვნისათვის წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება: პროკურატურის ორგანოებში სამსახური; სამხედრო სამსახური; შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში სამსახური; სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახური; საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში სამსახური; პარტიზანულ რაზმებსა და შენაერთებში სამსახური; სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში და სხვა სახელმწიფო ორგანიზაციებში მუშაობის პერიოდი - სამხედრო სამსახური ან შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში კადრში დატოვებით; ტყვეობაში ყოფნის პერიოდი, თუ ტყვემ არ ჩაიდინა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული; სასჯელის მოხდის და პატიმრობის პერიოდი, თუ სამხედრო მოსამსახურე, რიგითი ან უფროსი შემადგენლობის პირი უსაფუძვლოდ იყო მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში ან რეპრესირებული. დასახელებული მუხლის მე-3 პუნქტი იმპერატიულად ადგენს, რომ წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით კი, წელთა ნამსახურობის გამოანგარიშება ხდება სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან იმ დღემდე, როდესაც იგი ბრძანების თანახმად თადარიგში იქნა დათხოვნილი ან გადადგა სამსახურიდან.
ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შესაბამისი კომპენსაციის დასანიშნად სამხედრო მოსამსახურე უნდა აკმაყოფილებდეს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის, მნიშვნელოვანია, მის მიერ სამხედრო სამსახურის დაწყების პერიოდი და ნამსახურობის წლების საერთო ჯამი და ამ წლებში განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდის შეღავათიანი გაანგარიშებით ჩათვლა. წელთა ნამსახურობის გაანგარიშება, რომელზეც არის დამოკიდებული სახელმწიფო კომპენსაციის მიღება, ხდება პირის სამსახურში ჩარიცხვისა და ამორიცხვის ბრძანებებით გათვალისწინებული თარიღების მხედველობაში მიღებით.
სადავო შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2016 წლის 22 დეკემბრის ბრძანებით, მოსარჩელე გ. გ-ი დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში. ამასთან, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 26 დეკემბრის ბრძანებით, მოსარჩელე გ. გ-ს 1990 წლის 12 დეკემბრიდან - 1993 წლის პირველ აგვისტომდე დაუდგინდა სამხედრო სამსახურის გავლა. 2018 წლის 12 იანვარს გ. გ-მა განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და ითხოვა მისი სამხედრო სამსახურში ნამსახურობის დადგენილი წესით გაანგარიშება და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, წარდგინების უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში გადაგზავნა, რაზეც საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტმა 2018 წლის 8 თებერვალს მიიღო გადაწყვეტილება გ. გ-ის სამხედრო სამსახურში ნამსახურობის დადგენილი წესით გაანგარიშებისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში გადაგზავნაზე უარის თქმის შესახებ იმ საფუძვლით, რომ მისი სამხედრო სამსახურში ნამსახურობის პერიოდი არ აღემატებოდა 20 წელს, კერძოდ მისი სამხედრო სამსახურში ნამსახურობის ვადა შეადგენდა 19 წელსა და 26 დღეს.
საკასაციო პალატა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილება, ვინაიდან მოპასუხეს მოცემულ შემთხვევაში არ გამოუკვლევია და შეუფასებია, გ. გ-ი მონაწილეობდა თუ არა საომარი მდგომარეობის დროს შეიარაღებულ კონფლიქტში და ასეთის არსებობის შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნეს თუ არა მისი ნამსახურობის წლების გაანგარიშებისას შეღავათიანი რეჟიმი. ამდენად, ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია, არსებობს თუ არა გ. გ-ის მიმართ „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წელთა ნამსახურეობის შეღავათიანი გაანგარიშების საფუძველი, ვინაიდან საომარი მდგომარეობის დროს შეიარაღებულ კონფლიქტში მოსარჩელის მონაწილეობის დადგენა, უპირობოდ ქმნის წელთა ნამსახურობის გაანგარიშებას შეღავათიანი პირობებით. დასახელებულ გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ნამსახურობის დაანგარიშება უნდა განახორციელოს „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის 1-ლი პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად. აღნიშნული წესით კი განსაზღვრულია, რომ სამხედრო მოსამსახურეს საომარი მდგომარეობის დროს მოქმედ სამხედრო ნაწილში ყოფნის ან შეიარაღებულ კონფლიქტში უშუალო მონაწილეობის ან მშვიდობიან პერიოდში სპეციალური დავალების შესრულების დროს, რომელიც გათანაბრებული იქნება საბრძოლო მოქმედებებთან, ერთი დღე ჩაეთვლება ნამსახურობის სამ დღედ.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 სექტემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე