საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-243(კ-21) 17 დეკემბერი, 2021 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე)
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „...ი“
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, თანხის ანაზღაურება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:შპს „...ის“ წარმომადგენელმა 2018 წლის 5 ნოემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და ამავე სააგენტოს 2018 წლის 14 მაისის №04/28242 და „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 2 ოქტომბრის №04/52331 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, ასევე მოპასუხისთვის, მოსარჩელის მიერ პაციენტ რ. ს-ეისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების შესახებ, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 2 ოქტომბრის №04/52331 გადაწყვეტილება შპს „...ის“ 2018 წლის 1 ივნისის №28/02 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ“ ამავე სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 14 მაისის №04/28242 გადაწყვეტილება; მოპასუხეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ადმინისტრაციულმა ორგანომ გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 7 სექტემბრის განჩინებით მოცემულ ადმინისტრაციულ საქმეზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ დადგინდა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 სექტემბრის განჩინებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 8 მაისის გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საკასაციო საჩივრის მიხედვით, არ არსებობდა დავის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით გადაწყვეტის საფუძველი, ვინაიდან გასაჩივრებული აქტები გამოცემულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის შედეგად.
კასატორი მიუთითებს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის დანართი №1-ის მე-12 მუხლზე, რომლის თანახმად, მონიტორინგის განხორციელებისას ხდება მიმწოდებელთან |განმახორციელებლის უფლებამოსილი პირის ვიზიტი და შეტყობინებისას მიწოდებული ინფორმაციის გადამოწმება, მიმწოდებლისაგან მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მოთხოვნა, საჭიროებისამებრ, პაციენტთან, მისი ოჯახის წევრებთან და შემთხვევასთან დაკავშირებულ სხვა პირებთან გასაუბრება. მონიტორინგის განმახორციელებელი პირი მონიტორინგის შედეგების თაობაზე შეტყობინების ელექტრონულ მოდულში აფიქსირებს კომენტარს, სადაც მითითებულია აღმოჩენილი შეუსაბამობის თაობაზე. სამედიცინო დაწესებულების მიერ გადაცემული იყო პირველი დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა, ხოლო მონიტორინგის განმახორციელებლი პირის მითითებით (რომელმაც ადგილზე ნახა პაციენტი), პაციენტი აღარ საჭიროებდა პირველი დონის ინტენსიურ მკურნალობას. ამდენად, შეტყობინებაში დაფიქსირებული ინფორმაცია არ ემთხვეოდა სინამდვილეს, რაც პროგრამის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის "ე" ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ჯანრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო საკითხს წარმოადგენს, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოსარჩელის მიერ პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების, ნაკლოვანებების გამოვლენის გამო, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (უფლებამონაცვლე - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო) მიერ კლინიკისთვის ასანაზღაურებელ თანხაზე უარის თქმის კანონიერება. ამასთან, სადავო საკითხზე მსჯელობისას საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება, მართალია, ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა აღნიშნული არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ §71; ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ §76;Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულია სასამართლოს შესაძლებლობა, სარჩელთან დაკავშირებით მიიღოს გადაწყვეტილება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე. ამავე ნორმით განსაზღვრულია, რომ მსგავსი გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ მაშინ, როდესაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, ხოლო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისთვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. ამდენად, „საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინიტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-166-165(კ-16)).
განსახილველ შემთხვევაში სადავოდ არის ქცეული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პაციენტის - რ. ს-ის მიმართ მოსარჩელის მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე სოციალური მომსაუხრების სააგენტოს უარის თქმის კანონიერება. დადგენილია, რომ აღნიშნული პაციენტი წარმოადგენდა „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის დანართი №1.1-ით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობით მოსარგებლეს. გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძვლად კი ადმინისტრაციულმა ორგანომ დაასახელა ამავე დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევა, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს.
საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ 2017 წლის 22 ნოემბრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაზე, რომლის თანახმად, პაციენტი რ. ს-ე კლინიკაში ჰოსპიტალიზებულია 2017 წლის 14 ნოემბერს. დიაგნოზი: მიტრალური ნაკლოვანება (ზომიერი) (I34.0) გულის ჰიპერტენზიული ავადმყოფობა გულის (შეგუბებითი) უკმარისობა (I11.0); ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული ავადმყოფობა გამწვავებით, დაუზუსტებელი (J44.1); გართულებები: მარცხენა პარკუჭის მწვავე უკმარისობა (კარდიული ასთმა) (I5.1); გულის უკმარისობა III (NYHA) (I50.0); პულმონური ფიპერტენზია - მეორადი (ზომიერი) (I27.2); გამონაჟონი (არაანთებითი) პერიკადიუმში (I31.3). ანამნეზი: პაციენტის გადმოცემით მრავალი წელია დაავადებულია არტერიული ჰიპერტენზიით (მაქს: 200/100 მმ.ვწ.სვ), მკურნალობს რეგულარულად ამტასით. მიუხედვად ამისა, აღენიშნება წნევის ციფრების მერყეობა, პერიოდულად უჩივის ჰაერის უკმარისობას, ქოშინს, ადვილად დაღალას ზომიერი ფიზიკური დატვირთვის დროს, რომელიც ეხსნება მოსვენებით მდგომარეობაში. 2017 წლის 14 ნოემბერს პაციენტს აღენიშნა მზარდი ჰაერის უკმარისობა, ქოშინი, გამოიხატა ორთოპნოე, რის გამოც თვითდინებით მიმართა ცენტრს, მდგომარეობა შეფასდა მძიმედ, პაციენტი მოთავსდა შინაგანი მედიცინის დეპარტამენტში.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს №36 დადგენილების №1 დანართის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც: წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს. ამავე დანართის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მიმწოდებლის მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესით წარდგენილი ტარიფი უნდა ითვალისწინებდეს პროგრამული შემთხვევის დასაწყისიდან მის დასრულებამდე სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტისთვის აღმოჩენილ ყველა სამედიცინო აუცილებლობით განპირობებულ ჩარევას, მათ შორის, გაუტკივარების, გამოყენებული მედიკამენტების, სხვა სამკურნალო თუ სახარჯი მასალისა და ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების ღირებულებას, პოსტანესთეზიური მოვლისა და ინტენსიური მკურნალობის/მოვლის განყოფილებაში პაციენტის დაყოვნების გათვალისწინებით, როდესაც პაციენტები იმყოფებიან ერთი ან მეტი სასიცოცხლო ფუნქციის უკმარისობის განვითარების რისკის ქვეშ და ვიტალური ფუნქციების მოსალოდნელი გაუარესების გამო საჭიროებენ მუდმივ ინტენსიურ მეთვალყურეობასა და ფარმაკოლოგიურ ან/და მინიმალურ აპარატურულ მხარდაჭერას.
მოცემულ შემთხვევაში, სადავო სამედიცინო შემთხვევის ინსპექტირების შედეგად, მკურნალობდა შპს „...ში“ 2017 წლის 14 ნოემბრიდან 2017 წლის 18 ნოემბრის ჩათვლით გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში, დიაგნოზებით: I50.0 გულის უკმარისობა; J44.1 ფილტვის ქრ. ობსტრუქციული ავადმყოფობა -/INT0001/1/-/- I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა. რეგისტრაციის ელექტრონულ მოდულში დაფიქსირებული მონიტორიმგის განმახორციელებლი პირის კომენტარის გათვალისწინებით, პაციენტი 16 ნოემბრის დილის 10:00 საათიდან აღარ საჭიროებდა I დონის ინტენსიურ მკურნალობა/მოვლას.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ დასახელებული პაციენტის სამედიცინო შემთხვევასთან მიმართებით ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან სამედიცინო მომსახურებაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურებაზე უარის საფუძველი ამ მომსახურების პროგრამით გათვალისწინებული პირობების დარღვევა გახდა, თუმცა ამგვარი დასკვნა არ არის დასაბუთებული, ვინაიდან სადავო აქტებით არ იკვეთება საქმეში დაცული რომელი მონაცემების საფუძველზე, მიიჩნია სააგენტომ, რომ პაციენტი 16 ნოემბრის დილის 10:00 საათიდან აღარ საჭიროებდა I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლას. შესაბამისად, არ იკვეთება, რას ემყარება ადმინისტრაციული ორგანოს უარი. თანხის ანაზღაურებაზე. გასაჩივრებული გადაწყვეტილებებიდან ვერ დგინდება, თუ რომელ მტკიცებულებებს დაეყრდნო ადმინისტრაციული ორგანო. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემული გარემოებები ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია და საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამასთან, სადავო შემთხვევის სპეციფიკის გათვალისწინებით, მოცემულ ეტაპზე სწორედ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არის შესაძლებელი საკითხის სრულყოფილად შესწავლა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტომ სადავო აქტის მიღებისას სათანადოდ არ დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არ მისცა მათ ჯეროვანი სამართლებრივი შეფასება. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებით დადგენილი, ადმინისტრაციული წარმოების საქმის გარემოებათა სრულყოფილად დადგენისა და შესწავლის მეშვეობით დასაბუთებული აქტის გამოცემის მოთხოვნები. აღნიშნული კი წარმოადგენს „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებზე უარის თქმის შესახებ“ სადავო აქტის ბათილად ცნობისა და „პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ“ გასაჩივრებული აქტის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის საფუძველს.
ამრიგად, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 სექტემბრის განჩინება;
3. კასატორს - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე) (ს/ნ 200294519) დაუბრუნდეს 2021 წლის 7 აპრილს №08862 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე