Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე Nბს-826(2კ-19) 05 დეკემბერი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ა. მ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.03.2019წ. განჩინებაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.03.2019წ. განჩინებით ა. მ-ისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 27.11.2017წ. გადაწყვეტილება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.07.2019წ. განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული. საქართველოს უზენაეს სასამართლოში 26.11.2019წ. წარმოდგენილ იქნა ა. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.03.2019წ. განჩინებაზე.

სსკ-ის 397.1 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე, ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ დაიშვება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.3 მუხლის შესაბამისად საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. სსსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთი, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, რჩება განუხილველად.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო განჩინების ასლს უგზავნის უშუალოდ მხარეს ან მის წარმომადგენელს, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი მიიჩნევა მხარისათვის გაგზავნილად (სასკ-ის 13.2 მუხ.). განჩინება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს (სსსკ-ის 70.1 მუხ.). განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სააპელაციო პალატის 13.03.2019წ. განჩინების ასლი საქმეში მითითებულ მისამართზე ა. მ-ის წარმომადგენელს - რ. რ-ეს გაეგზავნა 24.04.2019წ. და უფლებამოსილ პირს ჩაბარდა 30.04.2019წ. (ტ.3, ს.ფ. 90, 95). მხარისათვის აღნიშნული განჩინების გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 21.05.2019წ. (სამშაბათი) 24 საათი. საქმეში დაცული მასალებით დასტურდება, რომ კასატორმა საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა 26.11.2019წ. (ტ.3, ს.ფ. 194). ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.03.2019წ. განჩინება ა. მ-ის მიერ საკასაციო წესით გასაჩივრებულია გასაჩივრების 21 დღიანი ვადის დარღვევით, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.

კასატორმა 26.11.2019წ. წარმოდგენილ განცხადებაში აღნიშნა, რომ მას უზენაესი სასამართლოს მეშვეობით ჩაბარდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.03.2019წ. განჩინება და მხოლოდ აღნიშნულის შემდეგ გახდა მისთვის ცნობილი საქმის საკასაციო წესით განხილვის შესახებ. როგორც ზემოთ აღინიშნა, სააპელაციო პალატის 13.03.2019წ. განჩინების ასლი საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა ა. მ-ის წარმომადგენელს - რ. რ-ეს (საქმეში დაცულია ნოტარიულად დამოწმებული, ძალაში მყოფი რწმუნებულება (ტ. 3, ს.ფ. 88-89)) და 30.04.2019წ. ჩაბარდა უფლებამოსილ პირს. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ რ. რ-ეს 12.08.2019წ. ჩაბარდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.07.2019წ. განჩინება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების თაობაზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის ასლთან ერთად. 02.09.2019წ. ა. მ-ის მიერ უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილ იქნა საკასაციო შესაგებელი. ა. მ-ის მიერ 26.11.2019წ. წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში კასატორის წარმომადგენლად მითითებულია დ. ნ-ი. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც რ. რ-ის სახელზე გაცემული რწმუნებულება ძალაშია და არ გაუქმებულა, წარმომადგენლის შემდგომში შეცვლა არ იწვევს საპროცესო ვადის გაგრძელებას. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.03.2019წ. განჩინება ა. მ-ის მიერ საკასაციო წესით გასაჩივრებულია გასაჩივრების 21 დღიანი ვადის დარღვევით, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 396-397-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.03.2019წ. განჩინებაზე დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი