Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 312-დად 22 დეკემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),

მ. ისაევი,

ი. ბიბილაშვილი

განიხილა ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილე თ. პ-ს კერძო საკასაციო საჩივარი ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 1 დეკემბრის დადგენილებაზე, რომლითაც გაუქმდა ქ. თბილისის პროკურატურის გამომძიებელ ი. ლ-ს დადგენილება ბრალდებულ რ. მ-ს მიმართ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ.

გამომძიებელ ი. ლ-ს დაევალა მის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულ რ. მ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესამოწმებლად სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნა.

აღწერილობითი ნაწილი:

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 4 სექტემბრის ბრძანებით ბრალდებულ რ. მ-ს აღკვეთის ღონისძიებად შეეფარდა პატიმრობა 3 თვის ვადით. მას წარედგინა ბრალდება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ს 182-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა", “ბ", “გ”, “დ” ქვეპუნქტებით, მესამე ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, შემდეგ პატიმრობის ვადა გაუგრძელდა 6 თვემდე.

2003წ. 20 ნოემბერს ბრალდებულ რ. მ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა შუამდგომლობით მიმართეს გამომძიებელ ი. ლ-ს, რომ, ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გარკვევის მიზნით, დანიშნულიყო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

გამომძიებელმა ი. ლ-მ 2003წ. 21 ნოემბერს თავისი დადგენილებითYუარი უთხრა ადვოკატებს წარმოდგენილი შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე.

გამომძიებლის აღნიშნული დადგენილება იმავე წლის 26 ნოემბერს ადვოკატებმა გაასაჩივრეს ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში. სასამართლომ საჩივარი განიხილა 1 დეკემბერს და დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივრით პროკურორი თ. პ. ითხოვს სასამართლოს დადგენილების გაუქმებას, მიუთითებს, რომ ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულებისას სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია, იზრუნოს პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და ასეთ შემთხვევაში იგი უნდა მოთავსდეს საპყრობილესთან არსებულ დაწესებულებაში. ამ ეტაპზე არ არსებობს საფუძველი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებისათვის.

პალატის სხდომაზე პროკურორმა თ. პ-მ მხარი დაუჭირა წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ.

ადვოკატმა მ. ნ-მ კანონიერად მიიჩნია სასამართლოს მიერ რ. მ-ს მიმართ მიღებული დადგენილება და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვების შესახებ.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილება არის კანონიერი და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლომ სავსებით კანონიერად მიუთითა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე” ქვეპუნქტის თანახმად ეჭვმიტანილს, ხოლო ამავე კოდექსის 76-ე მუხლის მეორე ნაწილით ბრალდებულს, უფლება აქვს მოითხოვოს სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესამოწმებლად, რაც დაუყოვნებლივ უნდა დაკმაყოფილდეს. ამდენად, მოქმედი საპროცესო კანონი იმპერატიულად მიუთითებს, რომ ბრალდებულის მოთხოვნა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესამოწმებლად სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის მოთხოვნის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა დაკმაყოფილდეს, მით უმეტეს, დაცვის მხარემ წარადგინა სამედიცინო ცნობები ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ.

ასეთ ვითარებაში სასამართლოს მიერ ბრალდებულ რ. მ-ს მიმართ მიღებული გადაწყვეტილება არის კანონიერი და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ, იხელმძღავნელა რა საქართველოს სსსკ-ს 242-ე და 243-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

პროკურორის კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 1 დეკემბრის დადგენილება რ. მ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.