Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 313-აპ 23 დეკემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),

მ. ისაევი,

დ. სულაქველიძე

განიხილა გენერალური პროკურატურის სახელმწიფო ბრალდების სამმართველოს პროკურორ გ. ქ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 24 ოქტომბრის განაჩენზე, რომლითაც ცვლილება შევიდა დუშეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 16 ივნისის განაჩენში მ. ზ-ს მიმართ, კერძოდ: მ. ზ-ს განაჩენით შეფარდებული სასჯელიდან _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთიდან _ მოუხდელი ნაწილი _ ერთი წელი, რვა თვე და 24 დღე _ შეეცვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა სამი წელი. გაუქმდა მ. ზ-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ დაპატიმრება და იგი სასამართლო სხდომის დარბაზიდან გათავისუფლდა პატიმრობიდან.

აღწერილობითი ნაწილი:

დუშეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 16 ივნისის განაჩენით მ. ზ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “გ” პუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” პუნქტით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა სამი წლით მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. განაჩენით მას მსჯავრი დაედო ქურდობაში წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რაც გამოიხატა შემდეგში:

2002წ. 8 ივნისს მ. ზ. ქ. თბილისიდან ავიდა თიანეთის რაიონის სოფ. დორეულში ბებიასთან – ნ. ე-თან ნათესავ ვ. თ-თან ერთად, რათა მიხმარებოდა ბებიას ხვნა-თესვაში. მან მეზობლად შეამჩნია ნ. ზ-ს სააგარაკე ბინა, რომლის კარ-ფანჯრებიც ალუმინისაგან იყო დამზადებული. ვინაიდან უჭირდა ეკონომიკურად, ჰყავდა ავადმყოფი ძმა, განიზრახა აღნიშნული ბინიდან კარ-ფანჯრების ფარული მოხსნა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რათა გაეყიდა და აღებული ფულით ძმისთვის წამლები ეყიდა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით 2002წ. 10 ივნისს იგი დანაშაულებრივად დაუკავშირდა ვ. თ-ს, მიიღო ალკოჰოლური სასმელი და დაახლოებით ღამის 1 საათზე, ვ. თ-თან ერთად, დარწმუნებულმა იმაში, რომ ბინაში არავინ იმყოფებოდა, ფარულად შეაღწია იქ და ორივემ დაიწყეს ალუმინის კარ-ფანჯრების მოხსნა. გამთენიისას, დაახლოებით 6 საათზე, იმის შიშით, რომ მეზობლებს არ შეემჩნიათ, დროებით შეწყვიტეს დანაშაულებრივი ქმედება. მეორე ღამეს მათ კვლავ შეაღწიეს ნ. ზ-ის სააგარეკე ბინაში, ჩამოხსნეს ალუმინის ოთხი ფანჯარა და ერთი კარი ჩარჩოიანად, მიიტანეს ნ. ე-ს სახლში, დაამტვრიეს და ჩააწყვეს მ. ზ-ს კუთვნილ ავტო-მანქანა ,,მოსკვიჩში”. საღამო ხანს მ. ზ. ა/მანქანით წავიდა თბილისში და გლდანის მიმდებარე ტერიტორიაზე ლითონის შემსყიდველ პუნქტში 1 ლარად და 20 თეთრად ჩააბარა დაახლოებით 125 კგ ალუმინი. მას სულ გადაუხადეს 150 ლარი, რომელიც მოიხმარა ოჯახური საჭიროებისათვის. აღნიშნული ქმედებით დაზარალებულს მიადგა მნიშვნელოვანი ზაინი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი გ. ქ. ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებასა და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის გადაცემას, შეფარდებული სასჯელის აშკარად სიმსუბუქის გამო. იგი მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გაითვალისწინა ყველა შემამსუბუქებელი გარემოება და მას სავსებით კანონიერად ჰქონდა შეფარდებული სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმი.

პალატის სხდომაზე პროკურორმა ა. ს-მა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა პროკურორის მოსაზრება და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი არის კანონიერი და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:

მსჯავრდებულ მ. ზ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული დადგენილია, მის ქმედებას მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება. სასჯელის განსაზღვრისას სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა, რომ მ. ზ-მა აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, მისი წარსული არაფრითაა შებღალული, საცხოვრებელი ადგილიდან და სასწავლებლიდან ხასიათდება დადებითად, დაზარალებულს მოუხადა ბოდიში და შეჰპირდა მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, აქვს მძიმე ოჯახური და ეკონომიკური მდგომარეობა _ მამა ადრე გარდაეცვალა, ზრდიდა მარტოხელა დედა, ჰყავს მძიმედ დაავადებული ძმა.

ყველა ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართალოს მიერ მ. ზ-ს მიმართ განსაზღვრული სასჯელი არის კანონიერი და არ არსებობს განაჩენის გაუქმების კანონიერი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ს 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

პროკურორის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 24 ოქტომბრის განაჩენი მ. ზ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.