საქმე #ბს-521(3კ-21) 25 ნოემბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 9 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2019 წლის 12 აპრილს ლ. ც-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს მთავრობისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 2000 წლიდან მას თვითნებურად აქვს დაკავებული ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ...ში, ...ის ქუჩის N...-ში მდებარე 3 000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული #01 (253.7 კვ.მ), #02 (15.5 კვ.მ) და #03 შენობა-ნაგებობები (20.2 კვ.მ). მან განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ზემოაღნიშნულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აღიარება/რეგისტრაცია მოითხოვა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ აღნიშნული განცხადება და მასზე თანდართული დოკუმენტები „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საკუთრების უფლების აღიარების მიზნით გადააგზავნა ქობულეთის მუნიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში. კომისიამ 2017 წლის 6 ოქტომბრის #11-02/16 ოქმით მოსარჩელეს უარი უთხრა საკუთრების უფლების აღიარებაზე, ვინაიდან ის მიწის ნაკვეთი, რომელზეც ლ. ც-ე მოითხოვდა საკუთრების უფლების აღიარებას, რეგისტრირებული იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად (ს.კ. ...) და არა სახელმწიფოს საკუთრებად.
ამასთან, მოსარჩელის მითითებით, როგორც საჯარო რეესტრის ამონაწერით ირკვევა, მის მიერ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად რეგისტრირებულია საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 ნოემბრის #737 განკარგულებისა და 2008 წლის 25 ნოემბერს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შორის გაფორმებული #1-10661 ხელშეკრულების საფუძველზე.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 6 ოქტომბრის #11-02/16 ოქმი, საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 ნოემბრის #737 განკარგულება და 2008 წლის 25 ნოემბერს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შორის გაფორმებული #1-10661 ხელშეკრულება არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი.
ამდენად, მოსარჩელემ ქობულეთის მუნიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 6 ოქტომბრის #11-02/16 ოქმის ნაწილობრივ, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 ნოემბრის #737 განკარგულების ნაწილობრივ, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შორის 2008 წლის 25 ნოემბერს გაფორმებული #1-10661 ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა და საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ ...ში, ...ის ქუჩის N...-ში მდებარე 3 000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ #01 შენობა-ნაგებობაზე (253.7 კვ.მ), #02 შენობა-ნაგებობაზე (15.5 კვ.მ) და #03 შენობა-ნაგებობაზე (20.2 კვ.მ) ლ. ც-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი აქტის გამოცემა მოითხოვა.
ამასთან, მოსარჩელემ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე იშუამდგომლა, კერძოდ, მოითხოვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე და 198-ე მუხლების საფუძველზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში რიცხულ, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ...ში მდებარე 16 226.00 კვ.მ ფართის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: ...) ყადაღის დადება, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 12 აპრილის განჩინებით ლ. ც-ის განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აეკრძალა საჯარო რეესტრის ამონაწერის შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში რიცხული, ქობულეთში, ...ში მდებარე 16 226.00 კვ.მ ფართის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (საკადასტრო კოდი: ...), ლ. ც-ის საკუთრების უფლების აღიარებას მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: ...) ნაწილის გასხვისება, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, ლ. ც-ის მიერ ამ #882017176229 განაცხადით წარდგენილი საკადასტრო/აგეგმვითი აზომვითი ნახაზის შესაბამისად, დავაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით ლ. ც-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 ნოემბრის #737 განკარგულება, ...ში, ...ის ქუჩის N...-ში მდებარე 3 000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შორის 2008 წლის 25 ნოემბერს გაფორმებული #1-10661 ხელშეკრულება, ...ში, ...ის ქუჩის N...-ში მდებარე 3 000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილში.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ და საქართველოს მთავრობამ, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 9 თებერვლის განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელე ლ. ც-ის მიერ წარმოდგენილი საბინაო წიგნის ჩანაწერით ირკვეოდა, რომ იგი (ლ. ც-ე) 1991 წლიდან არის ...ში, ...ის ქუჩის N...-ში (ყოფილი ...ის) ჩაწერილი. სარჩელზე თანდართული, ...ის ქუჩის N...-ში მდებარე, საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე ნაგებობების გეგმა-ნახაზით დასტურდება მათი ფაქტობრივი არსებობა. ...ის გამგებლის წარმომადგენლის 20.10.2014წ. შუამდგომლობის აქტისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსისადმი წარდგენილი მოხსენებითი ბარათით დადგენილია, რომ ლ. ც-ე 1991 წლიდან ცხოვრობს ...ში, ...ის ქუჩის N...-ში და 1993 წლიდან სარგებლობს ...ის ქუჩის N...-ის მიმდებარე მიწის ნაკვეთით, აზომვითი ნახაზის მიხედვით 3 000 კვ.მ ფართით და ზედ განთავსებული სამი შენობა-ნაგებობით. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ადმინისტრაციული სამსახურის მიერ 2019 წლის 11 ნოემბერს გაცემული ცნობის თანახმად, ლ. ც-ე ნამდვილად ცხოვრობს ...ში, ...ის ქუჩის N...-ში. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე მხარის მიერ საქალაქო სასამართლოში წარდგენილი ორთოფოტოთი, რომელიც ასახავს 2000 წლის მდგომარეობით სადავო მიწის ნაკვეთს, დასტურდება ლ. ც-ის კუთვნილი სამივე შენობა-ნაგებობების არსებობა.
ამდენად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის დასაბუთება და მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანოებმა სრულყოფილად არ გამოიკვლიეს მიწის ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებაში აღრიცხვის საკითხის გადაწყვეტის დროს საჭირო ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების გარეშე მიიღეს სადავო გადაწყვეტილებები, რამდენადაც საჯარო რეესტრისადმი მიმართვის დროისათვის, ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 16 226.00 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან 3 000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე უკვე განთავსებული იყო მოსარჩელე ლ. ც-ის ფაქტობრივ მფლობელობა-სარგებლობაში არსებული საცხოვრებელი და დამხმარე სამეურნეო დანიშნულების შენობა-ნაგებობები და ჯერ სახელმწიფოს, ხოლო შემდეგ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრების უფლების სარეგისტრაციოდ საჯარო რეესტრში წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზები მოიცავდა მას, თუმცა შენობა-ნაგებობები ამ ნახაზებზე არ ყოფილა აღნიშნული (დატანილი). მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოებს მხედველობაში არ მიუღიათ ეს გარემოება და არც სამართლებრივი თვალსაზრისით შეუფასებიათ იგი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 9 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ და საქართველოს მთავრობამ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორის - საქართველოს მთავრობის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის სახელმწიფო ქონების საკუთრებაში გადაცემის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 19 თებერვლის #26 დადგენილებისთვის სადავო მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის არსებობა, არ წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრების რეგისტრაციის, ხოლო შემდეგ მისი განკარგვის ხელშემშლელ ფაქტორს, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ შენობა-ნაგებობებზე საჯარო რეესტრში ვინმეს საკუთრების უფლება კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული არ იყო.
კასატორი მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმასაც, რომ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 ნოემბრის #737 განკარგულების გამოცემისას, შენობა-ნაგებობის ამსახველი საკადასტრო აზომვითი ნახაზებით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებშიც ვერ განხორციელდებოდა ნახაზზე დატანილი შენობა-ნაგებობების მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებული ფაქტების კვლევა, ვინაიდან აღნიშნული წარმოადგენდა სხვა უწყების უფლებამოსილების კომპეტენციას.
კასატორი ასევე მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა და სწორად განემარტა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, რომლის შესაბამისად, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება ის მიწის ნაკვეთი, რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არის განკარგული. მითითებული მუხლის დისპოზიციის შესაბამისად, მოთხოვნის წარდგენის მომენტისათვის, კანონი დასაშვებად მიიჩნევს სახელწიფოს მიერ თვითნებურად დაკავებული ქონების განკარგვას, რაც თავის მხრივ, საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძველია.
ამასთან, კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი, რომელიც თავის მხრივ, ითვალისწინებს ფიზიკური პირისათვის ქონების გადაცემის სხვადასხვა ფორმებს. აღნიშნული კანონის შესაბამისად, ლ. ც-ეს დღევანდელი მდგომარეობითაც შეუძლია მიმართოს შესაბამის უწყებას მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით. განსახილველ შემთხვევაში, საკადასტრო აზომვით ნახაზებზე შენობა-ნაგებობების დატანა არ შეცვლიდა და გავლენას ვერ მოახდენდა საქართველოს მთავრობის მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის ქონების გადაცემის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე.
კასატორის - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განმარტებით, იმ პირობებში, როდესაც სადავო ქონება ირიცხებოდა სახელმწიფო საკუთრებაში, სამინისტროს სრული უფლება ჰქონდა „სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს მთავრობის 2005 წლის 19 თებერვლის #26 დადგენილებით დამტკიცებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის სახელმწიფო ქონების გადაცემის წესის“ შესაბამისად, მიეღო გადაწყვეტილება და განეხორციელებინა სახელმწიფო ქონების ავტონომიური რესპუბლიკისათვის საკუთრებაში გადაცემა.
კასატორი მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებზე და აღნიშნავს, რომ საკუთრების უფლების აღიარებას ექვემდებარება მხოლოდ იმ სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაშია. შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით, აუცილებელია, რომ მიწა იყოს სახელმწიფო საკუთრება და იგი არ უნდა იყოს განკარგული სახელმწიფოს მიერ.
ამასთან, კასატორის მოსაზრებით, უსაფუძვლოა სასამართლოს მითითება ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მოსარჩელის მოწვევის თაობაზე, ვინაიდან საქართველოს მთავრობა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო არ წარმოადგენენ საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილ ორგანოებს. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ წინასწარ უცნობია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების აღიარების კომისია საკითხის ხელახალი განხილვისას ჩათვლის თუ არა ლ. ც-ეს მიწის ნაკვეთის დამკავებლად და მისი განცხადება დააკმაყოფილებს თუ არა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს.
კასატორის - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს განმარტებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკუთრების სამართლებრივი საფუძვლების (საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 ნოემბრის #737 განკარგულების და 2008 წლის 25 ნოემბრის #1-10661 ხელშეკრულების) ბათილობის შესახებ გადაწყვეტილება იმ შემთხვევაში იქნებოდა დასაბუთებული, თუკი საკუთრების უფლების აღიარებისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები და მტკიცებულებები სრულყოფილად იქნებოდა გამოკვლეული და საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად გამოიკვეთებოდა, რომ მოსარჩელე მხარისათვის საკუთრების უფლების აღიარების ერთადერთი დამაბრკოლებელი გარემოება სადავო მიწის ნაკვეთის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად რეგისტრაცია იყო. კასატორი მიუთითებს, რომ საქმეში არსებული დოკუმენტაციით უტყუარად არ დგინდება მიწის ნაკვეთზე „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებდე შენობა-ნაგებობის არსებობის ფაქტი, ასევე, სადავოა თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის ფართობი/ფაქტობრივი საზღვრები.
კასატორი მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის #376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტზე და საქმეში წარმოდგენილ საბინაო წიგნის ქსეროასლთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ როგორც მასში არის მითითებული, ლ. ც-ე 1991 წლის მდგომარეობით ცხოვრობდა ...ში, ...ის ქ. #72ა-ში, მაგრამ საქმეში არსებული არც ერთი დოკუმენტით არ დასტურდება, ...ის ქ. #72ა და ...ის ქ. #72ა არის თუ არა ერთი და იმავე უძრავი ნივთის მისამართი. უფრო მეტიც, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად საკადასტრო კოდით #... რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის (რომელთანაც ზედდებაშია სადავო მიწის ნაკვეთი) მისამართია ქობულეთი, ...ი.
რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ დღეის მდგომარეობით სადავო მიწის ნაკვეთზე მოსარჩელეს აშენებული აქვს საცხოვრებელი სახლი, მას შეუძლია მიმართოს სახელმწიფოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული და ფიზიკური პირების მიერ საცხოვრებელ სადგომად გამოყენებული საცხოვრებელი ან არასაცხოვრებელი ფართების შემსწავლელ შერეულ სამთავრობო კომისიას, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 4 აპრილის #8 დადგენილების შესაბამისად, წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, 2010 წლამდე თვითნებურად დაკავების ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, რეკომენდაციით მიმართავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 14 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილია ქობულეთის მუნიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 6 ოქტომბრის #11-02/16 ოქმის ნაწილობრივ, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 ნოემბრის #737 განკარგულების ნაწილობრივ, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შორის 2008 წლის 25 ნოემბერს გაფორმებული #1-10661 ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა და საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ ...ში, ...ის ქუჩის N...-ში მდებარე 3 000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ #01 შენობა-ნაგებობაზე (253.7 კვ.მ), #02 შენობა-ნაგებობაზე (15.5 კვ.მ) და #03 შენობა-ნაგებობაზე (20.2 კვ.მ) ლ. ც-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი აქტის გამოცემა.
საკასაციო სასამართლო, უპირველესად, აღნიშნავს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით ლ. ც-ის მიერ არ გასაჩივრებულა. შესაბამისად, ამ ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში, რისი გათვალისწინებითაც, თავის მხრივ, ძალაშია ქობულეთის მუნიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 6 ოქტომბრის #11-02/16 ოქმი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ოქტომბრის #ბს-504-501(კ-17) გადაწყვეტილებაში საკასაციო პალატამ განმარტა, რომ „„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტში მოცემული დეფინიციის თანახმად თვითნებურად დაკავებული მიწა არის ფიზიკური პირის მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი. აღნიშნული ნორმის შინაარსით სახელმწიფო საკუთრების მიწა პირის მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე უნდა იყოს თვითნებურად დაკავებული. კანონის გამოყენების მიზნებისათვის მნიშვნელოვანია იმ ფაქტის დადგენა, რომ პირის მიერ მოხდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის დაკავება. აღნიშნულ კონტექსტში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის მოხსენიება არ ნიშნავს, რომ განცხადების განხილვის მომენტში მიწა უცილობლად მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებაში უნდა იმყოფებოდეს. ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებიდან ადგილობრივ საკუთრებაში გადაცემით არ გაუქმებულა ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობა, ვინაიდან აღნიშნულით არ მომხდარა ნაკვეთის პრივატიზება, მისი განკერძოება.“
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში აღრიცხვის ფაქტი არ წარმოადგენს მასზე „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე კერძო პირის საკუთრების უფლების აღიარების შემზღუდავ გარემოებას. შესაბამისად, უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში აღრიცხვის ფაქტი საკუთრების უფლების აღიარების კომისიას არ აბრკოლებდა, საერთო წესების დაცვით განეხილა ლ. ც-ის განცხადება. მიუხედავად აღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო მოკლებულია პროცესუალურ შესაძლებლობას, იმსჯელოს უშუალოდ ქობულეთის მუნიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერებაზე, რამდენადაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც აღნიშნული აქტის ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელი არ იქნა დაკმაყოფილებული, მოსარჩელე ლ. ც-ის მიერ სააპელაციო წესით არ გასაჩივრებულა, რის გამოც გადაწყვეტილება ამ ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ სარჩელის მიზანი სასამართლოთა მხრიდან საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით უნდა მიღწეულიყო და არ არსებობდა საქართველოს მთავრობის გასაჩივრებული განკარგულებისა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ სადავო ხელშეკრულების გაუქმების საჭიროება, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, საკასაციო საჩივრების არსებითად განხილვა, სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ამ ნაწილშიც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა სრულად შეუძლებელს გახდის მოსარჩელის უფლების ეფექტურ რეალიზაციას. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვება მნიშვნელოვანია იმისათვის, რათა მოსარჩელეს სამომავლოდ შეუნარჩუნდეს უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვების ფაქტობრივ-სამართლებრივი შესაძლებლობა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 9 თებერვლის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ბ. სტურუა