Facebook Twitter

საქმე #ბს-610(კ-21) 25 ნოემბერი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ნ. კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2016 წლის 24 ივნისს ნ. კ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისის და მესამე პირის - ქ. ჯ-ის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, ნ. ს-ს 2004 წლის 20 იანვარს გაცემული მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობის შესაბამისად, სოფელ ...ის ტერიტორიაზე საკუთრებაში უფიქსირდება 51.6 ჰა მიწის ნაკვეთი. იმ პერიოდში, როდესაც ნ. ს-ზე გაიცა მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა, აღნიშნული მოწმობა საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის #327 ბრძანებულების საფუძველზე გაიცემოდა.

მოსარჩელის მითითებით, მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობის გაცემისათვის საჭირო იყო სამი უფლებადამდგენი დოკუმენტიდან (1. მიწის მიღება-ჩაბარების აქტი; 2. მიწის განაწილების სია; 3. საგადასახადო სია) თუნდაც ერთ-ერთის არსებობა. პირველი ორი დოკუმენტით ცალსახად იყო განსაზღვრული საქართველოს მოქალაქეებზე გადასაცემი მიწის ნაკვეთის ფართობის ზედა ზღვარი/ნორმა - 1.25 ჰექტარი. მესამე უფლებადამდგენი დოკუმენტის მიხედვით კი (საგადასახადო სია), რომელიც იყო ერთ-ერთი საფუძველი საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობის გაცემისა, ნ. ს-ის სახელზე ირიცხება 3.666 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთი. მოსარჩელისათვის გაურკვეველია, მიწის რეგისტრატორისა და ნ. ს-ის უკანონო ქმედების გარეშე, როგორ აღმოჩნდა ნ. ს-ის საკუთრებაში 51.6 ჰა მიწის ნაკვეთი ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ასევე, როგორ მოექცა მოსარჩელის კუთვნილი 0.775 ჰექტარი მიწის ნაკვეთი სწორედ აღნიშნულ 51.6 ჰექტარში.

მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნაკვეთს, რომელზეც გაშენებულია ვენახი, დღემდე ამუშავებს მოსარჩელის ოჯახი, თუმცა საჯარო რეესტრისათვის საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით მიმართვის შემდეგ, სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა იმ მოტივით, რომ არსებობდა ზედდება. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შემდგომ მან შეიტყო, რომ სადავო მიწის ნაკვეთი დარეგისტრირებული ყოფილა ქ. ჯ-ეზე, რომელმაც 2007 წელს ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე მიიღო სადავო მიწის ნაკვეთი კ. ს-ისაგან, კ. ს-მა კი აღნიშნული ქონება მისი შვილის - ნ. ს-ისაგან სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე მიიღო.

მოსარჩელის მითითებით, ამჟამად ქ. ჯ-ის საკუთრებაშია 938 830 კვ.მ ფართობის მქონე მიწის ნაკვეთი. ამ ფართობში გაერთიანებულია რამდენიმე პირის, მათ შორის, ნ. კ-ის საკუთრებაც. მოსარჩელე განმარტავს, რომ მას გააჩნია უფლებადამდგენი დოკუმენტები - როგორც საარქივო ცნობა, ასევე, საგადასახადო სია, თუმცა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი გაყალბებული დოკუმენტაციის საფუძველზე ნ. ს-მა მიითვისა.

ამდენად, მოსარჩელემ 2004 წლის 20 იანვრის მიწის სარეგისტრაციო მოწმობის (საკადასტრო კოდით #...) ნაწილობრივ, კერძოდ, ნ. კ-ის მიწის ნაკვეთის - 0.775 ჰექტარის ნაწილში მისი ძალაში შესვლის დღიდან ბათილად ცნობა და #... საკადასტრო კოდით (ნაკვეთის წინა ნომერი - ...) რეგისტრირებული უძრავი ნივთის რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თელავის სარეგსტრაციო სამსახურის 2007 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილების ნაწილობრივ, კერძოდ, ნ. კ-ის მიწის ნაკვეთის ნაწილში ბათილად ცნობა მოითხოვა. მოსარჩელემ ასევე სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებისა და სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 3 მაისის გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 24 მაისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისისათვის ახალი აქტის გამოცემისა და წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით ნ. კ-ის სახელზე მიწის რეგისტრაციის დავალება მოითხოვა.

თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 28 ივნისის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ქ. ჯ-ე.

თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის განჩინებით დაუშვებლობის მოტივით შეწყდა საქმის წარმოება ნ. კ-ის სასარჩელო განცხადებაზე 2004 წლის 20 იანვრის მიწის უძრავი ქონების საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობის ს.კ. ... ნაწილობრივ, კერძოდ, ნ. კ-ის მიწის ნაკვეთის 0.775 ჰექტარის ბათილად ცნობის ნაწილში.

თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით ნ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. კ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 აპრილის განჩინებით ნ. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, რეგისტრაცია ძალადაკარგულად ცხადდება, თუ წარმოდგენილია სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს უფლების გადასვლის ან/და შეწყვეტის ფაქტს. რეგისტრაცია წარმოებს სარეგისტრაციო დოკუმენტის საფუძველზე, რომელსაც „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, განეკუთვნება სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მესამე პირის მიერ წარდგენილი უფლების დამდგენი დოკუმენტების კანონიერება სასამართლოს განსჯის საგანი არ გამხდარა. მაშასადამე ძალაშია და არ გაუქმებულა კ. ს-სა და ქ. ჯ-ეს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულება (28.09.2007 წ. #1-6561), 2007 წლის 6 აგვისტოს გაცემული სამკვიდრო მოწმობა, რომლითაც ნ. ს-ის სამკვიდრო ქონების და, მათ შორის, სადავო მიწის ნაკვეთის მესაკუთრე გახდა კ. ს-ი. გარდა ამისა, სააპელაციო პალატის მითითებით, საქმის მასალებით დადგენილი იყო, რომ სადავო მიწის ნაკვეთის ნაწილში, ნ. ს-ის 2004 წლის 20 იანვრის მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობის ბათილად ცნობის შესახებ სასარჩელო მოთხოვნაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის წარმოება შეწყდა, რაც უცვლელად დარჩა სააპელაციო პალატის განჩინებით. ამდენად, ასევე ძალაშია და არ გაუქმებულა 2004 წლის 20 იანვრის, მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა, რომლითაც ნ. ს-ის საკუთრებაში ერიცხებოდა თელავის რაიონის სოფელ ...აში მდებარე 51.6 ჰა მიწის ნაკვეთი (ს.კ. ...). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები კანონშესაბამისი იყო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. კ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია სადავო მიწის ნაკვეთის თავდაპირველ მესაკუთრეზე რეგისტრაციის კანონიერების საკითხი, არ შეამოწმა სადავო აქტის კანონიერება. სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. ნ. კ-ს სწორედ იმ მიწის ნაკვეთზე გააჩნია უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის რეგისტრაციაც მოითხოვა და რომელსაც ყოველგვარი კანონისმიერი საფუძვლის გარეშე თავდაპირველად ნ. ს-ი დაეუფლა.

კასატორის მითითებით, სადავოდ გამხდარ მიწის სარეგისტრაციო მოწმობას არ გააჩნია სარეგისტრაციო მოწმობის გაცემის რომელიმე კანონისმიერი წინაპირობა. საჯარო რეესტრის არქივში არ იძებნება დოკუმენტი, რომელიც საფუძვლად დაედებოდა 2004 წლის 20 იანვრის მიწის სარეგისტრაციო მოწმობის გაცემას.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ შეფასების მიღმა დატოვა ის ფაქტი, რომ ნ. ს-ს მიწის მიღება-ჩაბარების აქტით ან მიწის განაწილების სიის მიხედვით შეეძლო მიეღო მაქსიმუმ 1.25 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, თუმცა მის სახელზე გაცემული სარეგისტრაციო მოწმობის თანახმად, მას საკუთრებაში ერიცხება 51.6 ჰექტარი.

კასატორი აღნიშნავს, რომ ნ. კ-მა მხოლოდ 2016 წელს, კერძოდ, საჯარო რეესტრისათვის ქონების რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართვის შემდგომ შეიტყო მისი უფლების დარღვევის შესახებ. კასატორი მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ მხარემ უფლების დარღვევის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით შეიტყო, რომლის გაცნობიდან 1 თვის ვადაში მან სადავოდ გახადა ის აქტი, რომელზეც ადმინისტრაციულმა ორგანომ ზემოხსენებული გადაწყვეტილებით მიუთითა.

ამასთან, კასატორი საგულისხმოდ მიიჩნევს იმ გარემოებასაც, რომ ნ. კ-ს მანამდე არ შეეძლო ევარაუდა უფლების დარღვევის შესახებ. კერძოდ, სადავო მიწის ნაკვეთის მოსარჩელისათვის გადაცემის მომენტიდან ნ. კ-ი უწყვეტად ფლობს და ამუშავებს მას, ამჟამად მასზე გაშენებულია ვენახი, ხოლო სადავო უძრავი ქონების ამჟამინდელ ან თავდაპირველ უკანონო მესაკუთრეს არც სასამართლოსათვის და არც საპოლიციო ორგანოსათვის (ვიდრე კანონი ამის საშუალებას იძლეოდა) ვინდიკაციური თუ სხვა მოთხოვნით არ მიუმართავს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. კ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს #... საკადასტრო კოდით (ნაკვეთის წინა ნომერი - ...) რეგისტრირებული უძრავი ნივთის რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თელავის სარეგსტრაციო სამსახურის 2007 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილების ნაწილობრივ, კერძოდ, ნ. კ-ის მიწის ნაკვეთის ნაწილში კანონიერება, ასევე სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებისა და სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 3 მაისის გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 24 მაისის გადაწყვეტილების კანონიერება და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისისათვის ახალი აქტის გამოცემისა და წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით ნ. კ-ის სახელზე მიწის რეგისტრაციის დავალება.

საკასაციო სასამართლო უპირველესად მიუთითებს, რომ სხვა სასარჩელო მოთხოვნებთან ერთობლიობაში, მოსარჩელის თავდაპირველ მოთხოვნას წარმოადგენდა, ასევე, 2004 წლის 20 იანვრის მიწის სარეგისტრაციო მოწმობის (საკადასტრო კოდით #...) ნაწილობრივ, კერძოდ, ნ. კ-ის მიწის ნაკვეთის - 0.775 ჰექტარის ნაწილში მისი ძალაში შესვლის დღიდან ბათილად ცნობა. თუმცა თელავის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმული იყო, რის გამოც მითითებულ სასარჩელო მოთხოვნაზე ამავე სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის განჩინებით დაუშვებლობის მოტივით შეწყდა საქმის წარმოება.

თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. კ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 აპრილის განჩინებით ნ. კ-ი კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის განჩინება. ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხსენებულ სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით ნ. კ-ის სარჩელზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინებით შეწყვეტილია საქმის წარმოება, შესაბამისად, ძალაშია 2004 წლის 20 იანვრის მიწის სარეგისტრაციო მოწმობა (საკადასტრო კოდით #...) ნ. კ-ის მიწის ნაკვეთის - 0.775 ჰექტარის ნაწილში.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თელავის სარეგისტრაციო სამსახურის 09.10.2007წ. გადაწყვეტილებით, სადავო მიწის ნაკვეთი დარეგისტრირებულ იქნა ქ. ჯ-ის საკუთრებად. აღნიშნული რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენს კ. ს-სა და ქ. ჯ-ეს შორის, 2007 წლის 28 სექტემბერს გაფორმებული #1-6561 ჩუქების ხელშეკრულება. საქმის მასალებით დადაგენილია, რომ სადავო მიწის ნაკვეთი კ. ს-მა მიიღო, 2007 წლის 6 აგვისტოს გაცემული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, როგორც ნ. ს-ის პირველი რიგის მემკვიდრემ.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ უფლების დამდგენი დოკუმენტის - ჩუქების ხელშეკრულების (28.09.2007წ. #1-6561) კანონიერება უშუალოდ უკავშირდება ქ. ჯ-ის სახელზე სადავო ქონების საჯარო რეესტრში აღრიცხვას, ჩუქების ხელშეკრულების, როგორც უფლებადამდგენი დოკუმენტის, უკანონობა საფუძველს აცლის ამ ხელშეკრულების მიხედვით საკუთრების უფლების რეგისტრაციას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მესამე პირის მიერ წარდგენილი უფლების დამდგენი დოკუმენტების კანონიერება სასამართლოს განსჯის საგანი არ გამხდარა. ამდენად, ძალაშია და არ გაუქმებულა კ. ს-სა და ქ. ჯ-ეს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულება (28.09.2007წ. #1-6561), 2007 წლის 6 აგვისტოს გაცემული სამკვიდრო მოწმობა, რომლითაც ნ. ს-ის სამკვიდრო ქონების და, მათ შორის, სადავო მიწის ნაკვეთის მესაკუთრე გახდა კ. ს-ი. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ სადავო მიწის ნაკვეთის ნაწილში ნ. ს-ის 2004 წლის 20 იანვრის მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობის ბათილად ცნობის შესახებ სასარჩელო მოთხოვნაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინებით შეწყდა საქმის წარმოება, ძალაშია და არ გაუქმებულა 2004 წლის 20 იანვრის, მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა, რომლითაც ნ. ს-ის საკუთრებაში ერიცხებოდა თელავის რაიონის სოფელ ...აში მდებარე 51.6 ჰა მიწის ნაკვეთი (ს.კ. ...).

საკასაციო სასამართლო, ასევე, მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მარტის #ბს-1322(კ-19) განჩინებაზე, რომლითაც საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 ივლისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. მითითებულ საქმეში მოსარჩელე იმყოფებოდა ნ. კ-ის ანალოგიურ მდგომარეობაში, რამდენადაც იგი მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილში იმავე საფუძვლებით სადავოდ ხდიდა ნ. ს-ის სახელზე 51.6 ჰა მიწის ნაკვეთის რეგისტრაციას, კერძოდ, მოითხოვდა 0.722 ჰექტარი მიწის ნაკვეთის ნაწილში, ძალაში შესვლის დღიდან, 2004 წლის 20 იანვრის მიწის სარეგისტრაციო მოწმობის (ს.კ. #...) ბათილად ცნობას.

მოხმობილ საქმეში, საკასაციო პალატამ განმარტა, რომ „საკუთრება არის ფაქტი და დაუშვებელია ბუნებაში მისი აბსტრაქტული სახით არსებობა. რეგისტრირებული საკუთრების უფლების უკან მდგომი შესაბამისი ობიექტის (უძრავი ქონების) რეალურად, ფაქტობრივად არსებობა კი სხვის სახელზე განხორციელებული საკუთრების უფლების რეგისტრაციის ბათილად ცნობის მოთხოვნას უტოლებს დავას საკუთრებაზე, რომელიც, ცხადია, დაუშვებელია დაექვემდებაროს არაგონივრულ შეზღუდვას.“

საკასაციო პალატამ ასევე აღნიშნა, რომ „დავა საკუთრების უფლების წარმოშობის კანონიერებასთან დაკავშირებით, ცხადია, არ უნდა იყოს დროში განუსაზღვრელად დასაშვები, თუმცა საკუთრების უფლების რეალური არსის, მისი მნიშვნელობისა და სამართლებრივი ბუნების გათვალისწინებით, დაუშვებელია დავა საკუთრების უფლებაზე დაექვემდებაროს ხანდაზმულობის არაგონივრულ შემზღუდავ დანაწესებს. შესაბამისად, აუცილებელია, არსებობდეს გონივრული ბალანსი უკვე წარმოშობილი საკუთრების უფლების სამართლებრივი ხელშეუხებლობის მიღწევისათვის საჭირო ვადასა და პირის უფლებას შორის, აწარმოოს დავა დაცვის ღირსი უფლების რეალიზაციის მიზნით.

საკუთრების უფლების ნამდვილი არსისა და მისი განუზომელი მნიშვნელობის მხედველობაში მიღებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ა. ი.-ის მიწის ნაკვეთის - 0.722 ჰექტარის ნაწილში მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის 2004 წლის 20 იანვრის მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობის (ს. კ. #...) ბათილად ცნობის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის მიმართ საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი ერთთვიანი ხანდაზმულობის ვადის გავრცელება არაგონივრული და შესაბამისად, დაუშვებელია. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ საკუთრების უფლება დროში განუსაზღვრელად არ უნდა იდგეს გასაჩივრების საფრთხის წინაშე, კონსტიტუციით განმტკიცებული სამართლებრივი სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი კომპონენტის - სამართლებრივი სტაბილურობისა და უსაფრთხოების არსებითი მოთხოვნაა, რომ სასარჩელო უფლებამოსილება შემოისაზღვროს გარკვეული ვადით.“

საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციულ კანონმდებლობაში ასეთი სპეციალური გონივრული ვადის არარსებობის პირობებში, სადავო 2004 წლის 20 იანვრის მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობის ბათილად ცნობის მიმართ უნდა გავრცელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საერთო ხანდაზმულობის ათწლიანი ვადა. იმის გათვალისწინებით, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება ა. ი-ისათვის სადავო მიწის სარეგისტრაციო მოწმობის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად ოფიციალურად ჩაბარებისა და გაცნობის ფაქტი, ხანდაზმულობის ვადის ათვლის წერტილად მიჩნეულ უნდა იქნეს 2011 წელს თელავის რაიონულ სასამართლოსათვის ზემოაღნიშნული მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობის ბათილად ცნობის მოთხოვნით ფიზიკური პირების, მათ შორის, ა. ი.-ის მიერ სარჩელით მიმართვის ფაქტი. ამასთან, რამდენადაც ა. ი.-მა სასარჩელო განცხადებით თელავის რაიონულ სასამართლოს 2016 წლის 9 ივნისს მიმართა, სარჩელი წარდგენილია ხანდაზმულობის მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც არსებობს სააპელაციო სასამართლოს მხრიდან სადავო აქტის - 2004 წლის 20 იანვრის მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობის კანონიერების შემოწმების საჭიროება.“

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ანალოგიურ სამართლებრივ მდგომარეობაში მყოფი ნ. კ-ისა და ზემოხსენებულ ადმინისტრაციულ დავაში მონაწილე მოსარჩელე მხარის მიმართ განსხვავებული სამართლებრივი შედეგის დადგომა განაპირობა სწორედ 2004 წლის 20 იანვრის მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობის ბათილად ცნობის ნაწილში ნ. კ-ის სარჩელზე საქმის წარმოების შეწყვეტამ, რაც კანონიერ ძალაშია შესული და მისი რევიზიის საპროცესო-სამართლებრივი უფლებამოსილება საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ნ. ს-ის სახელზე 51.6 ჰა მიწის ნაკვეთის პირველადი რეგისტრაციის ნ. კ-ის მიწის ნაკვეთის ნაწილში კანონიერების შემოწმების შეუძლებლობის პირობებში, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ სადავოდ არ ქცეულა ის უფლებადამდგენი დოკუმენტები (სამკვიდრო მოწმობა და ჩუქების ხელშეკრულება), რომლითაც სადავო უძრავი ქონება ჯერ კ. ს-ზე, ხოლო შემდგომ ქ. ჯ-ეზე დარეგისტრირდა, ნ. კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებად მიჩნევა და მისი არსებითად განხილვა ვერ უზრუნველყოფს განსახილველ დავაზე განსხვავებული შედეგის დადგომას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ზ. კ-ს (პ/ნ ...) ნ. კ-ის საკასაციო საჩივარზე 22.06.2021წ. #... საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზ. კ-ს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს ნ. კ-ის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. კ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 აპრილის განჩინება;

3. ზ. კ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს ნ. კ-ის საკასაციო საჩივარზე 22.06.2021წ. #... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა