Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-106(კ-21) 17 დეკემბერი, 2021 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) – ჯ. თ-ე, ლ. წ-ი

თავდაპირველი მოსარჩელეები - მ. ფ-ე, ლ. ზ-ა

დავის საგანი - თანხის დაკისრება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 22 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

ლ. ზ-ამ, მ. ფ-ემ, ჯ. თ-ემ და ლ. წ-მა 2018 წლის 18 ივლისს სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და ამავე სამინისტროსთვის მოსარჩელეთა სასარგებლოდ ერთჯერადი დახმარების სახით, თითოეულისთვის 7000 ლარის დაკისრება მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ. ზ-ას, მ. ფ-ის, ჯ. თ-ისა და ლ. წ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს 2011 წლის 20 აგვისტოს კონტრაქტის საფუძველზე, ჯ. თ-ის სასარგებლოდ 7000 ლარის, 2012 წლის 8 ოქტომბრის კონტრაქტის საფუძველზე კი, ლ. წ-ის სასარგებლოდ 7000 ლარის ანაზღაურება დაეკისრა; ლ. ზ-ას და მ. ფ-ის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს თავდაცვის სამინიტრომ, ლ. ზ-ამ და მ. ფ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 22 სექტემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ლ. ზ-ასა და მ. ფ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება ჯ. თ-ისა და ლ. წ-ის სასარჩელო მოთხოვნების ნაწილში, საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც აღნიშნულ ნაწილში გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების თანახმად, ერთჯერადი გასაცემლისათვის სავალდებულოა, სამხედრო მოსამსახურესთან, რომელიც გადიოდა სამხედრო სამსახურს 4-წლიანი კონტრაქტის საფუძველზე, კონტრაქტის დასრულების შემდგომ კვლავ იქნას გაფორმებული კონტრაქტი 4 წლის ვადით (2009 წლის 1 მარტს ან მის შემდგომ). კონტრაქტი, ასევე, უნდა ითვალისწინებდეს თავდაცვის სამინისტროს მხრიდან დახმარების გაცემის ვალდებულებას, რომლის ანაზღაურების საკითხი დაკავშირებულია კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის გასვლასთან. მოცემულ შემთხვევაში კი, მოსარჩელეებს - ჯ. თ-ეს, ლ. წ-სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული კონტრაქტები არ შეიცავდა მითითებას თავდაცვის სამინისტროს მხრიდან ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულების შესახებ. შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები არ არსებობს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მოსარჩელეების - ჯ. თ-ისა და ლ. წ-ის სასარგებლოდ, მხარეთა შორის დადებული კონტრაქტებიდან გამომდინარე, ერთჯერადი კომპენსაციის გაცემის დავალება. საკასაციო პალატა მიუთითებს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რაც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება ლ. ზ-ასა და მ. ფ-ის სასარჩელო მოთხოვნების ნაწილში მოსარჩელეთა მიერ საკასაციო წესით არ გასაჩივრებულა. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების (ძალადაკარგულია 2018 წლის 15 იანვრიდან) 471 პუნქტზე, რომლის თანახმად, ამ პუნქტში მითითებულ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც ორი, ოთხი ან რვა წლის ვადით გააგრძელებენ სამხედრო სამსახურს 2009 წლის პირველ მარტს ან პირველი მარტის შემდეგ გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე და კონტრაქტი შეუწყდებათ ვადის გასვლის ან ახალი კონტრაქტის გაფორმების გამო, კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ მიეცემათ ერთჯერადი დახმარება 472 პუნქტში მითითებული ოდენობით. აღნიშნული პუნქტის მოქმედება სამხედრო მოსამსახურეზე ვრცელდება, თუ მითითებული კონტრაქტის გაფორმებამდე სამხედრო მოსამსახურემ კონტრაქტის საფუძველზე იმსახურა ოთხი წლის ვადით, კონტრაქტი შეუწყდა ვადის გასვლის გამო და ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე არ გასულა 2 წელზე მეტი. ამრიგად, ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულების წარმოშობისათვის სამხედრო მოსამსახურეს გავლილი უნდა ჰქონდეს სამხედრო სამსახური 4-წლიანი კონტრაქტის საფუძველზე და კონტრაქტის დასრულების შემდგომ მასთან კვლავ უნდა იქნეს გაფორმებული კონტრაქტი 4 წლის ვადით (2009 წლის 1 მარტს ან მის შემდგომ), კონტრაქტით გათვალისწინებული ვადა სრულად უნდა იყოს ამოწურული და ახალი კონტრაქტის დადებამდე არ უნდა იყოს 2 წელზე მეტი გასული.

საქმეზე უდავოდ დასტურდება, რომ ჯ. თ-ესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის 2007 წლის 1 სექტემბერს გაფორმდა კონტრაქტი „თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფებში ვადიანი სამხედრო მომსახურეებისთვის საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ 4 წლის ვადით, ასევე, 2011 წლის 20 აგვისტოს „კაპრალ-სერჟანტის თანამდებობაზე მისაღები სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ კონტრაქტი 4 წლის ვადით და 2015 წლის 20 აგვისტოს მხარეთა შორის კვლავ გაფორმდა 4-წლიანი კონტრაქტი „კაპრალ-სერჟანტთა თანამდებობაზე სამხედრო მომსახურის მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“.

საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ ლ. წ-სა და მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის 2007 წლის 28 დეკემბერს გაფორმდა კონტრაქტი „თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფებში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ 4 წლის ვადით, ასევე, 2012 წლის 8 ოქტომბერს „საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მომსახურების (გარდა ოფიცრების) მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ კონტრაქტი 4 წლის ვადით და 2018 წლის 8 იანვარს მხარეებს შორის კვლავ გაფორმდა 4-წლიანი კონტრაქტი „კაპრალ-სერჟანტთა თანამდებობაზე სამხედრო მომსახურის მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“. შესაბამისად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ ჯ. თ-ეს 2015 წლის 20 აგვისტოს, 2011 წლის 20 აგვისტოს კონტრაქტის დასრულების შედეგად, ხოლო ლ. წ-ს 2016 წლის 8 ოქტომბერს, 2012 წლის 8 ოქტომბრის კონტრაქტის დასრულების შედეგად, წარმოეშვათ ერთჯერადი დახმარების მიღების უფლება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების 471 და 472 პუნქტების საფუძველზე.

რაც შეეხება კასატორის მითითებას, რომ მხარეთა შორის 2011 და 2012 წლებში გაფორმებული კონტრაქტები არ ითვალისწინებდა ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულებას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 7 მარტის №14 ბრძანებით ცვლილება შევიდა მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში და დაემატა 476 პუნქტი, რომლითაც განისაზღვრა, რომ 472 პუნქტით განსაზღვრული ერთჯერადი დახმარება გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული კონტრაქტის პირობები ითვალისწინებს ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულებას. შესაბამისად, კონტრაქტში ერთჯერადი დახმარების ვალდებულების, როგორც დახმარების გაცემის ერთ-ერთი სავალდებულო წინაპირობის გათვალისწინება მხოლოდ 2017 წლის 7 მარტს განხორციელებული ცვლილების შემდეგ გახდა აუცილებელი. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მიხედვით კი, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. ნორმატიულ აქტს, რომელიც ადგენს ან ამძიმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს. შესაბამისად, 2017 წლის 7 მარტის ცვლილება ვერ გავრცელდება მის ძალაში შესვლამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობაზე, ხოლო სადავო პერიოდში არსებული რეგულაციებიდან გამომდინარე, მხარეები არ იყვნენ ვალდებულნი, ხელშეკრულებით პირდაპირ გაეთვალისწინებინათ ერთჯერადი დახმარების გაცემის საკითხი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სასამართლოთა მსჯელობას საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მოსარჩელეთა სასარგებლოდ, თითოეულისთვის 7000 ლარის ოდენობით ერთჯერადი დახმარების ანაზღაურების დავალების თაობაზე. შესაბამისად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 22 სექტემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე